fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ ავანგარდული მოდის ასამბლეის დამფუძნებელ გელა კუპრაშვილთან

ვისაც 1990-იანი წლების თბილისში უცხოვრია, მის გახსენებაზე უპირველესად ალბათ მასობრივი არეულობა, ნაცრისფერი ქალაქის სიღარიბე და ჩაბნელებული ქუჩები უტივტივდება გონებაში. ქვეყანაში თითქოს კულტურისთვის არც დრო რჩებოდა და არც ადგილი. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ბრძოლის ნათელ გზას ირჩევდნენ და იარაღს ხელოვნებით უპირისპირდებოდნენ. ისინი, ვინც 90-იანი წლების კულტურას ქმნიდნენ, 1995 წელს ბალტიისპირეთიდან ახალდაბრუნებულმა, 23 წლის დიზაინერმა გელა კუპრაშვილმა ექსპო ჯორჯიას პავილიონებში გააერთიანა. ავანგარდული მოდის ხუთ დღიანი ფესტივალი დამთვალიერებლისთვის ნამდვილი კულტურული შოკი, იმდროინდელი თაობისთვის კი იმედი იყო იმისა, რომ ჩაბნელებულ ქვეყანაში მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

პირველად როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში მოდა, შემდეგ კი ავანგარდული მოდის ასამბლეის ჩატარების იდეა?
თბილისის სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი. სოსო ბახტაძეს ჰქონდა აკადემიაში მოდის და დიზაინის იმ დროისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკოლა, მერე ვილნიუსში წავედი და იქ ჩამოვყალიბდი პროფესიონალად. ვილნიუსში სულ ფესტივალებზე დავდიოდი, ვმონაწილეობდი, იქ გავეცანი ფესტივალის სტრუქტურას და აქ რომ დავბრუნდი, მაშინვე შევუდექი ამა-ს კეთებას.


როგორ გახსენდებათ ავანგარდული მოდის ასამბლეის პირველი დღე?

პირველი ავანგარდული მოდის ასამბლეა 1995 წელს ჩატარდა – ძალიან დიდი ფესტივალი იყო, 5-დღიანი. წარმოიდგინეთ, იმ დროში, როცა ნორმალურად ტრანსპორტი არ მოძრაობდა, პირველივე დღეს 15 000 ადამიანი მოვიდა – სრული ანშლაგი იყო. ასამბლეა არ მოიცავდა მხოლოდ მოდას, ეს იყო სინათლის ფესტივალი ბნელ 90-იანებში, უცებ განათდა ქალაქში და მოიწვია ყველა, ვისაც კი რამის გაკეთება შეეძლო და უნდოდა ჩართულიყო. ჩვენი სლოგანი იყო – გადმოდი სინათლის მხარეზე! და ჩვენ გავიმარჯვეთ, ხომ ხედავთ, რა კარგი დღეებია ახლა, მშვიდობაა, ყველაფერი შეიცვალა და ეს ჩვენი დამსახურებაცაა.

დიზაინერების გარდა ვინ იყვნენ ფესტივალის მონაწილეებს შორის?

მაშინ თბილისში ვინც კი ცხოვრობდა, ყველამ მიიღო მონაწილეობა – ირაკლი ჩარკვიანი უკრავდა, ლადო ბურდულმა, დიმა დადიანმა პირველად სწორედ ამა-ზე დაუკრეს. ეწყობოდა ძველი პოპ-არტისტი მხატვრების გამოფენა, მარგო კარაბლიოვას ექსპერიმენტული თეატრის პერფორმანსები. სულ 11 პავილიონი იყო და ყველა პავილიონის ათვისება შევძელით, სამივეჯერ ექსპო ჯორჯიაში ჩატარდა. რაც შეეხება ტანსაცმელს, ძალიან ბევრი კოლექცია წარმოადგინეს. თან, ისე მოხდა, რომ ჟიურიში სულ უცხოელები იყვნენ, მხოლოდ ერთი იყო ქართველი, დღეში უწევდათ უამრავი კოლექციის ნახვა. ბოლოს კვდებოდნენ, მაგრამ გვიღირდა, მისწრაფება გვქონდა, რომ იმ სიბნელეს არ გადაეწონა ყველაფერი. თბილისში სულ სამჯერ ჩავატარეთ, მერე ბათუმსა და ქუთაისშიც გავაკეთეთ. ქუთაისში არ განვითარდა, ბათუმელებმა შემდეგ სუპტროპიკის სახით ძაან წარმატებულად გააგრძელეს, ახლა აპირებენ, რომ ისევ აღადგინონ.

ქართველი მონაწილეების გარდა უცხოეთიდან თუ მასპინძლობდით სტუმრებს?

