fbpx
გააზიარე სტატია

Hammock-ის ათწლეულის შეჯამება – ფოტოგრაფია

დასასრულს უახლოვდება კიდევ ერთი ძალიან ქაოსური  და საინტერესო დეკადა, რომელმაც ინფლუენსერების და Fake-ების გარდა, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენით დაგვამახსოვრა თავი.  Hammock წარმოგიდგენთ ბოლო დეკადის შემაჯამებელი სტატიების სერიას, რომლებშიც 2010 წლიდან დღემდე ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები იქნება გაერთიანებული.

პეტრა კოლინსის ფემინური ფოტოგრაფია

2010-იან წლებში თანამედროვე ფოტოგრაფიის ისტორიაში ახალგაზრდა, სრულიად განსხვავებული და ძალიან საინტერესო ხედვის მქონე ფოტოგრაფი პეტრა კოლინსი გამოჩნდა. წარსულში მოცეკვავემ, კურატორმა და რეჟისორმა ბოლო დეკადაში მისი მთავარი სამუშაო მედიუმით ფემინურობასა და სექსუალობაზე დაფუძნებული არაერთი საინტერესო პროექტი შემოგვთავაზა. 2013 წელს მან  Huffington Post-ში გამოაქვეყნა ვირუსული ესე იმის შესახებ, თუ როგორ წაუშალა ინსტაგრამმა  თავისივე ფოტოსურათი, რომელზეც მისივე სხეულის თმა ჩანდა. წერილში ფოტოგრაფი იმ სტანდარტებზე საუბრობდა, რომლებშიც თანამედროვე სამყარო ქალის მოქცევას ცდილობს. ამ საკითხის მიმართ პეტრას საწინააღმდეგო მოსაზრება ყველაზე კარგად მის ფოტოებში ჩანს, რომლებზეც ფოტოგრაფმა თანამედროვე ქალის მზერა აღბეჭდა.

ტაილერ მიშელი პირველი შავკანიანი ფოტოგრაფის ნამუშევარი ჟურნალ Vogue-ს ყდაზე

2016 წელს ჟურნალ Dazed-ის მიერ 100 ტალანტს შორის დასახელებულმა ტაილერ მიშელმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო მოდისა და ფოტოგრაფიის სფეროში  Marc Jacobs-თან და Givenchy-სთან მუშაობით უკვე გაითქვა სახელი, თუმცა ბოლო ათწლეულის ისტორიაში მაინც პირველი შავკანიანი ფოტოგრაფის სახელით შევიდა, რომლის ფოტოც ჟურნალ Vogue-ს ყდაზე მოხვდა. ჯერ მხოლოდ 23 წლის ტაილერი უკვე თანამშრომლობს ყველაზე პრესტიჟულ გამოცემასთან, ამერიკულ Vogue-თან, რომლისთვისაც ფოტოგრაფმა ბოლო პერიოდში  ბიონსე გადაიღო.

ვოლფგანგ ტილმანსი  ბრექსიტის წინააღმდეგ

„თაობის დოკუმენტალისტი“ – ასე მოიხსენიებენ თანამედროვეობის  ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან არტისტს – ვოლფგანგ ტილმანსს, რომლის ფოტოგრაფიული გამოცდილება ერთდროულად მისი თაობის, LGBTQ+ თემის, ლონდონისა და ბერლინის ანდერგრაუნდ სცენის, საკუთარი მეგობრების, სამოქალაქო აქტივისტების თუ თავად ტილმანსის  ცხოვრების სტილს ასახავს. თუმცა, მისი შემოქმედება ცდება ფოტოგრაფიის მედიუმს და მოიცავს როგორც აბსტრაქტულ ინსტალაციებს, ასევე ვიდეო, მუსიკალურ და პრინტ ნამუშევრებს. მართალია, მისი მრავალფეროვანი სახელოვნებო კარიერა 2010-იან წლებში არ დაწყებულა, თუმცა მის მიერ 2016 წელს ბრექსიტის წინააღმდეგ შექმნილი ნამუშევრები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მის შემოქმედებაში. ვოლფგანგ ტილმანსი სწორედ იმ არტისტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ნამუშევრებშიც თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური და სოციალური პრობლემებია ასახული. სამოქალაქო აქტივიზმის თუ უმცირესობათა უფლებებისთვის ბრძოლის  ამსახველი კადრები ფოტოგრაფის არქივში მრავლად მოიძებნება, თუმცა გარდა ფოტოებისა, როგორც ჩანს, ლონდონში გატარებული ყველაზე მნიშვნელოვანი წლები და ბრიტანული კულტურის სიყვარული არაბრიტანელი არტისტისთვის საკმარისი აღმოჩნდა ამ ბრძოლაში ჩასართავად, იმდენად რომ, ინსტაგრამზე და სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებოდით ტილმანსის პოლიტიკურ პოსტერებს შესაბამისი მოწოდებებით.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.