fbpx
გააზიარე სტატია

Complexbits – „რთული ნაწილები“ თავისუფალი ექსპერიმენტებისთვის

მან, ვინც ზუსტად იცის რა მოსწონს, ვისაც უყვარს გართობა და არ ეშინია თავისუფალი ექსპერიმენტების – ასე ახასიათებენ პროექტის დამფუძნებლები თათო ჩართოლანი და სოფო ბუჯიაშვილი ადამიანებს, რომლებიც მათ მიერ დაარსებული ახალი ტანსაცმლის ბრენდის, Complexbits-ის პოტენციური მომხმარებლები არიან.  რთული ნაწილებისგან პასტელური ფერების ესთეტიკით შექმნილი კორსეტები და გამჭვირვალე ხელთათმანები, რომლებიც შეგიძლიათ ნებისმიერ სტილს, გარემოს ან შინაგან განწყობას მოარგოთ, ახლად დაარსებული ბრენდის ინსტაგრამ გვერდზე უკვე გამოჩნდა. ამიტომაც, სანამ უახლოეს მომავალში დიზაინერები საკუთარ საიტზე  განახლებულ კოლექციას შემოგვთავაზებენ, მანამდე შეგიძლიათ მათ ინსტაგრამ გვერდს ეწვიოთ და არსებული ლიმიტირებული კოლექცია შეიძინოთ… თუ, რა თქმა უნდა, სწორედ ის ხართ, ვისზეც თათო და სოფო ჩვენთან ინტერვიუში საუბრობენ.

როგორია  Complexbits-ის ისტორია…

სოფო:  მე და თათოს, ორივეს, დიდი ხანია გვინდოდა გვქონოდა რაღაც  „ჩვენი“, ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. ბევრ რამეში ვცადეთ ბედი და ერთ დღესაც გადავწყვიტეთ დიზაინიც მოგვესინჯა და  აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრ საკითხში ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვეოდა.

თათო: გემოვნებაც დაემთხვა… ბრენდს ერთნაირ ესთეტიკაში ვხედავდით. მე თვითონ უკვე დიდი ხანია, რაც  მოდის სფეროში ვმუშაობ – ოთხი წელია რაც Dalood-ისთან ვთანამშრომლობ და იქ მიღებული ძალიან დიდი გამოცდილებით ბევრი რამ გამიადვილდა. მე და სოფოს აქამდე ერთად არ გვიმუშავია,  თუმცა იმან, რომ ბევრ რამეს ერთნაირად ვხედავდით და ზუსტად ვიცოდით რა გვინდოდა, ყველაფერი გაამარტივა.

რა არის Complexbits-ის მთავარი კონცეფცია

სოფო: ჩვენთვის Complexbits მხოლოდ ბრენდი არ არის, ჩვენივე თავის გამოხატულებაა  და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ექსპერიმენტებისთვის მეტი სივრცე გვქონდეს. გვინდოდა შეგვექმნა ისეთი ნიშა, სადაც ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებოდათ შეეძინათ არა მხოლოდ ტრენდული ნივთები, არამედ ისეთებიც, რომლებსაც გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიყენებ. კონცეფიის მიხედვით მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ვყოფილიყავით ე.წ.  Slow Fashion.

თათო:  Slow Fashion ბოლო დროს ცოტა ტენდენციური ხდება, მაგრამ, თავად იდეა რომ გარკვეული რაოდენობის ლიმიტირებული  ტანისამოსი იკერება და ამით გარემო არ ნაგვიანდება, თავისთავად ბუნებრივად მოერგო ჩვენს ხედვას. ეს პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამიტომაც ვცდილობთ, რომ წინასწარ შეკვეთაზე ვიმუშაოთ და ტანსაცმელი თუ აქსესუარები მხოლოდ იმ შემთხვევაში შევკეროთ, თუ ის ნამდვილად სურს ჩვენს მომხმარებელს.

რატომ სახელი –  Complexbits?

თათო: სახელზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდით,  ეს სიტყვა პირდაპირ რომ გადმოთარგმნო, რთულ, კომპლექსურ ნაწილებს ნიშნავს. ამ პროექტში იმდენი სტილის, ინსპირაციის და პირადი გამოცდილების ჩართვა გვინდოდა, რომ გადავწყვიტეთ სწორედ ეს სახელი დაგვერქმია, მგონი, ყველაზე კარგად გამოხატავს იმას, რისი თქმაც გვინდოდა და იმასაც,  რაც ამ ბრენდის უკან დგას.

სოფო: თან თვითონ ის ნაწილები თუ მასალები, რაც გამოყენებული გვაქვს, თავისთავადაც კომპლექსურია. სწორედ ამას ვგულისხმობდით, როცა კონცეფციაზე ვსაუბრობდით, გახსნილები ვართ ყველა ექსპერიმენტისთვის, რაც ჩვენს სივრცეში ძალიან რთული განსახორციელებელია.

რა არის მთავარი წინააღმდეგობა, რაც ახალ ბრენდს ადგილობრივ სივრცეში  ხვდება?

თათო: ძალიან რთული აღმოჩნდა ხარისხიანი მასალის მოძიება, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რამის დათმობა და ბევრ რამეზე უარის თქმა მოგვიწია მხოლოდ იმის გამო, რომ შესაბამისი ხარისხის მასალა ვერ ვიშოვეთ. ეს ძალიან გვიშლის ხელს არა მარტო ჩვენ, არამედ ყველას, ვინც ამ სფეროში მუშაობს.

