fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ IDEA Books-ის დამაარსებელ დევიდ ოუენთან

სულ  ცოტა ხნის წინ  თბილისში ახალი კონცეპტუალური მაღაზია – They Said Books გაიხსნა. ამ ქალაქისთვის უჩვეულო გარემოს დაარსების იდეა სალომე ბაქრაძეს, ანანო ბაქრაძეს და თაკო ბასილიას გაუჩნდათ, მაღაზიის ინტერიერის და ავეჯის დიზაინი კი ხელოვან ლადო ლომიტაშვილს ეკუთვნის.  წამყვანი საერთაშორისო გამომცემლობების მიერ ხელოვნების და ცხოვრების სტილის შესახებ გამოცემულ წიგნებთან ერთად შეხვდებით სათვალეებს, სუნამოებს და სურნელოვან სანთლებსაც კი; მაღაზიის მეორე სართულზე წარმოდგენილ ინდი ჟურნალებთან ახლოს კი ნახავთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ყავას Five  Elephant Coffee Roastery Berlin. რაც მთავარია, მაღაზიის კონცეფციიდან გამომდინარე აქ მოსულ სტუმარს თითქმის ყველაფრის ყიდვა შეუძლია რასაც They Said Books-ის სივრცეში ხედავს და იყენებს, მათ შორის ლადო ლომიტაშვილის შექმნილი სკამის, მისივე არტ ობიექტი– ფოტობოქსის, ყავის ჭურჭლისა და მისი მოსამზადებელი დანადგარისაც კი. მიუხედავად იმისა რომ სხვადახხვა დანიშნულების საგნები აქ ერთმანეთის გვერდიგვერდაა განლაგებული, მთელ ამ სივრცეში ყველა დანარჩენი ბრენდისგან  გამოყოფილი საკუთარი კუთხე მხოლოდ IDEA-ს აქვს, გამომცემლობას, რომლის სლოგანიც თავადგვე გვეუბნება – the coolest Publishing in the world.

ცნობილი გამომცემლობის დამაარსებელი დევიდ ოუენი, რომელიც მსოფლიოში წამყვან მოდის სახლებთან და ხელოვანებთან თანამშრომლობით ქმნის ლიმიტირებული რაოდენობის წიგნებს, ტანსაცმელს და ჩანთებს, რამდენიმე დღის წინ სწორედ They Said Book-ის მოწვევით,  ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, თბილისს წელს პირველად ეწვია. თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც მაღაზიის ერთ-ერთი დამაარსებელი სალომე ბაქრაძე ამბობს, IDEA-ს საქმიანობამ მაღაზიის ძირითადი კონცეფციის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი მასთან უშუალო თანამშრომლობამდე და მის სტუმრობამდე ბევრად ადრე ითამაშა.

სალომე: ჩემთვის Dover Street Market და The Store Berlin  კონცეპტუალური მაღაზიების საუკეთესო მაგალითებია, Dover Street-ში ძალიან დიდი ხანია, რაც IDEA-ა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვიცოდი და მომწონდა, თუმცა, გარდა წიგნებისა, ეს საგამომცემლო სახლი მაისურების და ჩანთების სახით თავის პროდუქციას ქმნის და თანამშრომლობს ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან – ალესდერ მაქქლელანი, უირგენ თელერი და ბრიანა კაპოზი. შეიძლება ითქვას, რომ  ჩვენი გემოვნება, ინტერესები და ფასების მიმართ დემოკრატიული მიდგომაც კი ნამდვილად ემთხვევა ერთმანეთს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზემოთხსენებული უდიდესი, წარმატებული და წამყვანი კოცეპტუალური მაღაზიების შემდეგ IDEA თბილისშიც გაჩნდა.

ანანო: ნამდვილად… გამოცდილების მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია დეივიდის ვიზიტი, მასთან თანამშრომლობამ ჩემი, როგორც ბაიერის თავდაჯერება იმდენად აამაღლა, რომ მისგან მიღებული გამოცდილება ნამდვილ ტრამპლინად მიმაჩნია და რაც მთავარია, მგონია, რომ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე მიღებულ სტანდარტებსაც ვაკმაყოფილებთ.

სალომე: ერთ ამბავს მოგიყვებით,  ორი თვის წინ თბილისში Comme des Garçons-ის შემოქმედებითი დირექტორი და Dover Street Market-ის დაარსებელი ედრიენ ჯოფი იყო ჩამოსული.  ჩვენს მაღაზიაშიც მოვიდა, სადაც იმ დროს  მხოლოდ ჩვენი პარტნიორი თაკო ბასილია იმყოფებოდა, გვიყვება: არ მინდოდა მისი პირადი სივრცის დარღვევა ამიტომ არაფერი მითქვამს, მაგრამ კიბეზე რომ ადიოდა, IDEA-სკენ გამოიხედა და დეივიდზე მითხრა – I know this guy. მანაც უპასუხა, რომ ჩვენც ვიცით მის შესახებ. ბევრი კომპლიმენტი გაცვალეს, ინსტაგრამზე ჩვენი გამომწერიც გახდა და ეს ყველაფერი  IDEA-სა და დეივიდის გამო. ბევრს ნიშნავს ჩვენთვის IDEA-ს არსებობა…

დეივიდ, რას საქმიანობდით,  სანამ IDEA-ს გამო თქვენი სახელი ყველას ეცოდინებოდა?

