fbpx
გააზიარე სტატია

10 ვარდისფერი ნამუშევარი თანამედროვე ხელოვნებაში

ვარდისფერ ოქტომბერთან დაკავშირებით, რომელიც მკერდის სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეთმობა, ჟურნალი Hammock დღეიდან მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში კულტურის სხვადასხვა სფეროდან ვარდისფერ ფერთან დაკავშირებულ სტატიებს შემოგთავაზებთ. გთავაზობთ პირველ სტატიას, რომელიც თანამედროვე ხელოვნებაში ვარდისფერი ფერის ნამუშევრების შესახებაა

In Memory of George Dyer, ფრენსის ბეკონი, 1970-73

ფრენსის ბეკონი 1970-იან წლებში ქმნის მემორიალური სურათების სერიას მისი მეგობრისა და მუზის, ჯორჯ დაიერის მტკივნეული დანაკარგის სახსოვრად, რომელმაც 1971 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი გარდაცვალებისადმი მიძღვნილი პირველი ნამუშევარი, ტრიპტიქი სახელწოდებით In Memory of George Dyer ასახავს ტომას ელიოტის პოემის – „უნაყოფო მიწის” ერთ-ერთ მონაკვეთს. ტრიპტიქის ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულია კიბეზე ამავალი და ნახევრად გაუჩინარებული ჯორჯ დაიერი, მის მარჯვენა მხარეს ვხედავთ დაიერის სარკისებურ გამოსახულებებს, მარცხნივ კი მის სხეულს, რომელიც ტკივილისა თუ სიამოვნებისგან იგრიხება. 1972 წელს ტრიპტიქის სერია გაგრძელდა ნამუშევრით August, 1973 წელს კი ნამუშევრით May-June.

Nue Couchee, დოროთეა ტენინგი, 1969-70

დოროთეა ტენინგის მეტაფორული სკულპტურა Nue Couchee ასახავს ქალის სხეულს, ამასთან ერთად, ვარდისფერი მის ნამუშევრებში სიმბოლურად გამოხატავს ქალის სექსუალობას. რბილი მასალისგან შექმნილი სკულპტურის შიგთავსი ტენისის ბურთებისგან შედგება და ქალის სხეულის მისტიკურ და მითოლოგიურ სახეს ქმნის.

untitled (to Barry, Mike, Chuck and Leonard), დენ ფლევინი, 1972-75

დენ ფლევინის სერიები ხშირად თემატურია და კონკრეტულ პიროვნებებს ეძღვნება, მათ შორისაა ვარდისფერი და ყვითელი ინსტალაცია – Untitled (to Barry, Mike, Chuck and Leonard), რომელიც ფლევინის სივრცითი მინიმალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნამუშევარია. ინსტალაცია, რომელიც ყვითლისა და ვარდისფერის კომბინაციაა, ვიწრო დერეფანშია მოთავსებული და მას ორ დამოუკიდებელ მონაკვეთად ყოფს, ამიტომ მისი აღქმა დამთვალიერებელს ორმხრივად შეუძლია. დენ ფლევინის მხატვრული კონცეფციის მიხედვით, ნეონის განათება ქმნის კონფრონტაციას სინათლესა და სივრცეს შორის, ამასთან ერთად, მისი ინსტალაციების და კონკრეტულად ამ ნამუშევრის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დამთვალიერებელი თავად ხდება მისი ნაწილი, რამდენადაც სინათლე და ფერი მის სხეულზე ირეკლება.

Feeling It, პეტრა კოლინსი, 2014

კანადელი ხელოვანი პეტრა კოლინსიც ცნობილია თავისი პირადული ნამუშევრებით, რომლებიც ახალგაზრდა გოგონების პირად მიმოწერებსა და მათ სუბიექტურ დამოკიდებულებას ასახავს სექსუალობისა და სექსუალური გამოცდილებისადმი. საკუთარ ნეონის ინსტალაციებში პეტრა კოლინსი ერთგვარ მელანქოლიურ კმაყოფილებას განიცდის, რამდენადაც მისი გრძნობები წმინდა და ხელშეუხებელია. ნამუშევარში Feeling it არტისტის მთავარი მოტივი საკუთარი თინეიჯერული გამოცდილებიდანაა აღებული, როდესაც მან სკოლაში  ბიჭებისთვის სპეციალურ სამედიცინო გაკვეთილზე შემთხვევით მოისმინა, რომ მასტურბაცია მათთვის სრულიად ნორმალური მოვლენა იყო, პეტრას გაუკვირდა, რომ ამას გოგონების კლასში არავინ ეუბნებოდა.

