გააზიარე სტატია

Danseur Noble – იონენ ტაკანო

იონენ ტაკანო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სოლისტია. იაპონელი ტაკანო ტოკიოში გაიზარდა, სადაც პირველად ეზიარა საბალეტო ხელოვნებას. ის სანკტ-პეტერბურგში, ვაგანოვას სახელობის საბალეტო აკადემიაში, ბორის ბრეგვაძის კლასში სწავლობდა, 2011 წლიდან კი სანკტ-პეტერბურგის მიხაილოვსკის სახელობის საბალეტო თეატრის დასის წევრი გახდა. თეატრში მისაღებად ტაკანო პირადად ნაჩო დუატომ შეარჩია.

2014 წლის ივნისიდან იონენ ტაკანო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტია. მის რეპერტუარშია: ბაზილი („დონ კიხოტი“), ფრონდოსო („ლაურენსია“), პრინცი, ფრანგული თოჯინა („მაკნატუნა“), ჟან დე ბრიენი („რაიმონდა“), ასევე სოლო პარტიები ბალანჩინის („ჩაიკოვსკი, პა დე დე”, Symphony in C), კილიანის (Petite Mort, Sarabande), მაკინტაერის („ეს თავდაყირა სამყარო“), პოსოხოვის („საგალობელი“) დადგმებში. 2015 წელს იონენ ტაკანომ ნინო ანანიაშვილთან ერთად მთავარი პარტია იცეკვა მიხეილ ფოკინის ბალეტში „ვარდის ზმანება“.

ტაკანო ასევე დაინტერესებულია ქორეოგრაფიით, ახლა საკუთარ ბალეტზე მუშაობს და მუსიკოს სანდრო ნებიერიძესთან და დიზაინერ Situationist-თან თანამშრომლობს.

 

გვესაუბრეთ თქვენი ბავშვობის შესახებ. სად გაიზარდეთ? როგორი იყავით ბავშვობაში?

დავიბადე ნარაში, ძველ ქალაქში. ეს დედაჩემის მშობლიური ქალაქია. ტოკიოში მალევე გადავსახლდით და იქ გავიზარდე. ექვსი წლის ასაკამდე ფეხბურთს ვთამაშობდი, რაც ძალიან სასიამოვნო იყო, თამაში ძალიან მაბედნიერებდა, გუნდის ნაწილი ვიყავი, მაგრამ ერთ დღესაც ტოკიოში გაიხსნა ეროვნული თეატრი.
ტოკიოს ეროვნული თეატრის გახსნა ტელევიზიით ვნახე, ვუყურე ბალეტს და სრულიად შოკირებული დავრჩი მოცეკვავე კაცებით – როგორ ხტებოდნენ ასე მაღლა და როგორ მოძრაობდნენ ასე სწრაფად. შესანიშნავი დეკორაციები იყო და ლამაზი მუსიკა. შემდეგ დედას ვუთხარი, რომ მინდოდა ბალეტის ცეკვა დამეწყო და მას ძალიან გაუხარდა, რადგან ახალგაზრდობაში ბალეტი მისი გატაცება იყო. მოიხიბლა ამ იდეით და აღტაცებით მითხრა: “რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა!” ბალეტის სკოლასთან ახლოს ვცხოვრობდი, რაც ძალიან მოსახერხებელი იყო.

როგორ გაიხსენებდით საბალეტო წარმოდგენას, რომელსაც პირველად დაესწარით?

ტოკიოს ეროვნულ თეატრში ვნახე “მძინარე მზეთუნახავი”, პირველ რიგში ვიჯექი და მოცეკვავეების სუნთქვა კი მესმოდა. ამით ძალიან შთაგონებული დავრჩი.

 

პეტერბურგში როგორ მოხვდით?

იაპონიაში კონკურსში მივიღე მონაწილეობა, რომლის ჟიურის წევრი რუსეთიდან იყო და მათ მიმიწვიეს პეტერბურგში სასწავლებლად. 17 წლის ვიყავი, როცა სწავლის გასაგრძელებლად გავემგზავრე. იქ დიდხანს დავრჩი.

