fbpx
გააზიარე სტატია

ალექსანდრ მაკ-ქუინი: მოდის ბნელი ზღაპარი

მეომარი პრინცესებიდან – მითურ გმირებამდე. ალექსანდრ მაკ-ქუინის შემოქმედება სავსეა ფანტაზიით და მაკაბრისტული მომენტებით.

ლინდსი ბეიკერი უნიკალურ არტისტს იხსენებს.

“ჩემთვის ცხოვრება ძმები გრიმების ზღაპარივითაა”, – თქვა ერთხელ ლი ალექსანდრ მაკ-ქუინმა. ბრიტანელი დიზაინერის ცხოვრება კლასიკური ჟანრის ამბავს ჰგავს – უკიდურესი სიღარიბიდან დიდ სიმდიდრემდე, გზა – კოკნის ტაქსის მძღოლის შვილობიდან მსოფლიოში აღიარებულ მოდის ვარსკვლავობამდე. ზღაპრების მსგავსად, მის ცხოვრებას თავისი ბნელი მხარეც ჰქონდა, რომელიც 2010 წელს ტრაგიკული თვითმკვლელობით დასრულდა.

ზღაპრულმა, გოთიკურმა სულისკვეთებამ მოიცვა დიზაინერის მსოფლმხედველობა. ერთ დროს გოთიკამ დიდი გავლენა იქონია გერმანელი ძმების, გრიმების შემოქმედებაზეც. მე-19 საუკუნეში ძმებმა ერთობლივად შექმნეს და გამოსცეს ხალხური ზღაპრები: კონკია, რაპუნცელი, პრინცი ბაყაყი, ფიფქია, ჰენზელი და გრეტელი.

მაკ-ქუინის დიზაინმა და თეატრალურმა წარმოდგენებმა დაამსხვრია ხელოვნებასა და მოდას შორის არსებული საზღვრები და ის მისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე შემოქმედებით დიზაინერად აქცია. 2015 წელს მაკ-ქუინის ჩვენება “ველური სილამაზე” (Savage Beauty) დიზაინერის მშობლიურ ქალაქში, ლონდონში, ვიქტორია და ალბერტის მუზეუმში გაიმართა. მანამდე, 2010 წელს, მსგავსი შოუ ნიუ-იორკის Costume Institute-ში ჩატარდა. დემონსტრაციის მთავარი იდეა ზღაპრული ამბის და ჯადოსნური ტრანსფორმაციის ჩვენება იყო. “ის გახლდათ  ჩინებული მთხრობელი. წარმოდგენები მისი შემოქმედებითი წარმოსახვის განუყოფელი ნაწილი იყო და ხშირად რთული სიუჟეტებისგან შედგებოდა”, – BBC კულტურასთან საუბრისას იხსენებს ქეით ბეტიუნი – V&A შოუს კურატორთა ჯგუფის წევრი.

2008 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის – “გოგონა, რომელიც ხეზე ცხოვრობდა” – შთაგონების წყარო დიზაინერის მშობლიური სახლის ბაღში მდგარი 600 წლის თელა იყო. შოუში წარმოდგენილი ამბავი ველური გოგოს ირგვლივ ვითარდებოდა, რომელიც ხიდან ჩამოდის, რათა შეხვდეს პრინცს და გახდეს დედოფალი. “ეს კოლექცია მაკ-ქუინის შემოქმედებაში ყველაზე უფრო ლირიკული და ლამაზი გახლდათ. ჩვენებაში წარმოდგენილი იყო მდიდრული დიზაინის სამოსი, ძვირფასი აბრეშუმისგან შექმნილი და სვაროვსკის თვლებით გაფორმებული”, – ამბობს ბეტიუნი.

2002 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება იასამნისფერ კაპიუშონში შემოსილმა მოდელმა გახსნა, რომელიც პოდიუმზე ორ დიდ ძაღლთან ერთად გამოჩნდა. ჟურნალ Another-ის ფოტოპროექტის (ალექსანდრ მაკ-ქუინის და  სემ ტეილორ-ჯონსონის კოლაბორაცია ჟურნალ Another-ისთვის) შესახებ დიზაინერი ამბობს: “ეს გრიმების ზღაპარია. მამაკაცი – დიკ უიტინგტონია, ქალი კი – ფისო ფეხსაცმლის გარეშე”. სიუჟეტში თეატრალური წარმოდგენის მსგავსი მხიარულებაა, თუმცა ფოტოების ქვეტექსტი შიშის მომგვრელი ელემენტებითაა გაჯერებული, რაც გრიმების ისტორიების სავაჭრო მარკას წარმოადგენდა.

