fbpx
გააზიარე სტატია

გრაფიკული რომანი “ვეფხისტყაოსანი” – ინტერვიუ დავით მაჭავარიანთან

მხატვარ დავით მაჭავარიანის, იგივე კაკადუს, მრავალწლიანი შემოქმედება სხვადასხვა მედიის მიქსისგან შედგება –  დაწყებული წიგნის ილუსტრაციიდან, სამკაულებისა და ვიდეოთამაშების დიზაინით, კინოსა და ანიმაციის მხატვრობითა თუ კომიქსებით დამთავრებული. არტისტის გამოცდილება ბევრ პროექტსა და გამოფენას ითვლის. ბავშვობაში ანატომიის წიგნების ილუსტრაციებიდან გაჩენილი ინტერესი, სამხატვრო აკადემიის კერამიკის, შემდგომ კი მულტიპლიკაციის ფაკულტეტზე გაგრძელდა. რასაც კომიქსებისადმი ინტერესი და ამერიკაში მუშაობისას მიღებული გამოცდილებაც მოჰყვა. ბოლო წლებში კი არტისტი  „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკით დაინტერესდა. 19 ივლისს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში მხატვრის სოლო გამოფენა  – გრაფიკული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ – გაიხსნა. გამოფენით მხატვარმა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისთვის შექმნილი გრაფიკული რომანის გამოსვლა აღნიშნა, რომელიც გამომცემლობისა და არტისტის ერთობლივი საეტაპო პროექტია. გამოფენაზე გრაფიკული რომანის 224 ილუსტრაციის გარდა წარმოდგენილი იყო ყველა ის ნამუშევარი, რომელსაც მხატვარი 10 წლის განმავლობაში ქმნიდა ამ თემატიკის მიხედვით, მათ შორის – კლასიკური გამოცემის ილუსტრაციები და ასევე არტისტის მიერ „ზარაფხანისთვის“ შექმნილი სამკაულების კოლექციაც. არტისტმა პოემის უნიკალური, სრულიად ახალი და განსხვავებული ვერსია  – გრაფიკული რომანი შექმნა. ტექსტის ადაპტაციაზე პრემიასაბასლაურეატმა, მწერალმა სალომე ბენიძემ იმუშავა.

 

რა ასაკიდან გაჩნდა შენს ცხოვრებაში ხატვა? და შემდგომ უკვე კომიქსები?

ხატვა ჩემს ცხოვრებაში ბავშვობიდან გაჩნდა, ვხატავდი ალბათ ისე, როგორც სხვა ბავშვები. ერთხელ მამაჩემის ანატომიის წიგნები გადმოვიღე და დავხატე სისხლის მიმოქცევის სისტემა, ყველაზე მთავარი სისტემა ორგანიზმში, და ალბათ მაშინ გაჩნდა ხატვა ჩემს ცხოვრებაში პირველად. 

შემდეგ უკვე ძალიან დიდი გავლენა იქონია კინოთეატრში სინდბადის მოგზაურობის ნახვამ. მახსოვს, სახლში მოსვლისთანავე ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ჩანახატი დავხატე და აღმოვაჩინე, რომ  ერთ ამბავს შეიძლება ბევრი ვარიაცია ჰქონდეს. ხატვით, პრინციპში, სულ ვხატავდი, სათამაშოებს ვიგონებდი.

კომიქსებიც მქონდა. წიგნებში იყო ბიდსტრუპის ნახატები, რაც  საბჭოთა კავშირში მოიპოვებოდა. მხატვარ-კარიკატურისტის, ბიდსტრუპის კლასიკურ შემოქმედებაში ნახატი ნახატს მისდევს და ისტორიას გვიყვება სიტყვების გარეშე.  ძალიან მომწონდა, იუმორით რომ გასწავლიდა რაღაცას, გაჩვენებდა ისეთი მხრიდან, რომ თან სასაცილო ყოფილიყო. ვგიჟდებოდი წიგნების ილუსტრაციებზე, ვკითხულობდი და ველოდებოდი ილუსტრაციის გამოჩენას. ალბათ ბავშვობაში ყველას თავისი გასართობი აქვს, რომელზეც ყურადღება თავისით კონცენტრირდება. ის, რაც ხდებოდა საზღვარგარეთ, უბრალოდ არ არსებობდა ჩვენს სივრცეში და როცა უყურებ, გინდება, რომ შენც გქონდეს. ამიტომ იწყებ შენთვის რაღაცების მოგონებას, რომ რამით გაერთო. მე-6 კლასში ვიყავი, ომები და არეულობა რომ დაიწყო.  ერთადერთი, რაც შეიძლებოდა გასართობი ყოფილიყო, ხატვა და რაღაცების მოგონება იყო. ამიტომ არასდროს მიგრძნია თავი მარტო და კომიქსებიც აქედან მოვიდა. ერთხელაც აღმოვაჩინე უკვე ევროპული – ბელგიური და ფრანგული კომიქსები. როცა ამერიკული კომიქსი ჩამივარდა ხელში, მივხვდი, რომ შეგიძლია ისე გააკეთო, ისე მოჰყვე ისტორია, რომ ჰქონდეს თანმიმდევრობა. ამან რაღაცნაირად გავლენა იქონია ჩემზე. მიუხედავად იმისა, რომ ხატვა ძალიან მიყვარდა, ბევრ სხვა რაღაცასაც ვაკეთებდი. ჩემი ბავშვობის ძალიან დიდი დრო მუსიკამ წაიღო, და ვფიქრობ,  ბავშვობაში ყველაზე დიდი გავლენა სწორედ მუსიკამ იქონია, 14-15 წლიდან სულ ცოცხლად ვუკრავდი, მაგრამ მერე ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ ირაკლი, ვისთან ერთადაც ვუკრავდი, გარდაიცვალა, რამაც განაპირობა ჩემი ხატვისკენ მიბრუნება.