Hate and Power Can Be a Terrible Thing, ტრეისი ემინი, 2004

ტრეისი ემინის ნამუშევრებიც ყოველთვის საუბრობენ მის პირად გამოცდილებებსა და დამოკიდებულებებზე, ხშირად კი ორივე მათგანი მტკივნეულია. ნამუშევარში Hate and Power Can Be a Terrible Thing არტისტი ლირიკულად გადმოსცემს ომის უაზრობას. ნამუშევარი, რომელიც ვარდისფერ ქსოვილზეა შესრულებული ზედაპირზე დაკრული რამდენიმე სხვადასხვა ფრაზით, ეძღვნება 1982 წლის 72-დღიან ომს დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის, რომელმაც თითქმის 900 ადამიანის უმიზნოდ სიკვდილი გამოიწვია. ტრეისი ემინისთვის ხელოვნება, განსაკუთრებით კი მისი შემოქმედება კომუნიკაციის საშუალებაა ადამიანებთან იმ მარტივი საკითხების შესახებ, როგორიც სიყვარული, მარტოობა, სიკვდილი თუ ომია.

Beverly Edmier, კეით ედმაიერი, 1967

კეით ედმაიერის ნამუშევრების უმრავლესობა სახალხოდ ცნობილი ფაქტებისა და მოვლენების გავლენით იქმნება. Beverly Edmier ამ მხრივ გამორჩეულ ნამუშევრად შეიძლება ჩავთვალოთ. სკულპტურა, რომელიც მთლიანად ვარდისფერის სხვადასხვა ტონალობის რეზინითაა შექმნილი, ხელოვანისა და მისი დედის, ბევერლის პორტრეტია. ნამუშევარი ხშირად განიხილება, როგორც მიქელანჯელოს „დატირების“ თანამედროვე რემინისცენცია. ის ასევე სიმბოლურად აერთიანებს სიცოცხლისა და სიკვდილის თემას როგორც პირდაპირი მინიშნებებით, ასევე სიმბოლურადაც. მაგალითად, შანელის მსგავსი ვარდისფერი პიჯაკი, რომელიც ბევერლის აცვია, ამერიკის ყოფილი პირველი ლედის, ჯეკი კენედის პიჯაკის მსგავსია, რომელიც მას პრეზიდენტ ჯონ კენედის სიკვდილის დღეს ეცვა. ამ შემთხვევაში, ვარდისფერიც სიმბოლური დატვირთვისაა და ხაზს უსვამს სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც ვარდისფერი ქალურობის გამომხატველია. 1998 წელს კეით ედმაიერი ქმნის „ვარდების თაიგულს,“ ზუსტად ისეთივე ვარდებს, რომლებიც ჯეკი კენედის ეჭირა მისი მეუღლის მკვლელობის დღეს. ნამუშევარი, ისევე როგორც Beverly Edmier, ვარდისფერი რეზინის სკულპტურას წარმოადგენს და წინა ნამუშევრის „თანამგზავრია.“

Accomplice, KAWS, 2010

სიცოცხლისა და სიკვდილის თავისებურ გამოხატულებას გვთვაზობს KAWS, რომელიც მუშაობს როგორც ქუჩის მხატვრობასა და დიზაინში, ასევე სკულპტურაშიც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ პოპულარულია თავისი ე.წ. სათამაშოებით. Accomplice 2010 წლის ნამუშევარია, სადაც ბავშვურობა და იუმორი გადაჯაჭვულია მელანქოლიურობასთან – ვარდისფერი კურდღელი – ჯვარდასმული თვალებით, ხელებითა და ფეხებით, ბრუტალურ შესახედაობას იძენს და მკვდარი სათამაშოების ასოციაციას უჩენს მნახველს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვარდისფერი ირონიის კიდევ ერთი გამოვლინებაა არტისტის შემოქმედებაში, რომლის ინსპირაციის წყარო თანამედროვე პოპულარული კულტურაა.

