fbpx
გააზიარე სტატია

Disparu sur la Côte d’Azur

სულ მალე კონცეპტუალურ მაღაზია “იერის” შოურუმში დიზაინერ სოფო გონგლიაშვილისა და Muzaradi-ის ერთობლივად შექმნილი ე.წ. ჰუდის სტილის თავსაბურავები გამოჩნდება. ბრენდი, რომელიც ორი წლის წინ ქეთევან ხერხეულიძემ დააარსა, ადგილობრივი სივრცის გარდა საერთაშორისო ბაზარზეცაა წარმოდგენილი. კლასიკური მუზარადის ფორმა, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ქვეყნის ისტორიას, დღეს მხოლოდ და მხოლოდ  ინდივიდუალური და თამამი ადამიანის აქსესუარს წარმოადგენს. აქსესუარს, რომელსაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს დიზაინერ სოფო გონგლიაშვილის ფერადი და ზღაპრული სამყარო ხდის. ამბები და გმირები, რომლებიც აქამდე მხოლოდ მის სამკაულებზე არსებობდნენ, ამიერიდან შეგვიძლია უკვე Muzaradi-ის ახალ კოლექციაშიც ვიხილოთ. 

ჟურნალი Hammock გთავაზობთ ინტერვიუს სოფო გონგლიაშვილთან და ქეთევან ხერხეულიძესთან. 

სოფო, როგორ დაიწყო ყველაფერი, პირველად საიდან გაჩნდა იდეა, რომ სამკაულები გაგეკეთებინათ?

ტიხრული მინანქრის სამკაულების კეთება 90-იან წლებში დავიწყე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოში სიბნელე და გაჭირვება იყო. ყველანი რაღაც გამოსავალს ვეძებდით, მაშინ გამოჩნდნენ ჩემი მეგობრები, ადამიანები, რომლებიც ტიხრულ მინანქარზე მუშაობდნენ, უმეტესად საეკლესიო ნივთებს აკეთებდნენ, მე გადავწყვიტე, რომ სამკაულები გამეკეთებინა. 2000 წელს კი გალერეა „შარდენში“  ჩემი პირველი გამოფენა მოეწყო, მას შემდეგ მათთან ვთანამშრომლობ.

თუმცა, თქვენი შემოქმედება მხოლოდ ლოკალური სივრცით არ შემოიფარგლება, საზღვრებს გარეთ სად შეიძლება თქვენი სამკაულების ნახვა?

იაპონიაში – ტოკიოსა და ოსაკაში, ასევე ლონდონში, პარიზსა და ვაშინგტონში, სულ მალე ლოს-ანჯელესშიც გაიყიდება.

თქვენი ნამუშევრები განსაკუთრებული ფერადოვნებით გამოირჩევა, საიდან იღებთ შთაგონებას, რითაც ამ ყველაფერს ქმნით?

ამ ბოლო დროს ბევრჯერ მიფიქრია, თბილისში რომ არ მეცხოვრა, მექნებოდა თუ არა შთაგონება და მივხვდი, რომ მგონი, მაინც მექნებოდა. ჩვეულებრივი პროცესია – ზოგჯერ ადამიანებისგან, ხანდახან ბუნებიდან, ყოველდღიური ცხოვრებიდან, რაღაც კონკრეტული მოვლენებიდანაც კი. მქონია შემთხვევები, როცა სამკაულები კონკრეტული სიტუაციის შემდეგ გავაკეთე. მე ამ გზით შემიძლია გამოვხატო ჩემი სათქმელი, იმიტომ რომ არც სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი ვარ, არც ინტერვიუებში მიყვარს რაღაცებზე საუბარი, ზოგადად, არ მიყვარს კამათი, თუმცა, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი აზრი, რომელსაც ამგვარად გამოვხატავ.

“მუზარადთან” და ქეთისთან ერთობლივი მუშაობისას რა იყო თქვენი მთავარი სათქმელი?