 რა გავლენა იქონია შენზე ამერიკაში გატარებულმა წლებმა?  synetic theater-თან თანამშრომლობამ?

ამერიკაშიც რაღაც ისე მოვხვდი, უცნაურად. როცა ჩავედი და ხატვა დავიწყე, საკუთარ თავს იმის უფლება  მივეცი, რომ ამერიკულად მეხატა, სივრცის გათვალისწინებით.

იქ, თეატრში, სულ ვხატავდი. ყველაზე კარგი პრაქტიკაა მოძრავი სხეულის ხატვა. თუ გინდა, რომ სხეულის ენა ისწავლო, სულ უნდა აკვირდებოდე – მხატვარი მაინც ის შემოქმედია, რომელიც აკვირდება. ვიჯექი, სანამ სპექტაკლს დგამდნენ, ვაკვირდებოდი, როგორ დგამდნენ და მაოცებდა პაატა თავისი ენერგიითა და თავისებური დადგმის სტილით, სამუშაო პროცესით, იმით, თუ როგორი მონდომებით აკეთებდა ყველაფერს. ძალიან დიდხანს ვიჯექი და ვხატავდი, და მივხვდი, რომ ისტორიის ხატვისას ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ამბავი შენ თვალწინ გაცოცხლდეს. ჩემთვის ნაცნობი აღმოჩნდა სამუშაო პროცესი, 24-საათიანი მუშაობა… წარმოუდგენელი  გრაფიკი იყო, ნებისმიერ დროს შემეძლო მივსულიყავი და მეხატა. სამი წელი ვიყავი თეატრში და ამ დროის განმავლობაში გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი. 

DC Comics-ის რედაქტორთან, დენ რასპლერთან შეხვედრამ რა გავლენა იქონია შენზე?

ნიუ-იორკში მოვხვდი, დენ რასპლერის ოფისში, პირდაპირ ბეტმენის სახლში. მე ის თაობა ვარ, რომელმაც ბეტმენი კინოთი გაიცნო. საკულტო რაღაცებზე რომ ვისაუბროთ, ბეტმენი ის გმირია, რომელიც რაღაცნაირად იქმნება და შემდგომ “იზრდება”.  ბეტმენს დიდი ისტორია აქვს, ალბათ 60-წლიანი, მისი ბევრი კინოადაპტაცია არსებობს. როცა ადამიანები ერთმანეთს ვხვდებით, რაღაც ბადესავით იქმნება და ყველა ერთმანეთზე ძალიან დამოკიდებული ვხდებით და ამიტომ მთელი ეს შეხვედრებიც ძალიან მნიშვნელოვანია.  მგონია, რომ მნიშვნელოვანი იყო დენ რასპლერთან შეხვედრაც. პირველ რიგში, ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, რადგან გაიღო კარი და ვნახე ბეტმენი თავისივე სართულზე, იქ, სადაც იხატება, და ასრულდა მთელი ჩემი ბავშვობის ოცნებაც, ომიანი საქართველოდან დაწყებული. შემდეგ ამ შეხვედრამ მომცა ის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ მომენტში, გააზრება საკუთარი შესაძლებლობების. იმ დროს საქართველოში ვერავინ მოგცემდა იმის ცოდნას, თუ რამდენად კარგი ან ცუდი ხარ შესაბამისი სამუშაოსთვის, რამდენად მომზადებული ხარ, ან თუნდაც  რამდენად გაწაფული ხელი გაქვს. 

გარდა ამისა, დენ რასპლერმა მაჩვენა მუშაობის პროცესი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩემთვის. მას შემდეგ კი, რაც ჩემი ნახატები ნახა, დამაკავშირა Vertigo Comic-ის რედაქტორთან, რომელსაც Sandman აქვს გამოშვებული.  

