fbpx
გააზიარე სტატია

ე.ა. საგამოფენო სივრცე – ინტერვიუ ელენე აბაშიძესთან

გასულმა თვემ თანამედროვე ხელოვანების, კურატორებისა და ხელოვნების მოყვარული დამთვალიერებლისთვის  მრავალფეროვანი პროგრამით ჩაიარა. სხვადასხვა გალერეები და საგამოფენო სივრცეები ხელოვნების კვირეულის და Tbilisi Art Fair-ის ფარგლებში არაერთ  საინტერესო გამოფენას გვთავაზობდნენ. სწორედ ხელოვნების ბაზრობის კვირეულს დაამთხვია დამოუკიდებელმა კურატორმა ელენე აბაშიძემ ძველ თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, საკუთარი საგამოფენო სივრცის გახსნაც. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც გალერეა დამთვალიერებელს თავის პირველ ექსპოზიციას – “უსაფრთხო სიტყვებს” სთავაზობს, რომელშიც ორი არტისტი – ფენი გორინგი და ქრისტინა ბრაში – საკუთარი  ნამუშევრებით თანამედროვე ხელოვნებაში პოეზიის როლისა და პირადი ნარატივის თემით არიან გაერთიანებული.

ჟურნალი Hammock წარმოგიდგენთ ინტერვიუს “ე.ა საგამოფენო სივრცის” დამფუძნებელ ელენე აბაშიძესთან.

 

როდის და რატომ გაგიჩნდათ  “საგამოფენო სივრცის” დაარსების იდეა?

უკვე წლებია, რაც კურატორად ვმუშაობ და დიდი ხანია საკუთარი საგამოფენო სივრცის გახსნა მინდოდა. ყოველთვის სხვადასხვა გალერეასთან ვთანამშრომლობდი და ვფიქრობ, რომ  უფრო მოსახერხებელია, როცა საკუთარ საგამოფენო სივრცეში შეგიძლია შენთვის საინტერესო პროგრამა თავადვე შეადგინო. თუმცა, ამავდროულად, ეს იმაზე ბევრად უფრო რთულია, ვიდრე  დამოუკიდებელ კურატორად ყოფნა, პირველ რიგში – ფინანსური გადმოსახედიდან. ჩემთვის გალერეის კომერციული ფორმატი არასდროს ყოფილა მიზანი, ყოველთვის უფრო საჯარო პროგრამებზე   და არა კომერციულ გამოფენებზე მუშაობა მერჩია, თუმცა ჩემს სივრცეს ეს ორივე მხარე ექნება.

რა არის ელენე აბაშიძის “საგამოფენო სივრცის” ძირითადი კონცეფცია, რაც მას დანარჩენებისგან განასხვავებს?

გარდა გამოფენებისა, მინდოდა, რომ სივრცე სხვა კურატორული პროექტებით  დამეტვირთა. ერთ-ერთი მათგანია, მაგალითად, კითხვის წრე და დროებითი ბიბლიოთეკა. ვაპირებ, ივნისის ბოლომდე გავხსნა  ჟურნალების სექცია, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელოვანების ან დამოუკიდებელი კურატორების მიერ გამოცემული ჟურნალები, რომლებიც ან მცირეტირაჟიანია ან  წიგნის მაღაზიებში არ მოიპოვება. კოლექციის ნაწილი უკვე მაქვს და ვფიქრობ, რომ ივნისის ბოლოს გალერეას ამ სექციით გავხსნით, სექტემბრიდან კი კურირებული ბიბლიოთეკისთვისაც შეგროვდება მასალა. ყოველი გამოფენის მეორე ნაწილი კურირებული წიგნების წარდგენას დაეთმობა,  მონაწილე არტისტები ან მოწვეული კურატორები, პროექტიდან გამომდინარე, რეკომენდაციას გაუწევენ წიგნებს, რომლებიც თემის ირგვლივ უნდა წავიკითხოთ. თემა ყოველთვის სხვადასხვა, წიგნები კი ალბათ მხატვრული ან პოეტური იქნება. ეს დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს გაეცნოს არა მხოლოდ შემოქმედის ნამუშევრებს, არამედ მის თეორიულ ნაწილსაც. თუ წიგნები ფიზიკურად ხელმისაწვდომი არ იქნება, ვებგვერდზე ყოველთვის წარმოვადგენთ მის ონლაინვერსიას, ამით ვცდილობ, რომ  სივრცეს გარკვეულად საგანმანათლებლო დატვირთვაც ჰქონდეს. როცა ახალი გამოფენის სანახავად მივდივართ, ამის ნაკლებობას სულ განვიცდით, იმიტომ რომ ადვილი როდია მოკლე პრესრელიზით ბევრი რამ გაიგო მხატვრის ან მისი ნამუშევრების შესახებ.

