fbpx
გააზიარე სტატია

Body experience… is the center of creation – ინტერვიუ Project Art Beat-ის თანადამფუძნებელ სალომე ვახანიასთან

14 აპრილს TBC status-ის მხარდაჭერით გალერეა Project Art Beat-ში გამოფენა Body experience… is the center of creation გაიხსნა. ლია ბაგრატიონი, ჯესი დარლინგი, სალომე დუმბაძე, ქეთი კაპანაძე, კატარინა პრზეზვანსკა, თეა ჯორჯაძე, თამარ ჩადუნელი, ნინო ჩუბინიშვილი (ჩუბიკა),  გვანცა ჯიშკარიანი, ნინო საკანდელიძე და ჰოლი ჰენდრი ის არტისტები არიან, რომლებიც სკულპტურის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მედიუმის პოტენციალს სხვადასხვა კონცეფციით და მასალით იკვლევენ.

ჟურნალი Hammock TBC Status-ის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ ინტერვიუს Project Art Beat-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ სალომე ვახანიასთან

 

რა არის გამოფენის კონცეფცია და საიდან გაჩნდა მისი იდეა?

გამოფენას Body experience… is the center of creation ჰქვია. არის ასეთი მოქანდაკე – ბარბარა ჰეფვორზი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ხელოვანია, სწორედ მას ეკუთვნის ეს ციტატა, რომ წავიკითხე, მივხვდი, ჩემთან ძალიან ახლოს იყო. ჩემთვის თანამედროვე ხელოვნება  ემოციებთან და იმასთან ასოცირდება, თუ რა შეგრძნებას იწვევს ესა თუ ის ნამუშევარი, ვეთანხმები ამ ფრაზას და აქედან დაიბადა გამოფენის იდეაც. გარდა ამისა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში მე პირადად ყოველთვის განვიცდი სკულპტურის, როგორც მიმდინარეობის ნაკლებობას, ამიტომაც ჩავთვალე,  საინტერესო იქნებოდა, თუ ჯგუფურ გამოფენას მოვაწყობდით.



თითოეული არტისტი სხვადასხვა მედიუმში მუშაობს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა შესაძლებლობას იძლევა სკულპტურის პოტენციალი, რატომ აირჩიეთ ეს მედიუმი?

ძირითადი მნიშვნელობა მივანიჭე იმას, რომ მეჩვენებინა, როგორი მრავალფეროვანია სკულპტურა როგორც  მასალის, ასევე სათქმელის თვალსაზრისითაც. ფორმის თვალსაზრისით ის ინსტრუმენტია ხელოვანისთვის, რომელსაც საშუალებას აძლევს თავისი შინაგანი სამყარო საინტერესოდ და მრავალმხრივ დაგვანახვოს და ჩვენც განსხვავებული კუთხით აღგვაქმევინოს გარშემო არსებული გარემო.

გვესაუბრეთ გამოფენის მონაწილეებზე და იდეებზე, რომლის გარშემოც ისინი გაერთიანდნენ…

გამოფენაში თერთმეტი ხელოვანი მონაწილეობს,  ისე დაემთხვა, რომ ყველა მათგანი ქალია, თუმცა ეს არ იყო ჩემი მიზანი.  ჯერ გამოფენის იდეა დაიბადა, შემდეგ უკვე ხელოვანების ამორჩევა დავიწყე. ზოგადად,  ჯერ ხელოვანებს ირჩევ და გამოფენის იდეა მერე იკვრება, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა. უკვე საუკუნეებია, რაც ხელოვნება ქალი ხელოვანების ნაკლებობას განიცდის და ბოლო წლები ეს თემა ძალიან აქტუალური გახდა, ბევრი გამოფენაც  მოეწყო. თავიდან ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ მერე უკვე თითქოს ტრენდული გახდა, რაც არ მომწონს, მაგრამ ჩვენს გამოფენაში ეს ბუნებრივად გამოვიდა და ამიტომაც ყველაფერი ისე დავტოვე, როგორც მოხდა. თერთმეტი ხელოვანიდან სამი უცხოელია, დანარჩენი ქართველი და ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან. მათი შემოქმედება  ეხება აბსოლუტურად განსხვავებულ თემებს და იყენებენ ასევე განსხვავებულ მასალებს. საინტერესოა ისიც, რომ ქართველი მონაწილეებიდან ყველა სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობს და პირველად ჯგუფური გამოფენაზე მათთან ერთად უცხოელი მონაწილეებიც არიან წარმოდგენილი. დიალოგი ქართველ და მოწვეულ არტისტებს შორის ძალიან საინტერესო თემაა ამ სივრცეში.

