fbpx
გააზიარე სტატია

CGI რობოტები, instagram influencer-ები და ციფრული მარკეტინგი

სოციალური მედიის სამყარო სავსეა ყალბი ინფორმაციით, “კურირებული” რეალობით და კონტენტად შენიღბული მარკეტინგით. ინსტაგრამი სავსეა ფოტოშოპით დამუშავებული სურათებით და სარეკლამო კამპანიებით, რომლებიც არაერთ კითხვას აჩენს გამჭვირვალობასა და ჩვენს კოლექტიურ რეალობაზე. თუმცა, ბოლო ხანებში რეალობასა და ფიქციას შორის ზღვრის გავლება კიდევ უფრო რთული გახდა. ინსტაგრამ-მოდელების, ინფლუენსერების სამყაროს ახალი ჟანრის პოსტები შეემატა.

2016 წლის აპრილში ლილ მიკელამ (lilmiquela)  ინსტაგრამზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა და სამყაროს თავი ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, 19 წლის ბრაზილიელ-ამერიკელ გოგონად გააცნო.

მიკელას ცნობილი დიზაინერების სამოსი აცვია, მისი ფოტოები ყოველთვის საინტერესო ადგილებშია გადაღებული. საკუთარ პლატფორმას და პოპულარულობას ხშირად იყენებს ისეთ სოციალურ მოძრაობებზე სასაუბროდ, როგორიცაა, მაგალითად, #BlackLivesMatter.

მიკელას ინსტაგრამს მილიონ-ნახევარზე მეტი გამომწერი ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ის სინამდვილეში არ არსებობს.

Lilmiquela ციფრული პერსონაჟია და CGI, ანუ კომპიუტერით გენერირებული მოდელების ტრენდის აღმავლობა მისი დამსახურებაა.

კომპიუტერული თამაშების ციფრულ პერსონაჟებთან აქამდეც ხშირად გვქონია “ურთიერთობა”,   თუმცა ტექნოლოგიების განვითარებამ და კომპიუტერული გამოსახულებების სწრაფვამ რეალობისკენ ვირტუალურ ავატარებს საშუალება მისცა, თამაშებიდან რეალურ სამყაროში გადმოენაცვლათ და უფრო ფართო აუდიტორია შემოეკრიბათ.

2018 წელს “თაიმსმა” მიკელა ინტერნეტის ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შეიყვანა. მას  ნახავთ V-ის, Paper-ის, Vogue-ის და სხვა მოდის ჟურნალების ფურცლებზე. ბევრ ფოტოზე ის თავის ცნობილ “მეგობრებთან” ერთად პოზირებს – მარი-ქეით და ეშლი ოლსენები, ნაილს როჯერსი და პრინც ჩარლზიც კი.

ინსტაგრამის გარდა ლილ მიკელას მუსიკალური კარიერაც აქვს. მან რამდენიმე ტრეკი “ჩაწერა”, რომლის მოსმენაც Youtube-ზე შეგიძლიათ. მისი ტრეკებიდან ალბათ ყველაზე პოპულარულია Hate Me, რასაც ინსტაგრამზე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ლილ მიკელა ერთადერთი ციფრული მოდელი როდია. მიკელას პირველი პოსტიდან 6 თვის მერე ინსტაგრამზე ბერმუდა (bermudaisbae) გამოჩნდა.

თავდაპირველად  ბერმუდა მოგვევლინა, როგორც ქერათმიანი, ტრამპის მხარდამჭერი ახალგაზრდა ამერიკელი გოგო, მაგრამ მას შემდეგ მისი იმიჯი საგრძნობლად შეიცვალა. მიკელა და ბერმუდა მეგობრობენ და ერთმანეთის პოსტებშიც ხშირად ჩანან, თუმცა არც რობოტების ცხოვრებაა თავისუფალი დრამისგან. 2017 წელს ბერმუდამ მისი ინსტაგრამი გატეხა და მიკელას მოსთხოვა სიმართლე ეღიარებინა – მიკელას, ბერმუდასგან განსხვავებით,  არასოდეს უღიარებია, რომ ის ციფრული პერსონაჟია.

ამ ინციდენტის შემდეგ ბერმუდა Brud-ს (კოლექტივი, რომელმაც ლილ მიკელა შექმნა) შეუერთდა, რაც მის გარეგნობაზეც აისახა.

ამავე კოლექტივის მესამე ციფრული წევრი ბლავკოა – blawko22 ბერმუდას ყოფილ შეყვარებულს იუთუბზე საკუთარი ვიდეობლოგი აქვს, რომელშიც ის გამომწერებს სხვადასხვა თემებზე ესაუბრება.

ამ სამი CGI  მოდელის ერთმანეთზე გადაჯაჭვული ვირტუალური პირადი ცხოვრება და უცნაური ისტორიები, რომლებსაც მათი შემქმნელები აზიარებენ, ციფრული ინფლუენსერების სამყაროს კიდევ უფრო ჩახლართულს ხდის.

წინა სამეულისგან განსხვავებით, ინსტაგრამის CGI ვარსკვლავის, შუდუს – shudu.gramექმნის ისტორია არ არის საიდუმლოებით მოცული. “მსოფლიოში პირველი ციფრული სუპერმოდელი” შუდუ ვიზუალური არტისტის და ფოტოგრაფის, ქემერონ-ჯეიმს უილსონის ქმნილებაა. მიუხედავად იმისა, რომ ქემერონი შუდუს ხელოვნურობას არასოდეს მალავდა, ბევრს ის მაინც ნამდვილი ჰგონია. შუდუ ყველაზე რეალისტური ვირტუალური ინფლუენსერია, რამაც მისი საკმაოდ წარმატებული სამოდელო კარიერა განაპირობა. ის Cosmopolitan-სა და Vogue-ის გამოცემებშიც მოხვდა.

მოდის ინდუსტრიამ  CGI რობოტების ახალი ტენდენცია სწრაფად შეითვისა. მიკელა ინსტაგრამზე ბევრი სხვადასხვა ბრენდის სამოსს უწევს რეკლამას. ამასობაში Brud-მა – სააგენტომ, რომელმაც მიკელა შექმნა – ინვესტორებისგან 6 მილიონი დოლარი შეაგროვა პროექტის გასაგრძელებლად.

ციფრული მოდელების არსებობა დიზაინერებისთვის ძალიან მოსახერხებელია. როდესაც ბრენდის სახე სინამდვილეში არ არსებობს, არც მისი პირადი ცხოვრება გახდება ოდესმე პრობლემა. არაა გამორიცხული, რომ ბევრმა კომპანიამ მომავალში ამ ხერხს მიმართოს, სოციალურ მედიაში საკუთარი მესიჯის უკეთ გასაკონტროლებლად.

ციფრული მოდელების არსებობა ბევრ ახალ კითხვასაც აჩენს – როგორ შეიძლება ენდო არარსებული ადამიანის მოსაზრებას? შუდუს შემქმნელის, ქემერონ უილსონის აზრით, ვირტუალური პერსონაჟები ჩვენი ცხოვრების სხვა სფეროებშიც შეაღწევენ. შუდუ და ვირტუალური მოდელების პოპულარობა ინსტაგრამზე ამ ტენდენციის დასტურია და ამავე მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი.

“მე მსურს ციფრული ადამიანები ფართო მასებისთვის უფრო მისაღები გავხადო, რადგან მომავალში გაცილებით მეტ ასეთ ავატარს ვიხილავთ”.

ავტორი: ნინა პატარიძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.