გააზიარე სტატია

ხელოვნება სარეკლამო გზავნილების სივრცეში

თამარ მეფის გამზირი. გზაჯვარედინი. დატვირთული დღე – სავსე მგზავრებით, ტურისტებით – ათასობით უცხო ადამიანის გადაკვეთის ადგილი. ხმაური და გაურკვევლობა. თბილისის ორი ქუჩა ერთმანეთს წუთიერად ჰკვეთს. მოძრაობა წყდება, შემდეგ კი ორივე გზა საკუთარ მიმართულებას მიჰყვება.

ეს უსასრულოდ ხანგრძლივი მოგზაურობა ჩვენი ცხოვრების მეტაფორაა. მოძრაობა კვლავ წყდება. ამჯერად საგზაო ნიშნებს, რეკლამებს, ბილბორდებს ვაკვირდებით – თანამედროვე ქალაქის აუცილებელ კომპონენტებს. ამ სიტუაციაში ჩნდება ამერიკელი არტისტის, ლიზა ალვარადოს ნამუშევარი. ლიზა ცნობილია თავისი კომპლექსური ნამუშევრებით, რომლებიც ერთდროულად ტრადიციის გამტარებსაც წარმოადგენენ და შესაძლებელს ხდიან ახალი პოტენციალის ათვისებასაც. ნამუშევრებს ხშირად თან ხმოვანი ინსტალაცია ახლავთ. რიგ შემთხვევებში, ლიზას ნამუშევრები ცოცხლად შესრულებულ მუსიკასთან, ჯგუფ Natural Information Society-თან ერთად დგება. ლიზა ალვარადოს სურათები, პოლიფონიურ ხმოვანებასთან ერთად კოლექტიური და ინდივიდუალური თანამონაწილეობის საშუალებას იძლევიან. ის ცდილობს განსხვავებული გზების მონახვას თანამედროვე ხელოვნების გამოცდილების გასაფართოებლად. ამისთვის კი ისტორიულ გამოცდილებას ეყრდნობა. ხელოვნების ნიმუშის  ასეთი გააზრება მოგზაურობის ასოციაციას აჩენს.

უახლესი დროის გარდაუვალობა სწორედ მოგზაურობაა. გლობალურ საინფორმაციო ეპოქაში ჩვენ აღარ ვეკუთვნით ჩვენი წარმოშობის ადგილებს, არამედ მაგისტრალების, ავტობანების, თვითმფრინავების უსასრულო, ცალმხრივ გზებს. შედეგად, ყველანი მოგზაურები ვხდებით.

ამ მოგზაურობაში სრულიად იცვლება ჩვენი ცხოვრება. საკმარისია 10 წუთი თამარ მეფის ქუჩიდან მარჯანიშვილის მოედნამდე იაროთ, რომ ათობით სარეკლამო ბანერს, ასობით საინფორმაციო ბროშურას და საგზაო ნიშანს შეხვდებით. შემთხვევითი არ არის, რომ ეს გზები სარეკლამო სააგენტოებს ყველაზე მეტად უყვართ, რადგან ისინი ჩვენს ცხოვრებას ჰგვანან. მნიშვნელობაც სწორედ იმას აქვს, რაც გზად გვხვდება, რადგან მუდმივად გზაში ვიმყოფებით, მუდმივად სადღაც გვეჩქარება, გვაგვიანდება… ბანერები, რეკლამები და ნიშნები კი უფრო და უფრო აჩქარებულ ტემპში ცდილობენ ინფორმაცია გადმოგვცენ, ერთი ადგილიდან მეორემდე მისასვლელად მოგვცენ მიმართულება, გაგვიჩინონ სურვილები, გახდნენ ჩვენი მეგზურები.

მუზეუმები და გალერეები ფეხს რთულად უწყობენ ცხოვრების ასეთ ტემპს, რადგან ყველაზე არსებითი ის არის, რაც სახლიდან სამსახურისკენ მიმავლებს გზაში გვხვდება. ლიზა ალვარადოს ბილბორდი, როგორც გზავნილი, ან ნიშანი, უეცრად ჩნდება იქ, სადაც ხელოვნებას არავინ ელის და ამგვარად ქმნის ხელოვნების თანამედროვე ფორმას. ტრადიციული ხელოვნებისგან განსხვავებით ის გხვდება იქ, სადაც მას არ მოელიან და ერთბაშად ყველასთვის ხდება ხელმისაწვდომი. ასეთი გადაყრა ხელოვნების ნიმუშთან გვაფიქრებს, რომ გზაზე რაღაც შეცდომით ხდება. ნამუშევარს განსხვავებით რეკლამებისა და ნიშნებისგან არაერთი მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს. მის ფონზე სხვა ბილბორდები ქრებიან და ჩვენს წარმოსახვაში უცნაური, თვალისმომჭრელი სიცარიელე ისადგურებს. ჩვენი მიმართულებაც მოხეტიალე ადამიანის მიმართულებას ემსგავსება, რომელიც შემოდგომის მყუდრო დღეს გამოუცნობ ხილვას მიჰყვება. ალბათ ყველაზე ღირებულიც ეს არის. ეს უცნაური ხილვა გვათავისუფლებს მოძრაობის პასუხისმგებლობისგან, კონკრეტული მიმართულებისგან, მესიჯებისგან, რომლებიც ყოველთვის რაღაც მოქმედებებს გვკარნახობენ. ნამუშევართან ერთად ჩვენი მოძრაობაც უცხო და თავისუფალი ხდება.

13 ოქტომბერს გალერეა LC Queisser-ში (ელ ცე კვაისარში) ლიზა ალვარადოს გამოფენის –  Polyphonic Shadow Cloth-ის გახსნაა დაგეგმილი. ლიზა ოფერმანის გალერეა, რომელიც თბილისში ცოტა ხნის წინ გაიხსნა, კიდევ უამრავ საინტერესო მოვლენას გვპირდება.

ავტორი: დათო კოროშინაძე

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.