როგორ გაჩნდა “ვეფხისტყაოსნის” გრაფიკულ პოემად გარდაქმნის იდეა?

 ხშირად მებადება კითხვა – რატომ დავიბადე აქ, ამ სივრცეში?  და უცებსეთი პასუხი ჩნდება: ყველანი ჩვენ-ჩვენ ადგილას ვიბადებით და თუ გვგონია, რომ რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, კი არ უნდა გავიქცეთ, არამედ ამ სივრცეში დავრჩეთ და ვაკეთოთ. ამერიკიდანაც  იმ განცდით ჩამოვედი, რომ თუ ამერიკას დავჭირდები, აუცილებლად დამიძახებს

ჩამოვედი და გავაგრძელე ხატვა, დიზაინიდან ისევ დავუბრუნდი ხატვას და დავიწყე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობა რამდენიმე პროექტზე. რაღაც მომენტში გადავწყვიტეთ, რომ გვეცადავეფხისტყაოსანიც”, დავხატე და მოეწონათ. ამის მერე გაჩნდა იდეა –   გვეცადა  კლასიკური გრაფიკული რომანიც, ილუსტრაციებიც.

ზუსტად ვიცოდი, რომ ძალიან ბევრი სამუშაო იქნებოდა, მაგრამ წინასწარ რაღაცნაირად გრძნობ, რის გაკეთებას შეძლებ. ამის ახსნა რაციონალურად რთულია, უბრალოდ, იცი, რის კეთება უფრო გაგიხარდება და ამ შეგრძნებით დავიწყე ხატვაც. 

კომიქსისგან განსხვავებით გრაფიკული პოემა უფრო რთული გასააზრებელია. ზუსტად ვიცოდი, რომ კომიქსის კეთება გამიხარდებოდა, მაგრამ სანამ კომიქსს გააკეთებ, აუცილებლად ძალიან კარგად უნდა იცნობდე ნაწარმოებს, რომ ზუსტად გესმოდეს არსი, მიმდევრობა. ამიტომ, ორი წელი მოსამზადებელი პერიოდი მქონდა –  ვსწავლობდი “ვეფხისტყაოსანს”, ამბის მიმდევრობას.  

გადავწყვიტეთ, ილუსტრაციების მერე უკვე კომიქსი გაგვეკეთებინა, გრაფიკული ნოველა. დიდი რისკი იყო, მაგრამ რაღაცები ყოველთვის უნდაცადო. ეს უნდა გაკეთებულიყო აუცილებლად სხვა ხედვითა და მიდგომით.

სამუშაო პროცესში ყველაზე რთული, ყველაზე დიდი გამოწვევა რა აღმოჩნდა

 ყველაფერი. იმის მერე, რაც გადავწყვიტე, რომ  ამ სახის პროექტზე ვიმუშავებდი, პირველ რიგში, დავიწყე ხელის გადაკეთება. ოთხი წელი ვემზადებოდი მუშაობის დასაწყებად.  როცა მივხვდი, რომ მზად ვიყავი, სამი წელი  ვხატავდი, სამი  წელი გრძელდებოდა მუშაობის პროცესი

 თუმცა, შიშიც დიდი იყო, და თვითონ თემატიკიდან გამომდინარე იყო დიდი გამოწვევაც, მაგრამ ვცადე და, პირველ რიგში, მაყურებელმა მიმიღო, როგორც ამ თემაში მომუშავე მხატვარი. ამ ყველაფერს ერთი პატარა საიდუმლო აქვს და ამ საიდუმლოში უნდა გაკეთებულიყო ის ყველაფერი, რაც 31 ნახატს გაშლიდა 200 გვერდზე და ყველაზე დიდი სირთულეც ეს იყო. გარდა ამისა, კომიქსის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო სხვანაირი ხელი და მას ამბავი კინოსავით უნდა მოეთხრო.

სამკაულების კოლექცია… 

2013-ში ვიმუშავეზარაფხანასთან” ერთადვეფხისტყაოსნის” თემატიკის სამკაულების კოლექციაზე, რომელიც ერთგვარი გადააზრება იყო ამ თემის.

გარდა ამისა, მუშაობ გუნდთან ერთად. რამდენად რთული იყო გუნდისთვისაც ამ პროექტზე, განსაკუთრებით  “ვეფხისტყაოსნის” ადაპტირებულ ტექსტზე მუშაობა

ჩვენ ხშირად ვიკეტებით ხოლმე ტრადიციებში, ვლუქავთ მათ და არ ვავითარებთ, ტრადიცია არ არის მკვდარი მექანიზმი, ტრადიცია არის საფუძველი და განუმეორებელი, რომელსაც ვერ შეცვლი, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია დაამატო, იმიტომ რომ დრო იცვლება, ადამიანები იცვლებიან, ცნობიერება იცვლება და შესაბამისად, ტრადიციებიც მოითხოვს გადააზრებას. იმის გადააზრებას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ის, რაც ვართ, შევინარჩუნოთ ავთენტურობა და არ ვგავდეთ სხვას, ზუსტად იგივე ხდებოდა ამ გვერდების ხატვის დროსაც.