“მაკ-ქუინის ბევრი ნამუშევარი დატვირთული იყო გოთიკური სტილის მგრძნობელობით. ის ეტრფოდა ვიქტორიანულ ეპოქას და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელ მელანქოლიას”,  – იხსენებს ბეტიუნი. ქეით ბეტიუნი დიზაინერის შემოქმედებაში მის საკურსო კოლექციას გამოარჩევს. ამ კოლექციაში დემონსტრირებული ქურთუკების სარჩულში გამოყენებული იყო ადამიანის თმა. გასაკვირი არ არის, რომ დიზაინერმა სულიერი კავშირი იპოვა ამერიკელ კინორეჟისორთან – ტიმ ბარტონთან. ბარტონის შემოქმედება ცნობილია თავისი ჟანრობრივი სტილით – ბნელი ფენტეზი. 2002 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაზე – Supercalifragilisticexpialidocious წარმოდგენილი ცნობილი შავი პარაშუტი-ლაბადის შექმნისას მაკ-ქუინის შთაგონების წყარო სწორედ ტიმ ბარტონი იყო.

Shapeshifter

გარდასახვის უნარი

დიზაინერის პროტესტი ტრადიციული ღირებულებების და დოგმების მიმართ აღწერილია კლერ ვილკოკქსის წიგნში – ალექსანდრ მაკ-ქუინი. წიგნი გაფორმებულია არტისტის ნამუშევრებით. ჟურნალისტი კატერინ სპუნერი წერს: “გოთიკურმა სტილმა მაკ-ქუინს გამოუმუშავა მისთვის დამახასიათებელი ხელწერა, რომელიც მან დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დახვეწა”. ის ასევე თამაშობდა “ესთეტიკური ზიზღით” (ნამუშევრები დამთვალიერებლებს უჩენს უსიამოვნო შეგრძნებას, ამავდროულად აღაფრთოვანებს მათ), იყენებდა მძაფრ, ამაღელვებელ და უკვდავ ელემენტებს და წარმოადგენდა წარსულს, როგორც გოტიკურ ტრავმას თავისი წინაპრის ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომელიც 1692 წელს სალემის ჯადოქართა სამსჯავროზე გაასამართლეს. 2007 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენება სწორედ ელიზაბეტ ჰოუის ხსოვნას მიეძღვნა (the autumn/winter 2007 show In Memory of Elizabeth Howe). მარტივია, გამოიცნოთ, თუ საიდან მოდის დიზაინერის ამგვარი ფანტაზია, დიზაინერის, როგორც ნატანჯი გენიოსის.

შეიფშიფტინგი – მითოლოგიაში ფიზიკური გარდასახვის უნარი – მაკ-ქვუნის შემოქმედების კიდევ ერთი, რეგულარული ზღაპრული ტროპია. ფოლკლორსა და მითოლოგიაში რეალურ არსებას აქვს უნარი, ფიზიკური ტრასფორმაცია განიცადოს და მოევლინოს სხვა ფორმით, ხშირ შემთხვევაში გარდასახვა ხდება მაგიური ძალის ზემოქმედებით, ჯადოქრის ჯადოსნური შელოცვით, მაგალითად: ბაყაყი იქცა პრინცად, დედოფალი – კუდიანად. როგორც სპუნერი წერს: “მეტამორფოზული სხეული ტრადიციული ზღაპრისთვის დამახასიათებელი ნიშანია. მაკ-ქუინის ინტერესი ზღაპრების ამ თავისებურებისადმი იკვეთება მისი ნამუშევრების გოთიკურ ფორმებში”.

