fbpx
გააზიარე სტატია

დავით კაკაბაძე 130 – ინტერვიუ პროექტის ავტორ ნინა ახვლედიანთან

„ძველი ხელოვნების შესწავლის მიზანი უნდა იყოს, სხვათა შორის, მისი ნამდვილ ღირებულებასთან მიახლოება. ამ შემთხვევაში ეს სასარგებლოა ახალი ხელოვნებისთვის. მხოლოდ ამის შესაძლებლობა იქმნება მაშინ, როდესაც ისტორიული საკითხები გაშუქებულია იმ წყაროების მიხედვით, რომელსაც თანამედროვე მეცნიერება იძლევა“.
1924 წელს გამოცემულ პარიზის კატალოგში შესული ეს ციტატა დავით კაკაბაძეს ეკუთვნის, რომლის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო პროექტი თიბისი ბანკმა მასშტაბური  ღონისძიებებით და გამოფენებით უკვე განახორციელა. პროექტის ძირითადი კონცეფცია სწორედ დავით კაკაბაძის სამეცნიერო კვლევებსა და ხედვებზე დაყრდნობით შეიქმნა, რომლის საფუძველზეც  თანამედროვე არტისტებმა მულტიმედია პროექტ GAMMA-ს სახით ძალიან საინტერესო ინსტალაციაც შემოგვთავაზეს.

ჟურნალი Hammock  წარმოგიდგენთ ინტერვიუს თიბისის არტ კურატორთან და პროექტ დავით კაკაბაძე–130-ის ავტორთან,  ნინა ახვლედიანთან.

როგორ გაჩნდა პროექტის – დავით კაკაბაძე–130-ის იდეა  და როგორ განახორციელეთ ის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში?

ერთი წლის წინ, სექტემბერში, დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილეს ფარგლებში, დავით  კაკაბაძის ფონდის დამფუძნებელმა მარიამ კაკაბაძემ თანამშრომლობა შემომთავაზა. პირველად გავაკეთეთ რეტროსპექტული გამოფენა TBC Gallery-ში. ამ გამოფენისთვის წინასწარ ჩავატარეთ რამდენიმეთვიანი მოსამზადებელი სამუშაო,  გავიარეთ არაერთი კონსულტაცია, ძალიან საფრთხილო იყო ასეთი მნიშვნელოვანი ხელოვანის შემოქმედების სრულყოფილად გაცნობა და ამ ყველაფრის საზოგადოებისთვის წარდგენა. ჩართული იყვნენ როგორც პარმენ მარგველაშვილი, რომელიც წლებია დავით კაკაბაძის არქივს იკვლევს, ასევე ქეთი კინწურაშვილი და დათო კოროშინაძე.  დათო კოროშინაძე საგამოფენო ტექსტებზე მუშაობდა და სწორედ მისი დახმარებით სწორი მიმართულება ავირჩიეთ ყველა გამოფენისთვის. ნებისმიერ გამოფენას, რომელიც მაისში მოეწყო, თავისი მიმართულება და კონცეფცია ჰქონდა, რადგან მასალა არის ძალიან დიდი, ამასთან კაკაბაძე იყო არა მარტო ხელოვანი, არამედ მეცნიერი და ხელოვნებათმცოდნე, ფონდში და ოჯახში უნიკალური არქივია დაცული, რის წამოწევაც იშვიათად ხდება ხოლმე, თუ არ ჩავთვლით მის ბოლო რეტროსპექტულ გამოფენას „ეროვნულ გალერეაში“.  თუმცა, არც იქ არ იყო წარმოდგენილი ის მასალები, რომელზეც ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი საიუბილეო წლის ფარგლებში. საბოლოოდ, ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო და ვფიქრობთ, რომ ის მეთოდოლოგიური მიდგომა, რაც ჩვენ ავირჩიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი იქნება, თუ სამომავლოდაც შევძლებთ ასეთი ფორმატით მუშაობას.

რას გულისხმობს ეს მეთოდი?

