fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ მოდელ არმინე არუთინიანთან

პროფესიით გრაფიკული დიზაინერის, არმინე არუთინიანის მილანში Gucci-ის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოჩენამ მსოფლიო საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია. მისი არასტანდარტული გარეგნობის გამო, რომელიც Gucci-ის ფოტოგრაფმა ბერლინის ქუჩებში აღმოაჩინა, არმინე ადამიანების ერთი ნაწილის მხრიდან მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. თუმცა, უამრავ ნეგატიურ კომენტარს ახლა უკვე მოდელ არმინე არუთინიანის ცხოვრებაში პოპულარობა და კარიერული წინსვლა მოჰყვა.  არმინეს, სანამ Dalood-ის ჩვენებას გახსნიდა მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე, კულისებში ვესაუბრეთ.

როდის და რატომ გადაწყვიტე, მოდელი გამხდარიყავი?

მოდელობაზე არასდროს მიფიქრია, ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ახალი და გასაოცარია…

მოგვიყევი შენი კარიერის შესახებ, Gucci-მდე გიმუშავია სხვა ცნობილ ბრენდებთან?

Gucci-ის ჩვენებამდე სამოდელო კარიერა არ მქონია, ეს იყო პირველი ჩვენება, რომელიც ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება გახლდათ.

როდის და როგორ დაიწყო შენი თანამშრომლობა Gucci-სთან?

ყველაფერი ბერლინში დაიწყო, როდესაც მეგობართან ერთად კონცერტზე წავედი, კონცერტის შემდეგ ქალაქის ქუჩებში ვსეირნობდი, სადაც ფოტოგრაფი შემხვდა, მან მკითხა, შეიძლებოდა თუ არა ფოტოები გადაეღო ჩემთვის, ვუთხარი, რატომაც არა მეთქი, შემდეგ კი კონტაქტები გავცვალეთ. უკვე ერევანში ვიყავი, როდესაც დამიკავშირდა და მითხრა, რომ Gucci  ჩემით დაინტერესდა. ეს ძალიან მაგარი იყო, კრუიზის კოლექციაზე მიმიწვიეს, თუმცა იმის გამო, რომ ვიზა არ მქონდა, ვერ წავედი. შემდეგ გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებისთვის დამპატიჟეს.

რას გვეტყვი იმ კრიტიკის შესახებ, რომელიც Gucci-ის ჩვენებაზე შენს გამოსვლას მოჰყვა?

თავიდან ძალიან რთული იყო ჩემთვის ასეთი ნეგატიური გამოხმაურება, ამისთვის ნამდვილად არ ვიყავი მზად, დასაწყისში განვიცდიდი ამ ყველაფერს, ორი დღე ვტიროდი კიდეც, მაგრამ მერე დავფიქრდი და გადავწყვიტე, რომ ნეგატიური კომენტარები აღარ წამეკითხა, ხალხის მხრიდან დადებითი გამოხმაურებაც ბევრი იყო. ამიტომ ახლა ვცდილობ, ცუდს ყურადღება არ მივაქციო და ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელო.

როგორც ვიცი, თბილისში Dalood-ის ჩვენებისთვის ჩამოხვედი, რას გვეტყვი ამის შესახებ?

დიახ, თბილისში Dalood-ის მოწვევით ჩამოვედი, ძალიან მომწონს ეს ბრენდი და ქალაქიც, ძალიან სასიამოვნოა იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ამ ქალაქში მოდას ქმნიან, მოხარული ვარ თქვენთან სტუმრობით.

როგორ ფიქრობ, თანამედროვე მოდის სფეროში არსებობს სილამაზის სტანდარტები?

ყველა საუკუნეს თავისი სილამაზის სტანდარტები აქვს, ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ვფირობ, რომ დღეს უკვე მეტ-ნაკლებად აღარ არსებობს, რაც ძალიან კარგია, რადგან სტანდარტები ყოველთვის აკომპლექსებს და ჩარჩოებში აქცევს ადამიანს… შენ ხარ ისეთი, როგორიც ხარ, რაც უკვე საკმარისი და კარგია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.