fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x თიბისი სტატუსი – “ბოროტმოქმედი” – ინტერვიუ დიმიტრი მამულიასთან

გუშინ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე დიმიტრი მამულიას ფილმის, “ბოროტმოქმედის” ჩვენება გაიმართა. “ბოროტმოქმედი”, რომლის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე უკვე შედგა, ჩვეულებრივი და  არაფრით გამორჩეული ადამიანის ისტორიას გვიყვება, რომლის ცხოვრებას ერთი შემთხვევითი ფაქტი აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს. უნებლიეთ მკვლელობის მომსწრე უდანაშაულო ადამიანს ნანახი მკვლელობა ვირუსივით შეეყრება, ეს აკვიატება კი იმდენად მოიცავს მთელ მის გონებას, რომ ისევ უბრუნდება დანაშაულის ადგილს და შეპყრობილივით იწყებს იმ ყველაფრის კვლევას, რაც დანაშაულს უკავშირდება. 

დიმიტრი, რა პროცესი უძღოდა წინ ფილმის გადაღებას, როდის გაგიჩნდათ იდეა, რომ “ბოროტმოქმედი” გადაგეღოთ?

იდეა ფილმამდე დიდი ხნით ადრე დაიბადა. ეს თემა ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა –  ადამიანი, რომელიც თავისთვის მშვიდად ცხოვრობს და უცებ მის ცხოვრებაში რაღაც ფაქტი ხდება, რაც მის სულში ყველაფერს რევს, ეს შინაგანი არეულობა, როგორც ავადმყოფობა, ყოველთვის მაინტერესებდა და სულ ვეძებდი სიუჟეტს, რომელიც ამ მასალას ასახავდა და მისთვის ყველაზე კარგი ყალიბი იქნებოდა. 

არის რომელიმე კონკრეტული ნაწარმოები, რომელიც ფილმს  დაედო საფუძვლად, ამბობენ, რომ სცენარს დოსტოევსკისთან აქვს კავშირი

დოსტოევსკი ძალიან ნომინალურადაა, ზოგადად, მსგავსი თემა უამრავია. კი, ამბობენ, რომ დოსტოევსკისთან აქვს კავშირი, იმიტომ რომ რასკოლნიკოვიც მოტივის გარეშე კლავს და შეიძლება სწორედ ამით ჰგავს კიდეც, მაგრამ მე არ მგონია, რომ ფილმი დოსტოევსკით არის შთაგონებული, დოსტოევსკის გმირს თავისი კონცეპტი აქვს. რასკოლნიკოვი მეცხრამეტე მეოცე საუკუნის გმირია და ამ ტიპის კონცეპტის განხორციელება ჩემთვის დღეს ცოტა ყალბად ჟღერს. თუ ფილმის ფესვების ძიებას მაინცდამაინც ლიტერატურულ ნაწარმოებებში დავიწყებთ, მე უფრო სამ ნაწარმოებს დავასახელებდი, რომლებიც ძალიან მიყვარს და რომელთა ირგვლივაც ყოველთვის ვტრიალებ. ესენია: ლეონის ანდრეევის “აზრი”, ჩეხოვის “შავი ბერი” და ლევ ტოლსტოის “კრეიცერის სონატა”. სამივე ამ ნაწარმოებში გმირი ფსიქიკურად ირყევა, მის ცხოვრებაში ხდება რაღაც, რაც მასში ფსიქიკურ ცვლილებებს იწვევს და ეს ცვლილებები თითქოს ნათესაურ კავშირშია დანაშაულთან. როცა მსგავს ფსიქიკურ აშლილობას ვიკვლევდი, აღმოვაჩინე, რომ ამას კავშირი აქვს სურათებთან, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, რომლებიც ჩვენს წარმოდგენებში იბადება, შემდეგ კი ისინი ადამიანის ფსიქიკის მართვას და მასზე დომინირებას იწყებენ. მომეჩვენა, რომ ეს ძალიან საინტერესო ენაა კინოსთვის, წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც თითქმის უჩინარია და არც ხასიათის განსაკუთრებული გამოვლინებები აქვს, უცებ ირევა მისი ფსიქიკა, და იმისთვის, რომ რეალურად დავინახოთ მასში რა მოხდა, უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ეს ადამიანი მატარებელია, რომელიც თავის შინაგან სამყაროში წაგვიყვანს და გვაჩვენებს სურათებს, რომლებსაც ხან რეალური ბუნება აქვს, ხან კი ირაციონალური და წარმოსახვითი. რეალობაც პირობითია, არ ვიცით, რა არის რეალობა – ის, რაც ახლა ჩვენ გარს გვარტყია თუ ის, რაც ჩვენ შიგნითაა.

