fbpx
გააზიარე სტატია

7 კურატორი, რომლებიც თანამედროვე ქართულ ხელოვნებას წარადგენენ

სახელოვნებო სფეროში კურატორულ საქმიანობას არცთუ დიდი ხნის ისტორია აქვს, ამიტომაც ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ თანამედროვე  ქართული ხელოვნების პირობებში ის კიდევ უფრო ახალი ტერმინია. თუმცა ბოლო წლებში მიმდინარე მასშტაბურმა სახელოვნებო პროექტებმა, ახალი გალერეებისა და ექსპერიმენტული სივრცეების გახსნამ თანდათან ეს დისციპლინაც დაამკვიდრა. დედაქალაქში ამჟამად მიმდინარე ხელოვნების ბაზრობას კი  ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

ჟურნალი Hammock ხელოვნების კვირეულის ფარგლებში წარმოგიდგენთ შვიდ კურატორს, რომელთა მიერ წარდგენილი გამოფენები დამთვალიერებელმა TAF-ისა და ხელოვნების კვირეულის ფარგლებში იხილა.

ირენა პოპიაშვილი

ირენა პოპიაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, სწავლა პოლონეთში ლოძის უნივერსიტეტში გააგრძელა, 1991 წლიდან კი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, ამერიკაში ჯორჯიის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარიახი მიიღო, რის შემდეგაც სწავლა ატლანტაში ემორის უნივერსიტეტში გააგრძელა. 2001 წელს მან ნიუ-იორკში მარისა ნიუმანთან ერთად  Newman Popiashvili Gallery დააფუძნა, რომელიც გამოფენებში და ხელოვნების ბაზრობებზე ადრეულ წლებში Suite 106-ის სახელით მონაწილეობდა. გალერეაში, რომელიც 2013 წლამდე წარმატებით ფუნქციონირებდა, ირენა პოპიაშვილის ხელმძღვანელობით არაერთი მნიშვნელოვანი გამოფენის მასპინძელი ყოფილა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი კურატორმა თამუნა ღვაბერიძესთან ერთად გალერეა Popiashvili Gvaberidze Window Project  დააფუძნა.  

გალერეამ, რომელიც თანამედროვე ხელოვნების აუთვისებელი ვიტრინების სახით წარმოდგენას ისახავს მიზნად, თბილისის ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა გამართა. თავად ირენა პოპიაშვილი კი დღეს თბილისის კუნსტჰალეს წარმოადგენს. კუნსტჰალე თბილისის და გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში – Tabula Rasa – ხელოვნების კვირეულის ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალება აძლევს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ნამუშევრები იხილოს.   ხელოვანი და დიპლომატი, რომელიც თითქმის ოცი წელია საქართველოში მოღვაწეობს, საკუთარ ნამუშევრებს VA[A]DS-ის (თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა) ოთხი სტუდენტის – გიორგი გელაძის, გიორგი ვარდიაშვილის, სალომე ჩიგილაშვილისა და ლიზა ცინდელიანის ნამუშევრებთან ერთად წარმოგვიდგენს.

ნინო სეხნიაშვილი

ხელოვანი და კურატორი ნინო სეხნიაშვილი ამავდროულად თბილისში მოქმედი გალერეა „ნექტარის“ დამაარსებელია. თავად ხელოვანი თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა  მედიუმში მუშაობს, მისი სახელოვნებო გამოცდილება ერთდროულად გრაფიკას, ობიექტს, ინსტალაციას, სკულპტურულ, ფოტო და ვიდეონამუშევრებს მოიცავს. ნინო სეხნიაშვილის შემოქმედება დღემდე არაერთ ლოკალურ და უცხოურ საგამოფენო სივრცეში გამოფენილა, მათ შორის  გალერეა Window Project-ში, „ნექტარში“, ტარტუს მუზეუმში და ნიუ-იორკის Art in General-ის საგამოფენო დარბაზში.

