fbpx
გააზიარე სტატია

რა წავიკითხოთ ზაფხულში?

ზაფხულში თავისუფალი დროის მატებასთან ერთად მივიწყებული ლიტერატურის სეზონიც დგება. ყოველდღიური დამღლელი რუტინისგან თავის დასაღწევად და რელაქსაციისთვის მშვენიერი საშუალებაა კითხვა. Hammock  გირჩევთ ე.წ. საზაფხულო, მსუბუქ საკითხავ წიგნებს, რომლებიც დაგეხმარებათ განტვირთვაში და თქვენს ზაფხულს კიდევ უფრო ფერადს და სასიამოვნოს გახდის.

 

“ბაბუაწვერას ღვინო”, რეი ბრედბერი

“საკმარისი იყო, საწოლიდან წამომდგარიყავი და ფანჯრიდან გაგეხედა, რომ იგრძნობდი: თავისუფლება და სიცოცხლე სწორედ ახლა იწყებოდა, ვინაიდან ზაფხულის პირველი დღე დადგა.” – ვკითხულობთ რეი ბრედბერის 1957 წელს გამოცემულ ნოველაში.  

ამ ნოველაში მოთხრობილია 1928 წლის ზაფხულის ამბები. მოვლენები ილინოისის შტატის პატარა სოფელში ვითარდება და ალბათ ყველაზე კარგად იგრძნობა ზაფხული მთელი თავისი ხიბლით.

“ბაბუაწვერას ღვინო” – როგორც აღნიშნავენ – ბრედბერის ყველაზე პერსონალური ნამუშევარია. ეს ნახევრად ავტობიოგრაფიული ნოველა თითქოს კოლექციაა 12 წლის დაგლას სპოლდინგის მაგიური ზაფხულის სასიამოვნო მომენტებისა – ახალი კედების, ბაბუაწვერას პირველი მოსავლის, მწვანე ვაშლების, ბურუსიანი და მზიანი შუადღეების… ამ ყველაფერთან ერთად წიგნი მრავალი სხვა ამბისა და დარდის მატარებელია. ნაწარმოებში ბრედბერის ბაბუაწვერას მაგიური ნაყენის “დაგემოვნება” შეგიძლიათ, რომელიც თითქოს სიმბოლოა ზაფხულისა და  შინაგანი ყმაწვილობის მარადიულობისა.

 

“სიამაყე და ცრურწმენა”, ჯეინ ოსტინი

კლასიკის ჟანრიდან ზაფხულის საკითხავ სიას განსაკუთრებით უხდება ჯეინ ოსტინი. წიგნში მოთხრობილია სიყვარულის ისტორია, რომელიც მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ინგლისში ვითარდება. ჯეინ ოსტინი ახერხებს იმდენს, რომ მისი პერსონაჟები წიგნიდან გადმოდიან და მკითხველთან უშუალო დიალოგს მართავენ. ეს სასიყვარული რომანი კი ერთგვარი დროში მოგზაურობაა მე-19 საუკუნის მზიან სოფელში.

წიგნის ეკრანიზაცია, რომელიც 2005 წელს გამოვიდა კირა ნაითლის მონაწილეობით, ნათლად ასახავს რომანის მთლიან ესთეტიკას. ფილმის  ჯადოსნური გარემო  თბილი ფერებითა და მშვენიერი დეტალებით მაგიურ ზაფხულზე მეტყველებს.

 

“ნაზია ღამე”, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის “ნაზია ღამე” ზაფხულში საკითხავი წიგნებიდან კიდევ ერთი კარგი ვარიანტია. ამ რომანის მთავარი თემაა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ევროპაში მცხოვრები ამერიკელების ამბავი და მათი ბედი. დღესდღეობით წიგნი ავტორის საუკეთესო ნაწარმოებად არის მიჩნეული.

ის ამ წიგნში ზუსტად აღწერს ადამიანების კომპლექსურ ურთიერთობებს.

რომანში მოქმედება 1920-იანი წლების ბოლოს, ზაფხულში,  French Riveria-ზე ვითარდება.