ძალიან ბევრ რამეს…  მქონდა საკუთარი მაღაზია, ვიყავი ჟურნალისტი, რედაქტორი, ვმუშაობდი მუსიკის სფეროში, ვწერდი წიგნებს, ძირითადად კომედიურ ჟანრში, ვიყავი სატელევიზიო შოუს პროდიუსერი და ამასთანავე თინეიჯერობის დროსაც და მაშინაც, როცა პროდიუსერად ვმუშაობდი, ყოველთვის  ვყიდულობდი და ვყიდდი წიგნებს. თავდაპირველად მე და ჩემი პარტნიორი ანჯელა პარიზში 1997 წელს გახსნილ კონცეპტუალურ მაღაზია Collete-სთან ვთანამშრომლობდით, შემდეგ კი წლების განმავლობაში ლონდონში – Dover Street Market-თან, თუმცა მაშინ IDEA ჯერ კიდევ არ გვქონდა დაარსებული.

რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი საგამომცემლო სახლის დაარსება?

ეს მაშინ მოხდა, როცა ანჯელამ შეძლო და მოახერხა, რომ ლონდონში,  ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმრო Saint Martines Lane-ში სამი თვის განმავლობაში ჩვენთვის სივრცე დაეთმოთ. მაშინ ერთ-ერთი სერიალისთვის სცენარს ვწერდი,  თუმცა როგორც კი ამ შეთავაზებაზე დაგვთანხმდნენ, ტელევიზიაში მუშაობა შევწყვიტე და IDEA გავხსენით.

 

რატომ სახელი –  IDEA?

ერთი მხრივ, ეს ჩვენი და ჩვენი შვილების სახელების ინიციალებია (აირისი, დეივიდი, ედითი და ანჯელა), მეორე მხრივ კი IDEA –  იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად ისეთ ადამიანებთან ერთად და ისეთი ადამიანებისთვის ვქმნით წიგნებს, როგორებიც მოდის დიზაინერები და კულტურის სფეროში მოღვაწე,  განსხვავებული შემოქმედებითი ხაზით მომუშავე ხელოვანები არიან, რომლებიც ინსპირაციას სწორედ წიგნებში ეძებენ. გვინდოდა, რომ ჩვენი კომპანია შთამაგონებელ წიგნებთან ასოცირებულიყო, თუმცა პირდაპირ Inspirational Book-ს ვერ დავარქმევდით, ამიტომ მოვიფიქრეთ IDEA,  რომელიც არც ძალიან ხმამაღლა ჟღერს და ამასთანავე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ძირითად კონცეფციასაც.

IDEA-ს წიგნები, როგორც წესი, ლიმიტირებული რაოდენობით გამოდის, რატომ არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი?

სიმართლე რომ გითხრათ, არ არის, თუმცა ზოგადად, როცა წიგნებზე ვლაპარაკობთ, თავისთავად ვგულისხმობთ, რომ უამრავი მიზეზის გამო ის არ არის ისეთივე პოპულარული, როგორც მაგალითად, 1973 წელს.  დღეს ალბათ ტელეფონით ერთ დღეში შეგიძლია ნახო იმდენი სურათი, რამდენიც ჩვენი მშობლების წიგნების მთლიან კოლექციაშია თავმოყრილი. IDEA-ს წიგნების ლიმიტირებულ რაოდენობას აბსოლუტურად პრაქტიკული გამართლება აქვს, დღეს აღარ სჭირდება სამყაროს უამრავი რაოდენობის საგნები, განსაკუთრებით წიგნები და განსაკუთრებით იმ ტიპის წიგნები, რომლებსაც ჩვენ გამოვცემთ. მიუხედავად იმისა, რომ ინსტაგრამზე ჩვენი აუდიტორია სამასი ათას ადამიანს შეადგენს, მყიდველი შესაძლოა მაქსიმუმ სამი ათასი იყოს, სწორედ ამ გათვლით, არ მინდა იმაზე მეტი გამოვცეთ, ვიდრე გაიყიდება.

ახსენეთ, რომ ინსტაგრამზე  ძალიან ბევრი გამომწერი გყავთ, როგორ ეხმარება სოციალური მედია საგამომცემლო ბიზნესს?