კი უცხოელებიც იყვნენ. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო სამეგობრო ვგყავდა, მათ
შორის – უცხოელი მხატვრებიც. პირადი ურთიერთობებით ვახერხებდით, რომ ჩამოსულიყვნენ. ჩამოდიოდნენ ხოლმე იტალიიდან და საფრანგეთიდან. იაპონიიდან შიზო შიმამოტოს სკოლა „გუტაი“ ჩამოვიდა, იცი როგორი პერფორმანსები ჩაატარეს, მის ერთ-ერთ მოსწავლეს პლასტმასის ჭიქებისგან ჰქონდა წრიული ფორმის სკაფანდრი გაკეთებული, კოსმოსთან კავშირს გამოხატავდა და ხმის ტრანსფორმაციას აკეთებდა, შიმამოტომ საერთოდ გაგვაგიჟა, დიდ ამწეზე დაეკიდა, საღებავები იქ ავიტანეთ და ჰაერში გამოკიდებული ზემოდან ხატავდა, წარმოიდგინეთ მაშინდელი ცნობიერება, იქიდან ისე ასხა საღებავები და ისე დახატა უზარმაზარი ტილო, რომ დამთავრების შემდეგ კიდევ დიდხანს იდგნენ გაოცებული მაყურებლები.
ასეთ კულტურულ შოკებს ვაწყობდით, ეს ასამბლეა იმდენად ახალი იყო, რომ კარგზე და ცუდზე არავინ ლაპარაკობდა, კარგის და ცუდის მიღმა გაგვყავდა, პირდაპირ შოკი იყო.

პირადად თქვენ, როგორც დიზაინერი მონაწილეობდით ამა-ს ჩვენებებში?

როგორც დიზაინერს არასდროს მიმიღია ამა-ში მონაწილეობა, დრო არ მქონდა, იმდენი საქმე იყო, რომ კიდე ტანსაცმელიც მეკეთებინა, არ გამომივიდოდა. ეს ფესტივალი იყო 5-დღიანი, ამას ხომ უნდოდა ერთწლიანი მზადება, სულ ამ პროცესებში ვიყავი, მონიტორინგს ვატარებდი იმდროინდელი საქართველოს ყველა სფეროში, ტრანსპორტიდან დაწყებული ყველა ინსტიტუცია გვჭირდებოდა, მაშინ არც კონტრაქტები იყო, სიტყვიერად ხდებოდა მოლაპარაკებები, რომლებიც ბოლომდე მყარი არასდროს გამოდიოდა. ფესტივალის შემდეგ ხომ კიდევ ერთი სერია იწყებოდა, ხშირად ვალები გვრჩებოდა და ვიღაცას უნდა დაებრუნებინა, ვის-ვის და ცხადია, მე, მაგრამ მაგასაც ნორმალურად ვუმკლავდებოდი, მერე კი ისევ თავიდან ვიწყებდით ყველაფერს.

იმდროინდელ ჩაბნელებულ თბილისში ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით ალბათ რთული იყო მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება, რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც მთელ ამ პროცესში შეგხვედრიათ?

არც არაფერი ისეთი, მონდომება საკმარისი იყო იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად ჩატარებულიყო. მერე უკვე ყველა გვეხმარებოდა, მათ შორის მაგალითად, ზურა ჟვანია, რომელიც ჩვენი მეგობარი იყო და ბევრი სხვა ასეთი რანგის ხალხი, ხვდებოდნენ, რომ საჭირო საქმე კეთდებოდა. მთავარი იყო, რომ წინააღმდეგობებს ვლახავდით, და ეს იცი როგორ გვიხაროდა…

თქვენთვის და თქვენი თანამოაზრეებისთვის რა კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა 90-იანი წლების თბილისში მსგავსი ღონისძიების ჩატარება?

საერთოდ არაფერი არ ხდებოდა. ბნელოდა. ბრძოლა მიდიოდა და ამის საპირისპიროდ კონკრეტული მაგალითები იყო საჭირო. მისწრაფება გვქონდა, რომ რაღაც კარგი, რეზონანსული მომხდარიყო, ზოგადად იმის გასარკვევად, ვინ იყო სინათლის მხარეს და ვის უნდოდა გაუბედურებული ქვეყანა. ჩვენ რომ იარაღი არ გვინდოდა, ეს გასაგები იყო, მაგრამ რაღაც ნაბიჯები უნდა გადაგვედგა დალაგებული და უკეთესი სამყაროსკენ… მართლა ვცდილობდით ამას, სწორედ მაშინ, 90-იანებში იყო ეს ბრძოლები ჩასატარებელი და ჩავატარეთ კიდეც.

როგორ ფიქრობთ, რა შეცვალა ფესტივალმა ქალაქში და რა მოუტანა თავად ავანგარდული მოდის ასამბლეის მონაწილეებს?