გარდა საკუთარი ნამუშევრების შექმნისა, ის კურატორულ საქმიანობასაც ეწევა, თბილისის ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში  მისი კურატორობით და გალერეა „ნექტარის“ წარდგენით 17 მაისს ექსპო ჯორჯიას მეექვსე პავილიონში გამოფენა „ოთხი ლაპარაკი“  გაიხსნა.  ექსპოზიცია, რომელიც ოთხი სხვადასხვა თაობის ხელოვანს – შოთა ბოსტანაშვილს, თეა გვეტაძეს, ელენე ლუხუტაშვილს და ელენე ჩანტლაძეს საერთო კონცეფციით აერთიანებს, სახელს შოთა ბოსტანაშვილის პოეტური ტექსტიდან იღებს,  რომელიც, როგორც ავტორი განმარტავს: „დაწერილია არა იმდენად წყალზე, ცეცხლზე, ჰაერზე და მიწაზე, რამდენადაც წყლით, ცეცხლით, ჰაერით და მიწით”.  გამოფენა, რომელიც TAF-ზე ნინო სეხნიაშვილის კურატორობით იმართება, დამთვალიერებელს 19 მაისის ჩათვლით მასპინძლობდა.

 

ნინა ახვლედიანი

ნინა ახვლედიანი ლონდონში Central Saint Martins University-ში არტ კურატორობას და კომუნიკაციას სწავლობდა, ამჟამად ის TBC-ის და მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის – დავით კაკაბაძის  130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის არტ კურატორია, რომელიც დავით კაკაბაძის ფონდისა და TBC-ის ორგანიზებით, TAF-ის ფარგლებში,  17 მაისიდან  19 მაისის ჩათვლით ექსპო ჯორჯიას ორანჟერეაშიც მიმდინარეობდა. პროექტი, რომელსაც ნინა ახვლედიანი ხელმძღვანელობს, დამთვალიერებელს ქართველი მეცნიერის, გამომგონებლის და მხატვრის უნიკალური არქივის და ამ არქივზე დაყრდნობით შექმნილი მულტიმედია პროექტის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

„დავით კაკაბაძე საქართველოსა და საფრანგეთში არაერთი სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტის ინიციატორი იყო. მუშაობდა ელექტროტექნიკურ ექსპერიმენტებზე, სტერეოკინოაპარატის შექმნასა და კინოს გამომსახველობითი საშუალებების დახვეწაზე. ელექტრონულ ნათებასა და სინათლის სხივს ამ ექსპერიმენტებში წამყვანი ადგილი ეკავა. ამ კონტექსტში მან აბსტრაქტული ტილოები, კოლაჟები და სტალინის სამგანზომილებიანი (3D) ლაითარტი შექმნა“,  – ვკითხულობთ გამოფენის პრესრელიზში.

TBC ბანკის არტ კურატორის, ნინა ახვლედიანის  ხელმძღვანელობით მსგავსი მასშტაბური პროექტი ერთხელ უკვე ჩატარდა და ის TBC ბანკმა პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს მიუძღვნა.  

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც კურატორმა ნინა ახვლედიანმა თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე წარადგინა, გალერეა Window Project-ის მიერ ორგანიზებული  ვახტანგ ქოქიაშვილის ნამუშევრების გამოფენაა. ექსპოზიცია მხატვრის შემოქმედების სამ მიმართულებას – რელიგიას, მითოსს და ეთნოგრაფიულ პოპს აერთიანებს. უნიკალური ნამუშევრების ხილვა დამთვალიერებელს ექსპო ჯორჯიაში 19 მაისის ჩათვლით შეეძლო.

 

ანა გაბელაია

ანა გაბელაია თანამედროვე ხელოვნების კურატორია, რომელიც ამჟამად სახელოვნებო ორგანიზაცია  “პროპაგანდას”  გუნდის წევრია. მის საკურატორო ნამუშევრებში შედის Fest I Nova 2015, ყოველწლიური თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი არტ ვილა გარიყულაში,  კვლევითი პროექტი და გამოფენა Video Art Laboratory ევროპის სახლში, შვეიცარიელი და ქართველი არტისტების ჯგუფური გამოფენა Echolot BINZ39-ში.  2018 წლის არქიტექტურული ბიენალეს ფარგლებში ანა იყო რამდენიმე პროექტის კურატორი, მათ შორის: რეიჯირო ვადას “ალისფერი ფანჯარა”, ნიკა ქუთათელაძის –  “რომ დავიცვა სახლი, სანამ შორს ვარ”  და სხვა.

2017 წლიდან ის „პროპაგანდას“ კურატორია, რომლის ორგანიზებითაც ნინო საკანდელიძესთან ერთად მასშტაბურ სახელოვნებო ღონისძიებას – OXYGEN_Tbilisi No Fair-ს კურატორობს. OXYGEN_Tbilisi No Fair-ის 2019 წლის გამოშვების ფარგლებში დამთვალიერებელს 26 მაისის ჩათვლით საშუალება ეძლევა სასტუმრო „სტამბას“ სამ სართულზე საერთო კონცეფციის ირგვლივ გაერთიანებული 40-მდე თანამედროვე ხელოვანის ნამუშევრები იხილოს.

