fbpx
გააზიარე სტატია

Hammock-ის ათწლეულის შეჯამება – მოდა

დასასრულს უახლოვდება კიდევ ერთი ძალიან ქაოსური  და საინტერესო დეკადა, რომელმაც ინფლუენსერების და Fake-ების გარდა, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენით დაგვამახსოვრა თავი.  Hammock წარმოგიდგენთ ბოლო დეკადის შემაჯამებელი სტატიების სერიას, რომლებშიც 2010 წლიდან დღემდე ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები იქნება გაერთიანებული.

დემნა გვასალიას  Balenciaga და Vetements

ბოლო ათწლეულის მოდაში ალბათ არაფერს გამოუწვევია იმდენი ხმაური და აჟიოტაჟი, რამდენიც დემნა გვასალიას ბალენსიაგაში გამოჩენას და მის მიერვე საკუთარი ბრენდის,  Vetements-ის დაარსებას. ბალენსიაგას სადებიუტო ჩვენება დემნამ 2016 წლის მარტში გამართა და კრისტობალ ბალენსიაგას მემკვიდრეობას ახალი, სრულიად განსხვავებული კონტექსტი მოარგო. თუმცა, როგორც საერთაშორისო გამოცემები მაშინ დემნა გვასალიაზე წერდნენ, ეს იყო არა განმეორება ან ბალენსიაგას სტილის ახალ რეალობაში თარგმნა, არამედ სრულიად ახალი და განსხვავებული ფურცელი ბრენდის ისტორიაში, რომელზეც გარკვეულწილად Vetements-ის მიდგომა და გავლენა იგრძნობოდა.

Vetements კი ის არის, რაც თავიდან ბოლომდე მას ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს დემნამ Vetements-ის კრეატიული დირექტორის თანამდებობა დატოვა, Vetements-ის კოლექციების დიდი ნაწილი დემნას პერსონალური ისტორიების მანიფესტაციას წარმოადგენდა. გავიხსენოთ თუნდაც 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა თავიდან ბოლომდე ქართულ მოტივებსა და პირად ისტორიებს დაუკავშირა.

 ვივიენ ვესტვუდის კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო  და Gucci-ის კარბონ-ნეიტრალური მოდა

2010-იან წლებში მოდის ინდუსტრიაში კლიმატის ცვლილების პრობლემა და ზოგადად, ტანსაცმლის ჭარბწარმოების გამო გარემოს დაზიანების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო კამპანიაში – The Fashion Pact-ში 150 მოდის სახლი ჩაერთო, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული კამპანია Gucci-მ დაიწყო. 2019 წელს ბრენდმა საკუთარი წარმოება მთლიანად გაათავისუფლა კარბონისაგან, 2015 წელს კი 10-წლიანი მდგრადი განვითარების გეგმა დასახა, რის მიხედვითაც 2020 წლისთვის ბრენდი საკუთარი წარმოების მთლიანად განახლებად ენერგიაზე გადასვლას გეგმავს. 

კიდევ ერთი მასშტაბური კამპანია წამოიწყო სამოქალაქო აქტივიზმით ცნობილმა ვივიენ ვესტვუდმა, რომელმაც 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია პოდიუმის ნაცვლად  პირდაპირ ონლაინმედიაში წარმოგვიდგინა. გაზაფხულის კოლექციით დიზაინერმა კლიმატის ცვლილების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ბევრ სხვა მიზეზთან ერთად მოდის სამყარო და ტანსაცმლის ჭარბწარმოებაც იწვევს. “ხელისუფლება იწვევს სიღარიბეს, სიღარიბე იწვევს კრიმინალს, გამოდის, რომ პოლიტიკოსები კრიმინალები არიან”, – თამამად ამბობს ვესტვუდი ვიდეორგოლიდან. Lookbook-ში წარმოდგენილი კოლექციის ფოტოებზე კი ბრენდის ზოგადი ხედვაც იკითხება: “ის, რაც ცუდია პლანეტისთვის, ცუდია ეკონომიკისთვის” და პირიქით – რაც კარგია პლანეტისთვის, შესაბამისად, სიკეთის მომტანია ეკონომიკისთვისაც”. 

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეს კონკრეტული ვიდეორგოლი, დიზაინერის შემოქმედებაში ამ თემის შესახებ არც პირველი და არც ერთადერთი კამპანია არ არის. ჯერ კიდევ 2012 წელს ვივიენმა ე.წ. კლიმატის რევოლუცია პირდაპირ ლონდონის პარაოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე გამოაცხადა, სადაც მის მიერ გამოწყობილ ეკოჯარისკაცებთან ერთად ამ რევოლუციის და მისი მოგების გარდაუვალობაზე და აუცილებლობაზე ისაუბრა. გარდა ამისა საქველმოქმედო კამპანიით – Cool Earth, რომელიც ტყეების გადასარჩენად წამოიწყო, ექსკლუზიური მაისურები დაამზადა და ამ პრობლემას ერთი მილიონი გირვანქა სტერლინგით დაეხმარა. მაისურებზე გამოსახა კიდევ ერთი კამპანია Save The Arctic. არქტიკის გადასარჩენად შექმნილი მაისურები დიზაინერმა ისეთ ვარსკვლავებს მოარგო, როგორებიც არიან – ქეით მოსი, კრის მარტინი, ნაომი კემპბელი, ოზი ოზბორნი, სტელა მაკარტნი და ბევრი სხვა.

გარდა სპეციალური კამპანიებისა, ვივიენ ვესტვუდის, როგორც დიზაინერის ზოგადი ხედვა ეთიკური მოდის პრინციპებს ითვალისწინებს, რაც წარმოებიდან ტყავისა და ბუნებრივი ბეწვის სრულიად ამოღებას ნიშნავს. ეთიკური მოდის კამპანია ვესტვუდმა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, სადაც ნაირობის ქუჩებში გადაღებული კოლექციით ამ ქვეყანაში ქალთა შრომითი უფლებების შესახებაც ისაუბრა. ვივიენ ვესტვუდი თავისი სოციალური კამპანიებით სხვადასხვა დროს არა მარტო ეკოლოგიურ, არამედ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებსაც ეხებოდა. ცნობილია მისი PETA Video, რომელიც დიზაინერმა ვეგეტარიანიზმის მხარდასაჭერად და ცხოველის ხორცის მოხმარების წინააღმდეგ შექმნა.

ასევე ცნობილია მისი გენდერული ნორმების, პანკ-კულტურის, შოტლანდიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი და ანტიტერორისტული კანონის მხარდამჭერი კოლექცია, სადაც ფრაზა – I AM NOT A TERRORIST, please don’t arrest me დიზაინერმა პირდაპირ ჩვილი ბავშვის ტანსაცმელზე გამოსახა.

Comme des Garcons-ის გამოფენა მეტროპოლიტენის მუზეუმში

2017 წლის მაისში რეი კავაკუბო ივ სენ ლორენის შემდეგ მეორე დიზაინერი გახდა, რომლის ნამუშევრების გამოფენა მეტროპოლიტენის მუზეუმში მოეწყო. 150 წარმოდგენილი ნამუშევარი, რომელიც თამამად შეგვიძლია ხელოვნების ნიმუშებს მივაკუთვნოთ, რეი კავაკუბოს ყველაზე მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ კოსტიუმებს მოიცავს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში მის განსაკუთრებულ ადგილსა და მნიშვნელობას.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.