fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ ანნა კ.ე.-სთან და მარგო ნორტორთან

შარშან ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე ქართული პავილიონი ნიუ-იორკში მოღვაწე ხელოვანმა ანნა კ.ე.-მ ნამუშევრით REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation წარადგინა. პროექტი, რომელზეც ანასთან ერთად კურატორი მარგო ნორტონი მუშაობდა, ვენეციის ბიენალეზე გალერეა “სიმონ სუბალისა” და Project Artbeat-ის ორგანიზებით წარდგა. 14 ნოემბერს სწორედ Project Artbeat-ის ორგანიზებით თბილისში ანნა კ.ე.-სთან და მარგო ნორტონთან ვენეციის ბიენალეზე წარდგენილ ნამუშევართან დაკავშირებით შეხვედრა და საუბარი გაიმართა, სადაც პროექტის ავტორებმა ნამუშევრის კონცეფციაზე ვრცლად ისაუბრეს.
სტატია მომზადებულია თიბისი სტატუსის მხარდაჭერით.

 ანა, რა არის ვენეციის ბიენალეზე წარდგენილი ნამუშევრის კონცეფციაში შენთვის ყველაზე მთავარი?

ყველაზე მთავარია ის, რომ ობიექტი ფაქტობრივად ერთი მთლიანი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც თავისებურად პულსირებს. ფაქტობრივად ორი ნამუშევარი ერთ ტანად არის გადაქცეული, რომელშიც ამავდროულად ძალიან ადამიანური და ტრავმული ფრაგმენტებია ჩადგმული. ყველაფერი დიგიტალურ პიქსელში ისეა ჩაძირული, რომ ობიექტი ერთი მთლიანი გახსნილი სტრუქტურაა, რაც ყველაფერს შესაძლებელს ხდის და სადაც არაფერი არ არის ტაბუ დადებული.

ქართული ასომთავრული ანბანის ფორმების გამოყენებას რა მნიშვნელობა ჰქონდა შენთვის?

მინდოდა ონკანი გამეკეთებინა და წყალს ედინა, მთავარი იდეა  წყლის დინებაზე იყო, წყლის გამოყენებით მანამდეც გამიკეთებია ნამუშევარი და ვგრძნობდი, რომ ვენეციაში წყლის ელემენტი ფანტასტიკური იქნებოდა. რაც შეეხება ქართულ ანბანს, ძალიან ჩამჯდარია ჩემს თავში და ხშირადაც ჩამიხატია, როგორც არქიტექტურული ელემენტი. მგონია, რომ ძველი ქართული ანბანი ძალიან ორგანულია და მასში საქართველო ბუნებრივად არის  წარმოდგენილი.

როგორი იყო დამთვალიერებლების რეაქცია, როცა შენს ნამუშევარს ნახულობდნენ?

ძალიან ბევრი პოზიტიური რეაქცია იყო, ზოგიერთმა ისიც თქვა, რომ საუკეთესო პავილიონიაო, თუმცა ამ ყველაფერს დიდად არ ვაქცევ ყურადღებას, კომპლიმენტებს არც ვუსმენ ხოლმე, მე ის უფრო მაინტერესებს, ვინ რას დაინახავს და ვის რამდენად მოუნდება დიალოგში შემოსვლა, ამას ძალიან დიდ პატივს ვცემ.

როგორ იწყებ მასალასთან ურთიერთობას, წინასწარ იცი რას გამოიყენებ თუ იდეა მუშაობის პროცესში ჩნდება?

თვითონ ნახატში განვიცდი მასალას, ძალიან უბრალო ჩანახატშიც კი შეიძლება ზუსტად ვიცოდე რა მასალას გამოვიყენებ. თავიდან რომ კაფელის სტრუქტურას ვხატავდი, ვგრძნობდი, რომ მასალად კერამიკა უნდა გამომეყენებინა,  როგორც კი ნახატი დავასრულე და იდეა შეიქმნა, ნათელი გახდა, რომ აქ არავითარი ადამიანური მასალა არ შეიძლებოდა ჩამერთო, უნდა ყოფილიყო დიგიტალური, რასაც ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე.

დაახლოებით ერთი  წლის წინ ჩაწერა Hammock-მა შენთან ინტერვიუ, შეიცვალა მას შემდეგ შენს შემოქმედებით ცხოვრებაში რაიმე?