თვითონ გმირის მოტივი რა არის, გააზრებული აქვს ის ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში ხდება?

გააზრებული არ აქვს, ამ შემთხვევაში ის მსხვერპლია. მასში ეს ყველაფერი ისევე შემოდის, როგორც გრიპიდან დაწყებული ნებისმიერი დაავადება შეიძლება შემოვიდეს ადამიანში, თუმცა ცვლილება, რომელიც ამ დაავადების გამო ხდება, გარეგნულად არ აისახება, უბრალოდ მისი წარმოსახვა იცვლება. ფილმის სტრუქტურად კალეიდოსკოპური პრინციპი ავიღე. ვფიქრობდი, რომ საინტერესო იქნებოდა თხრობის ძაფი ხან მიზეზშედეგობრივ ხაზს მიჰყოლოდა,  ხან კი ამ მიზეზშედეგობრიობიდან ამოვარდნილიყო და რაღაც სხვა სურათი შეექმნა, რომელსაც შეიძლება ლოგიკა გააჩნია, თუმცა ეს ლოგიკა ჩვენს უბრალო მიზეზშედეგობრივ წარმოდგენას არ ექვემდებარება. 

ფილმის რიტმიც ამ ორი რეალური და წარმოსახვითი სამყაროების მონაცვლეობას მიჰყვება…

არ ვიცი, მიჰყვება თუ არა, ყოველ შემთხვევაში მინდოდა, რომ მიჰყვებოდეს. მე შეიძლება არ ვიყო ობიექტური, თუმცა ის, რასაც თქვენ ამბობთ, მე და მონტაჟის რეჟისორს სახელმძღვანელო პრინციპად გვქონდა. გადავწყვიტეთ გვეხელმძღვანელა არა მიზეზშედეგობრიობით, არამედ იმით, თუ რა ხდება გმირის თავში. მისი თავი ხანდახან ჯანსაღია, ხანდახან ავადმყოფი და კადრებიც სწორედ  იმას ასახავს, რაც იმ დროს გმირის გონებაში ხდება. ამის გამო ზოგჯერ შეიძლება ირევა მაყურებელი და ისიც ისევე ფიქრობს, როგორც გმირი, ნეტავ რა ხდება ფილმში. თუმცა მიზანი გვქონდა, რომ ეს არეულობა დიდხანს არ გაგრძელებულიყო და რაღაც მომენტში ისევ დავბრუნებოდით თხრობას, იმისთვის რომ მაყურებელს თავადვე შეექმნა თავისი მიზეზშედეგობრივი ჯაჭვი და დიდხანს არ ჩაფლულიყო ქაოსში, რომელიც ასევე არსებობს ფილმის ქსოვილში. 

თქვენთვის რა არის ფილმში ყველაზე მთავარი, მაინც რის თქმა გინდოდათ?

ძალიან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხი, იმიტომ რომ არაფრის თქმა არ მინდა, ის კი არა, ჩემს შვილს რა ვუთხრა, ხანდახან ისიც არ ვიცი, ღმერთმა დამიფაროს, ვინმესთვის რამე მქონდეს სათქმელი, ისეთი რამ, რაც მხოლოდ  მე ვიცი და მაყურებელსაც უნდა ვაცნობო.

მაშინ რისთვის გადაიღეთ “ბოროტმოქმედი”?