თქვენს ინსტაგრამ გვერდზე უკვე გამოჩნდა ბრენდის კორსეტები და ხელთათმანები, საიდან გაჩნდა იდეა,  რომ სწორედ ამ ნივთებით დაგეწყოთ?

თათო: ხელთათმანი იყო პირველი  იდეა, რომელიც ორივეს ცალ-ცალკე,  ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაგვიჩნდა, სწორედ მაგ ფაქტმა დაგვარწმუნა, რომ ნამდვილად ერთად უნდა შეგვექმნა ეს ყველაფერი. შეიძლება არც კომერციულად და არც ფუნქციურად  ხშირად მოხმარებადი ნივთი არ არის, თუმცა იმას, რისთვისაც ბრენდი შევქმენით, ეს კონკრეტული ხელთათმანები ყველაზე უკეთ გამოხატავს.

სოფო: შეიძლება  რაიმე ნივთი ფუნქციურად დატვირთული არ იყოს, თუმცა ემოციას მაინც იწვევდეს და გარკვეულწილად შენს თავსაც გამოხატავდეს. ზუსტად ამის თქმა გვსურდა, არ გვინდა რამეში შევიზღუდოთ, პირიქით – თუნდაც კორსეტი შეგვიძლია სხვადასხვა სტილს მოვარგოთ, არ მოვერგოთ არსებულ სივრცეს და პირიქით – ეკლექტიკა შევქმნათ ჩვენში.

პირველი ინსპირაცია…

სოფო: რთულია ერთი ინსპირაცია დავასახელო.  ამიტომაც ჰქვია ეს სახელი, რომ რეალურად მართლა კომპლექსური ნაწილებისგან შედგება. ძალიან ბევრი გავლენა არსებობს, რაც სინამდვილეში ჩვენი ცხოვრების სტილში ერთიანდება.

თათო: ყველაფერი მართლა ჩვენი ცხოვრების სტილიდან და შინაგანი განწყობიდან არის წამოსული, ვაკეთებთ იმას, რაც ყველაზე უკეთ გამოხატავს ჩვენს ემოციებს.

პასტელური ფერები…

სოფო: ძალიან მოგვწონს პასტელური ფერები, ამასთანავე გვინდოდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან Soft ყოფილიყო, როცა ემოციურ დამოკიდებულებასა და სენსიტიურობაზე ვლაპარაკობთ, სწორედ ამას ვგულისხმობთ – არავის ეშინოდეს თავისი შინაგანი Softness ასეთი ფორმით გამოხატოს.

აღმიწერეთ, როგორია ადამიანი, რომელიც  ComplexBits-ს ატარებს…

სოფო: ავთენტური…  თავდაჯერებული, ვინც ზუსტად იცის რა უნდა და რა მოსწონს…

თათო: ვისაც გართობა უყვარს… რადგან ჩვენ ძალიან გვიყვარს გართობა.

სოფო: ეკლექტიკური? ცოტა სასაცილო სიტყვაა, მაგრამ ასეა. ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ ჩამოყალიბებული ხედვა გააჩნია და იცის ისიც, თუ როგორია სამყაროს ხედვა მის მიმართ…

სამომავლო კოლექცია…

თათო: ვმუშაობთ ახალ კოლექციაზე – სექტემბრიდან შარვლებს, ქუდებს და  ჩანთებს დავამატებთ, ვაპირებთ ხელთათმანებისა და კორსეტების ხაზის კიდევ უფრო განვითარებას, თუმცა სხვა ქსოვილით და სხვა სტილში, გვინდა მასალის მხრივ ცოტ-ცოტა ექსპერიმენტები ჩავატაროთ.

ბრენდის სამომავლო გეგმა…

თათო: ჯერჯერობით ჩვენი  პროდუქციის შეძენა მხოლოდ ინსტაგრამზეა შესაძლებელი, ვმუშაობთ ონლაინ საიტზე, სადაც გარდა არსებული კოლექციისა, ზამთრის კოლექციაც იქნება წარმოდგენილი.

სოფო: ვაპირებთ ეკომეგობრულ პროექტსაც, რომელიც მოგებაზე არ იქნება გათვლილი, საქველმოქმედო ხასიათისაა და ჩვენს ხედვას –  არ დავაზიანოთ გარემო – ზუსტად გამოხატავს.

ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
Lacoste x Keith Haring

Lacoste x Keith Haring

Lacoste x Keith Haring
ამ სეზონზე #Hammock-ის ყურადღება გაზაფხულის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა კოლექციამ მიიქცია, რომელიც Lacoste -ის და ამერიკელი ხელოვანის, Keith Haring-ის თანამშრომლობაა. კოლექციის შეძენა Dressup -ის ჯგუფში შემავალ, გალერია თბილისი-ში მდებარე Lacoste-ის ოფიციალურ მაღაზიაში არის შესაძლებელი
ინტერვიუ თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის დამფუძნებელ სოფო ჭყონიასთან

ინტერვიუ თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის დამფუძნებელ სოფო ჭყონიასთან

ინტერვიუ თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის დამფუძნებელ სოფო ჭყონიასთან
უკვე მე-9 სეზონია, რაც სოფო ჭყონია მცირე გუნდთან ერთად ქალაქის ყველაზე წარმოსაჩენ და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უწევს ორგანიზებას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.