კატერინ სპუნერი განიხილავს დიზაინერის შემოქმედებას და ამბობს, რომ მის ყველა ნაშრომში იგრძნობა რაღაც, რაც ნორმალურ, ადამიანურ არსს არის მოწყვეტილი, ზეადამიანური მოტივები. ზებუნებრივი ფიგურა მუდმივად ზღვარზეა, სახე იცვალოს და იქცეს სხვა ჯიშის თუ ტიპის სახეობად, განიცადოს მეტამორფოზა. ალექსანდრ მაკ-ქუინმა ეს იდეა გამოიყენა, როდესაც ერთ მთლიანობად აქცია საპატარძლო კაბა და ირმის რქები, გააცოცხლა მითური ქმნილებები, მათ შორის – მარტორქა. თავად მაკ-ქუინი ფოტოობიექტივის წინ ხშირად უცნაურ ფორმაში ჩნდებოდა, ხან თავის ქალათი ხელში, ხან თავზე ცხოველების რქებით, ან თავის საყვარელ ფრინველთან – კირკიტასთან ერთად.

მაკ-ქუინის სამოსი და მისივე  აქსესუარები ხშირად გაფორმებული იყო ფარშავანგის, იხვის და ხოხობის ბუმბულებით. ერთ-ერთი ასეთი ნიმუშია – ქუდების ოსტატის, ფილიპ ტრეისის შექმნილი ნამუშევარი მაკ-ქუინისთვის, რომელიც ძალიან ჰგავს წითელი პეპლების გუნდს. ალექსანდრ მაკ-ქუინის შემოქმედება ჰიბრიდული ელემენტებითაა სავსე: მისი ფეხსაცმელი “პითონი არმადილო”, 12 ინჩი სიმაღლის ქუსლით; საღამოს შავი კაბა, რომელიც თითქოს შავ გედად უნდა იქცეს; ნამუშევრები, სადაც ხდება გარდასახვა – ქალი – ცხოველი, ქალი – პეპელა.

 დიდი ოსტატობით შესრულებული 2010 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია – “პლატონის ატლანტიდა” (Plato’s Atlantis) – აბრეშუმის სამოსი გაფორმებული იყო წყლის ჰიბრიდებით, ქვეწარმავლების პრინტით, მოდელები წარმოდგენილი იყვნენ თავბრუდამხვევ, ბრჭალისმაგვარ ფეხსაცმელებში. ეს იყო დიზაინერის ბოლო, სრულად განხორციელებული კოლექცია.

მეომარი პრინცესა

“პლატონის ატლანტიდას” ჩვენებაზე წარმოდგენილ მოდელებში იგრძნობოდა რაღაც ზებუნებრივი, ეს არ იყო მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით პოდიუმზე გავლა-გამოვლა, მათში იკვეთებოდა სიძლიერე.

უშიშარი მეომარი პრინცესა არის ზღაპრული არქეტიპი, რომელიც ძმები გრიმების ზღაპრების თანამედროვე ინტერპრეტაციებში გვხვდება, მაგალითად, “ფიფქიას” და “მონადირეს” ეკრანიზაციაში. მაკ-ქუინის შემოქმედებაშიც მეომარი პრინცესა  ფიგურაა. დიზაინერმა ითანამშრომლა იუველირთან, შონ ლინთან, რათა შეექმნა 1999 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის სპირალურად დახვეული კორსეტი (Coiled Corset). შონ ლინი ალექსანდრ მაკ-ქუინის მეგობარი გახლდათ, ისინი ხშირად თანამშრომლობდნენ. მათ ერთობლივად შექმნეს ყელსაბამი ბიორკისთვის, რომლითაცც მუსიკოსი თავისი ალბომის,  Homogenic-ის ყდაზეა წარმოდგენილი.

სწორედ ამ ნამუშევრის შემდეგ დიზაინერმა იუველირს სთხოვა, მსგავსი ნაკეთობის დამზადება ადამიანის მთელი ტორსისთვის. შონ ლინი ბი-ბი-სი კულტურასთან საუბრისას იხსენებს: “მან მითხრა, არაფერია შეუძლებელი. მე ათი კვირის განმავლობაში, დღეში 16 საათი ვმუშაობდი, რომ შემექმნა ეს ნამუშევარი… თარგისთვის ჩამოვასხი მოდელის სხეულის ანალოგიური ბეტონის ყალიბი და ხელით დავიწყე მავთულის შემოხვევა ტორსზე, ისე რომ იდეალურად მორგებულიყო მოდელის სხეულს. ჩემთვის ლი გენიოსი იყო. მან შეცვალა სილუეტები მოდაში, დაამსხვრია საზღვრები, რათა ადამიანების ცნობიერში გამოეწვია ინტერესი, თუ როგორი უნდა იყოს მოდა. ეს სხვებმა ვერ შეძლეს.”