ესეც რთული კითხვაა, მე თვითონაც ვუსვამ ჩემს თავს ამ კითხვას, თუმცა მაინც გადავიღე ფილმი და არც ახლა ვაპირებ ამ პროფესიისთვის თავის დანებებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესია ხშირად ეჭვსაც კი იწვევს ჩემში. თუმცა მართლა გულწრფელად რომ გიპასუხოთ, წარმოიდგინეთ, რაღაც მასალა არსებობს,  როგორც მოქანდაკეს შეიძლება უყვარდეს მარმარილო, გრანიტი ან ხე და ამ მასალასთან შეხებით სიცოცხლესთან შეხების შეგრძნება ჰქონდეს, ჩემთვისაც დაახლოებით ასევეა საინტერესო გარკვეული ტიპის ადამიანების სახეებთან შეხება. ამიტომ განსაკუთრებულად ვეძებდით ასეთ სახეებს და ვცდილობდით ხელი არ შეგვეშალა იმისთვის, რომ ეს სახეები და მათი ფსიქიკური საიდუმლო კადრში ან სცენაში შემოსულიყო, ალბათ სწორედ ამიტომ ვიღებდი ფილმს.

რა იყო თქვენი, როგორც რეჟისორის მოტივი, როცა ამ თემის კვლევა დაიწყეთ, საიდან გაჩნდა თქვენში ის აზრი, რომელიც “ბოროტმოქმედებას” არ გაამართლებდა,  მაგრამ იმ ტიპის ახსნას მოუძებნიდა, რაზეც თქვენ საუბრობთ?

სიმართლე რომ გითხრათ, ცხოვრებაშიც კი ბოლომდე არ მჯერა მოტივების, კი არსებობს, მაგრამ მოტივი, რომელსაც ჩვენ ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც ვეძებთ, სინამდვილეში ძალიან მარტივ ერთ ან რამდენიმე სფეროში ხდება. მაგალითად, თუ მე მინდა, რომ კარიერაში რაღაცას მივაღწიო, ეს არის ჩემი მოტივი და ამისათვის მე  ვაკეთებ ამას, ამას და ამას, მაგრამ ამ ტიპის მოტივების გარდა, ცხოვრებაშიც და შესაბამისად, კინოშიც არსებობს სხვა სახის უჩვეულო მოვლენები. დავუშვათ, ადამიანს ყველაფერი კარგად აქვს, ჰყავს ოჯახი, შვილები, ძალიან უყვარს მეუღლე… ერთხელაც, უცებ მეტროში მიდის და ხედავს გოგოს, რომელიც არანაირად არ მოსწონს, მისი წარმოდგენით ეს გოგო ლამაზი არ არის, მაგრამ რატომღაც გონებაში ებეჭდება და იმ დღიდან მისი ცხოვრება ირევა. ყოველთვის მაინტერესებდა ამ ტიპის სიუჟეტები, ცხოვრებაში ძალიან ბევრია ასეთი აუხსნელი ამბავი, მაგალითად, როგორ შეიძლება, რომ დედამ თავისი შვილი მოკლას, ამის  მიზეზშედეგობრიობაში ჩასმის ყველა მცდელობა განწირული და უსუსურია, ბუნებრივია, არსებობს მოტივი, თუმცა ამ მოტივს სხვა, სიბნელის ბუნება აქვს, ამიტომ მისი სიტყვიერად ახსნა შეუძლებელია. თუ გინდა გამოიკვლიო ეს ფაქტი და მიხვდე, რა მოხდა, მიზეზებზე და შედეგებზე კი არ უნდა იფიქრო, ამ ადამიანის ცხოვრებიდან ცალკეული სურათები უნდა დაინახო: უნდა წარმოიდგინო, რას ხედავს, როცა უბრალოდ ზის და ფანჯარაში იყურება, როგორ სძინავს, როგორ ელაპარაკება ადამიანებს, როგორი ხმა აქვს, როგორ დადის ქუჩაში და როგორ ხელოვნურად ესალმება თავის ნაცნობს. როცა ასეთი უმნიშვნელო ფაქტების პაზლი გაქვს, უცებ, როგორც გასხივოსნება, შეიძლება დაინახო, რა მოხდა მაშინ როცა ამ ქალმა თავისი შვილი მოკლა. მე ამას სიბნელეს ვეძახი, სიბნელეს, რომელსაც თავისი ლოგიკა აქვს, თუმცა მარტივ მიზეზშედეგობრივ ახნსას არ ექვემდებარება.

თუ ამ ყველაფრის სიტყვიერად ახსნა რთულია, ესე იგი მისი კინოკადრებად ქცევა კიდევ უფრო რთულია, როგორ ფიქრობთ, რა განცდას ტოვებს ფილმი მაყურებელში?