Pink Panther, ჯეფ კუნსი, 1988

როდესაც ბავშვობასა და ირონიულობაზე ვსაუბრობთ, ყველაზე დასამახსოვრებელი ნამუშევრით ჯეფ კუნსი უნდა გამოვარჩიოთ. ყველასთვის ცნობილი ვარდისფერი პანტერა 1988 წელს კრიტიკოსთა განხილვის საბაბი გახდა, როდესაც ის არტისტმა 1970-იანი წლების მეორეხარისხოვან მსახიობთან, ჯეინ მენსფილდთან ვნებიანად ჩახუტებული წარმოადგინა და შექმნა თანამედროვე კიჩის კიდევ ერთი სახე.

The Pink and Blue Project, ჯეომი იუნი

გენდერული როლებისა და გადაჭარბებული კონსუმერიზმის ერთგვარ სახეს ქმნის კორეელი ფოტოგრაფი ჯეომი იუნი ვარდისფერ და ლურჯ პროექტში. „ვარდისფერ პროექტში“ ვხედავთ ფოტოგრაფის 5 წლის ქალიშვილს, რომელიც ვარდისფერი სათამაშოებითა და სხვადასხვა ნივთებით არის გარშემორტყმული. იუნმა პროექტებზე მუშაობა 2005 წელს დაიწყო, როდესაც აღმოაჩინა, რომ მისი ქალიშვილი მხოლოდ ვარდისფერ ნივთებს ითხოვდა, რაც არტისტმა მარკეტინგულ სვლებსაც დაუკავშირა, რამდენადაც თითქმის ყველა სათამაშო თუ წიგნი გოგონებისთვის ვარდისფერი შეფერილობით იყო და პატარა ბავშვებში გენდერულ მიკუთვნებულობას აძლიერებდა. ამიტომ ჯეომი იუნი თავისი პროექტებით ცდილობს ამგვარი გენდერული დაყოფის მანკიერი მხარეები გამოააშკარაოს.

Dive-in, Superflex, 2019

გადაჭარბებული კონსუმერიზმის შედეგის ჩვენებას ცდილობს დანიური კოლექტივის, Superflex-ის წლევანდელი პროექტი Dive-in, რომელიც DesertX-ის უდაბნოს ბიენალეს ფარგლებში ხორციელდება და კლიმატის ცვლილებასა და ზღვის დონის აწევის პრობლემას ეხება. კოაჩელას უდაბნო (Coachella Valley), რომლის თავდაპირველი სახელწოდება კონჩილაა (Conchilla), ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ესპანელმა კონკისტადორებმა აღმოაჩინეს, წყლით იყო დაფარული, ხმელეთისგან დაშორებულ მის ბორცვებს კი ნიჟარის ფორმა ჰქონდათ, ამიტომ ადგილმაც აქედან მიიღო სახელწოდება. Dive-in ამ ველის ახლო მომავლის წარმოჩენას ემსახურება, რომელიც თავისთავად წარსულში დაბრუნების სიმბოლო ხდება. არქიტექტურული ნამუშევარი, რომელიც კინოთეატრს წარმოადგენს გაფორმებულია მარჯნისებრი კედლებითა და შეფერილობით, რათა მომავალში, წყალქვეშა სამყაროს ბინადრებისთვისაც მისაღები აღმოჩნდეს.

 

ავტორი: მარიამ ყაყიტაშვილი


რეკომენდებული სტატიები
ჰაჯიმე სორაიამას თანამედროვე ქალღმერთები

ჰაჯიმე სორაიამას თანამედროვე ქალღმერთები

ჰაჯიმე სორაიამას თანამედროვე ქალღმერთები
„იყო შემოქმედებითი ნიშნავს - ყოველთვის შეგეძლოს ხალხის გაოცება იმით, რაც ჯერ კიდევ არ არსებობს“ - ჰაჯიმე სორაიამა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.