გააზიარე სტატია

Calvin Klein Jeans

Calvin Klein-ი ყოველთვის გამოირჩეოდა პროვოკაციული ვიდეორგოლებით და ედიტორიალებით. ბრენდის ისტორიამ დიდი გავლენა მოახდინა პოპ კულტურაზე და მისი სხვადასხვა კოლექციები დალექილია ჩვენს ცნობიერებაში. ამერიკაში ის ყოველთვის პოპულარული იყო ახალგაზრდა თაობებში, მაგრამ უფროსი თაობა ამას არ იზიარებდა იმ მესიჯების გამო, რომლებსაც ბრენდი უწევდა პოპულარიზაციას. სწორედ ამ არჩეული მარკეტინგული გზის გამო Calvin Klein-ის ჯინსები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერული ჯინსებია ბაზარზე. ბრენდის დამაარსებლის დიზაინერის, კელვინ კლეინის ფილოსოფია კი დღემდე არ იცვლება: სექსი იყიდება.

ლურჯი ჯინსი, ამერიკულის კულტურული აიკონი და მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტანსაცმელია. მეოცე საუკუნეში ლურჯმა ჯინსებმა პოპ კულტურაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. კელვინ კლეინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რომელმაც მეოცე საუკუნის ბოლოს ამას ხელი შეუწყო.

70-იან წლებში Calvin Klein-მა ჯინსების ხაზის წარმოება დაიწყო, ათწლეულის ბოლოს კი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მათი გამოჩენა ასოცირებულია სკანდალთან, რადგან CK Jeans-ის რეკლამები ყოველთვის პროვოკაციულობით გამოირჩეოდა და ხშირად ისინი ცენზურის მსხვერპლი იყო. თავდაპირველად დიზაინერს არ უნდოდა ტელევიზიისთვის განკუთვნილი რეკლამების შექმნა, მაგრამ მან აზრი 80-იანი წლების დასაწყისში შეიცვალა და პირველი სარეკლამო რგოლი ფოტოგრაფ რიჩარდ ავედონს დაუკვეთა. ავედონმა რგოლში მსახიობი ბრუკ შილდსი გადაიღო, რომელიც მხოლოდ 15 წლის იყო.

ვიდეორგოლები, რომელშიც ბრუკ შილდსი მონაწილეობდა, ცენზურის ქვეშ მოექცა. ბევრმა ტელევიზიამ ისინი დაბლოკა, ზოგმა კი მათი გაშვება მხოლოდ ღამის საათებში გადაწყვიტა. რგოლებიდან ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა ის, სადაც შილდსი შემდეგ სიტყვებს ამბობს: “იცით რა არის ჩემსა და ჩემს კელვინებს შორის? არაფერი” (You want to know what comes between me and my Calvins? Nothing.) – ამ ფრაზის ვარიაციას ბრენდი დღემდე იყენებს.
ამის საპასუხოდ კლეინმა განაცხადა: “ჯინსი არის სექსი. რაც უფრო მომდგარია ის, მით უფრო კარგად იყიდება” (Jeans are sex.The tighter they are, the better they sell.).
ეს სარეკლამო რგოლი და სხვა ყველაფერი რაც დღევანდელ დღემდე ბრენდმა შექმნა, ავთენტურია Calvin Klein-ის ბრენდის ფილოსოფიასთან.

1992 წელს Calvin Klein-მა მაშინ ჯერ კიდევ უცნობი ქეით მოსი გადაიღო, მარკ ვოლბერგთან ერთად. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეკლამაა პოპ კულტურაში, რომელმაც 90-იანებში ცნობილი Heroin-chic ესთეტიკა პოპულარული გახადა. რეკლამაში ამ დროისთვის განსხვავებული ესთეტიკა იყო, ბევრად უფრო ბნელი და ანდროგენული. რეკლამა ფოტოგრაფმა ჰერბ რითსმა გადაიღო. ამ რეკლამის შემდეგ ქეით მოსი CK Jeans-ის სახე გახდა.

1995 წელს Calvin Klein-მა კიდევ ერთი სკანდალური რეკლამა გადაიღო. ამჯერად რეკლამის ავტორი სტივენ მეისელი გახდა. ვიდეორგოლებში მამაკაცის ხმა ისმის, რომელიც მოდელებს პროვოკაციული შინაარსით მიმართავს. რეკლამა შეადარეს პორნო screen ტესტებს, ვიდეოს ბავშვების პორნოგრაფია უწოდეს, რის შემდეგაც ამერიკის ფედერალურმა ბიურომ მოდელების ასაკის დასადგენად გამოძიება დაიწყო. ამის გამო CK-მ ამ რეკლამის და ედიტორიალის წარმოება შეწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ კელვინ კლეინი ხშირად გახდა კრიტიკის და ცენზურის მსხვერპლი, მისი რისკიანი ნაბიჯებით მან პოპ კულტურაში ბევრი დასამახსოვრებელი და გავლენიანი ნამუშევარი დატოვა.


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.