მიუხედავად იმისა, რომ არტისტები საერთო იდეის ირგვლივ არიან გაერთიანებული, მათი ნამუშევრები ფორმის და შინაარსის თვალსაზრისით  განსხვავებულია, გვესაუბრეთ ამ განსხვავებების შესახებ.

რამდენიმე ნამუშევარი სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა, მაგალითად, გვანცა ჯიშკარიანის ნამუშევარი, რომელიც ინსპირირებულია თბილისში არსებული უფუნქციო შადრევნებით. მანამდე მეც არ დამიფიქსირებია, რომ თბილისში უამრავი შადრევანია, რომელშიც  წყალი არ მოდის. მიუხედავად ამისა ყოველი ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ქალაქში შადრევნების რაოდენობა კიდევ უფრო მატულობს. ეს თემა ირონიულად უკავშირდება ჩვენს მენტალობას და საინტერესოდ გამოხატავს, როგორი ფასადური და ზედაპირულია ჩვენი დამოკიდებულება რიგი საკითხების მიმართ. ძალიან საინტერესოა ასევე  ნინუკა საკანდელიძის ნამუშევარი, რომელიც სოციალური სარკის თეორიაზეა დაფუძნებული. ეს თეორია ამბობს, რომ ჩვენ საკუთარი იდეების ჩამოყალიბებისთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სხვა ადამიანების აზრს, ნინუკამ მასალად სარკეები გამოიყენა, რაც ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა. როცა სკულპტურის წინ დგახარ, სხვადასხვა მხრიდან ხედავ შენი სხეულის სხვადასხვა ნაწილს, ამასთან, კიდევ ბევრი რამ ირეკლება და შეიძლება სხვა ადამიანის ნაწილიც დაინახო. ასევე საინტერესოა უცხოელი არტისტების ხედვაც. მაგალითად, ჰოლი ჰენდრის „ცხვირები“ ირონიულად იკვლევს სრულყოფილი სხეულის თემას,  ეს ნამუშევრები სინამდვილეში მისი ოჯახის წევრების ცხვირების ყალიბებია, რომ შეხედავ, არც ერთი არ არის იდეალური ფორმის, ჩვეულებრივი ბუნებრივი ცხვირებია, ნამუშევრების ინსპირაცია კოპენჰაგენის მუზეუმში არსებული უამრავი ცხვირის ყალიბის ექსპოზიციიდანაა, თუკი სკულპტურებს ცხვირი დაუზიანდებათ, ამ ფორმით უკეთებენ ახალს, რომელიც აბსოლუტურად სრულყოფილი უნდა იყოს. მე ძალიან მომწონს თითოეული ნამუშევრის იდეა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელოვანები სხვადასხვა თაობისანი არიან და სხვადასხვა ქვეყნიდან, მათთვის საერთო არის ერთი რამ – სკულპტურა, როგორც ინსტრუმენტი თავიანთ ხელოვნებაში.

არტისტები თავიანთ ნამუშევრებში განსხვავებულ მასალებს იყენებენ, მაგალითად, თიხას, ტექსტილს, რკინას… რა მნიშვნელობა აქვს და რა შინაარსს სძენს მასალა ნამუშევრებს?

მასალა თავისუფლებას აძლევს ხელოვანს – შეუძლია  იყოს კრეატიული და რა მასალაც მოუნდება, ის გამოიყენოს, იქნება ეს ნაპოვნი ნივთები, როგორც კატარინა პრზეზვანსკას შემთხვევაშია თუ  თიხა, როგორც ეს ლია ბაგრატიონს აქვს გამოყენებული. ლიას შემოქმედებაში თიხას ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ მისთვის ეს მასალა საუკუნეების და მთლიანად წარსულის ინფორმაციას ინახავს, რასაც თავისთავად ბევრის თქმა შეუძლია.