გულისხმობს იმას, რომ გვქონდა მცდელობა დავით კაკაბაძის მიდგომა მისივე შემოქმედების მიმართ ჩვენს სივრცეში გადმოგვეთარგმნა  და კურატორული მეთოდოლოგია და ხედვა სწორედ ამაზე აგვეგო. ერთ-ერთ ტექსტში, რომელშიც არქიტექტურაზე საუბრობს, ამბობს, რომ ის ხედავს ძალიან საინტერესო მიმართულებებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ხელოვნებასა და არქიტექტურას შორის; დასავლეთში ის მოიაზრებს რენესანსულ პერსპექტივას, რომელიც კარგად ჩანს ფერწერაში, აღმოსავლურში ის ხედავს  განზოგადებულ სივრცეს, უსასრულო დროის შეგრძნებას, რაზეც ზოგადად მთელი აღმოსავლური ხელოვნება დგას.

როგორ შეძელით დავით კაკაბაძის ამ ხედვის პრაქტიკაში განხორციელება?

სივრცეში შემოვიტანეთ მრგვალი არქიტექტურული კედლების კონსტრუქციები. ვეცადეთ, რომ მკაცრ დასავლურ საგამოფენო სივრცეში შემოგვეტანა აღმოსავლური არქიტექტურული ელემენტები, რითაც ამ სივრცეში შევქმენით დამატებითი პერსპექტივა სიღრმე და განზომილება. მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვერღვია სამუზეუმო პრაქტიკა და ის განლაგება, რაც ზოგადად დასავლურ, თუნდაც საქართველოში არსებულ მუზეუმებს ახასიათებთ, როცა რეტროსპექტულ გამოფენებს აკეთებენ და ჩვენ ამ მრგვალმა კონსტრუქციებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა ისეთი ნამუშევრები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში იყო შექმნილი და მოგეხსენებათ, რომ დავით კაკაბაძე ხშირად სხვადასხვა შემოქმედებითი ენით მუშაობდა. როდესაც  ყველაფერი ერთ სივრცეში განვათავსეთ და დავარღვიეთ ეს პრინციპი, ნამუშევრებს შორის ძალიან საინტერესო კავშირები გამომჟღავნდა და მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ დავით კაკაბაძის შემოქმედება სრულიად სხვა ფორმით აღგვექვა და წარმოგვეჩინა. სწორედ ეს მიდგომა, რომელიც ერთგვარ ქსელურ კავშირს ქმნის, ეყრდნობა თანამედროვე ხედვებს – როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, სადაც დიგიტალური სამყარო ასე ზემოქმედებს ჩვენზე, ნებისმიერი ვიზუალის აღქმა უფრო მარტივდება, როდესაც ის ქსელური პრინციპით არის წარმოდგენილი, ერთგვარი მეფინგით ან თუნდაც ერთ სივრცეში. აქაც დავით კაკაბაძის კვლევებს და ტექსტებს ვეყრდნობით, ზუსტად ამაზე საუბრობს ის საუკუნის დასაწყისში. ამბობს, რომ ტექნოლოგიური განვითარება, მაშინიზმი, ცვლის ადამიანში აღქმას და  დამოკიდებულებას ზოგადად ხელოვნების მიმართ, აბსოლუტურად რელევანტურია ეს დღევანდელობისთვის, როდესაც დავით კაკაბაძე ამბობს, რომ უნდა გამოვიყენოთ სამეცნიერო მეთოდოლოგია და მიდგომა და უფრო სიღრმისეულად შევისწავლოთ ხელოვნება და შემდგომ ის წარმოვადგინოთ ახალი ფორმით. ვფიქრობ, რომ ზუსტად ამის მცდელობა ჰქონდა ჩვენს გუნდს და გარკვეული მხრივ ეს განხორციელდა კიდეც.

გარდა ამისა, უდიდესი შრომა გავწიეთ,  რომ არასამუზეუმო სივრცეში გამოგვეფინა ნამუშევრები სხვადასხვა კოლექციებიდან, რაც ძალიან იშვიათად ხდება საქართველოში. ნამუშევრები, რომლებიც წარმოვადგინეთ, იყო როგორც ეროვნული მუზეუმის, ისე მარჯანიშვილის თეატრის კოლექციიდან, ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის  გალერეიდან და კერძო კოლექციებიდან. დიდი შრომა ჩაიდო, იმისთვის რომ შერჩეულიყო თიბისი გალერეა – როგორც სივრცე, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო დონის სტანდარტებს. სწორედ ეს იყო საფუძველი ნდობისა, რომ ეროვნული მუზეუმის დონის ინსტიტუციის კოლექციაში არსებული ნამუშევრები წამოგვეღო და გამოგვეფინა.  მოხარულები ვართ, რომ ეს პრეცედენტი შედგა და ნამუშევრები ერთ სივრცეში ვიხილეთ. ამ მიღწევამ, რა თქმა უნდა, ზეგავლენა იქონია იმ შედეგზე, რაც საგამოფენო სივრცეში მივიღეთ.

