fbpx
გააზიარე სტატია

დიორის მამაკაცის ტანსაცმლის ადრეული შემოდგომა 2019-ის ჩვენება ტოკიოში

დიორის მამაკაცის ხაზის დიზაინერმა კიმ ჯონსმა 30 ნოემბერს ტოკიოში ჩვენება გამართა. დიორის პრესრელიზში ნათქვამი იყო, რომ კიმ ჯონსმა 2019 წლის ჩვენებაში ხაზი გაუსვა არა ისტორიულ მითს იაპონიის შესახებ, არამედ ასახა იაპონიის თანამედროვე რეალობა, რომელიც ქვეყნის წარსულს და ხშირად წარმოსახულ მომავალს აერთიანებს.

მამაკაცების ადრეული შემოდგომის 2019 წლის კოლექციაში კიმ ჯონმა შავის, ნაცრისფრისა და თეთრის ნეიტრალური ტონები გამოიყენა. სამოსი დამზადებული იყო ძვირფასი ქსოვილებისგან, როგორიცაა: აბრეშუმი, ხავერდი, შალი, ნაქსოვი, ატლასი და სხვა.

კოლექციაში მოელვარე მეტალის ეფექტის მქონე სატინის ლურჯი და ვერცხლისფერი სამოსი ფიგურირებდა, რომელიც იდეალურად ეხამებოდა სპეციალურად შოუსათვის დამზადებულ, თანამედროვე იაპონელი ხელოვანის – ჰაჯიმე სორაიამას ეროტიკული ქალი-რობოტის 12-მეტრიან სკულპტურას.

სამოსის ნაწილი, მათ შორის მაისურები, შარვლები, ქურთუკები და აქსესუარები, სწორედ სორაიამას ილუსტრაციებით იყო გაფორმებული. კოლექციაში იგრძნობოდა ჰაჯიმე სორაიამას ფუტურისტული გავლენა, რომელიც შოუს ლაიტმოტივად გასდევდა. სამოსის მოყვანილობა და კერვის სტილიც სწორხაზოვანი და ერთიანი იყო. ტანსაცმლის ტონალობაც ემთხვეოდა სორაიამას საყვარელ ფერცხლისფერსა და ნაცრისფერს. კოლექციაში გამოირჩეოდა ნახევრად გამჭირვალე ყვავილებიანი მაისურები, დაპრინტული ქურთუკები და ფუტურისტული დეტალებით გაფორმებული პულოვერები.

„ჩემი იდეალი დიორზე მოდის სახლის ელეგანტურობას უკავშირდება, დიორის ოტ-კუტიურეს ასპექტებს. შემდეგ მათი დაკვირვება და წინ წამოწევაა საჭირო. მნიშვნელოვანია მოდის სახლის ისტორიის პატივისცემა“, – განაცხადა ჯონსმა.

აღსანიშნავია, რომ ფუტურისტული შოუს შთაგონება მოდის სახლის წარსულსაც უკავშირდება. ჯონსმა კოლექციაში დიორის სამი ტრადიციული ელემენტი: პეპიტა (houndstooth), ლეოპარდის პრინტი და ვარდისფერი გაათამაშა. მისი თქმით, ჩვენება პატივს მიაგებს დიორის მემკვიდრეობას. თავად კრისტიან დიორი ადრეული ასაკიდან იაპონიით და ამ ქვეყნის კულტურით ყოფილა გატაცებული. მოდის სახლს 1950 წლიდან იაპონიაში წარმოდგენილი ჰქონდა მაღალი მოდის კოლექციები, თუმცა მამაკაცის ტანსაცმლის ხაზი პირველად ჯონსმა წარადგინა. ჩვენების დასასრულს წარმოდგენილი სამოსი თავად კრისტიან დიორის მიერ იაპონელი დამკვეთისათვის შექმნილი თარგის მიხედვით არის შეკერილი, რაც ჯონსმა განახლებული სახით, შავი ტყავის გამოყენებით გააცოცხლა.

შოუს ესწრებოდნენ ადგილობრივი და უცხოური შოუბიზნესის წარმომადგენლები, მხატვრები და დიზაინერები, მათ შორის – კეიტ მოსი, დევიდ ბეკჰემი, ბელა ჰადიდი, ASAP Rocky, ტაკაში მურაკამი, ჰიროში ფუჯივარა და, რაღა თქმა უნდა, თავად ჰაჯიმე სორაიამა.

კიმ ჯონსმა მამაკაცის სამოსის ულტრა-თანამედროვე კოლექცია ლაზერებითა და ფუტურისტული ელემენტებით გაჯერებული შოუს ფონზე წარმოადგინა, რომელსაც არ აკლდა დიორისათვის დამახასიათებელი ოსტატობა და ელეგანტურობა. ტოკიოში წარმოდგენილ ჩვენებაზე დიზაინერმა საკუთარი მომავლის ხედვა გაგვიზიარა და ის, თუ რა ადგილს დაიკავებს მომავალში მოდის სახლი თანამედროვე მოდის სამყაროში.

 

ავტორი: ანო ნიკოლაიშვილი


რეკომენდებული სტატიები
რაფ სიმონსი წარწერით - „გმირები“ - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხმიანება

რაფ სიმონსი წარწერით - „გმირები“ - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხმიანება

რაფ სიმონსი წარწერით - „გმირები“ - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხმიანება
„გმირები“ - ასე ეხმიანება რაფ სიმონსი ყველა ქალბატონს, რომელიც უშიშრად ებრძვის ძუძუს კიბოს; იმ ადამიანებს, რომლებიც პაციენტებს დაავადების დამარცხებაში ეხმარებიან და ასევე მათ, ვინც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებაში მონაწილეობენ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.