fbpx
გააზიარე სტატია

ანიშ კაპურის ხელოვნება

ანიშ კაპური დაიბადა ბომბეიში 1954 წელს, ის 70-იან წლებში სწავლის გასაგრძელებლად ჰოსნის ხელოვნების კოლეჯსა და შემდეგ ჩელსის ხელოვნების სკოლაში გაემგზავრა, სადაც მაგისტრის დიპლომი მიიღო. მისი ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით არაერთ საჯარო სივრცეში, მუზეუმსა თუ გალერეაშია წარმოდგენილი. კაპურს დღეს მოიაზრებენ, როგორც მისი თაობის ყველაზე გავლენიან სკულპტორს, რომელიც განსხვავებული მასალების გამოყენებითა და სივრცით სპეციფიკურ დიდ სკულპტურებზე მუშაობით გამოირჩევა.

1991 წელს ხელოვანმა ტერნერის ჯილდო აიღო, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ვენეციის ბიენალეზე წარმოადგინა. ამასთან, სხვადასხვა დროს, ლონდონის ინსტიტუტის, ლიდსის უნივერსიტეტის (1997), ვულვერჰემპტონის (1999) და ბრიტანეთის სამეფო არქიტექტურის ინსტიტუტის (2001) სტიპენდიების მფლობელი გახდა.

2003 წელს კაპური ასევე დაჯილდოვდა CBE-ის პრემიით – ბრიტანეთის დედოფლის მიერ გაცემული საპატიო პრიზით, 2013 წელს მიენიჭა რაინდის წოდება ვიზუალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

1979-80-იან წლებში ანიშ კაპური ინსპირირებულია ინდოეთის კულტურით, მკვეთრი ფერებით და აღმოსავლური მემკვიდრეობით. ის ამ პერიოდში ინტერესდება პიგმენტით და სწორედ ამ მასალისგან ქმნის გეომეტრიული ფორმის ნამუშევრებს. “1000 სახელი” – ასე ჰქვია ამ პერიოდის ნამუშევრებს, რომლებიც არტისტის მოსაზრებით ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ნამუშევრების სერიას ახასიათებს მკვეთრი, მონოქრომული ფერები და მარტივი გეომეტრია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არტისტის მხრიდან პერსპექტივით, ფერით და ფორმით მანიპულირების პირველი მცდელობა.

80-იან წლებში, კარიერის დასაწყისში, ანიშ კაპური მუშაობდა ისეთი ბუნებრივი მასალებით, როგორიც არის: მარმარილო, კირქვა, გრანიტი, პიგმენტი და თაბაშირი. მისი ნამუშევრები ხასიათდებოდა აბსტრაქტული ფორმებით, მინიმალისტური კონცეფციითა და მდიდარი ფერებით, სიღრმის ოპტიკური ეფექტით.

გვიან 80-იანებსა და 90-იანი წლების დასაწყისში მატერიისა და არამატერიალურის დაკვირვებამ ის მიიყვანა ნამუშევრების შექმნამდე, რომლებიც კედლებსა და იატაკში უჩინარდება და მის ფიზიკურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

1990 წელს კაპურმა წარმოადგინა ბრიტანეთი ვენეციის ბიენალეზე, ნამუშევრით – Void Field, ამ პერიოდში ის ჯერ კიდევ ინდოეთის მოქალაქე იყო, ნამუშევარში კაპურმა ბრიტანული ქვისა და ინდური პიგმენტის სინთეზი მოახდინა და იდეურად აღმოსავლეთი დასავლეთთან დააკავშირა.

1987 წელს კაპურმა დაიწყო ქვის გამოყენება, რომლითაც მან შემდგომში შექმნა დუალისტული ნამუშევრები: დედამიწა – ცა, სინათლე – სიბნელე, ხილული-უხილავი, სხეული-გონება.

შვიდი წლის შემდეგ ის დაინტერესდა უჟანგავი ფოლადის გაპრიალებული ზედაპირით. ამ მასალით შესრულებული სკულპტურები აირეკლავენ და სახეს უცვლიან გარშემო მყოფებს, ობიექტები მანიპულირებენ სივრცითა და ფორმებით. ამის მაგალითია ნამუშევარი “ღრუბლების კარიბჭე” – Cloud Gate, რომელიც ჩიკაგოში, ამერიკის შეერთებულ შტატებშია წარმოდგენილი და მარცვალსაც კი უწოდებენ მისი ფორმის გამო. ნამუშევარი 2004- 2006 წლებში შეიქმნა და მალევე იქცა ქალაქის ღირსშესანიშნაობად, ქანდაკება დამზადებულია 168 უჟანგავი ფოლადის ფირფიტისაგან, ის 10 მეტრის სიმაღლისაა და აირეკლავს გარშემო მყოფებს.

ასევე უჟანგავი ფოლადისგან არის შესრულებული ნამუშევარი “ცის სარკე“ – Sky Mirror.
35 ფუტი დიამეტრის ჩაღრმავებული სარკე, რომელიც იმავე წელს ნიუ-იორკში, როკფელერის ცენტრში დაიდგა.

ანიშ კაპურის შემოქმედებაში აღსანიშნავია რამდენიმე ნამუშევარი, მათ შორის: Marsyans- 150 მეტრი სიგრძის სკულპტურა, რომელიც კაპურისა და სესილ ბალმონდის დიზაინით შეიქმნა, მისი ხილვა ლონდონის Tate Modern-შია შესაძლებელი. შესაძლოა ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნამუშევარიცაა, რაც კი საგამოფენო სივრცეში განთავსებულა.

ამავე მასშტაბის სკულპტურა ხელოვანმა ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმისთვისაც შექმნა. ნამუშევრის სახელია all Tree & The Eye და შესრულებულია უჟანგავი ფოლადით. 2009 წლიდან ის მუზეუმის გარე სივრცეში ჯეფ კუნსის, ლუის ბურჟუას, დენიელ ბიურენისა და ფუჯიკო ნაკაიას ნამუშევრებს შორის არის წარმოდენილი.

2014-ში ინდოეთის პირველი თანამედროვე ხელოვნების ბიენალესთვის ანიშ კაპურმა შექმნა Descension, კოჩის სასახლეში განთავსებული ეს ნამუშევარი ბიენალეს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა იყო, მოაჯირებში მოქცეული შავი მორევი ბუნებრივად იზიდავს მაყურებლებს და უბიძგებს, რაც შეიძლება ღრმად ჩაიხედონ მასში.

ხელოვანმა მსგავსი ნამუშევარი სხვა გალერეებსა და ქალაქებშიც გაიმეორა, მაგალითად, ნიუ-იორკში, ბრუკლინის პარკში, 2017 წელს და პარიზში, ვერსალში.

კაპურის ნამუშევრები ხშირად კვეთენ არქიტექტურის, დიზაინისა და სკულპტურის საზღვრებს, მისი ხელწერის ამოცნობა დღეს ძალიან მარტივად შეიძლება, რადგან ხელოვანი მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი. კაპურის ნამუშევრებს შეხვდებით წამყვან გალერეებსა და მუზეუმებში, მაგალითად, ნიუ-იორკის მომაში, ლონდონის ტეიტში და გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ბილბაოში.

ავტორი: ნინა პატარიძე


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.