მე არ ვიცი, რა განცდას დატოვებს, ძალიან  ვღელავ და ყველაზე მეტად ქართველი მაყურებლის აზრი მაინტერესებს. ვფიქრობ, აუცილებლად  იქნება ვინმე, ვისზეც იმოქმედებს და ვინც ფილმში მიმდინარე დროის სინქრონული გახდება, თუ შენ ამ დროის სინქრონული ვერ გახდი, მაშინ ფილმი შენზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს, უბრალოდ გაუგებარ თხრობას დაინახავ, უცნობ ან ნაცნობ სახეხატებს, რომლებიც ამ შემთხვევაში ვერ იმოქმედებენ შენზე. მე არ ვიცი ვინ არის ის მაყურებელი, ვინც ამ ტიპის ფილმებს უყურებს და ამის გამო ბუნებრივია, ვღელავ.

არის ფილმში რაიმე ქართული?

საქართველოში არ არსებობს ლეგიტიმური ტრადიცია ამ სახის არა თუ ფილმების, არამედ ლიტერატურისაც კი. თუმცა ტყუილად არ ვამბობ სიტყვა “ლეგიტიმურს”. დიახ, ტრადიცია არსებობს, ჩვენს ლიტერატურაში არსებობს “ბაზალეთის ტბა”, არსებობს “გოგია უიშვილი”, რომელმაც რატომღაც პერიფერიაში გადაინაცვლა და არ შექმნა ლიტერატურის ლეგიტიმური შტო. ახლახან გადავიკითხე ეს ნაწარმოები და ვფიქრობდი, ეს რომ დოსტოევსკის წაეკითხა, იტყოდა, რომ მთელი რუსული ლიტერატურა გამოვიდა არა გოგოლის “შინელიდან”, არამედ ეგნატე ნინოშვილის “გოგია უიშვილიდან”, რომელიც აბსოლუტურად გენიალური სიუჟეტია.  არსებობს ქართულ ლიტერატურაში მსგავსი ირაციონალურის კვლევის მცდელობები, მაგრამ ეს ლეგიტიმური არ არის. რაც შეეხება ჩემს ფილმს, ქართული, იმ გაგებით რომ წმინდად ქართული სოციალური გარემო ჩანდეს, არაა, თუმცა ქართულია იმ მხრივ, რომ ამბავი საქართველოში ხდება, გმირები ქართველები არიან და საქართველოშიც შეიძლება დაუბნელდეს ადამიანს გონება, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც შეიძლება ადამიანმა თავისი შვილი, ძმა ან მამა მოკლას, და ის, რაც ჩვენ ქართული გვგონია, ამასაც შეიძლება ზოგადი ადამიანური ბუნება ჰქონდეს.

“ბოროტმოქმედის” პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, როგორი იყო იქ მაყურებლის გამოხმაურება?

კარგი გამოხმაურება ჰქონდა. პრესაშიც ბევრი დაიწერა და სხვათა შორის, ძალიან საინტერესო მეტაფორებიც შემხვდა. ერთმა ჩინელმა კრიტიკოსმა ფილმის შესახებ საინტერესო ტექსტი დაწერა და ძალიან მომეწონა მისი მეტაფორა: ცხოველი ზის კედელში და თავისივე კედლით იკვებება, შემდეგ კედლიდან გამოდის და ხედავს მზეს. აი სწორედ ამაზეა ფილმი. ეს მეტაფორა იმიტომ იყო ჩემთვის საინტერესო, რომ ჩინელები არა მიზეზებით და შედეგებით, არამედ სახეხატებით აზროვნებენ და ამ ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც ეს დაწერა, შეეცადა თავისი პაზლი არა აზრებისგან, არამედ სწორედ სახეხატებისგან აეგო.

ფილმში ნატალია ჯუღელის გარდა ყველა მსახიობი არაპროფესიონალია, ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ აღმოაჩინეთ ისინი?

