fbpx
გააზიარე სტატია

Hammock-ის ათწლეულის შეჯამება – კინო

დასასრულს უახლოვდება კიდევ ერთი ძალიან ქაოსური  და საინტერესო დეკადა, რომელმაც ინფლუენსერების და Fake-ების გარდა, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენით დაგვამახსოვრა თავი.  Hammock წარმოგიდგენთ ბოლო დეკადის შემაჯამებელი სტატიების სერიას, რომლებშიც 2010 წლიდან დღემდე ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები იქნება გაერთიანებული.

ალეხანდრო გონსალეს ინარიტუ – “ბიუტიფული”, “ბირდმენი” და “რევენანტი”


ბოლო ათწლეულის შემოქმედებითად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მრავალფეროვანი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინარიტუ იყო, რომელმაც 2010 წლიდან დღემდე მის კარიერაში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი – “ბიუტიფული”, “ბირდმენი” და “რევენანტი” გადაიღო. 2011 წელს ხავიერ ბარდემის მონაწილეობით გადაღებული  “ბიუტიფული” ოსკარისა და ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იყო წარდგენილი. “ბიუტიფულზე” კიდევ უფრო წარმატებული იყო ინარიტუს მომდევნო ორი ფილმი “ბირდმენი”, რომელმაც ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო კინოსურათის ნომინაციაში გაიმარჯვა, აღსანიშნავია ის, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აკადემიის ჯილდო მექსიკელ რეჟისორს გადაეცა. მეორე ოსკარი ინარიტუმ “რევენანტისთვის” მიიღო. ფილმი, რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო მონაწილეობს, ამასთანავე ოსკარის 12 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

უეს ანდერსონი   – “ამომავალი მთვარის სამეფო”, “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი” და “ძაღლების კუნძული”


2010-იანი წლები განსაკუთრებულად წარმატებული იყო უეს ანდერსონისთვისაც, რომელმაც თავისი კინემატოგრაფიული კარიერის სამი საუკეთესო ფილმი სწორედ ამ პერიოდში შექმნა. 2012 წელს კანის კინოფესტივალი მისმა Moonrise kingdom-მა გახსნა, რომელმაც გარდა დიდი ფინანსური წარმატებისა, რეჟისორს ოსკარის ნომინაცია საუკეთესო სცენარის კატეგორიაში მოუტანა. თუმცა ყველაზე დიდი წარმატება  და კიდევ უფრო დიდი აღიარება რეჟისორს 2014 წელს შექმნილმა “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტმა” შესძინა, რომელმაც აკადემიის ცხრა ნომინაციიდან ოთხში გამარჯვება მოიპოვა. ბოლო დეკადაში უეს ანდერსონმა კიდევ ერთი ფილმის “ძაღლების კუნძულის” შექმნა მოასწრო, 2018 წელს გამოსულ ფილმთან ერთად კი რეჟისორმა იმავე პერიოდში ახალი ფილმი ისეთი ვარსკვლავების მონაწილეობით დააანონსა, როგორებიც მისი საყვარელი ედრიენ ბროუდი, უილიამ დეფო, ბილ მიურეი და ბოლო ათწლეულის  ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და კაშკაშა ვარსკვლავი ტიმოთი შალამე არიან.

ლუკა გუადანინოს Call me By Your name და ტიმოთი შალამე

2010-იანი წლები წარმატებული იყო იტალიელი რეჟისორის, ლუკა გუადანინოსთვისაც. A Bigger Splash, Call me by your name და Suspiria ის ფილმებია, რომლებიც რეჟისორმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გადაიღო. თუმცა ამ სამიდან საზოგადოების მხრიდან ყველაზე დიდი ინტერესი ანდრე ასიმანის რომანზე დაფუძნებულმა Call me by Your name-მმა გამოიწვია, რომელიც არა მხოლოდ რეჟისორისთვის, არამედ მისი ერთ-ერთი მთავარი გმირის შემსრულებელი მსახიობი ტიმოთი შალამესთვისაც განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ Call me by your name  ტიმოთის პირველი კინოროლი არ ყოფილა, ფილმმა მსახიობს საზოგადოებაში პოპულარობა, სიყვარული და მომდევნო წარმატებული კინოროლები მოუტანა.

