fbpx
გააზიარე სტატია

ვარდისფერი ოქტომბერი – მკერდის სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

უკვე ოცდაათ წელზე მეტია, რაც ყოველი წლის ოქტომბერი მკერდის სიმსივნისადმი ცნობადობის ამაღლებას ეთმობა. “ვარდისფერი ოქტომბერი” – ხშირად ასეც მოიხსენიებენ იმ პერიოდს, როცა უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთ კამპანიას ახორციელებს იმისათვის, რომ საზოგადოებამ ამ დაავადების შესახებ საჭირო ინფორმაცია მიიღოს და ცნობიერების ამაღლების შედეგად, დროულად მიმართოს სიმსივნის პრევენციის ზომებს.

როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იუწყება, ყოველწლიურად მსოფლიოში მკერდის სიმსივნის 1.3 მილიონი ახალი შემთხვევა ვლინდება, რომელთაგან დაახლოებით 458 000 სამწუხაროდ, ფატალური შედეგით სრულდება. საქართველოში მკერდის სიმსივნის მაჩვენებელი უკანასკნელი, 2017 წლის მონაცემებით, 1541-ს შეადგენდა. ზოგადი სტატისტიკის მიხედვით, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაბალგანვითარებულ ქვეყნებზე მოდის, იქ, სადაც რამდენიმე სხვადასხვა მიზეზის და პირველ რიგში ფინანსური პრობლემების გამო, ქალებს საშუალება არ აქვთ დროული დიაგნოსტირება ჩაიტარონ ან სულაც პრევენციას მიმართონ. ამიტომაც, ყოველი წლის ოქტომბერში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები სხვადასხვა სახის საქველმოქმედო კამპანიებს ახორციელებენ, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად ან ნაწილობრივ ისეთ ორგანიზაციებს ხმარდება, რომლებიც ან მკერდის სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებიან ან თავად ამ დაავადებას და მის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ. ამ საყოველთაო პროცესში აქტიურადაა ჩართული კულტურის სფეროც, განსაკუთრებით სილამაზისა და მოდის ინდუსტრია, რომელიც მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალებს კარგა ხანია აქტიურად უჭერს მხარს.

ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომელსაც, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით ყველაზე დიდი ხნის ისტორია აქვს, Estee Lauder-ია. 1993 წელს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ეველინ ლაუდერმა მკერდის კიბოს კვლევითი ორგანიზაცია დააარსა. სწორედ ეველინ ლაუდერს და Self Magazine-ის მთავარ რედაქტორს, ალექსანდრა პენის ეკუთვნის ვარდისფერი ბაფთის იდეა, რომელიც მომდევნო წლებში მთელი ამ კამპანიის სიმბოლოდ იქცა. Estee Lauder-ის კამპანია, რომელიც 25 წელზე მეტია გრძელდება, ჯამში 60-ზე მეტ მკერდის სიმსივნის ორგანიზაციას ასეულობით მილიონი დოლარით დაეხმარა. კამპანიას #TimeToEndBreastCancer სილამაზის ინდუსტრიის ისეთი ბრენდებიც შეუერთდნენ, როგორებიცაა: DKNY, Tom Ford Beauty, Clinique, Smashbox და ა.შ. თითოეული ეს ბრენდი საკუთარი წარმოების პროდუქტის დიზაინში ვარდისფერი ბაფთის დეტალის შეტანით მხარს უჭერს Estee Lauder-ის კამპანიას და გაყიდული პროდუქტებიდან შემოსული თანხის ნაწილს მკერდის სიმსივნის კვლევითი ცენტრის ფონდში რიცხავს. თავად Estee Lauder-ის კომპანია, თავის 2019 წლის კოლექციაში მომხმარებელს საშუალებას აძლევს მათი კარგად ნაცნობი და პოპულარული პროდუქტები, მაგალითად, ტუჩსაცხი, სუნამო და კანის აღმდგენი შრატი განსხვავებული ვარდისფერი შეფუთვით და ბაფთის აქსესუარით შეიძინონ.

გარდა Estee Lauder-ისა, მოდის სფეროში მკერდის კიბოს პრევენციისადმი მხარდამჭერი ერთ-ერთი პირველი კამპანია დაახლოებით ოცი წლის წინ ჩატარდა, რომელშიც ფოტოგრაფმა პატრიკ დემარშელიემ ქეით მოსი და ნაომი კემპბელი გადაიღო. თეთრი მაისურები, რომელზეც დარცის სამიზნე დაფაა გამოსახული, რალფ ლორენმა შექმნა. მას შემდეგ, რაც დიზაინერმა მკერდის სიმსივნის გამო ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი დაკარგა, ორგანიზაცია Fashion Targets Breast Cancer დააარსა, რომელმაც მკერდის სიმსივნის კვლევას ჯამში 16 მილიონ დოლარზე მეტი მოახმარა. რალფ ლორენის მიერ დაწყებული პირველი კამპანიიდან 20 წლის შემდეგ ნაომი კემპბელი და ქეით მოსი, სხვა მოდელებთან ერთად, იმავე იდეის გარშემო კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ – თეთრ მაისურებში გამოწყობილი მოდელები ამჯერად ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ გადაიღო.

