fbpx
გააზიარე სტატია

გამორჩეული ნამუშევრები მაიამის არტკვირეულზე

მაიამის არტკვირეული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მსოფლიო ხელოვნების კალენდარში, რომელშიც ყოველწლიურად მონაწილეობენ ისეთი გამორჩეული გალერეები და მუზეუმები, როგორებიცაა: Art Basel Miami Beach, NADA, Design Miami, Pinta, Pulse, The Bass and Pérez Art Museum Miami… უამრავი საინტერესო ფერწერული ნამუშევრების, ინსტალაციებისა და ობიექტების კვალდაკვალ დიდი რისკია რაიმე გამოგეპაროთ და უყურადღებოდ დაგრჩეთ. Hammock გთავაზობთ მაიამის არტკვირეულის გამორჩეულ ნამუშევრებს, რომლებმაც დამთვალიერებლებსა და კრიტიკოსებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. 

წელს Art Basel Miami Beach-ის ახალი სივრცეა Meridians, რომელიც უზარმაზარია და საგანგებოდ ინსტალაციებისთვისაა განკუთვნილი. ამ სივრცის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია Pace Gallery-ს შუშის ინსტალაცია  – Sala Longhi, რომელიც ამერიკელ არტისტს, ფრედ ვილსონს ეკუთვნის. ნამუშევარი 2011 წელს ვენეციის ბიენალეზე ამერიკულ პავილიონს ამშვენებდა. ამასთან ერთად, გალერეა P.P.O.W. დამთვალიერებელს ამერიკელი არტისტის, პორტია მუნსონის “ბაღში” იწვევს. ინსტალაცია შექმნილია 1996 წელს და ასახავს ქალის საძინებელს, რომელშიც უამრავი ვარდისფერი დეტალი შეიმჩნევა, რაც ტრადიციული ფემინურობის გაგებას უსვამს ხაზს.

ყოველწლიურად Design Miami, რომელიც მაიამის სანაპიროსთან ახლოს, Convention Center-ში ტარდება, ცდილობს გააქროს საზღვრები ხელოვნებასა და დიზაინს შორის. ამჯერად ყურადღების ცენტრში 2007 წელს ნატა ჯანბერიძისა და ქეთი თოლორაიას მიერ დაარსებული პროდუქტისა და დიზაინის სტუდია Rooms მოექცა. დიზაინერთა ფოკუსში საბჭოთა პერიოდის ობიექტების თანამედროვე ხასიათი ექცევა, რომელიც მათ მინიმალისტურ ავეჯსა და ზოგჯერ სიურეალისტურ დეტალებშიც გამოიხატება. გარდა პერსონალური გამოცდილებების გაზიარებისა, ისინი მუდმივად იკვლევენ გარემოსა და ცდილობენ ქართულ, დავიწყებულ ობიექტებს მეორე სიცოცხლე შთაბერონ. In Circulation –  ასე ერქვა გამოფენას, რომლითაც ისინი Design Miami-ზე იყვნენ წარმოდგენილნი. ძირითადი ფოკუსი მიმართული იყო ავტობუსის გაჩერებისთვის დამახასიათელ  სკამებზე, რომელთაგან ერთ-ერთი ხის სკამი საშუალებას აძლევდა დამთვალიერებელს ამოეტვიფრა ნებისმიერი გზავნილი, წარწერა. მეორე სკამი კი ქართველ ვიზუალურ არტისტთან და ჰიპ-ჰოპ ჟანრის მუსიკოსთან, მაქს მაჩაიძესთან ერთობლივი მუშაობის შედეგია, რაც მაქსის გრაფიტულ ნამუშევრებში გამოიხატება. 

ციურიხში დაფუძნებული Kueng Caputo დიზაინის ნამუშევარმა, რომელიც Fendi-მ მას Palazzo della Civiltà Italiana-სთვის დაუკვეთა, დიდი ყურადღება დაიმსახურა. წითელი, ვარდისფერი, ყვითელი ფერები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, რომელშიც სტრუქტურული მდგრადობა ძირითად როლს თამაშობს. 

Balenciaga Sofa-ს შემთხვევაშიც სიმტკიცე და მდგრადობა იყო გადამწყვეტი. Crosby Studios დამფუძნებლის, ჰარი ნურიევის თქმით, ისეთ ხანაში, როცა დიზაინერები უამრავ მასალას უბრალოდ ნაგავსაყრელზე ისვრიან, რატომ არ უნდა ვეცადოთ და შევიმუშაოთ მასალათა ხელახლა გადამუშავებისა და გამოყენების ტექნიკა. 

