fbpx
გააზიარე სტატია

Diller Scofidio+Renfro – შესაძლებლობების არქიტექტურა

Diller Scofidio+Renfro არქიტექტურული სახელოსნოა, რომელიც ელიზაბეტ დილერმა და რიკარდო სკოფიდიომ 1981 წელს  ნიუ-იორკში დააარსეს.

აღსანიშნავია ამ ორი არქიტექტორის კავშირი კუპერ იუნიონის არქიტექტურულ სკოლასთან: სხვადასხვა დროს ისინი სწავლობდნენ და ასწავლიდნენ კუპერ იუნიონში და აქ შეხვდნენ ერთმანეთს. ლიზ დილერი 1979 წელს, არქიტექტურული სკოლის დამთავრების შემდეგ, იქვე დარჩა სამუშაოდ, პროფესორ სკოფიდიოს ასისტენტად და მასვე გაჰყვა ცოლად. რაც შეეხება ჩარლზ რენფროს, იგი დუეტს 2004 წელს შეუერთდა. სწორედ ეს სამი წამყვანი არქიტექტორი უდგას სათავეში პროფესიონალების ჯგუფს და მათთან ერთად ქმნის პროექტებს, რომლებიც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

საქმე იმაშია, რომ DS+R არქიტექტურას კულტურული ფენების ერთობლიობად აღიქვამს და არა  მხოლოდ „შენებად“. შესაბამისად, სტუდიის ნამუშევრები ხშირად უფრო ინსტალაციებია, რომლებშიც არქიტექტურული თეორია, ურბანისტიკა, ციფრული მედია, ტექსტი და გამოსახულება ერთიანდება. DS+R მთელ ყურადღებას სივრცის შესაძლებლობების კვლევას უთმობს და არქიტექტურას მხოლოდ მის განუყოფელ ნაწილად მოიაზრებს.

 ხშირია ექსპერიმენტები გარემოს ვიზუალსა და აკუსტიკაზეც: 2002 წელს Swiss EXPO-ზე ჯგუფმა შემოგვთავაზა ტბაზე გამართული პავილიონი Blur Building – ხელოვნურად გაჩენილი ნისლის ღრუბელი წყლის ზედაპირზე.  პავილიონში დაურეგულირებელი მოძრაობისას დამთვალიერებელი იაზრებდა კულტურულ დამოკიდებულებას ზოგადად მხედველობაზე (ხედვაზე): არქიტექტურული ფორმა ვიზუალურად არ კონკრეტდებოდა და ეს უცნაური შეზღუდულობა ადამიანში სხვა ინსტინქტებს აღვიძებდა.  საგულისხმოა, რომ სკოფიდიომ და დილერმა საერთაშორისო აღიარება თავდაპირველად თეორიული ნაშრომებით მოიპოვეს და იმ „მეამბოხე აუტსაიდერებად“ ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ხელოვნებასა და არქიტექტურას შორის საზღვრებს არ ცნობენ.

სკოფიდიო, რენფრო და დილერი არქიტექტურის, როგორც თვითმყოფადი, „ავტონომიური” დისციპლინის ჩამოყალიბებას ინდივიდუალური და კომერციული პროექტებით ცდილობენ. ხშირად ამ მიზნის მისაღწევად რამდენიმე, რადიკალურად განსხვავებული პლატფორმის ერთდროულად გამოყენება ხდება საჭირო. არქიტექტურაზე ჩატარებული ასეთი თამამი ექსპერიმენტები დიდ ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვს, ამიტომაც, პროექტები არცთუ ისე იშვიათად,  მეცნიერებთან, არტისტებთან, ქორეოგრაფებთან და სხვა პროფესიონალებთან თანამშრომლობით იქმნება. მაინც რას ნიშნავს არქიტექტურის თვითმყოფად დისციპლინად ჩამოყალიბება? თუ სახელოსნოს განხორციელებულ პროექტებს გადავხედავთ, ადვილად მივხვდებით, რომ ამ იდეის მიღმა, პირველ რიგში არქიტექტურის გასაჯაროება მოიაზრება – შენობების ქალაქთან მაქსიმალური ინტეგრირება და თავისუფალი სივრცეების შექმნა.

DS+R ემიჯნება იდეას „არქიტექტურა არქიტექტურისთვის”, პირიქით – თვითმყოფადი არქიტექტურა ღია, თავისუფალი გამოცდილებაა, რომელიც ხელოვნებას, ურბანულ თავისებურებებსა და სოციალურ საჭიროებებს მაქსიმალურად ითვალისწინებს.  საინტერესოა, რომ ლიზ დილერი ამ მიდგომაზე საუბრისას იყენებს სიტყვათა შეთანხმებებს „სივრცის პოლიტიკა“ და „საქალაქო ადგილი“ – რითაც ხაზს უსვამს, რომ DS+R მოცულობითი თუ ურბანული ნამუშევარი საჯაროა და მჭიდროდ უკავშირდება ნიუიორკელების ყოველდღიურობას.