მიმდინარე გამოფენა – “უსაფრთხო სიტყვები” პირველია ამ სივრცეში, ვინ არიან გამოფენის მონაწილეები  და რა აერთიანებთ მათ მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებს?


გამოფენის მონაწილეები ფენი გორინგი და ქრისტინა ბრაში არიან. ქრისტინა  პუერტორიკოელი წარმოშობის ამერიკელი არტისტია, რომელიც ამჟამად მუშაობს და ცხოვრობს ნიუ-იორკსა და ტორონტში.  მისი შემოქმედება ძირითადად პოეზიაზეა დაფუძნებული, მან სულ ახლახან გამოსცა თავისი პირველი პოეზიის კრებული. ნიუ-იორკში მუშაობს როგორც პოეზიაზე, ისე ვიდეოსა და სკულპტურაზე, სპეციალურად ჩვენი გამოფენისთვის კი ფენი გორინგის ნახატებზე დაყრდნობით ვიდეონამუშევარი შექმნა. რაც შეეხება  ფენის, ის არის ინგლისელი უფროსი თაობის მხატვარი, რომელიც ლონდონში მუშაობს. მის პრაქტიკაშიც დიდი ადგილი უჭირავს პოეზიას, ასევე ხატავს და კერავს ქანდაკებებსაც. ფენის ნამუშევრები ამ წუთებში შეიძლება  ბევრ თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ვნახოთ, მაგალითად, ლონდონის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში.  ამჟამად მონაწილეობს ვარშავაში მიმდინარე ჯგუფურ გამოფენაში, რომელიც ქალის შემოქმედებაში აფექტის თემისადმია მიძღვნილი. ჩემთვის განსაკუთრებული არტისტია,  შეიძლება ითქვას, რომ ნახატებში ლუი ბურჟუას ხაზის გამგრძელებელია, თუმცა ბურჟუასგან განსხვავებით, ბევრად ექსპრესიული და ნაივური ენის მატარებელია. ამ ორი არტისტის ერთად გამოფენა არამარტო პოეზიიდან გამომდინარე გადავწყვიტე,  არამედ იმიტომაც რომ მათი სამუშაო თემები ხშირად ერთმანეთს ჰგავს და იკვეთება კიდეც, ორივე დაყრდნობილია პირადი დღიურის ფორმის ნარატივებზე, ორივე ეძღვნება ქალის პოზიციას ხელოვნებაში და პირადის გასაჯაროებას, ამას კი, ცხადია, პოლიტიკური დატვირთვა და შინაარსი ეძლევა.

რა შინაარსს სძენს  პოეზია და ზოგადად, სიტყვა თქვენთვის ამ კონკრეტულ ნამუშევრებს?

ჩემთვის საინტერესო იყო პოეზიის ჩვენება საგამოფენო სივრცეში, ვფიქრობ, რომ საქართველოში ხშირად არ ხდება მსგავსი რამ. არადა  პოეზია ვიზუალური ხელოვნების განუყოფელი ნაწილია. ვინაიდან ხელოვნება ფორმის და მედიუმის მიხედვით დაყოფილია, მინდოდა მათ შორის არსებული გადაკვეთა მეჩვენებინა. გამოფენის განმავლობაში ერთხელ უკვე გვქონდა პოეზიის კითხვის საღამო, სადაც თვითონ ფენი გორიგი და ქრისტინა ონლაინ კითხულობდნენ თავიანთ ლექსებს, ამას მოსდევდა კურატორ ლიკა თარხან მოურავის პრეზენტაცია თემაზე – “პოეზია და თანამედროვე ხელოვნება”. ლიკა სწორედ პოეზიის ჩვენების ფორმებზე საუბრობდა, რადგანაც პოეზია არაფიზიკური მედიუმია, რომელსაც ხელშესახები არაფერი გააჩნია, საინტერესოა, როგორ და რა ხერხებით  შეიძლება მისი საგამოფენო კონტექსტში ჩვენება. ამ თვეში ერთი საღამო უკვე მოვაწყვეთ, მეორე საღამოსაც ვაპირებთ ივნისის ბოლოს, სადაც სხვა ორი პოეტი ჩაერთვება, რომლებიც ასევე ამ პრინციპით მუშაობენ პოეზიასა და სკულპტურაში. ორივე მათგანი ინგლისში ცხოვრობს. სამწუხაროდ, საქართველოში ვერვინ ვიპოვე, ლექსებსაც რომ წერდეს და თან ხელოვანიც იყოს, მაგრამ, იმედია ამ სესიების მერე გამოჩნდება ვინმე და თვითონვე გამოგვეხმაურება.