რა იყო პროექტის ძირითადი მიზანი და რამდენად შეძელით ამ ჩანაფიქრის განხორციელება?

ჩვენი მიზანი არ იყო, რომ აქცენტი გადაგვეტანა მხოლოდ მის სახელოვნებო შემოქმედებაზე, ამ გამოფენაზე თანაბრად წამოვწიეთ მისივე ტექსტები და ჩანაწერები. კიდევ ერთი მიზანი გვამოძრავებდა: ზოგადად, დავით კაკაბაძის მემკვიდრეობა როგორც არის წარმოჩენილი, იმ გამოფენებისა და სახელოვნებო ინსტიტუციების დამსახურებაა, რომლებიც წლებია უკვე დავით კაკაბაძის მემკვიდრეობას წარადგენენ. წამოწეულია მისი რამდენიმე ცნობილი ნახატი და მათ თან სდევს ტექსუალური რეფერენსიები და ტექსტები, რომელიც ამ ხელოვანს ერთ კონკრეტულ ჭრილში აღგვაქმევინებს. ჩვენი მიზანი იყო, რომ სწორედ რომ ამ ისტორიულ ნარატივს გავცდენოდით,  წარმოგვეჩინა ხელოვანი სრულიად სხვა ჭრილში და გაგვერღვია ეს პარადიგმა. ვეცადეთ, რომ დავით კაკაბაძე გვეჩვენებინა არა როგორც ხელოვანი, ან ძლიერი ეროვნული იდენტობის მატარებელი ფიგურა, არამედ როგორც მეცნიერი და ხელოვნებათმცოდნე. ამ შემთხვევაში ტექსტები, რომლებიც წარმოვადგინეთ, არ იყო მისი მოხსენებებიდან ან კატალოგებიდან. ეს იყო მეტწილად პირადი ჩანაწერები და ამ პირად ჩანაწერებში ჩანს ყველაზე კარგად მისი მუშაობის მეთოდოლოგია. ის ძალიან მოკლე წინადადებებით იწერს მისივე იდეებს, რომლებიც ისეთი ფორმით განვათავსეთ სივრცეში, რომ ტექსტი პირდაპირ გეხმარება ნამუშევრების აღქმასა და გადააზრებაში.

დავით კაკაბაძეს აქამდე ძირითადად ვიცნობდით როგორც ხელოვანს, რით არის გამორჩეული მისი სამეცნიერო დაკვირვებები და რა ფორმით უკავშირდება ის ხელოვნებას?

1924 წელს, დავით კაკაბაძემ სტერეოკინოს პროექტორი გამოიგონა, რომელიც 3D კინოს ვიზუალის მიღების შესაძლებლობას იძლეოდა. მან სწორედ ეს სამეცნიერო მასალა გამოიყენა თავის იმავე პერიოდის კონსტრუქციულ კომპოზიციებში. ეს თანაკვეთები ჩანს და ჩვენც ვეცადეთ, რომ გამოფენაზე წარმოგვედგინა როგორც ინფორმაცია მის სამეცნიერო კვლევებზე, ასევე მის სხვა ნამუშევრებზე, რაც აშკარად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სრულიად სხვა გლობალურ კონტექსტში დავინახოთ – როგორ ცდილობდა ქართველი ხელოვანი ინოვაციური  ხედვით და მიდგომით მაშინდელი ტექნოლოგიები გადმოეტანა ხელოვნებაში ან პირდაპირ დაეკავშირებინა ეს ყველაფერი ერთმანეთთან.

პროექტის ფარგლებში როგორ მოახერხეთ ამ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება?