ბიენალეს ნამუშევარს გადავყევი, მას შემდეგ ბევრი ახალი პროექტი და გეგმაა და ვცდილობ ისე დავარეგულირო, რომ თითოეული ნამუშევრისთვის საკმარისი დრო მქონდეს. მირჩევნია ორი-სამი პროექტი მქონდეს და ბოლომდე მოვახერხო მათთვის დროის დათმობა. ზოგჯერ ისიც ხდება, რომ კონკრეტულ ნამუშევარს ორი ან სამი წლით გადავდებ, იმისთვის რომ ყველაფერს თავისი ლოგიკა ჰქონდეს.

ვენეციის ბიენალეზე გამოჩენა რას ცვლის  ხელოვანისთვის?

ნოუ-იორკში რომ ცხოვრობ, მხოლოდ იქაური სცენა და რამდენიმე საერთაშორისო კურატორი გიცნობს, ვისაც შენი ნამუშევრები აღმოუჩენია.  ვენეციის ბიენალეზე კი ნამდვილად იცი, რომ ყველა ჩაუვლის შენს ნამუშევარს, რამდენად მიიზიდავს, ეგ უკვე მათზეა, შენს ნამუშევარზე აღარაა, დიალოგზეა მაყურებელსა და ნამუშევარს შორის. ბიენალე სწორედ ამის საშუალებას გაძლევს, რომ შენი პოტენციალი ფართო აუდიტორიას აჩვენო.

გაძლევს ნიუ-იორკი შთაგონებას?

დაუსრულებლად, ნიუ-იორკი ყველა შრეზე ძალიან დიდი ინსპირაციაა. ისეთ ლიმიტზე ჰყავხარ შენი ეგზისტენციით, რომ მგონი, ეგ ყველაზე დიდი შთაგონებაა. “გიჟი” ადგილია, ყველა კუნჭულიდან აქვთ ადამიანებს თავი მოყრილი,  ყველა თავისი ეგზისტენციისთვის იბრძვის და ყოველი მათგანი ისეთი განსაკუთრებულია, რომ ამის ყურებაც კი უკვე ძალიან შთამაგონებელია.

სამომავლო გეგმები…

შემდეგი ჯგუფური გამოფენა ლაიფციგში მაქვს დაგეგმილი, რომლის იდეაც დიგიტალ არტსა და ინსტალაციას შორის იქნება.  შეიძლება თბილისში ბიენალეს ნამუშევარი ჩამოვიტანოთ. დაგეგმილი გვაქვს, რომ ნამუშევარმა იმოგზაუროს, ვიცი, რომ ბევრმა ვერ მოახერხა მისი ნახვა  და საქართველოს კონტექსტში ჩვენება ალბათ ძალიან საინტერესო იქნება, მათ შორის ახალგაზრდა მხატვრებისთვისაც, იმისთვის რომ საშუალება ჰქონდეთ ნამუშევარი არა მხოლოდ ფოტოზე ნახონ, არამედ მის წინ იდგნენ და ახლოდან გაეცნონ.

მარგო, თქვენ  რას ფიქრობთ ანას შემოქმედების შესახებ, პირველად როდის შეხვდით მას?

პირველად ნიუ-იორკში მის სტუდიას ვესტუმრე, გადავწყვიტეთ, ვენეციისთვის ერთად გვემუშავა.  ვფიქრობ, რომ მუშაობის პროცესში თვითონ ანა ძალიან საინტერესო იყო, რადგან მან ამ ნამუშევარში, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თავი გამოიწვია. აკეთებს ძალიან გულწრფელ ნამუშევრებს და ამასთანავე ხელოვნების დისციპლინების საზღვრებსაც არღვევს. ძალიან მოხიბლული ვარ მისი ნამუშევრებით და მიხარია, რომ საქართველომ სწორედ ის აირჩია ვენეციის ბიენალეზე წარსადგენად. რაც შეეხება ვენეციაში წარდგენილ მის ნამუშევარს, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტია, რაც ოდესმე გაუკეთებია, რადგან მასში ბევრი სხვადასხვა ასპექტია გაერთიანებული. ინსტალაცია, სკულპტურა, ვიდეო და პერფორმანსი, ერთ ნამუშევარშია თავმოყრილი, რომელიც ფიზიკურ და დიჯითალ სამყაროებს შორის ზღვარს იკვლევს და  ალბათ იცით, რომ სხეულისა და სივრცის თემას ანას შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს სტრუქტურა მის ვიდეოებსაც მოიცავს და ამასთანავე აერთიანებს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც აქამდე არ გაუკეთებია, მაგალითად, ანბანის ფორმებს, საიდანაც წყალი, როგორც სიცოცხლის აზრი მოედინება.

