fbpx
გააზიარე სტატია

სათემო რადიო თბილისი / Community Radio Tbilisi

თბილისში მაუწყებლობას კიდევ ერთი ახალი ინტერნეტრადიო Community Radio Tbilisi იწყებს, რომელიც მსმენელს 17 იანვრიდან ელის. სათემო რადიო საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმის თანადამფუძნებლის, ანა ჩორგოლაშვილის და მისი წევრის, ბარბარა გალოს ახალი სოციალური / კულტურული ორიენტაციის პროექტია, რომლის ინტერესიცა და ფოკუსიც ადგილობრივი თემი და საზოგადოებაა. ალტერნატიული სტრუქტურის მქონე ღია პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა ჯგუფების, ინსტიტუციებისა და კონკრეტული ინდივიდების ჩართულობასა და გაერთიანებას მოიაზრებს, არამხოლოდ მუსიკალურ ტრანსლაციებს, არამედ სხვადასხვა შინაარსის რუბრიკებსა და გადაცემებს გულისხმობს. არაკომერციული ტიპის სათემო რადიო საჯარო მომსახურების მიღმა დგას, რომლის მთავარი ამოცანა მსმენელის წახალისება, მათი მოტივაციის ამაღლება და ახალი ტალანტების დახმარებაა, თუმცა ყურადღების ცენტრში ასევე სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაცია და უმცირესობათა ინტერესები ექცევა. 

სანამ სათემო რადიო მაუწყებლობას დაიწყებს, Hammock გთავაზობთ ინტერვიუს მის დამფუძნებლებთან – ანა ჩორგოლაშვილთან და ბარბარა გალოსთან. 

როგორ გაჩნდა სათემო რადიოს შექმნის იდეა?

ანა – საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმის ფარგლებში უნდა შეგვექმნა შედარებით გრძელვადიანი პროექტი, რომელიც უფრო ფართო აუდიტორიის ჩართულობას მოიაზრებდა. სათემო რადიო კი სწორედ ის პლატფორმაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება თანამონაწილეობაა, რაც სხვადასხვა ინსტიტუციის, ჯგუფებისა თუ ცალკეული პიროვნებების ინტერაქციას გულისხმობს. 

ბარა – სათემო რადიოს და მისი ფუნქციონირების გარკვეული გამოცდილება ისლანდიაში მივიღე, სადაც გავეცანი იმ ძირითად სპეციფიკას და პრინციპებს, რაზეც მსგავსი ტიპის რადიო დგას. საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმის ფარგლებში კი მოგვეცა შესაძლებლობა შეგვექმნა სათემო რადიო, გრძელვადიანი ღია სახის პლატფორმა, რომელიც ფოკუსირებული იქნებოდა ადგილობრივ თემზე და მის ინტერესებზე. 

რას გულისხმობს თქვენი ინტერნეტრადიოს პლატფორმის შინაარსი? 

ბარა – იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა ხმა მივაწვდინოთ ფართო აუდიტორიას და მრავალფეროვანი მსმენელი გვყავდეს, ეს არ იქნება კლასიკური სტილის რადიო. ჩვენი მიზანია რადიოში ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, იგი ღიაა ნებისმიერი საინტერესო, კრეატიული იდეის მისაღებად და შემდგომ განსახორციელებლად.

ანა –  სათემო რადიო ისეთი ტიპის რადიოა, რომელიც კომერციისა და საჯარო მომსახურების მიღმა დგას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა ინდივიდები, აქტივისტები, უმცირესობები, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ გააზიარონ თავიანთი  საქმიანობა, გამოცდილება, მრავალფეროვანი ისტორიები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით. 

როგორი ტიპის მსმენელზეა გათვლილი Community Radio Tbilisi?

ჩვენი სურვილია, რომ არა საზოგადოების კონკრეტული ნაწილისთვის ვიყოთ საინტერესო, არამედ მოვიცვათ სხვადასხვა გამოცდილების, განსხვავებული სოციალური და ასაკობრივი ჯგუფები. 

