fbpx
გააზიარე სტატია

Hammock-ის ათწლეულის შეჯამება – ხელოვნება

დასასრულს უახლოვდება კიდევ ერთი ძალიან ქაოსური  და საინტერესო დეკადა, რომელმაც ინფლუენსერების და Fake-ების გარდა, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენით დაგვამახსოვრა თავი.  Hammock წარმოგიდგენთ ბოლო დეკადის შემაჯამებელი სტატიების სერიას, რომლებშიც 2010 წლიდან დღემდე ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები იქნება გაერთიანებული.

Banksy-ის თვითგანადგურებადი “გოგონა ბუშტით”

2018 წელს სოთბის აუქციონზე Banksy-ს ნახატი “გოგონა ბუშტით” 1,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონის დასრულებიდან  რამდენიმე წუთში ნამუშევარი დამსწრე საზოგადოების თვალწინ თავად განადგურდა, რის შემდეგაც ნახატს იმაზე მეტი ღირებულება დაედო, ვიდრე იქამდე ჰქონდა, სანამ  ნაკუწებად იქცეოდა. ბენქსიმ მოვლენის ამსახველი ვიდეო ტრადიციულად საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა მინაწერით: Going, going, gone… რაც ბოლო დეკადის თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელ და ხმაურიან ეპიზოდად დარჩა.

დევიდ ჰოკნის ყველაზე ძვირად ღირებული “არტისტის პორტრეტი”

ბრიტანელი მხატვარი, ფოტოგრაფი და  სცენის დიზაინერი დევიდ ჰოკნი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია, რომელსაც 60-იანი წლების პოპ-არტ კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. თუკი მის მიერ ადრეულ წლებში შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები, პორტრეტები და პეიზაჟები ძირითადად შავი და მუქი ფერებითაა გამორჩეული, 60-იან წლების დასაწყისში ბრიტანეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლით ჰოკნის ნამუშევრებს კაშკაშა და ნათელი  ფერები ემატება. დევიდ ჰოკნი კალიფორნიას პირველად 1964 წელს ეწვია. წვიმიანი და ნისლიანი ლონდონის შემდეგ მზიანი ამინდები, პალმებიანი სანაპირო და საცურაო აუზები არტისტისთვის მთავარი ინსპირაციის წყარო გახდა, ეს ყველაფერი კი მომდევნო წლებში ჰოკნის სტილის და ხელწერის ძირითად განმსაზღვრელ ნიშნებად იქცა. სწორედ კალიფორნიაში სტუმრობის შემდეგ დახატა ჰოკნიმ ვარდისფერ პიჯაკში გამოწყობილი “არტისტის პორტრეტი”, რომელიც 2018 წელს კრისტის აუქციონზე 90.3 მილიონ დოლარად გაიყიდა და არა მხოლოდ უკანასკნელი დეკადის, არამედ ზოგადად ყველა დროის  ყველაზე ძვირად ღირებულ ნამუშევარს წარმოადგენს, რომელიც ცოცხალ მხატვარს ეკუთვნის. 

მარინა აბრამოვიჩი – Artist is present

მარინა აბრამოვიჩმა  2010 წელს ხელოვნების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერფორმანსი – The Artist is present დაიწყო, რომელიც ჯამში 736 საათი გრძელდებოდა. 2010 წელს Moma-ში დაწყებული ეს პერფორმანსი დღეში დაახლოებით 8-საათის განმავლობაში ათასობით უცნობ ადამიანთან პირისპირ ჯდომას და მათთვის  თვალებში ყურებას გულისხმობდა. ეს ემოციური პერფორმანსი კიდევ უფრო ემოციური გახდა, როცა უამრავ უცხო ადამიანთან ერთად მარინას მისთვის კარგად ცნობილი ცხოვრებისეული პარტნიორი ულეიც ესტუმრა, რომელთანაც 12-წლიანი პირადი და შემოქმედებითი ურთიერთობა ხელოვანმა ჩინეთის დიდ კედელთან დაასრულა.

ჟან მიშელ ბასკიას ყველაზე ძვირად ღირებული “უსახელო” ნამუშევარი

მიუხედავად იმისა, რომ ჟან მიშელ ბასკია 1988 წელს 28 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისმა ნამუშევარმა – “უსახელო” – 2019 წელს ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და 110 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს  რეკორდული რაოდენობის თანხა იაპონელმა მოდის ანტერპრენერმა იუსაკუ მაეზავამ გადაიხადა და ამით ჟან მიშელ ბასკია ყველაზე ძვირად ღირებულ ამერიკელ მხატვრად აქცია.

მაურისიო კატელანის ბანანი და დავიდ დათუნა

იტალიელმა მხატვარმა მაურისიო კატელანმა Art Basel Miami Beach-ის გამოფენაზე თავისი ახალი ნამუშევარი, კედელზე ნაცრისფერი ლენტით მიწებებული ბანანი წარადგინა, რომლის ღირებულება 120 000 დოლარი იყო. ნამუშევარმა საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია – რატომ წარმოადგენდა კედელზე მიწებებული ბანანი ხელოვნების ნიმუშს, თანაც ასეთ ძვირად ღირებულს. 

ამ ე.წ. კომედიურმა და ორაზროვანმა ნამუშევარმა კიდევ უფრო დიდი აურზაური გამოიწვია, როცა ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა ხელოვანმა დავიდ დათუნამ კატელანის წებოვანი ლენტით მიწებებული ბანანი კედლიდან ჩამოხსნა და ჟურნალისტების თვალწინ შეჭამა. “ეს პერფორმანსია და ამ პერფორმანსს მშიერი არტისტი ჰქვია”, – ამბობდა დევიდ დათუნა.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.