როგორი იყო ვენეციაში საზოგადოების რეაქცია,  როცა ანას ნამუშევარს ხედავდნენ?

ძალიან ბევრი პოზიტიური გამოხმაურება მიიღო, ჩანდა, რომ ანას და მისი შემოქმედების აღმოჩენა მათთვის სასიამოვნო სიახლე იყო.

 ბიენალეს კიდევ რომელი ნამუშევარი იყო თქვენთვის საინტერესო?

ასეთი ნამუშევრები ძალიან ბევრი იყო და ცოტა რთულია რომელიმე გამოვყო, რადგან ზოგიერთთან მიმუშავია კიდეც. ძალიან მომეწონა მაგალითად, ლიტვური პავილიონი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა.

ზოგადად, როგორ ფიქრობთ, რა არის კურატორის მთავარი როლი?

ალბათ ის, რომ დარწმუნებული იყოს,  ნამუშევარი თავის საუკეთესო მხარითაა წარმოდგენილი. დაინახოს პოტენციალი და ის, რაც ხელოვანს სჭირდება. ვფიქრობ, რომ ჩემი, როგორც კურატორის, როლი არ გულისხმობს იდეასთან მიახლოებას, ეს  უფრო ხელოვანის იდეების გაფართოება და დამთვალიერებლამდე სწორად მიტანაა. ზოგადად, რთულია კონტექსტს მოარგო ის, რაც ხელოვანის გონებიდან საბოლოოდ მაინც საკუთარი თავისთვის იქმნება, თუმცა კონტექსტი მნიშვნელოვანია და მუზეუმების, გალერეების და მათ შორის კურატორების როლიც სწორედ ამ კონტექსტს ეხება.

საქართველოში პირველად არ იმყოფებით, რას ფიქრობთ ქართული სახელოვნებო სივრცის შესახებ?

საქართველოში პირველად წელიწად-ნახევრის წინ ჩამოვედი თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე და ნამდვილად მოხიბლული ვიყავი იმ ნამუშევრებით, რომლებიც მაშინ ვნახე. ჩემთვის აქ დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მინდოდა ჩამოვსულიყავი იმისთვის, რომ მეკვლია და ქართულ სახელოვნებო სივრცეს დავკვირვებოდი.

 თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

ახლა მთლიანად “ნიუ მუზეუმის” ტრიენალეზე ვარ ფოკუსირებული, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო ხელოვანებს აერთიანებს. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოფენაა, ახლა მთლიანად ამ გამოფენის კვლევის პროცესში ვარ.

 

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან

უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან

უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან
Anna K.E. ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანია, რომლის შემოქმედებაში ფერწერა, ინსტალაცია, პერფორმანსი და ვიდეო ხშირად ერთ ნამუშევარში ერთიანდება
ვენეციის სახელოვნებო ბიენალე - ისტორია და მნიშვნელობა

ვენეციის სახელოვნებო ბიენალე - ისტორია და მნიშვნელობა

ვენეციის სახელოვნებო ბიენალე - ისტორია და მნიშვნელობა
ბიენალეს თავდაპირველი დანიშნულება თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის ჩამოყალიბება იყო, დღეს ის წარმოადგენს საუკეთესო შანსს ხელოვანებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად და ხელოვნების ისტორიაში საკუთარი ადგილის დასაკავებლად
ვინ წარადგენს საქართველოს ვენეციის 58-ე ხელოვნების ბიენალეზე

ვინ წარადგენს საქართველოს ვენეციის 58-ე ხელოვნების ბიენალეზე

ვინ წარადგენს საქართველოს ვენეციის 58-ე ხელოვნების ბიენალეზე
Hammock Magazine TBC Status-ის მხარდაჭერით გაგიძღვებათ ვენეციის 58-ე საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეზე, მანამდე კი თვალი ადევნეთ სიახლეებს
Hammock x თიბისი სტატუსი - ვენეციის სახელოვნებო ბიენალე
Play Video

Hammock x თიბისი სტატუსი - ვენეციის სახელოვნებო ბიენალე

Hammock x თიბისი სტატუსი - ვენეციის სახელოვნებო ბიენალე
Hammock Magazine TBC Status - თიბისი სტატუსი-სთან ერთად წარმოგიდგენთ ვიდეოს წლევანდელი ვენეციის სახელოვნებო ბიენალეს შესახებ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.