ნამუშევრები ერთმანეთისგან ისეა დაშორებული, რომ მათ შორის ძალიან დიდი სივრცე იქმნება, რა კონცეფციის მატარებელია ნამუშევრების წარმოდგენის ამგვარი ფორმა?

  თავიდან ჩაფიქრებული გვქონდა, უფრო მეტი ნამუშევარი გვეჩვენებინა – ქრისტინასი მხოლოდ ერთი ნამუშევარია წარმოდგენილი, ფენისი 16 ნახატი და ერთი ვიდეო. ქრისტინას ობიექტების ჩვენებასაც ვაპირებდით, თუმცა სივრციდან გამომდინარე ვიფიქრეთ, რომ აღარ იყო საჭირო, დარბაზში ვიდეო ისეა დაყენებული, როგორც ქანდაკება, დიდ ადგილს იკავებს და მთელ ტერიტორიაზე დომინირებს, ამიტომაც გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა სააზროვნო სივრცე.

ერთი შეხედვით,   შეიძლება ნამუშევრები ამ სივრცეში ძალინ პატარად მოგვეჩვენოს, მაგრამ თვითონ ნამუშევრები იმდენად ინტენსიურია, რომ  ვიფიქრე, ამას სჭირდება ფიზიკური სივრცე აღსაქმელად.

გარდა ახალი საგამოფენო სივრცისა, ხელმძღვანელობთ ბეჭდურ გამოცემა “დანართს”, როგორ უკავშირდება ეს ორი ერთმანეთს?

“დანართის” შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ხშირად გვაქვს ხელოვანებთან ურთიერთობა, მაგრამ პირდაპირი კავშირი არ არის, თუმცა ზუსტად “დანართიდან” გამომდინარეა ის, რომ სივრცისთვის პატარა ბიბლიოთეკის მიბმაც გადავწყვიტე. ის, რომ ჟურნალების სექციით ვხსნით, ესეც ნამდვილად “დანართს” უკავშირდება.  გარდა ამისა, “დანართის” შემდეგი ნომრის პრეზენტაცია, რომლის რედაქტორიც ირუ ჯორჯაძეა, სწორედ აქ ჩატარდება.

გასული თვე ხელოვანებისა და კურატორებისთვის ძალიან მრავალფეროვანი იყო – მოეწყო უამრავი გამოფენა, ჩატარდა თბილისის ხელოვნების ბაზრობა… როგორც კურატორი როგორ შეაფასებთ საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით მიმდინარე ცვლილებებს?

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფერს მოვესწარი, თითქოს დიდი ხანია, რაც თბილისი  ამ ამბებშია ჩართული და ძალიან მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს დაიწყო ეს პროცესი. როგორც კურატორი, რა თქმა უნდა, ძალიან დადებითად ვაფასებ და ვფიქრობ, რომ ასეთი გამოღვიძება  ყველასთვის სასარგებლო იქნება – არამარტო ხელოვანებისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ეხება, არამედ მთლიანად ქვეყნის გამოცოცხლების და კულტურის წინსვლისთვის.

როგორია საგამოფენო სივრცის სამომავლო გეგმები?

ზაფხულში დავისვენებთ და სექტემბრის მეორე ნახევარში ძალიან საინტერესო ჯგუფურ გამოფენას გავხსნით, ვიმედოვნებ, მაგ დროისთვის ბიბლიოთეკაც მზად გვექნება.

ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
ERTI Gallery Tbilisi Art Fair-ზე

ERTI Gallery Tbilisi Art Fair-ზე

ERTI Gallery Tbilisi Art Fair-ზე
ERTI Gallery-მ წელს თბილისის საერთაშორისო არტბაზრობისთვის ფართომასშტაბიანი პროგრამა მოამზადა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.