fbpx
გააზიარე სტატია

ქართული ელექტრონული მუსიკის ისტორია

საქართველოში ელექტრონული მუსიკის ისტორია, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ამ ქვეყანაში ელექტროენერგიის პრობლემა არსებობდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც 90-იანი წლების ჩაბნელებულ საქართველოში მაშინ ჩვენთვის ჯერ კიდევ უცხო და ახალი ჟანრის მუსიკის შექმნა დაიწყო, ბაჯუს ფსევდონიმით ცნობილი ქუთაისელი მუსიკოსი გიგა ერისთავი იყო, რომელიც 90–იანი წლების დასაწყისში ჯერ კიდევ მანამდე ქმნიდა ელექტრონულ მუსიკას, სანამ ხელოვანთა, და მათ შორის მუსიკოსთა, გაერთიანდება “გოსლაბი” შეიქმნებოდა. სწორედ “გოსლაბის” წევრი იყო ქართული ელექტრონული მუსიკის კიდევ ერთი პიონერი ნიკა მაჩაიძე, იგივე ნიკაკოი, რომელმაც 2000-იანი წლების დასაწყისში თავისი პირველი ალბომი Sestrichka WMF Record-სთან თანამშრომლობით გამოუშვა. 

 

 პირველ ალბომს იმავე ლეიბლზე  მალევე მოჰყვა – City Light, შემდეგ კი 2003 წელს  გამოსული ალბომი Sentimental. ამ პერიოდში მას უკვე სხვადასხვა ევროპული ქვეყნის კლუბებში არაერთი ლაივი ჰქონდა შესრულებული, პარალელურად კი თეატრისა და კინოსთვის საუნდტრეკებსაც ქმნიდა. ნიკამ ჯერ კიდევ 1999 წელს ქართული ელექტრონული მუსიკის კიდევ ერთ პიონერ დიმა დადიანთან ერთად პროექტ Sweet Evening of Electronic Music-ზე იმუშავა. დიმა დადიანს წლების განმავლობაში არაერთ ბრიტანულ ლეიბლთან უთანამშრომლია და დღემდე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სფეროში.  

კიდევ ერთი სახელი და გვარი, რომელიც ქართული ელექტრონული მუსიკის ისტორიას  უკავშირდება, გოგი ძოძუაშვილია, რომელმაც თავისი შემოქმედების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ალბომი Post industrial Boys 2004 წელს გამოუშვა. თუმცა, სანამ  Post Industrial Boys გაჩნდებოდა, მანამდე გოგის პირველი ალბომი Clear&Cold ჯერ კიდევ 1994 წელს გამოვიდა, რომელსაც მალევე მოჰყვა მეორე – Friends, შემდეგ კი მუსიკოსი ნიკა მაჩაიძესთან ერთად 2000 წელს მანანა მენაბდის ალბომის ჩაწერაშიც მონაწილეობდა და ამავე პერიოდში ჯგუფ „მჟავა მესიჯთან“ ერთადაც თანამშრომლობდა. 


კიდევ ერთი მუსიკოსი, რომელიც ქართული ელექტრონული მუსიკის საწყისებს უკავშირდება, დღეს უკვე ლონდონში მოღვაწე დადა დადიანია, რომელმაც 90–იან წლებში ქართული ალტერნატიული მუსიკის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. გოგი ძოძუაშვილთან, დიმა დადიანთან, დადა დადიანთან და ნიკა მაჩაიძესთან ერთად ქართული ელექტრონული მუსიკის  განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მუსიკოსმა ნატალია ბერიძემაც, რომელიც 1990-იან წლებში შემოქმედებითი გაერთიანება „გოსლაბის“ წევრი იყო, მისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით TBA – 2003 წელს გერმანულ ლეიბლზე Max Ernst გამოიცა. სხვადასხვა დროს ნატალია ბერიძეს ისეთ საერთაშორისო მუსიკოსებთან უმუშავია, როგორებიც არიან თომას ბრინკმანი, იორგ ფოლერტი და რუიჩი საკამოტო, რომელთან ერთადაც ნატალია ბერიძემ მისი ძალიან ცნობილი – Blue Shadow ჩაწერა.   

 

90-იანი წლების დასასრულს ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაზე კიდევ ერთი მუსიკოსი გიორგი ჟორჟოლიანი, იგივე Jorjick გამოჩნდა, რომელმაც 2003 წელს თბილისის ერთ-ერთი პირველი კლუბი – Lift011 გახსნა, 2008 წელს კი ბერლინში სტუდია მოაწყო, სადაც ისეთ არტისტებთან ჩაწერა კოლაბორაციული პროექტები, როგორებიც არიან – თომას ბრიკმანი, ანდრეი ოიდი და დაშა რაში.