2009 წელს, როცა ლონდონში მაღაზია გავხსენით, მე და ანჯელა კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, დილის 11 საათიდან შუაღამემდე მაღაზიაში ვიყავით, როცა ვინმე შემოდიოდა, თაროდან ვიღებდით წიგნს და ფოტოებს ყველას სათითაოდ ვათვალიერებინებდით, ორივემ ვიცოდით, რომელი სურათი რომელ წიგნს გაყიდდა. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ვიღაცამ ინსტაგრამი შექმნა, რომელსაც ზუსტად იმის გაკეთება შეეძლო, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, თუმცა ბუნებრივია, ბევრად უკეთესად და ეფექტიანად. მახსოვს,  მაშინ როცა ჯერ კიდევ ახალი იყო, ბევრი ადამიანისთვის მითქვამს, რომ ეს პლატფორმა იქნება სწორედ ის, რაც მომავალში წიგნებს გაყიდის და მართალიც აღმოვჩნდი – ინსტაგრამზე სწორად შერჩეული ფოტო ნამდვილად ყიდის წიგნს.

წიგნების გარდა, სხვადასხვა ხელოვანებთან თანამშრომლობით ამზადებთ მაისურებს და ჩანთებსაც, რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით მუშაობა?

იმიტომ რომ მოთხოვნა არსებობდა. ყველა წიგნის მაღაზიას აქვს საკუთარი ბრენდის ჩანთა, სადღაც წავიკითხე, რომ ლონდონის Daunt Book-მა ერთი წლის განმავლობაში 130 000 ცალი ასეთი ჩანთა გაყიდა. მივხვდით, რომ ძალიან პოპულარული იყო და გადავწყვიტეთ, ჩვენც გაგვეკეთებინა. იმ პერიოდში ინსტაგრამზე ძალიან პოპულარული იყო უინონას ფოტოები, ოდნავ მოგვიანებით აღმოვაჩინე კიანუს წიგნი, მანამდე არასდროს დაგვიდია მისი ფოტო და აღმოჩნდა, რომ ის კიდევ უფრო პოპულარული იყო, ამიტომაც დავამზადეთ კიანუს და უინონას ჩანთები და მაისურები, სწორადაც მოვიქეცით – ინსტაგრამზე ძალიან პოპულარული გახდა და ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძინა.

რომელია თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი კოლაბორაცია?

რთული შეკითხვაა, მაგრამ ალბათ ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად პოპულარული იყო. WET Magazine-ის დამფუძნებელ ლეონარდ კორენთან ერთად ე.წ. Wet მაისურები შევქმენით, დაგვაბრმავა იმ ფაქტმა, რომ ჩვენ ძალიან მოგვწონდა, თუმცა ვერ გავითვალისწინეთ ის, რომ ეს სხვა ადამიანებს საერთოდ არ ადარდებთ.

 

რას გვეტყვით ვეტმანთან კოლაბორაციაზე, რით იყო დემნა გვასალიასთან თანამშრომლობა თქვენთვის საინტერესო?

ფინანსური თვალსაზრისით, აბსოლუტურად ყველაფერი გავყიდე…  ვხუმრობ, მაგრამ მართლა ძალიან წარმატებული იყო მასთან ურთიერთობა. თუმცა, მანამდე გოშა რუბჩინსკი გავიცანით, ედრიენმა მოიყვანა Dover Street Market-ში, ანჯელას ძალიან მოეწონა,  წიგნის გამოცემა შესთავაზა და ისიც სიამოვნებით დათანხმდა. პირველად Crimea Kids გამოვეცით, რომლის წარდგენაც ლონდონის ICI-ში შედგა. ვეტმანს რაც შეეხება, პიერ ანჟ კარლოტის მიერ გადაღებული 2016 წლის გაზაფხულის კოლექციის ფოტოები 500 ეგზემპლარად დაიბეჭდა, 200 ცალი ინტერნეტით მალევე გაიყიდა, დანარჩენი კი იქვე, პარიზში, მოდის კვირეულის დროს. მართლა ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გამოვიდა, გურამს ვეუბნებოდი, რომ შემდეგში მინიმუმ ხუთი ათასი უნდა დავბეჭდოთ…

სალომემ და ანანომ ახსენეს, რომ მათ IDEA საკუთარი მაღაზიის კონცეფციის ფორმირებაში ძალიან დაეხმარა, თქვენთვის რატომ იყო They Said Books-თან თანამშრომლობა საინტერესო?

ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი სივრცეა ამ ქალაქში, ვიზუალურადაც ძალზე ლამაზია, მომწონს პირველ სართულზე IDEA-ს კუთხე, რაც, როგორც წესი, ხშირად ცალკეა გამოყოფილი ბევრ მაღაზიაში. მიხარია, რომ ბევრი საერთო გვაქვს და ჩვენი იდეები ნამდვილად  ემთხვევა ერთმანეთს.

