fbpx
გააზიარე სტატია

გალერეა „შარდენი“ – სადაც ვერა ფაღავას და ფელიქს ვარლას ნამუშევრებია წარმოდგენილი

უკვე 21 წელია, რაც თბილისის მთავარ ქუჩაზე არტ გალერეა “შარდენი” მდებარეობს. 1998 წელს, მაშინ როცა ქვეყანა ჯერ კიდევ ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძოდა და   თანამედროვე ხელოვნებისთვის თითქოს არც დრო არსებობდა და არც ადგილი, არსებობდნენ ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, შეძლეს და მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრები ერთ სივრცეში გააერთიანეს.

ხათუნა ჩხეიძის, მაია ნოზაძის და ია დვალის მიერ დაფუძნებული გალერეა „შარდენი“ სწორედ იმ გალერეების რიცხვს მიეკუთვნება, რომელშიც დამთვალიერებელს მსოფლიო დონის ქართველი მხატვრების: დავით კაკაბაძის, ავთო ვარაზის, ლადო გუდიაშვილის და ელენე ახვლედიანის, ჯიბსონ ხუნდაძის, ედმონდ კალანდაძის, თენგიზ მირზაშვილის ნამუშევრები ელის.

გალერეა “შარდენმა”  ბოლო წლებში საზოგადოებას მისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უცნობი ვერა ფაღავა და ფელიქს ვარლამიშვილი გააცნო. ასევე გალერეა წარმატებით თანამშრომლობს ქართულ სახვით ხელოვნებაში XX საუკუნის 80 – იან წლებში მიმდინარე მნიშვნელოვანი მხატვრული პროცესის მონაწილე არტისტებთან, რომელთა ნამუშევრები გალერეის პერმანენტულ და სოლო ექსპოზიციებზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ.

მაისში მიმდინარე თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე სწორედ “შარდენმა” წარმოადგინა საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ვერა ფაღავას იმ სერიის ნამუშევრები, რომლებიც მხატვარმა საფრანგეთის სახელით 1966 წელს ვენეციის სახელოვნებო ბიენალეზე წარადგინა.  ასევე 1926 წელს ქსოვილზე გუაშით შესრულებული პანო და მხატვრისთვის დამახასიათებელი მინიმალისტური ხელწერით 50–იან წლებში შესრულებულ გრაფიკული ნამუშევრები.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა დამთვალიერებელმა ვერა ფაღავა სულ  ცოტა ხნის წინ გაიცნო, ქართველი მხატვრის შემოქმედებას, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობდა, პარიზში საკმაოდ კარგად იცნობენ. მისი ნამუშევრები  პომპიდუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საცავებშია დაცული, საფრანგეთში ფუნქციონიერებს ვერა ფაღავას ფონდიც, სულ ახლახან კი პარიზის ხელოვნების ბაზრობაზე მხატვრის აბსტრაქტული და გეომეტრიული  ნამუშევრები გალერეა Chauvy-მ თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებულ დამთვალიერებელს წარუდგინა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ვერა ფაღავა იმ მხატვართა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ნამუშევრებიც ნებისმიერ ეპოქასა და კულტურაში ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა.

კიდევ ერთი მხატვარი, რომელიც გალერეა “შარდენმა” ქართველ დამთვალიერებელს გააცნო, ფელიქს ვარლამიშვილი, იგივე ფელიქს ვარლაა. მეოცე საუკუნის ოციან წლებში, ვერა ფაღავას მსგავსად, საფრანგეთში ემიგრირებული მხატვრის ნამუშევრები საქართველოში „შარდენის“ ორგანიზებით პირველად 2019 წლის იანვარში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოიფინა.

გამოფენაზე მხატვრის 60-მდე ფერწერული ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, გამოიცა წიგნიც, რომელშიც ვარლამიშვილის  საქართველოში დაცული ნამუშევრები და მხატვრის ცხოვრების ბიოგრაფიული დეტალები გაერთიანდა. ნამუშევრების ნაწილი, კერძოდ მისი ლითოგრაფიები და ფერწერული ტილოები, ვერა ფაღავას მხატვრობასთან ერთად, დამთვალიერებელმა მეორედ თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე, გალერეა „შარდენის“ პავილიონში უკვე იხილა. მათთვის კი, ვინც ამ ორი უნიკალური მხატვრის ნამუშევრების გაცნობა TAF-ის ფარგლებში ვერ მოასწრო, რუსთაველის 13 ნომერში მდებარე გალერეის კარი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ღია.


ავტორი : გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
მხატვრული არქეოლოგია

მხატვრული არქეოლოგია

მხატვრული არქეოლოგია
აბსტრაქტული სიუჟეტები, პერსონალური ინტიმური ნარატივები და პატრიარქალური კულტურის კრიტიკა ხელოვან მაია ნავერიანის შემოქმედებაში
7 კურატორი, რომლებიც თანამედროვე ქართულ ხელოვნებას წარადგენენ

7 კურატორი, რომლებიც თანამედროვე ქართულ ხელოვნებას წარადგენენ

7 კურატორი, რომლებიც თანამედროვე ქართულ ხელოვნებას წარადგენენ
ჟურნალი Hammock TBC Status-ის მხარდაჭერით გაგაცნობთ დამოუკიდებელ კურატორებს, რომლებმაც ხელოვნების კვირეულის განმავლობაში დამთვალიერებელს სხვადასხვა გამოფენები და პროექტები წარუდგინეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.