გააზიარე სტატია

ბერლინის 10 საუკეთესო “Concept Store”

“ბერლინში რომ ჩადიხარ, თავს ტურისტად არ გრძნობ, მისი ნაწილი ხდები”,  – ეს ფრაზა ბევრი ჩემი ასაკის ადამიანისგან მსმენია და ალბათ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რითაც ასე იზიდავს ბერლინი ახალგაზრდებს: არის რაღაც ძალიან ავთენტური და მიმზიდველი ამ ქაოსურ და უშველებელ ქალაქში. 

ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.

Hammock-ის რჩეული მაღაზიების სია ასე გამოიყურება:

 

 

Voo Store

სად: Oranienstraße 24 / კროიცბერგი

სამუშაო საათები: ორშ. – შაბ. – 10:00 – 20:00

რა დაგხვდებათ: ახალი და ნაკლებად ცნობილი + აღიარებული დიზაინერების (Maryam Nassir Zadeh, Joseph, Martin Margiela, A.P.C.) და სპორტული ბრენდების (Vans, Reebok, Nike, Asics) ეკლექტური მიქსი, ნიშური ჟურნალები და ლიტერატურა.

მაღაზიის ფიზიკური გაგრძელებაა Companion Coffee, სადაც განსაკუთრებული ყავა და მიკროფერმების  ორგანული ჩაი შეგიძლიათ მიირთვათ.

 

The Store Berlin

სად: Torstraße 1 / მითე

სამუშაო საათები: ორშ. – შაბ.  – 10:00 – 19:00

რა დაგხვდებათ: The Store-ში მოდის, მუსიკის, ხელოვნების  და წიგნების ყველაზე შთამბეჭდავი არჩევანია და თუ მაინცდამაინც Balenciaga-ს და სხვა ძვირად ღირებულ ნივთებს ვერ გასწვდებით, Phonica Records-ის ფირფიტების კუთხეში, აუცილებლად წამოჰკრავთ ხელს რაიმეს – ჟურნალს გააყოლებთ, ან ყავას მაინც დალევთ The Store Kitchen-ის სივრცეში. მოკლედ, ერთხელ მაინც უნდა მიხვიდეთ, თუნდაც  მხოლოდ ინტერიერით რომ დატკბეთ.

 

Wood Wood / Wood Wood Annex

სად: Rochstraße 4 / Rochstraße 3 / მითე

სამუშაო საათები: ორშ. – შაბ. – 12:00 – 20:00

რა დაგხვდებათ: Wood Wood-ის ეს ორივე მაღაზია ბერლინის ყველაზე კარგ საშოპინგო უბანში მდებარეობს, Weinmeisterstrasse-ს სადგურთან. ერთ-ერთში სპორტული ფეხსაცმლის ალტერნატიული არჩევანი  დაგხვდებათ, მეორეში – Maison Kitsune, CDG, Gosha Rubchinskiy, Sun Buddies, აქვეა დანიური Wood Wood-ის კოლექციაც და სხვ.

 

Andreas Murkudis

სად: Potsdamer Straße 81 / პოტსდამერ პლაცი

სამუშაო საათები: ორშ. – კვ. 10:00 – 20:00  – 25 აგვისტოდან

რა დაგხვდებათ: მარტივი და სუფთა ესთეტიკა, ხარისხი, ხანგრძლივობა – ანდრეას მურკუდისის ფუნდამენტური იდეალებია, რომელსაც პირდაპირპროპორციულად პასუხობს ინდუსტრიული სტილის გალერეა/მაღაზია და აქ წარმოდგენილი 300-მდე ბრენდის არჩევანი.

ამ მაღაზიის ძირითადი კონცეფცია სეზონური ტენდენციებისგან თავის დაღწევაა. ბრენდებს შორისაა –  Céline, The Row, Yohji Yamamoto, Issey Miyak და Comme des Garçons.

 

Do you Read Me?!

სად: Auguststraße 28 / მითე

სამუშაო საათები: ორშ. – შაბ. – 10:00 – 19:30

რა დაგხვდებათ: გარდა წიგნებისა, ამ მაღაზიაში ისეთ გამოცემებს ნახავთ, რომლებსაც ჩვეულებრივ კიოსკებში და სუპერმარკეტებში ნამდვილად ვერასდროს გადააწყდებით. 20-მდე ქვეყნის სხვადასხვა “ინდი” გამომცემლობის ჟურნალი თუ წიგნი მოდაზე, ხელოვნებაზე, დიზაინზე, არქიტექტურაზე, ლიტერატურასა და მუსიკაზე გარანტიაა იმისა, რომ ამ მაღაზიაში ბიბლიოფილები ძალიან დიდხანს გაჩერდებიან.