ეს ნახატები სხვადასხვა კოლექციიდანაა, თითოეულს თავისი იდეა აქვს, რომელიც კონკრეტული მოვლენის შემდეგ გავაკეთე. მაგალითად, ერთ-ერთ კოლექციაში ძირითადი თემა ცირკს უკავშირდება – ცირკი, როგორც მთელი ჩვენი სამყარო და მათ შორის ჩვენც, ვინც ამ ცირკში ვმონაწილეობთ. სხვათა შორის, ჩემი თავი სამ სხვადასხვა ამპლუაში გამოვხატე – ერთში ჯადოქარი ვარ, ერთში მაიმუნი, რომელიც გადაშენების პირასაა.  ერთ ნამუშევარს, რომელიც ქეთიმაც გამოიყენა, დავარქვი – „მე ვარ მეფე“, რადგან რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს თავისი საკუთარი იდეები არ გააჩნია, ყველას უნდა რომ არსებობდეს ვიღაც, ვისაც უკან გაჰყვება, მე არ მიმაჩნია ეს სწორად, მგონია, რომ ყველას შეგვიძლია საკუთარი თავის პატრონები და მეფეები ვიყოთ. სხვათა შორის, გამახსენდა და გავიაზრე, რატომ უწოდა თავის თავს ირაკლი ჩარკვიანმა მეფე, ვიცი, რომ ამბიციური არასდროს ყოფილა და ალბათ მანაც სწორედ ამ იდეით დაირქვა – მეფე. 

ქეთი, პროექტის ინიციატორი თქვენ ხართ, როგორ გაგიჩნდათ სოფო გონგლიაშვილთან თანამშრომლობის იდეა?

სულ შემთხვევით –  ყოველთვის ძალიან მომწონდა სოფოს შემოქმედება, ამ ზაფხულს თბილისში ჩამოვედი და ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა მასთან, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. ზოგადად, ჩემთვის მასთან ფინჯან ჩაიზე საუბარიც კი ძალიან საინტერესო პროცესია. თანამშრომლობის იდეა რომ შევთავაზე, მაშინვე დამთანხმდა, ძალიან გამიხარდა, უკვე წარმოდგენილი მქონდა, როგორი იქნებოდა, თუმცა თავიდან ბევრ გაუთვალისწინებელ წინააღმდეგობას შევეჩეხე, აქამდე პრინტთან მუშაობის გამოცდილება არ მქონია და ამ მხრივაც ბევრი რამ ვისწავლე. გარდა ამისა,  ასეთ ხელოვანებთან კოლაბორაცია სულიერ და პროფესიულ ზრდაშიც ძალიან მეხმარება. შემდეგი კოლაბორაცია ფრანგ გრაფიტ არტისტ ალექსანდრ ბავარდისთან მექნება, რომელიც პარიზის წამყვან გალერეებთან თანამშრომლობს, აგვისტოში თბილისში ჩამოვა და მის ნამუშევრებს “მუზარადზეც” ვიხილავთ.

თქვენთვის რა იყო შთამაგონებელი სოფოსთან თანამშრომლობის დროს?

პირველ რიგში, სოფოს სახლში რომ შევედი, იქაური გარემოს გამოც მივხვდი, რომ   მასთან მუშაობა მინდოდა, შემდეგ იყო მისი ნახატები, რომლებიც კონკრეტული ისტორიებია ასახული, უკვე “მუზარადიც” ატარებს ამ ისტორიებს და  ყველა განსაკუთრებულად მიყვარს.

ჩემთვის მოდა და ხელოვნება ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. მგონია, რომ მოდაში ფორმების, ფერების და საერთოდ ყველაფრის საწყისი სწორედ მხატვრობაა…

“მუზარადი” უკვე ორი წელია, რაც არსებობს, შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ დაიწყეთ?