და ბოლო დეკადის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმები…

2010-იან წლებში მაყურებელმა არაერთი ძალიან საინტერესო უცხოენოვანი ფილმიც იხილა, რომელთა არსებობამაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ თანამედროვე კინემატოგრაფია არ ექცევა მხოლოდ ჰოლივუდის საზღვრებში და  ხშირ შემთხვევაში მისგან ძალიან შორს, სამყაროს მეორე მხარეს იქმნება. ერთ-ერთი ასეთი ფილმი, რომელიც ირანელმა რეჟისორმა ასგარ ფარჰადიმ გადაიღო, A Separation-ია, რომელმაც 2011 წელს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიმარჯვა. ირანული დრამა კულტურულ კონტექსტში მშობლების განქორწინებისა და მისი თანამდევი პრობლემებს შესახებ მოგვითხრობს.  

ბოლო ათწლეულში ორი ძალიან წარმატებული ფილმი შექმნა პოლონელმა რეჟისორმა პაველ პავლიკოვსკიმ – 2015 წელს ოსკარის გამარჯვებული “იდა”, რომელიც   მონასტერში მონაზვნების აღზრდილი მორჩილი ანას ისტორიას გვიყვება და “ცივი ომი”, რომელშიც პავლიკოვსკიმ ომის შემდგომ პერიოდში განვითარებული და სინამდვილეში საკუთარი მშობლების ისტორიით შთაგონებული ამბავი ასახა.

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფილმი, რომელმაც გასულ წელს მაყურებლისა და კანის კინოფესტივალის ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა, ალფონსო კუარონის “რომაა”. ნახევრად ავტობიოგრაფიული ფილმი, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზეც და ოსკარის დაჯილდოებაზეც გამარჯვება მოიპოვა,  მექსიკური საშუალო კლასის ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. ოსკარის ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა, თუმცა გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფილმი ჩან დონ ლის “ალმოდებული” იყო. ფილმი, რომელიც ჰარუკი მურაკამის მოთხრობას ეფუძნება, მაყურებელმა პირველად 2018 წლის კანის კინოფესტივალზე იხილა, ეს არის “პოეზიის” შემდეგ მეორე ფილმი, რომელიც კორეელმა რეჟისორმა ბოლო ათ წელიწადში გადაიღო.

ისევ კორეული, თუმცა ამჯერად 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფილმი ბონგ ჯუნ ჰოს “პარაზიტი” – კანში ოქროს პალმის რტოს მფლობელი, ამჟამად კი ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში წარდგენილი სურათი, რომელიც სარდაფში მცხოვრები ღარიბი კორეული ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.  “პარაზიტის” გვერდით საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ტიტულისთვის იბრძვის პედრო ალმოდოვარის “ტკივილი და დიდებაც”. ფილმში ალმოდოვარის საყვარელი პენელოპე კრუსი და ანტონიო ბანდერასი თამაშობენ, სადაც ეს უკანასკნელი თავად შემოქმედებით კრიზისში მყოფი პედროს პროტოტიპია. ანტონიო ბანდერასს აქამდე ალმოდოვარის არაერთ ფილმში უთამაშია, თუმცა „ტკივილი და დიდება“,  შეიძლება ითქვას, რომ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი როლია, რომლისთვისაც ოქროს პალმის რტო უკვე მიიღო და შეიძლება მალე ოსკარიც დაიმსახუროს. თუმცა ეს უკვე ახალ და იმედია კიდევ უფრო საინტერესო დეკადაში მოხდება…

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.