დღეს ვინც დიზაინერები იცით – ავთანდილი, ჩუბიკა, ზალიკო ბერგერი, უტა ბექაია და ბევრი სხვა, ყველამ ამა გამოიარა. შეცვალა ის, რომ დღეს უკვე ბევრი პროდუქტია. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა მოდელების სკოლა. საბჭოთა დროს არსებობდა სამოდელო სკოლები, მერე შეწყდა და ახალ საქართველოში უკვე არაფერი იყო მსგავსი, მერე მოგვიწია სათითაოდ ყველას მოძებნა და ახალი სამოდელო სკოლების ჩამოყალიბება, ყველაფერი თავიდან გავაკეთეთ.

პირადად თქვენთვის რა შეცვალა ავანგარდული მოდის ასამბლეამ?

ჩემთვის შეცვალა ის, რომ ახლა ასე ძალიან მომწონს აქაურობა. გარემო, დამოკიდებულება შეცვალა. 23 წლის ვიყავი, ეს ის ეტაპია, რაღაცებს რომ აკეთებ და გამოგდის, ძალიან გიხარია და ყალიბდები შენს თავში, დღემდე მაქვს განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვან საერთო პროცესებში მივიღე მონაწილეობა.

დღეს როგორ შეაფასებდით ქართული მოდის განვითარების პროცესს და ავანგარდული მოდის ასამბლეის წვლილს მასში?

კარგად განვითარდა ამ ქვეყნის პირობებზე, ძაან ბევრი რამ ხდება ქართულ მოდაში, შემიძლია დავასახელო იგივე თათანაკა, ძაან მომწონს სიტუაციონისტი, ჩუბიკა ძაან საინტერესოა, დემნა. მოკლედ, ამ პატარა ქვეყნის პირობებში ძაან გემოვნებიანი და შემდგარი მოდაა. სხვათა შორის, დემნა არ იყო ამ პროცესებში ჩართული, მგონი, თბილისში არც ჩამოუვლია, პირდაპირ ზუგდიდი–პარიზის რეისი ჰქონდა. მაგრამ ყოჩაღ, ხომ ხედავ, რა მაგარია, კიდევ არიან ვიღაცები, რომ ვესაუბრები, ძირითადად ფინანსურ საკითხზე ვეკითხები და თითქმის ყველა კმაყოფილია. როცა მუშაობ, რაღაცას აუცილებლად შექმნი ისეთს, რომ გაგეყიდოს კიდეც.

ბოლო ამა-ს შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება, როგორ აღმოჩნდით „სტამბის“ შოკოლატერიაში?

ბოლო ამა 1999-ში ჩატარდა. 90-იანები სრულდებოდა, მილენიუმი მოდიოდა და მეც სამოგზაუროდ წავედი, მერე ინდოეთში მოვხვდი და დიდხანს დავიკარგე, ძაან დიდხანს მომიწია წასვლა, რომ ჩამოვედი სხვანაირი, გაზრდილი საქართველო დამხვდა და მეც სხვანაირი ფერის დავბრუნდი. შოკოლადს რაც შეეხება, ესეც უცნაურად მოხდა, უცებ გამინათდა და ლათინურ ამერიკაში სპეციალურად შოკოლადის ტექნოლოგიის სასწავლად ჩავედი, ჯუნგლებში ვცხოვრობდი და დილიდან საღამომდე კაკაოს მარცვლების გაფცქვნა-გაკეთებაში ვიყავი, მერე ჩამოვედი და უკვე მოთხოვნილება მქონდა, რომ რაღაც ახალი ჩამომეტანა. ზოგადად უსაქმური ხალხის ატანა არ მაქვს, „რა გავაკეთო?“ – ეგ კითხვა საერთოდ მიუღებელია ჩემთვის, ადექი, ორმოს თხრა დაიწყე და რაღაც გამოჩნდება, რაღაც აუცილებლად მოხდება. მაშინ ვერ წარმომედგინა, აქ თუ აღმოვჩნდებოდი, მაგრამ ახლა ძაან ბევრ ხალხს მოსწონს. მთავარია, ბრენდი შეიქმნა, რომელიც იმედია სულ იქნება.

სამომავლო გეგმები…

მთავარია, არ მოვიწყინო… ეს არის ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი; რაღაც ახალი უნდა მოვიწყო ხოლმე, ჯერჯერობით ვახერხებ არმოწყენას; მთავარია, მართლა მესიამოვნოს. უკან დაბრუნებას იმ მხრივ, რომ ფესტივალს ორგანიზაცება გავუწიო, არ ვაპირებ, მაგრამ ტანსაცმელს სიამოვნებით შევქმნიდი და შეიძლება რაღაც საინტერესო გავაკეთო კიდეც.

ავტორი: გვანცა ჩანადირი
ფოტო: გურამ წიბახაშვილი


რეკომენდებული სტატიები
ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია

ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია

ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია
ვივიან საზენი – ფოტოგრაფი, რომელმაც კომერციული ფოტოგრაფია ხელოვნების ნიმუშებად აქცია და ფოტო–წიგნებში გააერთიანა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.