2017 წლის ზამთარი იყო, მახსოვს, ჩემივე დიზაინით ჩემთვის შევიკერე თავსაბურავი, სოციალურ ქსელში რომ დავდე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, შემდეგ  ჩემმა მეგობრებმაც მომცეს სტიმული, რომ საკუთარი კომპანია დამეარსებინა. პირველი კოლექცია რომ გავაკეთე, მაშინვე Vogue-ის ჟურნალისტი დამიკავშირდა, შემდეგ იყო ფრანგული Jalouse. თვითონ მიკავშირდებოდნენ, თავისთავად ხდებოდა ყველაფერი, შემდეგ უკვე მაღაზიებშიც წარმოვადგინეთ, მაგალითად, მოსკოვის ინდექსში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანკა ციციშვილი შეთავაზებაზე დაგვთანხმდა.  თბილისში Muzaradi მაღაზია Flying Painter-ში იყიდება, სულ ახლახან გაიხსნა ქართული მაღაზია “იერი”, სადაც ასევე წარმოდგენილია ჩვენი პროდუქცია. ეს კონკრეტული კოლაბორაციური პროდუქციაც ექსკლუზიურად მხოლოდ “იერში” გაიყიდება. 

როგორ შეარჩიეთ Muzaradi, რა კონცეფციას ატარებს ეს სახელი? 

სახელზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, მახსოვს, ჩემი დის იდეა იყო და ძალიან გაამართლა. Muzaradi იმიტომ შევარჩიეთ, რომ ფორმით ძალიან ჰგავს კლასიკურ მუზარადს, თან ყველა ენაზე კარგად ჟღერს. კონცეფციას რაც შეეხება, ყველამ ვიცით, რომ მუზარადს ისტორიული დატვირთვა აქვს, ტრადიციული თავსაბურავია, საქართველო სულ თავს იცავს, სულ ომში ვართ და ეს მუზარადიც სწორედ ამას მოიაზრებს, თუმცა ვისურვებდი, რომ არასდროს დაგვჭირდეს და მხოლოდ მოდასთან იყოს ასოცირებული. 

დღეს ბევრი დიზაინერი იყენებს ეროვნულ მოტივებს საკუთარ კოლექციებში, რა მნიშვნელობა აქვს ეროვნული იდენტობის საკითხს Muzaradi-ისთვის ამ კონკრეტული თანამშრომლობისას და ზოგადად?

პირველ რიგში ის, რომ სოფოს  ნამუშევრები აბსოლუტურად ქართულია და თავად სოფოც, როგორც მხატვარი, საქართველოს სახეს წარმოადგენს. რაც შეეხება  მუზარადს, ეროვნული ალბათ მასზე გამოსახული ჩემი საგვარეულო გერბია, რომელიც სხვადასხვა ფერში იქარგება, ასევე თავად მუზარადის ფორმა, თუმცა მას ბოლომდე ქართულს მაინც ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ კიდევ ბევრად ადრე ძველ საბერძნეთშიც არსებობდა. 

შეგიძლიათ სამი სიტყვით დაახასიათოთ ადამიანი, რომელიც Muzaradi-ს ატარებს?

ინდივიდუალური, თამამი, cool…

სოფო, რა საერთო აქვს ასეთ ადამიანს მასთან, ვისთვისაც თქვენ სამკაულებს აკეთებთ? 

მგონი, კონკრეტულად ვინმე, ვისთვისაც სამკაულებს ვაკეთებ, არ არსებობს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, მთავარია, ფიქრი შეეძლოს, დაფიქრდეს და მანაც შექმნას საკუთარი ზღაპარი, რომელსაც თავისი თავისთვის მოიგონებს…

ფოტოგრაფი: ლევან მაისურაძე

არტ დირექტორი: გიორგი მაისურაძე

ტექსტის ავტორი: გვანცა ჩანადირი

მოდელები: ფილიპ ფედულოვი, ლუკა ჩაკვეტაძე, ივა ქიმერიძე, მარიამ არჩემაშვილი, ელენე ბუბუტეიშვილი, ეკა ჩომახიძე

განსაკუთრებული მადლობა: Dessange Paris


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.