რეტროსპექტული გამოფენის პარალელურად იმავე სივრცეში გამოვფინეთ მულტიმედია ინსტალაცია, რომელიც სამი თანამედროვე ხელოვანის –  ნიკოლოზ კაპანაძის, მარიამ საშას და დიმიტრი შუბითიძის კოლაბორაციით შევქმენით. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ გაცნობოდნენ უშუალოდ დავით კაკაბაძის სამეცნიერო კვლევებს და არქივებს. ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ წლების განმავლობაში ის  იკვლევდა ადამიანის მხედველობის ოპტიკურ ფიზიოლოგიას. ეს ყველაფერი იძლეოდა საფუძველს, რომ საკმაო მასალა და ინფორმაცია ჰქონოდათ, რათა შემდეგ ეს ყველაფერი თავიანთი ხედვით მულტიმედია ფორმატში გაეცოცხლებინათ.  მივიღეთ ინტერაქტიული ინსტალაცია, რომელიც მრგვალ სივრცეში 360-გრადუსიან ფორმას იძენდა. ინსტალაცია არაერთი ობიექტისგან შედგებოდა, რომლებიც რეაგირებდნენ ადამიანზე როგორც ხმით, ისე ვიზუალით და მათთან ინტერაქციაშიც შედიოდნენ. ეს ნამუშევარი იყო კავშირში უშუალოდ დავით კაკაბაძის ბიომორფულ აბსტრაქციებთან, რომელსაც ის 20-იან წლებში ქმნიდა. დავით კაკაბაძეს დიპლომი ჰქონდა ბიოლოგიაში, თვითონ იკვლევდა ზოგადად, თუნდაც უჯრედების შესაძლო სიღრმისეულ ვიზუალიზაციას, რომლის შესწავლის ტექნოლოგიები მაშინ არ არსებობდა, თუმცა ამ ეტაპზე არსებობს და ამის გადმოთარგმნა აბსტრაქციაში ძალიან საინტერესო იყო. თუ მეოცე საუკუნის დასაწყისში იყვნენ ისეთი ხელოვანები, როგორებიც არიან მაგალითად, არპი ან მირო, რომლებიც ასევე იმ დროისთვის ბიომორფულ ხელოვნებაზე მუშაობენ, დავით კაკაბაძემ ჯერ კიდევ მაშინ სულ სხვა მხრივ შეისწავლა და აბსტრაქციებსაც კი სამეცნიერო კვლევებს და ხედვებს უკავშირებდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვყავს ქართველი ხელოვანი, რომელიც ამას აკეთებდა და ქართველებს მოუწოდებდა, რომ შეექმნათ ისეთი ხელოვნება, რომელშიც მსგავსი კვლევები იქნებოდა გათვალისწინებული. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ხელოვანებს შორის საინტერესო კოლაბორაცია შედგა, რადგან მათ თავისთავად შეძლეს თავიანთი ხედვით ანალოგიური ინსტალაციების წარმოდგენა.

პროექტი  დამთვალიერებელმა თბილისის ხელოვნების ბაზრობაზეც იხილა, ექსპო ჯორჯიას სივრცეში რა ნამუშევრები გქონდათ წარმოდგენილი?

მაისში, როცა ხელოვნების ბაზრობა ჩატარდა, იქ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ შეგვერჩია მრგვალი სივრცე, კონტექსტი იყო მცენარეები და ბუნება, ეს ორი რამ პირდაპირ უკავშირდებოდა დავით კაკაბაძის  შემოქმედებას, ამ კონტექსტში ჩვენ წარმოვადგინეთ მისი სამეცნიერო კვლევები და არქივები, და ამით მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ უფრო ფართო სპექტრით გაგვეშალა მისი ხედვები. ვფიქრობთ, რომ უნიკალურ არქივზე დაყრდნობით თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო სიღრმისეულად შეგვესწავლა კაკაბაძის მემკვიდრეობა და ასე ფართოდ წარმოგვეჩინა საზოგადოებისთვის.

როგორ  გაგრძელდება  პროექტი წლის ბოლომდე?

ვგეგმავთ კიდევ ერთ გამოფენას, მაგრამ ეს გამოფენა იქნება განსხვავებული ფორმატის, გვინდა, ისევ არქივებზე გავაკეთოთ აქცენტი, ეს იქნება ერთგვარი შეჯამება იმისა, რაც აქამდე გაკეთებულა.  ჩვენ წარვადგენთ იმ ახალ ალტერნატიულ არქივს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეიქმნება. ჩვენი მიზანია იმ საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც იგეგმება მთელი წლის განმავლობაში, შემოვიკრიბოთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ახალგაზრდები, რომლებსაც მივცემთ შესააძლებლობას დავით კაკაბაძის არქივზე იმუშაონ. ის  ფაქტი, რომ ეს ყველაფერი დიგიტალიზებულია, ყველაფერს გვიმარტივებს. ჩვენი მიზანია განახლებული არქივის შექმნა, რომელიც შემდგომ ისევ და ისევ დავით კაკაბაძის შემოქმედების შესწავლაში დაგვეხმარება.