ეს მსახიობები უბრალო ადამიანები არიან, სხვადასხვა ადგილას ვიპოვეთ – ზოგი წალკაში, ზოგი ჭიათურაში, ზოგი ელიავას ბაზრობაზე, ზოგიც ქუჩაში. ადამიანში ხომ მიედინება რაღაც დრო, რომელიც გამოსახულებაში გადადის, სულ ვეძებდით ერთი ტემპორალურობის ადამიანებს, ცოტა ჩაფიქრებულებს და თავიანთ თავში ჩაძირულებს. ადამიანებს, რომლებსაც თითქოს რაღაც ბეჭედი აზით, გვინდოდა, რომ თვისება, რომელიც მთავარ გმირს აქვს, ყველა იმ პერსონაჟს ჰქონოდა, ვინც ფილმში გამოჩნდებოდა. რაც შეეხება ნატალიას, აბსოლუტურად უნიკალური მსახიობია თავისი უნიკალური დიაპაზონით. მას შეუძლია, რომ ძალიან კონკრეტული სახეხატი შექმნას იმისგან, რაც ადამიანში შინაგანად არსებობს, ნატალიაში არის ის თვისება, რასაც ბრესონი ეძებდა მსახიობებში. ამ ფილმშიც, არაპროფესიონალი მსახიობების ფონზე, ის ძალიან ორგანულია, რაც პროფესიონალი მსახიობისთვის წარმოუდგენლად რთული მისაღწევია.

სამომავლო გეგმები…

ამჟამად რამდენიმე იდეაზე ვმუშაობ, ისევ ამ ტიპის თემებს ვუტრიალებ და ალბათ ამ იდეას გაგრძელებაც ექნება. ორი იდეა მაქვს: ერთი, სადაც მთავარი გმირი გამომძიებელია და მეორე, სადაც ამ ტიპის სიბნელე ამჯერად ოჯახში შედის. არ ვიცი, პირველი რომელი იქნება, ალბათ იმის მიხედვით, რომელი იდეა უფრო ადრე  ჩამოყალიბდება. ყოველ შემთხვევაში ორივე მათგანი ჩემს უახლოეს სამომავლო გეგმებში შედის და ძალიან მინდა, რომ ეს ფილმები საქართველოში გადავიღო.

 

 ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
Hammock x თიბისი სტატუსი - "უარყოფითი რიცხვები" - ინტერვიუ რეჟისორ უტა ბერიასთან

Hammock x თიბისი სტატუსი - "უარყოფითი რიცხვები" - ინტერვიუ რეჟისორ უტა ბერიასთან

Hammock x თიბისი სტატუსი - "უარყოფითი რიცხვები" - ინტერვიუ რეჟისორ უტა ბერიასთან
“უარყოფითი რიცხვები ძალიან ჰგვანან ჩემს გმირებს. როგორც ფილმში ერთი გმირი ამბობს, ეს ის რიცხვებია, რომლებიც თან არსებობენ და თან არ არსებობენ, 0-ს ქვემოთ არიან, საზოგადოებისგან უარყოფილები და ეგ იარლიყიც პირდაპირ აქვთ მიკერებული: ისინი უარყოფითები არიან”. - უტა ბერია
Hammock x თიბისი სტატუსი - რას ვნახავთ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე?

Hammock x თიბისი სტატუსი - რას ვნახავთ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე?

Hammock x თიბისი სტატუსი - რას ვნახავთ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე?
თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა უკვე ცნობილია. შეგახსენებთ, რომ წელს Hammock თიბისი სტატუსთან ერთად გაგიძღვებათ კინოფესტივალზე და შემოგთავაზებთ საინტერესო ინტერვიუებს, სტატიებს, ფოტოსესიებსა და ინსტაგრამ ჩართვებს
Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია

Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია

Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეოცედ ტარდება, 2000 წელს დაარსდა და დღემდე კინოს სამყაროში მოღვაწე უამრავ რეჟისორს და მსახიობს უმასპინძლა
Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისში კარლოს რეიგადასის მასტერკლასი გაიმართება

Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისში კარლოს რეიგადასის მასტერკლასი გაიმართება

Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისში კარლოს რეიგადასის მასტერკლასი გაიმართება
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დედაქალაქს მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი ეწვევა, რომლის მასტერკლასები 3 და 4 დეკემბერს, თავისუფალი შეხვედრა კი 8 დეკემბერს გაიმართება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.