როგორი იყო ნაჩო დუატოსთან მუშაობა?

ის გენიოსია. უნიკალური შემსრულებელია. ყველაზე შთამბეჭდავი კი მისი მუსიკალურობაა, რაც იდეალურად ემთხვევა მისივე მუსიკას. ნაჩოსგან უამრავი რამ ვისწავლე. საქმეში ძალიან მკაცრი იყო და ამიტომ ვღელავდი, მეტად კონცენტრირებული უნდა ვყოფილიყავი.

რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ კარიერულ მიღწევად?

ფინელი ქორეოგრაფის, იორმა ელოს შექმნილი ერთი სოლო. მან ეს სოლო სხვა მოცეკვავისთვის, მარსელო გომესისთვის შექმნა, რომელიც ჩვენი დროის სუპერ ვარსკვლავია. ძალიან ხანგრძლივი სოლოა; მხოლოდ მე ვცეკვავ რვა წუთი. ფიზიკურად და საკუთარი თავის გამოხატვის თვალსაზრისით ძალიან რთულია. ვერც კი წარმომედგინა ამ სოლოს შესრულება, მაგრამ მარსელო გომესმა, რომელიც წინა სეზონში ჩვენთან ცეკვავდა, ეს საკითხი იორმა ელოსთან განიხილა და მან მომამზადა ამ სოლოს იაპონიის ეროვნულ თეატრში წარსადგენად. ბალეტის ცეკვა ამ თეატრის სცენაზე გამოსვლის სურვილით დავიწყე. ეს თეატრი სრულიად განსაკუთრებული იყო ჩემთვის და მის სცენაზე სოლოს ცეკვა კი – წარმოუდგენელი.

ვინმე მიგაჩნიათ სამაგალითო პერსონად?

დიახ, მიხაილ ბარიშნიკოვი. ასევე ხორხე დონი. ის არგენტინიდან იყო და ბეჟართან ერთად ცეკვავდა. ხორხე დონი არ ითვლებოდა კლასიკურ მოცეკვავედ, მაგრამ მასში იყო რაღაც განსაკუთრებული, შემიძლია გამუდმებით ვუყურო ჩანაწერებს, რადგან სცენაზე ძალიან ქარიზმატული ჩანს. სამწუხაროდ, დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ასევე დავასახელებდი მარსელო გომესს, ის ძალიან კარგი შემსრულებელია, თავისუფლად მოძრაობს და სიღრმისეულად გადმოცემის უნარი აქვს. ის ბალერინების კარგი მხარდამჭერია.

 

საოცნებო როლი გაქვთ?

მინდა ევგენი ონეგინის როლი შევასრულო. ძალიან ლამაზი წარმოდგენაა. არა მგონია, ახლა შევძლო ეს, რადგან ვფიქრობ, ეს როლი ძალიან გამოცდილმა მოცეკვავემ უნდა ითამაშოს და არა ახალგაზრდამ. რთული ასახსნელია, მაგრამ ეს როლი ცხოვრების თვალსაზრისით გამოცდილი და ზოგადად, ჩამოყალიბებული ადამიანისთვისაა.

ცრუმორწმუნე ხართ?

მედიტაცია დავიწყე და ეს მეხმარება კონცენტრირებაში, ენერგიის შეგრძნებაში. მედიტაცია მამშვიდებს, მაგრამ მე ენერგიაც მჭირდება, და ამიტომ, სცენაზე გასვლამდე ვვარჯიშობ ენერგიის მისაღებად და გამოსაღვიძებლად.

 

ყველაზე მეტად რომელი პერსონაჟის განსახიერება გიყვართ?

ალბათ ლაქია ალბრეხტის, “ჟიზელიდან”.

დამწყები მოცეკვავეებისთვის რჩევა ხომ არ გაქვთ?

ჩემი აზრით… ასე ვიტყვი: იყავით ჭკვიანი. ძალიან რთული პროფესიაა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ყოველთვის დაისახეთ მიზანი.

