გააზიარე სტატია

საგამოფენო სივრცედ ქცეული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერი

კრისტიან და კარენ ბოროსებმა თავიანთი კოლექციის – 700-მდე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის გამოსაფენად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორიული ბუნკერი შეარჩიეს. ბოროსების კერძო კოლექცია შედგება 1990 წლიდან დღემდე შესრულებული საერთაშორისო ხელოვანთა ნამუშევრებისაგან, რომელთაც ბუნკერის 3000 კვადრატული მეტრის საგამოფენო სივრცე ეთმობა.

უზარმაზარ საგამოფენო სივრცეში, რომლის ოთახებიც ერთმანეთს უკავშირდება, დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ცნობილი ხელოვანების , – აი ვეი ვეის და ოლაფურ ელიასონის ნამუშევრები. კოლექცია აგრეთვე მოიცავს ნაკლებად ცნობილი, ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრებსაც.

სივრცე, რომელსაც 2000-იანი წლების დასაწყისიდან კრისტიან და კარენ ბოროსები ეძებდნენ, ისტორიული წარსულის მქონე ბუნკერი აღმოჩნდა. 1941 წელს ფაშისტებმა ბუნკერი საჰაერო იერიშისაგან თავდასაცავად შექმნეს. მოგვიანებით საბჭოელებმა ის საპატიმროდ აქციეს. ომის შემდგომ კი ბუნკერს სათავსოდ იყენებდნენ – იქ ინახავდნენ ტექსტილსა და ტროპიკულ ხილს, რის გამოც ადგილობრივები მას „ბანანის ბუნკერადაც“ მოიხსენიებდნენ.

90-იან წლებში ბუნკერში ტექნოკლუბიც ფუნქციონირებდა, რომელიც ცუდი რეპუტაციის გამო დაიხურა. საბოლოოდ, 2003 წელს სივრცე კრისტიან და კარენ ბოროსების საცხოვრებელ სახლად და საგამოფენო დარბაზად გადაკეთდა. წყვილმა ინდუსტრიული ნაგებობა გერმანიაში ერთ-ერთ მოწინავე თანამედროვე სახელოვნებო სივრცედ აქცია.
თუ ბოროსების კოლექციის მონახულებას აპირებთ, გირჩევთ ვიზიტი წინასწარ, სამი თვით ადრე შეათანხმოთ. უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ბოროსების კოლექცია გიდის თანხლებით მხოლოდ მცირე ჯგუფებს მასპინძლობს. შესვლის საფასური 15 ევროს შეადგენს.

ავტორი: ანო ნიკოლაიშვილი


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.