fbpx
გააზიარე სტატია

Balenciaga S/S 2020 – დემნა გვასალიას საპარლამენტო ასამბლეა

ალბათ უკვე არ არსებობს დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ტანსაცმელი და არც ამ ტანსაცმლის წარდგენის ადგილი და ფორმა, რომელიც ვინმეს სადმე კიდევ ერთხელ გააკვირვებს. მისგან მგონი, ყველაფერი მოსალოდნელია და ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ასე ვიტყვი:  ყოველი ჩვენების წინ ყველა ჩვენგანი მხოლოდ იმასღა ველოდებით, რომ მის შოუზე მოულოდნელი, ყოველ შემთხვევაში ისეთი, რაც უკვე აქამდე სადმე არ გინახავს, არაფერი დაგხვდება. ერთადერთი, რაც ყოველ ჯერზე მოდის კრიტიკოსების, ჟურნალისტების თუ უბრალო მაყურებლის აღფრთოვანებას იწვევს, არის ის, თუ როგორ ახერხებს ჩვეულებრივი ადამიანების ჰუდებით, დაჯღაბნილი კედებით ან სამუშაო უნიფორმებით გამოხატული სტილი ისე მოარგოს ზოგად  გლობალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტექსტს, რომ ეს ყოფითი სცენები მაღალი მოდის უმაღლესი დონის სანახაობად აქციოს, თანაც ისე, რომ პარიზიდან სამყაროს ნებისმიერ წერტილში მყოფ ადამიანს კიდევ ერთხელ გაგრძნობინოს და გითხრას – მთავარი აქ მაინც შენ ხარ!

მთავარია, მაღალი მოდის სამყაროშიც და გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც, რომლის მსგავსი ოვალური განლაგება დემნამ 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის პოდიუმად გამოიყენა – სხვადასხვა ასაკისა და სქესის პოლიტიკოსები, არქიტექტორები, გალერისტები, სტუდენტები, ხელოვანები და  მიმტანები დემნამ ევროკავშირის ლურჯ ფერში გადაწყვეტილ სივრცეში ერთმანეთის გვერდით გამოიყვანა, რომელთაც კოლექციის მთავარი ხაზი, ე.წ. Power Dressing აერთიანებდათ. მიუხედავად იმისა, თუ თითოეული რა სახის სამსახურში იყო ჩაბმული, დემნა გვასალიას “პარლამენტში” ყველანაირმა ადამიანმა მოიყარა თავი, MasterCard-ის საყურეებით, Hello Kitty-ის ჩანთებით, ზედმეტად დაბერილი ტუჩებით, რომლითაც დიზაინერმა დამკვიდრებულ სილამაზის სტანდარტებს ირონიულად გაუსვა ხაზი.  კრისტობალ ბალენსიაგას დატოვებული გოიასა და ველასკესის ტილოების შთაგონებით შექმნილი კაბების მემკვიდრეობით წარმოდგენილ ჩვენებაზე, დაძაბულ მუსიკასთან ერთად, მხოლოდ ერთი კითხვა ისმოდა – ვინ არის და ვის ხელშია რეალური ძალა? ხომ არაა თითოეულ მათგანში, რომელიც დემნა გვასალიამ მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ ტრიბუნაზე სხვადასხვა პროფესიის ჩვეულებრივი ადამიანების სახით და ტანსაცმლით გამოიყვანა? ევროპის პოლიტიკურ ელფერთან ერთად, კოლექციის ჩვენებას ანტისეპტიკის, სისხლის, ფულისა და ნავთობის სუნი დაჰკრავდა. სუნი, რომელიც დემნა გვასალიამ სპეციალისტ სისელ ტალასს სპეციალურად ამ კოლექციისთვის შეაქმნევინა,  მთელ დარბაზში ჭერიდან ვრცელდებოდა და კიდევ უფრო ნათელს ხდიდა იმ ზოგად ფონს, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს უწევს ცხოვრება.

“ეს არის ჩემი მისია, რომელსაც “ბალენსიაგაში” ვგრძნობ – გავაგრძელო კრისტობალ ბალენსიაგას ექსპერიმენტები. სამეჯლისო ნეო-გოთიკურ კაბებს ამ ბრენდის საწყისებთან მივყავართ,  რომლის სილუეტიც კრისტობალმა ესპანური მხატვრობიდან აიღო. მე მინდოდა, ეს უფრო პრაქტიკული ყოფილიყო, მინდოდა მისგან რაიმე ახალი შემექმნა”,  – ამბობს დემნა გვასალია უკანასკნელი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე  საინტერესო და ექსპერიმენტული კოლექციის შესახებ.

ავტორი : გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.