რაც შეეხება თვითონ ნაწარმოებს, გარდა იმისა, რომ მე მანამდე ორი წელი ვიმუშავე და ვეცნობოდი მას, როგორც კინოსვიზუალურად გააზრებული მქონდა, როგორც კინო, ვხვდებოდი დინამიკას, იმას, თუ როგორ რიტმში უნდა ყოფილიყო, რომ თვალი კითხვის დროს მიჰყოლოდა წყობას. დარწმუნებული ვარ, იგივე განცდებიქონდა პაატა ციკურიშვილსაც, როცა synetic theater-ში წარმოდგენას აწყობდა – შექსპირს უსიტყვოდ – რადგან მანამდე შექსპირი უსიტყვოდ არავის დაუდგამს. შეიძლებოდა გრაფიკული ნოველის უსიტყვოდ გაკეთებაც, თუმცა ვთვლი, რომ ეს არ იქნებოდა სწორი, უნდა ყოფილიყო ტექსტიც და ჯგუფიც, რომელიც ამ პროექტზე იმუშავებდა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი 21-ე საუკუნის საქართველოში

რამდენადაც ვიცი,  უპირატესობას ანიჭებ ხელით ხატვას, რატომ ხელით და არა ციფრულად? რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ხელით ხატვას

პირველი რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად არ ვიყო დამოკიდებული ტექნიკაზე, რაც ნამუშევრის დაკარგვის შანსს ამცირებს

გარდა ამისა, ციფრული ხატვა, თუ დააკვირდებით, ერთი და იგივე ფუნჯებს იყენებს მსოფლიოს მაშტაბით, შესაბამისად, ნახატებიც ერთმანეთს ემსგავსება, თითქოს ინდივიდუალურად არ იხატება. მიუხედავად იმისა, რომ  ფერს ყველა თავისებურად გრძნობს, მაინც გამოყენებულია რაღაც , ერთგვარი ტექნიკა, რაც ყველას აქვს და შესაბამისად, იკარგება ინდივიდუალიზმიც, თუმცა ციფრული ხატვა ინდუსტრიისთვის ძალიან საჭიროა

გარდა ამისა, გიმუშავია ბევრ მედიაში, რომელში გრძნობ თავს ყველაზე უფრო კომფორტულად?

 ჩემი აზრით, თავი არ უნდა შეიზღუდოის, რაც გწვავს, შენს აზრებს იპყრობს და გრძნობებს აღელვებს, იმის საპირწონეს პოულობ. ეს შეიძლება იყოს ქანდაკება, მეტალზე მუშაობა, ხატვა, ვიდეო… მერე უკვე თვითონვე ხვდები, ხელის დიდი მოქნევა გინდა თუ უბრალოდ ჩაჯდომა. ამასთანავე, როცა გინდა რაღაცას ფლობდე, შენ თავზე ბევრი უნდა იმუშაო. ზოგადად, გააჩნია მდგომარეობასაც, პრინციპში, ხელოვნება რა მდგომარეობაშიც არის, იმას უნდა გაჰყვე. ნებისმიერ შემთხვევაში უფრო მეტად საკუთარ თავთან “მოგზაურობა” მაინტერესებს.

სამომავლო გეგმები… 

 სამომავლო გეგმებზე საუბარი ცოტა სისულელე მგონია, ამიტომ ვილაპარაკებ უფრო იმაზე, რომ რა შეიძლება იყოს სასარგებლო იმ კონცეპტისთვის, ზოგადად, იმ აზრისთვის, რასაც ვაკეთებ. სამომავლოდ შეიძლება ვცადო  ვიდეოზე, ქანდაკებებზე ან თუნდაც სამაგიდო თამაშებზე ძალების მოსინჯვაც. ეს ყველაფერი რეალურად იმისთვის გაკეთდა, რომ ამაზე უკეთესიც გაკეთდეს. თან ძალიან საინტერესო ახალი თაობა მოდის, რომელიც ხელითაც მუშაობს და ციფრულადაც, აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ამ ყველაფრის გარდა, ამ პროექტზე მუშაობამ მომცა ის, რომ შემდეგ პროექტებზე, შემდეგ წიგნებზე უფრო თამამად ვიფიქრებ.  

 

ავტორი:  სოფო ბუჯიაშვილი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.