 

რადგან ასეა, გვითხარით, რა არის IDEA-ს მთავარი იდეა?

მხოლოდ ერთი იდეა  არ აქვს. წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები ალბათ ის არის, რომ არასდროს გვქონია ბიზნეს გეგმა, ეს ყველაფერი ფულისთვის არასდროს გაგვიკეთებია, ყველაფერი, რაც IDEA-ს შეუქმნია, მხოლოდ შემოქმედებისა და კომუნიკაციისთვის, რასაც შემდეგ თავისთავად მიჰყავხარ ფულთანაც. ბრენდი მთლიანად ამ იდეას ემსახურება, ჩვენ იმას ვქმნით, რაც მართლა საინტერესოდ ან შთამბეჭდავად მიგვაჩნია და რაც მართლა მოგვწონს. ვქმნით პროდუქტს, რომელიც შანსს გაძლევს მისი საშუალებით საკუთარი თავი გამოხატო. სწორედ ეს არის IDEA.

 

როგორ ფიქრობთ,  თანამედროვე ეპოქაში რა მნიშვნელობას ატარებს ნაბეჭდი წიგნი?

ჩვენ დღეს ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, თვალს ვადევნებთ უამრავ არხს,  ინსტაგრამზე თუ სხვა სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი გვერდის გამომწერები ვართ. თუმცა ეს ყველაფერი მატერიალურად ხელშესახები არ არის, მაგრამ თუ შემთხვევით  წიგნს წააწყდი, გიჩნდება განცდა, რომ ის რაღაც მართლა არსებობს, თითქოს საკუთარ თავსაც უმტკიცებ, რომ ახლა, 2019 წელს, შენ ცოცხალი ხარ და ამავდროულად ხარ რაღაც კონკრეტულის ნაწილიც. მაგალითად, IDEA-მ 2015 წელს გამოსცა წიგნი – Kanye, Jurgen & Kim, სადაც იურგენ თელერის მიერ გადაღებული კიმ კარდაშიანის და კანიე უესთის ფოტოებია შესული, შეიძლება მისი შინაარსი აბსოლუტურად სულელურად ჟღერს და ალბათ ასეცაა, მაგრამ არაფერი გამოხატავს 2015-ს ისე, როგორც ეს წიგნი, თითქოს კონკრეტული პერიოდის სუვენირია…

როგორია IDEA-ს სამომავლო გეგმები?

ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელიც უკვე გავაკეთეთ, Rombaut x IDEA-ს ე.წ. ვეგანური ტყავით დამზადებული ფეხსაცმელია, ჯერჯერობით არაფერს ვაპირებ ისეთს, რაც აქამდე არ გამიკეთებია, არ ვიცი, ალბათ ისევ Gucci-ის მორიგი წიგნი მომივა თავში…

 

ავტორი : გვანცა ჩანადირი

 


რეკომენდებული სტატიები
დავით კაკაბაძე 130 – ინტერვიუ პროექტის ავტორ ნინა ახვლედიანთან

დავით კაკაბაძე 130 – ინტერვიუ პროექტის ავტორ ნინა ახვლედიანთან

დავით კაკაბაძე 130 – ინტერვიუ პროექტის ავტორ ნინა ახვლედიანთან
თიბისი ბანკი დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, დავით კაკაბაძე–130-ს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ხელოვანისა და მეცნიერის რეტროსპექტული გამოფენა და მულტიმედია პროექტი GAMMA ვიხილეთ
John Riepenhoff – Handler – ინტერვიუ Project Artbeat-ის თანადამფუძნებელ ნათია ბუკიასთან

John Riepenhoff – Handler – ინტერვიუ Project Artbeat-ის თანადამფუძნებელ ნათია ბუკიასთან

John Riepenhoff – Handler – ინტერვიუ Project Artbeat-ის თანადამფუძნებელ ნათია ბუკიასთან
პირველ ივნისს გალერეა Project Artbeat-ში ამერიკელი ხელოვანის, ჯონ რიფენჰოფის სერია Handler გაიხსნა, რომლის ხილვასაც დამთვალიერებელი 25 აგვისტომდე შეძლებს
ვირტუალური სივრცის არქეოლოგია - ინტერვიუ ქეთო ლოგუასთან

ვირტუალური სივრცის არქეოლოგია - ინტერვიუ ქეთო ლოგუასთან

ვირტუალური სივრცის არქეოლოგია - ინტერვიუ ქეთო ლოგუასთან
ქეთო ლოგუა ძირითადად სკულპტურაზე, ვიდეოსა და ინსტალაციაზე მუშაობს. მისი საკვლევი საგანი კი ამჟამად ეკოლოგიური და ტექნოლოგიური სისტემების თანაფუნქციონირება და მათი ევოლუციაა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.