Elmgreen & Dragset – ცნობილი დუეტი ხშირად იკვლევს წყალს, მის შემცველ სხეულებს. მიუხედავად იმისა, რომ მაიამი სავსეა საცურაო აუზებით, სკანდინავიელი დუეტის შექმნილი ინსტალაცია საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა მისი ადგილმდებარეობის გამოც. Bent Pool ინსტალაცია მაიამის Pride Park-ში არის განთავსებული, რომელიც გეი საზოგადოებისადმი არის მიძღვნილი. 

არგენტინელმა კონცეპტუალურმა არტისტმა ლეანდრო ერლიჩმა მაიამის ერთ-ერთი მუდმივი უსიამოვნება და პრობლემა – საცობი – შთამბეჭდავ, საჯარო ნამუშევრად აქცია. ერლიხმა, რომელიც მისი განსაკუთრებულად საინტერესო ინსტალაციებით არის ცნობილი, ოკეანის ნაპირას 66 მანქანის ქვიშის ქანდაკება შექმნა. Order of Importance ირონიული ხასიათის ნამუშევარია, რომელიც მაიამის “იდილიური” სანაპიროების კულტურას ეძღვნება. 

NADA-ს სპეციალურ პროექტების ნაწილია ქლოი სებერტის ადამიანის სკულპტურა, რომელსაც ჩიკაგოში დაფუძნებული გალერეა MICKEY წარმოადგენს. არტისტის ნამუშევრის ხასიათი ეშმაკურ თვითკმაყოფილებასთან ერთად  სურვილებს, ნეტარებისა და სირცხვილის გრძნობებს გამოხატავს. ქანდაკების ბაღში განთავსებული მუხლმოდრეკილი, ფართო ღიმილიანი ინსტალაცია უშფოთველი, უსახელო ფიგურაა, რომელსაც ყველაფერი ესმის და ყველაფერს ხედავს. 

ნიუ-იორკის მოქმედი არტისტის, ტერეზიტა ფერნანდესის ნამუშევარი ორ ყველაზე აქტუალურ საკითხებს – ეკოლოგიური კატასტროფისა და პოლიტიკური არასტაბილურობის თემებს მოიცავს, რომელიც პიროვნულ მნიშვნელობას იძენს. არტისტი თავის შემოქმედებაში ასახავს  ქალაქის მრავალფეროვან ფერებსა და მდიდარ ტექსტურებს, რომელშიც გრაფიტი, აბრეშუმის ძაფები, ნახშირი და კერამიკა ერთიანდება. არტისტის თქმით, მისი ნამუშევარი – Charred Landscape (America) – ისეა განლაგებული, როგორც ამერიკული პეიზაჟები და გვახსენებს, რა ხდება აქ და ახლა. 

 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე


რეკომენდებული სტატიები
Rooms Studio & Project ArtBeat მაიამის არტ კვირეულზე

Rooms Studio & Project ArtBeat მაიამის არტ კვირეულზე

Rooms Studio & Project ArtBeat მაიამის არტ კვირეულზე
Design Miami 2019 წლის არტბაზრობაზე Rooms Studio თავისი გამორჩეული და მაქს მაჩაიძესთან თანამშრომლობით შექმნილი უნიკალური ნამუშევრებით იყო წარმოდგენილი ამასთან ერთად, NADA Miami 2019-ზე წელს Project ArtBeat ორ ქართველ არტისტთან - თამო ჯუღელთან და ქეთი კაპანაძესთან ერთად იღებდა მონაწილეობას.
Project Artbeat - დავით მესხისა და ნატა სოფრომაძის გამოფენები

Project Artbeat - დავით მესხისა და ნატა სოფრომაძის გამოფენები

Project Artbeat - დავით მესხისა და ნატა სოფრომაძის გამოფენები
29 აგვისტოს გალერეა Project Artbeat-ში ნატა სოფრომაძისა და დავით მესხის ფოტოგამოფენები - „სიკვდილის მაღაზია“ და „გააგრძელე ვარდნა“ იხსნება
გამოფენა - „ლარა მიცავს მე, ამბები საქართველოდან“ ფრანკფურტის  გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმშია წარმოდგენილი

გამოფენა - „ლარა მიცავს მე, ამბები საქართველოდან“ ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმშია წარმოდგენილი

გამოფენა - „ლარა მიცავს მე, ამბები საქართველოდან“ ფრანკფურტის  გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმშია წარმოდგენილი
20 სექტემბერს, ქართველი ხელოვანების გამოფენა - Lara protects me (ლარა მიცავს მე), ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ( Museum für Angewandte Kunst) სივრცეში გაიხსნა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.