 

“სალამი, სევდავ”, ფრანსუაზ საგანი

“სალამი სევდავ” ფრანსუაზ საგანის 1954 წელს გამოცემული რომანია, როცა ავტორი მხოლოდ 18 წლის იყო. წიგნმა გამოცემისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ნაწარმოებში  მოთხრობილია 17 წლის სესილის შესახებ, რომელიც ზაფხულის არდადეგებს ვილაში ატარებს, ფრანგულ რივიერიაზე. ზაფხულის ერთი შუადღეც საკმარისია ახალგაზრდა ფრანგი ქალის ბოჰემური, საზაფხულო ცხოვრების ისტორიის წასაკითხად და სიამოვნების მისაღებად.

 

“ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები”, ჯერალდ დალერი

ეს სახალისო და ლაღი წიგნი ბრიტანელი ნატურალისტის, ჯერალდ დალერის ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია. წიგნში დალერის ოჯახის ამბავი და საბერძნეთის კუნძულის, კორფუს ფაუნა არის აღწერილი იუმორისტული მანერით. დალერების ოჯახი ზაფხულის ერთ დღეს წვიმიანი ინგლისიდან  საბერძნეთის მზიან კუნძულზე, კორფუზე გადასახლდა. გარემოსა და ცხოველთა სამყაროს სიმშვენიერით მოჯადოებულმა 10 წლის ჯერიმ კუნძულზე “ზოოლოგიური დღიურის” წერა დაიწყო, რომელშიც მისი ოჯახის წევრებიც მოხვდნენ. ეს სახალისო წიგნი მშვენიერი საკითხავია ზაფხულში.

 

IT, ალექსა ჩანგი

ალექსა ჩანგის წიგნი კოლექციაა მისი ცხოვრების ეპიზოდების – პერსონალური ჩანაწერებით, ილუსტრაციებითა და ფოტოებით სავსე. IT-ში ჩანგი ყველაფერზე საუბრობს – გულისტკივილიდან დაწყებული, მუსიკით, ინსპირაციის წყაროებითა და 

სამოსით  დამთავრებული. ეს წიგნი არა მარტო სახალისო საკითხავია, არამედ სავსეა ესთეტიკური დეტალებითა და გაფორმებებით. ისიამოვნებს ყველა, ვისაც უყვარს მოდა, მუსიკა, ხელოვნება ან, უბრალოდ, ალექსა ჩანგი.

 

“შენი სახელი დამიძახე”

ანდრე ასიმანის რომანი „შენი სახელი დამიძახე“ სიყვარულის ისტორიაა, რომელიც 1980-იანი წლების ჩრდილოეთ იტალიის პატარა ქალაქში ვითარდება. რომანი ზაფხულში იწყება, როდესაც 17 წლის ელიოს მის მშობლებთან ჩასული 24 წლის სტუდენტი ოლივერი დააინტერესებს. ავტორი განსაკუთრებული გულახდილობითა და სილამაზით ჰყვება სიყვარულის ისტორიას. ნოველის გაგრძელება – Find Me – 2019 წლის ოქტომბერში გამოდის.

 

“გზაზე”, ჯეკ კერუაკი

ამერიკელი მწერლის, ჯეკ კერუაკის “გზაზე” ავტორის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება, რომელიც სამ კვირაში დაწერა. წიგნი ავტობიოგრაფიულია და მასში მოთხრობილია კერუაკისა და მისი მეგობრების მოგზაურობა და თავგადასავლები ამერიკის შეერთებულ შტატებში. მთავარი გმირის, სალ ფარადაიზის ოდისეა მიმდინარეობს ჯაზის, პოეზისაა და ნარკოტიკების მოხმარების ფონზე. წიგნი დღესდღეობით ამერიკის კლასიკადაა ქცეული. 

“გზაზე” საუკეთესო რომანია ზაფხულის არდადეგებზე გზაში საკითხავად.

 

Bon Voyage წიგნების სამყაროში!

 

ავტორი: ანო ნეფარიძე


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.