 

თბილისში უკვე სამი წელია ცხოვრობთ. შეგიძლიათ თქვენი აქაური შთაბეჭდილების შესახებ გვესაუბროთ? ტოკიოსგან საკმაოდ განსხვავდება…

ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. სოლოლაკში ვცხოვრობ და მიყვარს ამ უბნის არქიტექტურა. ქალაქში, ზოგადად, შერეული არქიტექტურაა და ეს მომწონს. ხალხი კვლავაც ცხოვრობს დაზიანებულ სახლებში და ფანჯრებიდან ტანისამოსია ხოლმე გადმოფენილი. ძალიან ქაოსურია და ეს მომწონს.

 

როგორია ნინო ანანიაშვილთან მუშაობა?

ის შთამაგონებს და მასთან მუშაობა დიდი პატივია, რადგან ის ჩემს დაბადებამდე ცეკვავდა. მას, როგორც მოცეკვავესა და სამხატვრო ხელმძღვანელს დიდ პატივს ვცემ. ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით შესრულებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის ყოველთვის ისმენს ჩემს აზრს და მენდობა.

რაიმე ფარული ნიჭი ხომ არ გაქვთ?

იაპონური ჟურნალის სვეტისთვის ვწერ. წერა მიყვარს, რადგან ჩემივე გონების მოსმენაში მეხმარება და ამასთან, წერის პროცესში შესაძლებელია საკუთარი თავის აღმოაჩენა.

 

ვიცი დატვირთული გრაფიკი გაქვთ, თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

თავისუფალ დროს საკუთარ თავზე ვზრუნავ, ვემზადები მომდევნო წარმოდგენისთვის და ვგეგმავ ქორეოგრაფიას. ასევე მსიამოვნებს ქალაქში სეირნობა.

შეგიძლიათ ერთ რომელიმე ბალეტს, სიმღერას, წიგნს და ფილმს გაუწიოთ რეკომენდაცია?

მე ვნახავდი რაველის “ბოლეროს”. “ბოლერო” ბევრ განმეორებად მოძრაობას მოიცავს, თუმცა ის არასდროს მომწყინდება.

მიყვარს ჯაზის მოსმენა.

 

თქვენს შესახებ კიდევ რას გვეტყოდით?

ამჟამად პროექტზე ვმუშაობ, ქორეოგრაფიული პროექტია, თანამედროვეა, მაგრამ სახეს უცვლის* ტრადიციულ ბალეტს. ზოგჯერ ტრადიციის შენარჩუნება შეიძლება მოსაწყენი იყოს. მაგალითად, ჩაიკოვსკის მუსიკის ან “გედების ტბის” პრემიერამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინდელ პუბლიკაზე და ამიტომაც ვინარჩუნებთ ტრადიციას, მაგრამ აუდიტორია და გარემო პირობები შეიცვალა და ვფიქრობ, უნდა შევქმნათ ახალი ფორმები, სხვაგვარად წარსულში გავიჭედებით. ეს არის მთავარი კონცეფცია.

ვთანამშრომლობ ძალიან ნიჭიერ ქართველთან, სანდრო ნებიერიძესთან, რომელიც მხოლოდ თვრამეტი წლისაა და ჩემთვის მუსიკას ქმნის. სანდრო მეგობრისგან გავიცანი. ის ძლიერი და ნიჭიერი მუსიკოსია. ასევე ვთანამშრომლობ დიზაინერ Situationist-თან, რომელიც ჩემი საბალეტო წარმოდგენისთვის კოსტიუმებს შექმნის.

მომავალში საკუთარი თავი როგორ წარმოგიდგენიათ?

ვფიქრობ, მინდა გავაგრძელო ქორეოგრაფობა, რადგან ეს კრეატიული საქმეა. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არ შემიძლია ვიყო მასწავლებელი, რადგან ეს სიამოვნებას არ მანიჭებს, ვიცი მოსაწყენი იქნებოდა, მხოლოდ სწავლება რომ მიწევდეს.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე
თარგმანი: მიკა მოწყობილი
ფოტო: ნია გვათუა


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.