საკამათო არ არის, რომ მაკ-ქუინის ქმნილებები – მეტამორფოზა ველურ, ქვეწარმავალ ქალად თუ ფოლადის ჯავშნის ტარება – წარმოადგენდა ქალს, როგორც ძლიერ, მამაკაცურ და სახიფათო ინდივიდს.

ალექსანდ მაკ-ქუინის ბიოგრაფიის ავტორი  ენდრიუ ვილსონი ამბობს: “წიგნი – Blood Beneath the Skin შეიქმნა მაკ-ქუინის ბავშვობის ძალადობრივი, ტრავმული მომენტებისგან. მას სურდა ქალები შეემოსა ისე, რომ მამაკაცებს მათი შეშინებოდათ. პოდიუმზე ქალები შემოსილნი იყვნენ შემოქმედებით ჯავშანში. ეს ყველაფერს ხსნის.”

სცენარისტ  ჯეიმს ფილიპის სპექტაკლში – “მაკ-ქუინი” – წარმოდგენილია “მაკ-ქუინის ცხოვრების ზღაპრული პეიზაჟი…  სადაც პატარა, გაჭირვებული გოგონა კაბის მეშვეობით მეომარ ქალად გადაიქცევა.” სპექტაკლის მთავარი მოქმედება ამ გოგოს ირგვლივ ვითარდება, რომელიც მაკ-ქუინის სახლში კაბის მოსაპარად შეიპარება. დიზაინერი მას გამოიჭერს. “გოგონაში ხელოვანი აღმოაჩენს შთაგონების წყაროს. ისინი, ორნი, ლონდონის გარშემო იწყებენ რაღაცის ძიებას, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ეს არის ამბავი ღამის გადარჩენის შესახებ – შემოქმედებაზე – როგორ შეიძლება სილამაზემ მოგკლას ან გადაგარჩინოს და რა კავშირია ამ ორ  ცნებას შორის.”

ერთ-ერთ ფოტოსურათში ალექსანდ მაკ-ქუინი აღბეჭდილია ანფასში, მისი სახის ნაწილი ნათელია, მეორე ნაწილი კი – ბნელი. კატერინ სპუნერის მოსაზრებით, ეს ფოტოკადრი ეძღვნება “მდიდრულ და კომპლექსურ გოთიკურ ფიქციას, რომელსაც დიზაინერი ხშირად იყენებდა თავის შემოქმედებაში.” ის რთული ადამიანი იყო, მრავალი ისტორიით სავსე. V&A-ის მუზეუმის კურატორი, ქეით ბეთიუნი ამბობს: “მაკ-ქუინის ესთეტიკა მომენტებში ბნელია და მოცულია სიკვდილით, თუმცა სიკვდილის მიმართ მას დადებითი შეხედულება ჰქონდა. მაკ-ქუინმა ერთხელ განაცხადა: სიკვდილი ნაღვლიანი და მელანქოლიურია, მაგრამ სიცოცხლის ციკლის ბუნებრივი ნაწილია. სიკვდილი ტოვებს ოთახს, რათა ახალი სიცოცხლე შემოვიდეს.

ალექსანდ მაკ-ქუინის მოდის სახლს ახლა სარა ბარტონი ხელმძღვანელობს,  ისტორია გრძელდება. 2011 წელს ბარტონმა უილიამისა და ქეითის სამეფო ქორწილისთვის შექმნა საპატრძლო კაბა. ეს თითქოს ზღაპრის დასასრულია – ყოველ შემთხვევაში მაკ-ქუინის ბრენდისთვის.

ავტორი: ლინდსი ბეიკერი

თარგმანი: გვანცა ფოცხვერია

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.