გალერეა Project Art Beat 2014 წელს გაიხსნა, რა არის გალერეის კონცეფცია და რა ფორმით უკავშირდება ის მიმდინარე გამოფენას?

ბუნებრივია, ყოველთვის გვყავდა ძალიან მაგარი და ნიჭიერი არტისტები, თუმცა  ხუთი წლის წინ ის აქტივობები, რაც დღეს ამ სფეროში ხდება, ძალიან იშვიათი იყო. ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ეს რთული გზა გაიარა.  მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გამოცდილება არ არსებობდა, ყველაფერი ბუნებრივად უკეთესობისკენ შეიცვალა – უცებ პირველი Art Fair გაჩნდა, რამდენიმე კარგი გალერია გაიხსნა და ძალიან გვიხარია, რომ  ჩვენც ამ ვიზუალური სიახლის ნაწილი ვართ. ჩვენი მიზანი იყო ხელოვანებისთვის მიგვეცა პლატფორმა, რომლის გარეშეც რაც უნდა მონდომებული იყო, გიჭირს მუშაობა, თუ საშუალება არ გაქვს, რომ შენი ნამუშევრები საზოგადოებას აჩვენო, შესაბამისად არც პროდუქტიული ხარ.  რაც შეეხება მიმდინარე გამოფენას, ყოველთვის საინტერესოა, როცა ნიჭიერ ადამიანს საშუალებას აძლევ იყოს კრეატიული. ეუბნები, რომ ასეთი იდეა მაქვს და შენ რას შემომთავაზებ, მერე უკვე ის იწყებს რაიმე თემაზე მუშაობას და ქმნის ახალ ნამუშევარს. გარდა იმისა, რომ გვინდოდა  ქართული თანამედროვე ხელოვნება საზღვარგარეთ გაგვეტანა, რასაც Art Fair-ებით ვაკეთებდით, ამასთანავე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ უცხოელი თანამედროვე ხელოვანების საქართველოში გამოფენას და უცხოელსა და ქართველ ხელოვანებს შორის დიალოგს.

როგორია  Project Art Beat-ის სამომავლო გეგმები?

სულ მალე ვენეციის ბიენალე  იწყება, ქართული მხრიდან ჩვენ ვართ ერთ-ერთი ორგანიზატორები, 6 მაისს მივდივართ ვენეციაში,  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მგონია, რომ ძალიან კარგი პავილიონი გვექნება. ვენეციის ბიენალეს შემდეგ  მალევე თბილისის Art Fair იხსნება, რაც ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ ამან თანამედროვე ხელოვნებაში ახალი სიცოხცლე შემოიტანა, თბილისში მეორეჯერ ტარდება და გარდა იმისა, რომ  ძალიან საინტერესო გალერეა იყო წარმოდგენილი, პარალელურადაც ბევრი შთამბეჭდავი გამოფენა მოეწყო. მგონია, რომ წელსაც ძალიან საინტერესო ღონისძიებები გველოდება.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა Second Order გალერეა Window Project-ში

ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა Second Order გალერეა Window Project-ში

ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა Second Order გალერეა Window Project-ში
22 დეკემბერს, Window Project-ში ვახტანგ ქოქიაშვილის პირველი რეტრსოპექტიული გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მხატვრის სამ მიმართულებას აერთიანებს: რელიგიურ თემატიკას, პოპს და ეთნოგრაფიულ მოტივებს
ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან

ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან

ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან
16 სექტემბერს თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში Project Art Beat-ის ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა - “ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან“.
მხატვრული არქეოლოგია

მხატვრული არქეოლოგია

მხატვრული არქეოლოგია
აბსტრაქტული სიუჟეტები, პერსონალური ინტიმური ნარატივები და პატრიარქალური კულტურის კრიტიკა ხელოვან მაია ნავერიანის შემოქმედებაში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.