 

The Corner Berlin

სად: Französische Straße 40 / მითე

სამუშაო საათები: ორშ. – პარ. – 10:30 – 19:30 / შაბათი – 10:00 – 19:00

რა დაგხვდებათ: შედარებით კლასიკური სტილის მულტი-კონცეპტუალური მაღაზიაა,  რომელიც უფრო სეზონურ ტენდენციებზე აკეთებს აქცენტს. სელექცია მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა – Calvin Klein, Jacquemus, Vetements, Dries van Noten. გარდა ამისა, მაღაზიაში გამოყოფილია სივრცე ახალგაზრდა არტისტების ინსტალაციებისთვის + წიგნების და თავის მოვლის საშუალებების კუთხე.

 

Darklands

სად: ამჟამად Lindower Str. 22

სამუშაო საათები: ორშ. – კვ.  – 12:00 – 19:00

რა დაგხვდებათ: შოპინგის “ბერგჰაინად” წოდებული ეს ნომადური და ავანგარდული მაღაზია მუდმივად იცვლის ადგილს  და ბერლინის ნახევრად მიტოვებულ სივრცეებს აფარებს თავს. აქ მხოლოდ შავზე შავი ტანსაცმელი იყიდება (Ann Demeulemeester, Rick Owens) და გასაკვირიც არ არის, რომ მისი ყველაზე პოპულარული კლიენტები ტექნო-დიჯეები არიან. თუ მისვლას გადაწყვეტთ, გირჩევთ წინასწარ წაიკითხოთ მაღაზიის მკაცრი წესები: https://www.darklandsberlin.com/information/directions/

 

Lunettes Selection

სად: 172, Torstrasse / მითე

სამუშაო საათები: ორშ. – შაბ.  – 12:00 – 20:00

რა დაგხვდებათ: სათვალეები, რომლებსაც სხვაგან ვერსად შეხვდებით. Yves Saint Laurent-ის, Christian Dior-ის თუ Carrera-ს ვინტაჟურ მოდელებთან ერთად ნახავთ ბევრ ექსკლუზიური სათვალის ბრენდს და ამავე მაღაზიის კოლექციას – Lunettes.

 

Argot Life Store

სად: Brunnenstr. 25b / მითე

სამუშაო საათები: ორშ. – შაბ. – 11:00 – 18:00

რა დაგხვდებათ: ირლანდიელი წყვილის, ალის და ჯარედის Argot-ში ხელნაკეთი სანთლები,  შოკოლადები, კერამიკის ჭურჭელი და ბევრი სხვა საგულდაგულოდ შერჩეული ნივთი, რომლებიც კურატორებმა ევროპის ქალაქებში მოგზაურობის დროს აღმოაჩინეს. თითოეული ნივთი ამბავს ყვება და  პირად სამყაროს შლის მომხმარებლის წინაშე.

 

Superconscious

სად: Weinbergsweg 22 / მითე

სამუშაო საათები: ორშ. – შაბ. – 11:00 – 20:00

რა დაგხვდებათ: ამ მაღაზიის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე სპორტული და Streetwear ბრენდების საკმაოდ კარგად გაფილტრულ არჩევანს  გვთავაზობს.

პლუს ამას, აქ ნახავთ ისეთ ექსკლუზიურ კოლაბორაციებს, როგორებიცაა: Alexander Mcqueen x Puma, Marques Almeida x Super, Raf Simons x Eastpack.

 

ავტორი: ნინუცა ივარდავა


რეკომენდებული სტატიები
Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი
ძნელია პირველივე ნახვით არ შეგიყვარდეს ეს თანამედროვე, ურბანული ქალაქი ტრადიციული ისტორიული სულით, მზით გაჟღენთილი, ტერაკოტას ფერის სახურავებით, ყვითელი სახლებით, სიცოცხლით სავსე ბაირო ალტოთი, თბილი კლიმატით და უსასრულო ლურჯი ცით.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.