fbpx
გააზიარე სტატია

ძე – ქართული პროექტი

„დღეს ყველა საუბრობს ე. წ. ქუჩის მოდაზე – ოთხმოცდაათიანების ქურთუკები, მაისურები, კედები ისევ აქტუალურია. ადამიანებს, რომელთაც თანამედროვე დიზაინერების მიერ შექმნილი ძვირად ღირებული სამოსი აცვიათ, მუდმივად ვხვდებით სარეკლამო ბროშურებსა და მუსიკალურ ვიდეორგოლებში. თუმცა, არიან სხვებიც – მსგავსი, ზოგჯერ იდენტური ჩაცმულობით; ისინი ძეგვის თავშესაფარში ცხოვრობენ და ტანსაცმელი, რომელიც მათ აცვიათ, არა ტრენდული რეპლიკა, არამედ ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანებში შექმნილი „ორიგინალებია“. მათი სოციალური მდგომარეობა მთლიანადაა დამოკიდებული საზოგადოების ჩართულობასა და სოციალურ სოლიდარობაზე“, – ამბობს Windfors-ის კრეატიული დირექტორი ნინო გორდელაძე.

ძე – ქართული ფსევდო ბრენდია, რომელმაც მოდის სამყაროს ყურადღება მიიპყრო და ის ძე-გვის თავშესაფარზე გადაიტანა. ძემ, სადაც ყოველდღიურად ასობით სხვადასხვა სამოსს აფასებენ და ყიდულობენ, ყველას შეახსენა, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც თავისდაუნებურად უწევს ოთხმოცდაათიანებში შექმნილი ტანისამოსის ტარება.

ძე-გვი „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“, კრეატიული სააგენტო Windfor’s-ისა და „მერსედეს-ბენცის” მოდის კვირეულის პარტნიორობაა, რომელიც მიზნად ისახავს მოდის მეშვეობით ფილანთროპიის იდეის პროპაგანდას და საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილ სოციალურ პრობლემებზე ფოკუსირებას. მსოფლიო მოდის ინდუსტრია ბოლო დროს სულ უფრო აქტიურ სოციალურ პოზიციას იკავებს და ქართული მოდის ინდუსტრიაც, როგორც მისი ნაწილი, ამ გამოწვევას პასუხობს.

ამჟამად ძეგვში ყოფილი ქუჩის ბავშვები, ფიზიკურად და მენტალურად შეზღუდული უნარების მქონე ბავშვები, მოზარდები და მოხუცები, სოციალურად დაუცველი ადამიანები, მიტოვებული მარტოხელა დედები და მათი შვილები ცხოვრობენ. დღეს ძეგვის თავშესაფარს 80 ბენეფიციარი ჰყავს. აქციის მხარდაჭერა შესაძლებელია „ძეს“ ვებგვერდის  მეშვეობით.

სოციალური კამპანიის მხარდამჭერია სოფო ჭყონია – „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულის დამაარსებელი.

ტექსტი: მაშო კაციტაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.