„ჟანგბადი არასდროს იწვის. ის მხოლოდ აალებას უწყობს ხელს. მისია ცეცხლი რაკეტებსა და შენი პირიდან გარეთ  – თეორიებში. ბინძურ ქარებთან მოთამაშე, მშვიდი ქაოსის პირისპირ ყველა შესაძლო ჰაბიტატს მოძებნის: შეურიგდი და განთავისუფლდები, გადააჭარბებ და დაჟანგდები. ჟანგბადი მართული ძალაა. მუდმივად განახლებადი ენერგია…“ – ვკითხულობთ გამოფენის პრესრელიზში.

მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში,  გარდა გამოფენებისა, დამთვალიერებელს საშუალება აქვს დისკუსიებს, ღია შეხვედრებს და მუსიკალურ სესიებსაც დაესწროს.

 

ელენე აბაშიძე  

როგორც ჟურნალ Hammock-თან ადრე მიცემულ ინტერვიუში ამბობს, 16 წლის ასაკში უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე ჩააბარა და კურატორობა მისი საქმიანობის ლოგიკურ გაგრძელებად იქცა, რასაც 2014 წლიდან, გოლდსმიტის უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ, დღემდე ინტენსიურად ეწევა.  „ღამის ინტერვენცია“,  „ტალღები“  და  „გამქრალია თორმეტი ქალი”  საქართველოში მოწყობილი იმ გამოფენების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ელენე აბაშიძე სხვადასხვა დროს კურატორობდა.  თუმცა გარდა ლოკალური სივრცისა, ის ასევე გალერეა Project Art Beat-ის ინტერნაციონალური პროექტების კურატორიც იყო. „საქმე, რომელიც ზედაპირულობა ვერ იტანს“, – ასე ახასიათებს ელენე  კურატორულ საქმიანობას, რომელიც მისი აზრით, დღესდღეობით ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.

„ეს სივრცე ჩამოყალიბების პროცესშია, როგორც ყველაფერი სხვა საქართველოში. მთლიანად კულტურის ახლებური ფორმირება ხდება ლოკალური ისტორიიდან გამომდინარე. ამ მხრივ ეს საინტერესო სივრცეა, მაგრამ, ამასთან ძალიან რთულიც, რადგან ყოველი ნაბიჯი ბევრად მკვეთრად ჩანს, ვიდრე სხვაგან გამოჩნდებოდა. ერთი მხრივ, ეს სივრცე თუ ათავისუფლებს მკვლევარს, ასევე ბოჭავს მას, რადგან ხანდახან მხოლოდ ექსპერიმენტს ბევრად სერიოზული სახე ეძლევა, ვიდრე საჭიროა; ხანდახან კი პირიქით  – რამდენ მნიშვნელოვან კვლევას ჩაუვლია მაყურებლის ყურადღების მიღმა“,  – ამბობს ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში.

გარდა კურატორული საქმიანობისა, ელენე აბაშიძე არარეგულარული დამოუკიდებელი და ინტერდისციპლინარული გამოცემა –  „დანართის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომლის თითოეული ნომერი ერთი კონკრეტული თემის ირგვლივ სხვადასხვა დისციპლინაში ერთიანდება. დღეს ელენე გალერეა  Space-ს წარმოადგენს, სადაც ამჟამად დამთვალიერებელს საშუალება აქვს გამოფენა Safe Words იხილოს. მან ასევე თბილისის ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში მოწყობილ საუბრებში 17 მაისს საკუთარი კურატორული გამოცდილება უკვე გაუზიარა დამსწრე აუდიტორიას დისკუსიაში  „ციფრული ერის ხელოვნება, ახალი პლატფორმების თავისებურებები და ქართული რეალობა“.

 

ელენე კაპანაძე

ელენე კაპანაძე  Why not Gallery-ის კურატორია, რომელიც ხელოვან გვანცა ჯიშკარიანთან ერთად 2018 წელს დააფუძნა. გალერეა მიზნად ისახავს დამთვალიერებელს თანამედროვე ქართული და ინტერნაციონალური ხელოვნების ნიმუშები წარუდგინოს.