ამ თეორიულ მახასიათებლებს DS+R-ის ყველაზე წარმატებული პროექტი High Line იდეალურად აცოცხლებს, მასზე საუბარი უკვე წლებია არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ მიტოვებული რკინიგზის რეკრეაციულ ზონად გადაკეთების პრაქტიკა აქამდეც არსებობდა, High Line მისი სიფაქიზით, ორგანულობით და ამავდროულად თამამი კონტრასტით ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე პარიზული ალტერნატივა. კონცეფცია მარტივია: ურბანული ინფრასტრუქტურის ინტერპრეტაცია არ უნდა ნიშნავდეს მისი მნიშვნელობის დაკარგვას ქალაქის ქსოვილში. ლიზ დილერი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი არქიტექტურაში, თითქმის ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ამაყობს High Line-ით, როგორც გადარჩენილი საზოგადოებრივი სივრცით. მეტიც, სულაც არ მიიჩნევს დანაშაულად  შედეგად მიღებულ სწრაფ ჯენტრიფიკაციას ჩელსის უბანში, ფიქრობს, რომ ეს კიდევ ერთი გაკვეთილია, რომელიც High Line-მა, როგორც ექსპერიმენტმა უნდა გვასწავლოს.

გასაკვირი არაა, რომ DS+R კარგად იცნობს ნიუ-იორკს და იცის რა სჭირდება მას: ლინკოლნის ცენტრის საჯარო სივრცეების მოწყობისა და ჯულიარდის რენოვაციის პროექტი ამის კარგი მაგალითია. სავარაუდოდ, ნიუ-იორკისთვის არანაკლები მნიშვნელობისa იქნება კიდევ ერთი ახალი სივრცე – The Shed – DS+R-ის ავტორობით,  რომელიც 5 აპრილს ოფიციალურად გაიხსნა. ის მოძრავი კონსტრუქციაა, რომელიც პლაზას უერთდება და ბუნებრივად განათებულ ჰოლს ქმნის. კონცეფცია – სივრცის ფუნქციური გადააზრება და მისი ახლებურად დატვირთვა – უცვლელია. პროექტის მთავარი ღირსება მულტიფუნქციურობაა – ჰოლი ერთნაირი წარმატებით შეიძლება გადაიქცეს გალერეად, საკონცერტო დარბაზად და სარეპეტიციო სივრცედ. Shed დაახლოებით 3000 ადამიანს დაიტევს და თუ ნიუ-იორკს დასჭირდება, აღმოსავლეთ ფასადს ეკრანადაც გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ გაშლილი Shed შეიძლება გამჭოლ, საზოგადოებრივ სივრცედაც იქცეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ადგილი მთლიანად პლაზას დაუთმოს.  ეს აღარ არის სტატიკური არქიტექტურა, რომლის მთავარი მისია მუდმივობაა, პირიქით, DS+R მაქსიმალურად თანამშრომლობს მომავალთან და ამავდროულად მის წინასწარმეტყველებას არ ცდილობს. მართლაც, იმ ეპოქაში, სადაც იდეები და განსაზღვრებები სწრაფად იცვლება, არქიტექტურა უფრო მოქნილი და ადაპტირებადი უნდა იყოს. კონსტრუქციის რელსით მოძრაობა გადაძახილია ადგილის ისტორიულ დატვირთვასთან და კონტექსტის უკეთ აღქმაში გვეხმარება, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ არქიტექტურულ გადაწყვეტას, Shed-ში ადვილი ამოსაცნობია სედრიკ პრაისის ლეგენდარული პროექტის, Fun Palace-ის გავლენა.

 ბუნებრივია, რომ DS+R-ს ყოველთვის არ აქებენ კრიტიკოსები: ხშირად რენდერი და რეალობა აცდენილია, კონცეფცია კი ლამის არარსებობამდე აბსტრაქტული.  თუმცა, საპროექტო აშკარად ცდილობს შეზღუდული მოცულობა სხვადასხვა გზით დინამიკაში მოიყვანოს და ახერხებს, საზოგადოებას ეს საქმე იოლად მოაჩვენოს.

ავტორი: ლილე აბსანძე


რეკომენდებული სტატიები
ჯონ ლოტნერის არქიტექტურა ჰოლივუდის ფილმებში

ჯონ ლოტნერის არქიტექტურა ჰოლივუდის ფილმებში

ჯონ ლოტნერის არქიტექტურა ჰოლივუდის ფილმებში
ამერიკელი არქიტექტორის დაპროექტებული სახლები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს მოგვაგონებს. მისი კოსმოსური, ფუტურისტული არქიტექტურა 70-იან წლებშია შექმნილი და დღემდე იწვევს დამთვალიერებლების აღფრთოვანებას
ფრანგი არქიტექტორის, პიერ შაროს - Maison de Verre

ფრანგი არქიტექტორის, პიერ შაროს - Maison de Verre

ფრანგი არქიტექტორის, პიერ შაროს - Maison de Verre
როცა ვსაუბრობთ საკულტო მოდერნისტულ მოცულობებზე, ვსაუბრობთ არქიტექტურაზე ახალი ადამიანებისთვის. სწორედ ამ კონტექსტში მოიაზრება "მინის სახლი" პარიზში
ლუკა გუადანინო - Call Me By Your Name-დან ინტერიერის დიზაინერობამდე

ლუკა გუადანინო - Call Me By Your Name-დან ინტერიერის დიზაინერობამდე

ლუკა გუადანინო - Call Me By Your Name-დან ინტერიერის დიზაინერობამდე
ოსკაროსანი რეჟისორის დებიუტი ინტერიერის დიზაინერის ამპლუაში და სახლი კომოს ტბის სანაპიროსთან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.