გააზიარე სტატია

ბაუჰაუზი – საკულტო სკამები

ბაუჰაუზის სკოლა 1919 წელს გერმანელმა არქიტექტორმა ვალტერ გროპიუსმა დააარსა. სკოლის მთავარი ამოცანა ხელოვნების დარგების გაერთიანება იყო. 1923 წელს ბაუჰაუზის მოტო გახდა “ხელოვნება ინდუსტრიისთვის” და “ხელოვნება და ტექნიკა – ახალი ერთობა”. ამ პერიოდში უამრავი საკულტო ნივთი შეიქმნა, რომლებმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინეს ინტერიერის დიზაინზე და ჩვენ გარშემო არსებულ სივრცეებზე.
1924-1928 წლებში ბაუჰაუზის ავეჯის სახელოსნოს დირექტორი, არქიტექტორი და დიზაინერი მარსელ ბროიერი იყო. მისი კურსი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბროიერის ერთ-ერთი მიზანს სტანდარტული ფორმების დემატერილიზაცია წარმოადგენდა. მაგალითად, სკამების ყველაზე მარტივ ფორმამდე მიყვანა. ბროიერის თეორიის მიხედვით, სტანდარტული ფორმის სკამები მალე გაქრებოდა და მათ დანიშნულებას ჰაერი შეასრულებდა. გთავაზობთ ბროიერის, ვან დერ როეს და სხვების ბაუჰაუზურ სკამებს:

 

Wassily Chair – მარსელ ბროიერი

The Wassily Chair, იგივე Model B3 სკამი, უნგრეთში დაბადებულ, მოდერნისტ არქიტექტორსა და ავეჯის დიზაინერს მარსელ ბროიერს ეკუთვნის. დიზაინერმა სკამი 1925-1926 წლებში შექმნა. ბროიერს სკამის დიზაინის იდეა ველოსიპედის ტარებისას მოუვიდა. მისი შთაგონების წყარო ველოსიპედის სახელურები იყო. დიზაინის გენიალურობა მის სიმარტივეშია. ბროიერმა ტრადიციული Club Chair-ის სილუეტი აიღო, მაგრამ ის ყველანაირი ზედმეტი დეტალისგან გაათავისუფლა და მხოლოდ მისი ჩონჩხი დატოვა.
სკამის სახელი ვასილი კანდინსკის უკავშირდება, რომელიც ბროერის მეგობარი და ბაუჰაუზის ინსტრუქტორი იყო. სკამმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა კანდინსკის მოწონება.

 

Brno Chair – მის ვან დერ როე

The Brno Chair – Flat Bar არქიტექტორის და ბაუჰაუზის მესამე და ბოლო დირექტორის, მის ვან დერ როესა და არქიტექტორ ლილი რეიხის ერთობლივი ნამუშევარია. სკამი არქიტექტორებმა ვან დერ როეს სახლის, Villa Tugendhat-ის მთავარი საძინებლისთვის შექმნეს, რომელიც ქალაქ ბრნოში, ჩეხეთში მდებარეობს. ბრნოს სკამიც ბაუჰაუზის ერთ-ერთ საწყის პრინციპს, ობიექტების ყველაზე მარტივ ფორმამდე დაყვანას ეფუძნება. სკამის დიზაინი მოდის იდეიდან, რომ არ არის აუცილებელი სკამს ჰქონდეს ოთხი ფეხი, როდესაც მისი არსებობა უფრო მარტივი ფორმითაა შესაძლებელი.

 

Barcelona Chair – მის ვან დერ როე და ლილი რაიხი

ბარსელონის სკამი ვან დერ როეს ყველაზე ცნობილი ავეჯის დიზაინია. სკამი მოდერნისტმა არქიტექტორმა 1929 წელს ბარსელონის პავილიონისთვის შექმნა. ბარსელონის სკამიც ვან დერ როეს და ლილი რეიხის კოლაბორაციაა. სკამი მიჰყვება იდეალურ ხაზს და სიმშვიდესა და დისციპლინის შეგრძნებას ტოვებს მაყურებელში. თავდაპირველად მხოლოდ ორი სკამი დამზადდა პავილიონისთვის, მაგრამ დიზაინის პოპულარობის გამო ის პროდუქციაში შევიდა.

 

The Cesca Chair – მარსელ ბროიერი

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკამის დიზაინი მსოფლიოში. ეს სკამი ბროიერმა 1927 წელს შექმნა. სკამის სახელი – Cesca ბროიერის აყვანილ შვილს, ფრანჩესკას უკავშირდება. The Cesca Chair-ის შექმნის შთაგონების წყარო ვან დერ როეს მიერ შექმნილი სკამები იყო, რომლებსაც ტრადიციულად ოთხი ფეხი არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ბროიერი ამ დიზაინის ექსკლუზიური ავტორი არ იყო, მის ფოლადისა და ხის კომბინაციას – THe Cesca Chair-ს ყველაზე დიდი კომერციული წარმატება მოჰყვა. ამის მიზეზი იტალიური ფირმის, Gavina s.p.a.-ს მიერ შექმნილი იაფასიანი რეპლიკები იყო, რომელთა გაყიდვაც 1962 წელს დაიწყო.

The Gropius Armchair – ვალტერ გროპიუსი

ბაუჰაუზის სკოლის დამაარსებლის, არქიტექტორ ვალტერ გროპიუსის სავარძელი ავტორის კაბინეტისთვის შეიქმნა ბაუჰაუზის სკოლაში, დესაუში. სავარძელი, მკვეთრი ფერებით და ძლიერი ფორმით გამოირჩევა და ხშირად გამხდარა დისკუსიის თემა დიზაინერებსა და არქიტექტორებში. სავარძელს ახლაც აწარმოებენ.

 

The Club Chair – იოზეფ ალბერსი

The Club Chair 1928 წელს შექმნა. ამ წელს იოზეფ ალბერსმა ბაუჰაუზის ავეჯის სახელოსნოს დირექტორი მარსელ ბროიერი შეცვალა. სკამის დიზაინი – Hans Ludwig and Marguerite Oeser ბერლინის სახლისთვის იყო შექმნილი.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.