„პროექტი ჩაფიქრებულია როგორც ექსპერიმენტი, შესაბამისად იგი მიესალმება ყველა სახის კრეატიულ ექსპერიმენტაციასა და მცდელობას. გუნდის მიზანია გამოფინოს ხელოვნება, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა ვიზუალურად, აქვს ძლიერი შინაარსი და აქტუალურ თემატიკას ეხება“,  – ამბობენ დამფუძნებლები გალერიის შესახებ.

Why not Gallery-ში ელენე კაპანაძის კურატორობით უკვე მოეწყო გამოფენა  „მე ის ვიცი, რაც შენ იცი“, რომელშიც სხვადასხვა თაობის თანამედროვე ხელოვანების – ვატო წერეთლის, ოლეგ ტიმჩენკოს და ნიკო ცეცხლაძის მიერ განხორციელებული საერთო პერფორმანის ჩანაწერი და გიორგი გელაძის ფერწერული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

 

ლიზა ჟვანია

კურატორი ლიზა ჟვანია  დიმიტრი ერისთავთან და ლადო შონიასთან ერთად თბილისში ახლახან გახსნილი ინტერდისციპლინარული შემოქმედებითი სივრცის, „მაუდის“ ერთ-ერთი დამაარსებელია. პლატფორმა, რომელიც ხელოვანებს, არქიტექტორებსა და კურატორებს ახალ  შესაძლებლობებს სთავაზობს, 14 მარტს გაიხსნა გამოფენით „პერსპექტივის სამჯერადი დახრა“.

ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ ახალი ტიპის პლატფორმა, რომელიც გვჯერა, რომ სიცოცხლისუნარიანი და აუცილებელია თბილისის არტ-სცენის პოტენციიდან გამომდინარე. ეს არის artist-run space ტიპის პროექტი, რაც გულისხმობს არტისტების პირდაპირ ჩართულობას გამოფენის მომზადების, კონტაქტების დამყარების და სოციალური ვითარების შექმნის პროცესში. “მაუდის” ერთ-ერთი მთავარი მიზანი  სახელოვნებო სივრცეში არტისტის სოციალური როლის და შესაძლებლობების გაზრდაა არა მხოლოდ ფორმალური ნამუშევრების, არამედ ასევე სიტუაციების/ვითარების შექმნით“, – ამბობს ლიზა ჟვანია ჟურნალ Hammock-თან ინტერვიუში „მაუდის“ შესახებ, რომელიც წლევანდელ თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე უკვე წარდგენილია გამოფენით „სივრცის კოლექტიური წარმოება“.

ჯგუფური გამოფენა, რომელიც ოცამდე ხელოვანს აერთიანებს, ერთი თვის განმავლობაში არქიტექტურულ, სკულპტურულ და სოციალურ ელემენტებზე დაკვირვებით სივრცის განვითარებად პროცესს იკვლევს. ლიზა ჟვანიას და „მაუდის“ მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე დასწრება დაინტერესებულ დამთვალიერებელს თბილისის ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში 31 მაისის ჩათვლით შეეძლება.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი

ფოტოგრაფი: სერა ძნელაძე

 


რეკომენდებული სტატიები
თანამედროვე ხელოვნების ახალი სივრცე „მაუდი“ და გამოფენა „პერსპექტივის სამჯერადი დახრა“

თანამედროვე ხელოვნების ახალი სივრცე „მაუდი“ და გამოფენა „პერსპექტივის სამჯერადი დახრა“

თანამედროვე ხელოვნების ახალი სივრცე „მაუდი“ და გამოფენა „პერსპექტივის სამჯერადი დახრა“
დღეს, 14 მარტს, 19:00 საათზე თბილისში თანამედროვე ხელოვნების ახალი სივრცე - „მაუდი“ (MAUDI) გაიხსნება
ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა Second Order გალერეა Window Project-ში

ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა Second Order გალერეა Window Project-ში

ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა Second Order გალერეა Window Project-ში
22 დეკემბერს, Window Project-ში ვახტანგ ქოქიაშვილის პირველი რეტრსოპექტიული გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მხატვრის სამ მიმართულებას აერთიანებს: რელიგიურ თემატიკას, პოპს და ეთნოგრაფიულ მოტივებს
TBC ბანკი - კულტურის სფეროში შექმნილი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები

TBC ბანკი - კულტურის სფეროში შექმნილი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები

TBC ბანკი - კულტურის სფეროში შექმნილი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები
გთავაზობთ Hammock-ისთვის ყველაზე გამორჩეული პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც თიბისის მხარდაჭერითა თუ ინიციატივით შეიქმნა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დარგის განვითარებას ემსახურება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.