კიდევ ერთი დიზაინერი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს მკერდის სიმსივნით დაავადებულებს, სტელა მაკარტნია. მას შემდეგ, რაც 1998 წელს დიზაინერს მკერდის სიმსივნის გამო დედა გარდაეცვალა, სტელამ აქტიურად დაიწყო ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის მოძიება, 2014 წლიდან კი პირველი კამპანია წამოიწყო, სადაც ვარდისფერ საცვლებში გამოწყობილი ქეით მოსი გადაიღო. 2015 წელს მკერდის კიბოთი დაავადებულთა მხარდასაჭერად, საცვლების კოლექციაში დიზაინერმა კარა დელავინი გადაიღო, 2016 წელს კომიკოსი ჩელსი ჰენდლერი, 2017 წელს მომღერალი ალიშა ქეისი, ხოლო 2018 წელს სოფია ვერგარა. თითოეულ ამ კოლექციაში სტელა მაკარტნიმ საზოგადოებას სხვადასხვა დიზაინის და ტონალობის ვარდისფერი ბიუსტჰალტერები წარუდგინა.

 

 

გარდა ამ კოლექციებისა, დიზაინერმა 2015 წელს სპეციალურად პოსტ-მასტოქტომიისთვის კიდევ ერთი ბიუსტჰალტერი შექმნა. როგორც დიზაინერი ამბობს, მკერდის მოკვეთა ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა, რომელიც მას თავდაჯერებულობას აკარგვინებს. მისი აზრით, ეს ბიუსტჰალტერი ქალებს პოსტ-ოპერაციული ტრავმის გადატანაში დაეხმარება. ბიუსტჰალტერი სახელწოდებით Louise Listening 2018 წელს კიდევ უფრო გაუმჯობესებული და მათ პრობლემაზე მორგებული დიზაინით 1000-მა ქალმა უსასყიდლოდ მიიღო. როგორც დიზაინერი ამბობს, 2019 წელს მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 10 000-მდე ქალი მიიღებს. დიზაინერმა წელს პირველად Adidas-ის სახელის ქვეშ ამ ბიუსტჰალტერების სპორტული ხაზიც წარმოადგინა. გარდა ამ კოლექციებისა, სტელა მაკარტნიმ მკერდის სიმსივნის მხარდასაჭერი კამპანიები თავადაც წამოიწყო, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ვიზუალურად დასამახსოვრებელი კამპანია All is Love მან 2018 წელს განახორციელა. კამპანიის მოკლემეტრაჟიან ფილმში მსახიობი იდრის ელბა მონაწილეობს, რომელიც მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალებს შთამაგონებელი და მხარდამჭერი ტექსტით მიმართავს. ფილმში მონაწილეობენ ქალებიც, რომლებსაც მასტოქტომია და მასთან დაკავშირებული შიში უკვე გადატანილი აქვთ, სტელა მაკარტნი კი კლიპში ნაჩვენები ნატურალური სცენებით, მათი ბუნებრივ სილამაზესა და განსაკუთრებულ სიძლიერეს უსვამს ხაზს. როგორც თავად დიზაინერი კამპანიის შესახებ განმარტავს, იდრის ელბას შთამაგონებელი ნარატივი გარკვეულწილად ახალი გამოწვევაა იმ ტაბუს გარშემო, რომელიც მამაკაცის მიერ ამ თემაზე სწორ ჭრილში საუბარს ეხება.

 

მიუხედავად იმისა, რომ მკერდის სიმსივნეს თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად მიიჩნევენ და შესაბამისად, ის უფრო მეტად თანამედროვე კულტურასა თუ ცხოვრების წესშია ასახული, ხელოვნებაში მოიძებნება ვიზუალური ფაქტები იმისა, რომ ეს დაავადება ჯერ კიდევ შუა საუკუნეების პერიოდშიც არსებობდა. მაგალითად, რენესანსის პერიოდის მხატვრის, მიშელ დი როდოლფო დელ გირლანდაიოს 1553-55 წლებში შესრულებულ ნახატში “ღამე”, რომელიც მიქელანჯელოს ქანდაკებაზეა დაფუძნებული, ჩანს შიშველი ქალი, რომლის მარჯვენა მკერდის ფორმა და მდგომარეობა სიმსივნის ყველა სიმპტომს ასახავს. მეორე ასეთი ნამუშევარი მასო დე სან ფრიანოს The Allegory of Fortitude-ია, რომელშიც ასევე სიმსივნური დაავადებისთვის დამახასიათებელი დეფორმირებული მკერდი ჩანს.

თანამედროვე ხელოვნებაში მკერდის სიმსივნის პრობლემა უფრო მეტად კინემატოგრაფში გამოვლინდა, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო კინოსურათი შეიქმნა. ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელშიც დედა-შვილის ურთიერთობა შვილის მკერდის სიმსივნის პრობლემის ფონზე ვითარდება, Terms of Endeartmen-ია, სადაც შირლი მაკლეინთან და დებრა ვინგერთან ერთად ჯეკ ნიკოლსონიც თამაშობს. კიდევ ერთი ფილმი, რომელშიც მკერდის სიმსივნით დაავადებული ქალის პრობლემაა ასახული, Picies Of April-ია, სადაც მთავარ როლებს ქეით ჰოლმსი და პატრისია კლარკსონი ასრულებენ. ფილმი ახალგაზრდა გოგონას მკერდის სიმსივნით დაავადებულ დედასთან ურთიერთობას მრავალი გამოწვევის ფონზე ასახავს. კიდევ ერთი ნამუშევარი, რომელშიც მკერდის სიმსივნის პრობლემაა წარმოჩენილი, 2011 წელს გადაღებული Five არის, რომელიც ხუთი მკერდის სიმსივნით დაავადებული ქალის სხვადასხვა ისტორიას გვიყვება. მასში ცნობილი ვარსკვლავები ჯენიფერ ენისტონი და ალიშა ქეისი მონაწილეობენ.

 

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.