თიბისიმ მსგავსი მასშტაბური პროექტი პეტრე ოცხელის შემთხვევაში ერთხელ უკვე განახორციელა, დავით კაკაბაძე მეორეა. რატომ არის მნიშვნელოვანი თანამედროვე და საუკუნის წინანდელი არტისტების კოლაბორაცია მაინც და მაინც დღეს?

მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის გამარტივდეს და ინტენსიურად მიეწოდოს ინფორმაცია კულტურულ მემკვიდრეობაზე. უნდა გამოვეხმაუროთ მათ საჭიროებებს, თანაც თუ ტექნოლოგია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სრულიად სხვა ფორმატით წარმოვაჩინოთ კულტურული მემკვიდრეობა. თიბისის პროექტებიც სწორედ  ამას ემსახურება. ვცდილობთ ამ მიმართულებით კიდევ განვვითარდეთ და წლევანდელი წელი ამის ნათელი მაგალითია. დავით კაკაბაძის ფონდმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად გვეკვლია მხატვრის შემოქმედება, მისი არქივები. ამ პროგრესის ფარგლებში კი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კულტურულ პროექტს ვიღებთ, რაც თიბისის ოდესმე განუხორციელებია. აქ ორიენტირი არის შედეგზე და შედეგი, ჩემი აზრით, იქნება ის, რომ პუბლიკაციები და ტექსტები, რომლებიც ამ არქივს დაემატება, ღირებული და მნიშვნელოვანი იქნება  ახალგაზრდა თაობისთვის. საქართველოში რთულია არქივებთან მუშაობა, რთულია მუზეუმის კოლექციებთან მუშაობა, ამიტომ საჭიროა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, რომ ადამიანებისთვის რესურსების მიწოდება გამარტივდეს.

ავტორი : გვანცა ჩანადირი

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
გალერეა „შარდენი“ – სადაც ვერა ფაღავას და ფელიქს ვარლას ნამუშევრებია წარმოდგენილი

გალერეა „შარდენი“ – სადაც ვერა ფაღავას და ფელიქს ვარლას ნამუშევრებია წარმოდგენილი

გალერეა „შარდენი“ – სადაც ვერა ფაღავას და ფელიქს ვარლას ნამუშევრებია წარმოდგენილი
თბილისში, რუსთაველის 13 ნომერში მდებარე გალერეა “შარდენში” დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა მეოცე საუკუნის სხვა ქართველი კლასიკოსი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, ვერა ფაღავას და ფელიქს ვარლამიშვილის ნახატებიც იხილოს
ე.ა. საგამოფენო სივრცე - ინტერვიუ ელენე აბაშიძესთან

ე.ა. საგამოფენო სივრცე - ინტერვიუ ელენე აბაშიძესთან

ე.ა. საგამოფენო სივრცე - ინტერვიუ ელენე აბაშიძესთან
სულ ახლახან დამოუკიდებელმა კურატორმა ელენე აბაშიძემ ინგოროყვას ქუჩაზე “ე.ა. საგამოფენო სივრცე” გახსნა, სადაც დამთვალიერებელს საშუალება აქვს მიმდინარე გამოფენა - “დაცული სიტყვები” იხილოს
ERTI Gallery Tbilisi Art Fair-ზე

ERTI Gallery Tbilisi Art Fair-ზე

ERTI Gallery Tbilisi Art Fair-ზე
ERTI Gallery-მ წელს თბილისის საერთაშორისო არტბაზრობისთვის ფართომასშტაბიანი პროგრამა მოამზადა
უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან

უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან

უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან
Anna K.E. ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანია, რომლის შემოქმედებაში ფერწერა, ინსტალაცია, პერფორმანსი და ვიდეო ხშირად ერთ ნამუშევარში ერთიანდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.