გარდა მუსიკალური ტრანსლაციებისა, უნდა ველოდოთ თუ არა სხვა სახის გადაცემებს?

ბარა – რადიოში მოვიწვიეთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი არტისტები. გარდა მუსიკალური ტრანსლაციებისა და გადაცემებისა, რომლებზეც დათო დათუნაშვილი და ირაკლი აბრამიშვილი იზრუნებენ, ჩვენ მსმენელს შევთავაზებთ სხვადასხვა სახის შემეცნებით გადაცემებს. მაგალითად, VAADS-ის არქიტექტურის მიმართულების ხელმძღვანელი ჯესი ვოგლერი გაუძღვება რუბრიკას – არქიტექტურა და ურბანიზმი, ასევე, გარდა ჩვენი საავტორო გადაცემისა, ლალი პარტენავა – საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი – ისაუბრებს ავლაბრის თემზე და მის თავისებურებებზე. ამ ეტაპზე ასევე რუბრიკისთვის – “Greetings from” ვაგროვებთ აუდიოჩანაწერებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რაც თავისებურად კონკრეტული ადგილის კულტურასა და თემის მახასიათებლებს გამოხატავს. 

თქვენი აზრით, რატომ არის Community Radio Tbilisi საინტერესო წამოწყება, რა შეიძლება შეცვალოს ქართულ რეალობაში? 

ანა – ვფიქრობთ, რომ Community Radio Tbilisi, მისი ალტერნატიული სტრუქტურიდან გამომდინარე, იქნება საინტერესო წამოწყება, რომელიც წაახალისებს, მოტივაციასა და ინფორმაციას გაუზიარებს მსმენელს, აღმოაჩენს ახალ ტალანტებს. გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა სამოქალაქო და კულტურული აქტივიზმის პოპულარიზაცია და უმცირესობათა ინტერესების დაცვა, რასაც რადიოს მეშვეობით უფრო მეტ ადამიანამდე მივიტანთ. 

სად შეიძლება მოვუსმინოთ და გავეცნოთ სათემო რადიოს ჩანაწერებს?

ანა – სათემო რადიოს მაუწყებლობისთვის გამოვიყენებთ ისეთ ინტერნეტ პლატფორმებს, როგორებიცაა: Mixlr, Soundcloud, bandcamp. ჩვენი გადაცემებისა და ჩანაწერების მოსმენას შეძლებთ რადიოს ვებგვერდზე, გადაცემათა არქივი კი ხელმისაწვდომი იქნება Soundcloud-ზე. ძირითადად, მაუწყებლობა ქართულ ენაზე კვირაში სამჯერ 2 საათით წარიმართება, თუმცა გარკვეულ გადაცემებს ინგლისურ ენაზე შემოგთავაზებთ, რათა ვუზრუნველყოთ ჩანაწერების გაზიარება ჩვენს პარტნიორ რადიოსადგურებთან საზღვარგარეთ. 

და ბოლოს,  მოგვიყევით პირველი ღონისძიების შესახებ უფრო ვრცლად, რას უნდა ველოდოთ?

ბარა – რადიო მაუწყებლობას 17 იანვარს, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყებს, რაც საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიების – Art’s Birthday 2020-ის ნაწილი იქნება. ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, სადაც სხვადასხვა სახელოვნებო ინსტიტუციები, გალერეები, არტისტები მონაწილეობენ. სათემო რადიო დღეს ირაკლი აბრამიშვილისა და დათო დათუნაშვილის ცოცხალი მუსიკით წარდგება. მომდევნო დღეს კი ჯესი ვოგლერი გადაცემის – კავკასიის კულტურული ლანდშაფტის და სამშენებლო კულტურის – სერიის ფარგლებში არქიტექტორ რამაზ კიკნაძესთან ერთად გააგრძელებს მაუწყებლობას. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.