რადგანაც ქართული ელექტრონული მუსიკის დაბადება არც ისე შორეულ წარსულს უკავშირდება და მასთან სულ რაღაც ორი ათეული წელი გვაშორებს, ადამიანები, რომლებმაც 90-იან წლებში პირველად ააჟღერეს ელექტრონული მუსიკა, ამ სცენაზე დღემდე აგრძელებენ მოღვაწეობას და არაერთ ძალიან საინტერესო პროექტს ქმნიან. თუმცა მათ გარდა, მოგვიანებით, 2010-იანი წლების დასაწყისში, ქართული ელექტრონული მუსიკის სფეროში ახალი თაობის არტისტებიც გამოჩნდნენ –  რეზო ღლონტი, გაჩა ბაქრაძე, სანდრო ჩინჩალაძე, იგივე Tete Noise ის მუსიკოსები არიან, რომლებმაც ელექტრონული მუსიკის სფეროში ახალი და განსხვავებული ჟღერადობა შემოიტანეს.

 მუსიკოსმა გაჩა ბაქრაძემ თავისი პირველი სინგლი სახელწოდებით Remember 2012 წელს გამოსცა, 2014 წელს კი მეგობრებთან ერთად  ლეიბლი სახელწოდებით Trasfigured Time დააარსა. 2015 წელს ბრიტანულ ლეიბლზე – Apollo Records-ზე გამოიცა გაჩას პირველი ალბომი სახელწოდებით Send Two Sunsets,  სადაც ნატალია ბერიძესთან ერთად შექმნილი ტრეკებიც შევიდა. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მუსიკალურმა პლატფორმა  Pitchfork-მა  გაჩას ალბომი World Color 2018 წლის საუკეთესო ელექტრონული მუსიკის სიაში ლეგენდარული არტისტების გვერდით გამოაქვეყნა, მისი ალბომი ასევე მოხვდა  XLR8R-ის 2018 წლის საუკეთესო ალბომების სიაში.

ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალების ისტორია 1999 წელს შავიზღვისპირეთში გამართული „სუბტროპიკით“ იწყება. ფესტივალის მიზანი ალტერნატიული მუსიკალური სივრცის შექმნა იყო, სადაც გარდა ელექტრონულისა, ალტერნატიულ როკში, ჰიპ-ჰოპში, კლასიკურ მუსიკაში და სხვა ჟანრში მოღვაწე ხელოვანებიც ერთიანდებოდნენ. გარდა ადგილობრივი ხელოვანებისა, ფესტივალში მონაწილეობდნენ საფრანგეთიდან, დანიიდან, აშშ-დან, ბრიტანეთიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან მოწვეული დიჯეებიც. 2002 წელს ფესტივალის სტუმარი ელექტრონული მუსიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი Aphex Twin უნდა ყოფილიყო, რომელსაც საზღვრის გადმოკვეთისას პრობლემები შეექმნა და საბოლოოდ საქართველოში ვეღარ ჩამოვიდა. თუმცა ბათუმს მაშინ ისეთი შემსრულებლები ეწვივნენ, როგორებიც გერმანული ჯგუფი N.O.H.A  და ინგლისელი დიჯეი იუნსტონ ჰეზელი არიან. ფესტივალმა სუბტროპიკმა მალევე შეწყვიტა არსებობა, თუმცა როგორც მისი ორგანიზატორები ამბობენ, “სუბტროპიკი” შესაძლოა შავი ზღვის სანაპიროზე ისევ აღდგეს და მომავალშიც არაერთი საინტერესო საერთაშორისო მუსიკოსი კვლავ მოიწვიოს.

 კიდევ ერთი ფესტივალი, რომელიც საქართველოში ელექტრონული მუსიკის სფეროში ტარდებოდა, SOU – აუდიოვიზუალური ხელოვნების ფესტივალი იყო, რომელიც  2016 წელს დაარსდა. 2016 წელს გამართული ფესტივალის ფარგლებში ჩამოსულ შემსრულებლებს შორის იყვნენ ბლიქსა ბარგელდი და ტეჰო ტეარდო, ასევე Alva Noto. 2017 წლის ფესტივალის ფარგლებში კი გაიმართა  Tete Noise-ის და სიმებიანი კვარტეტის ლაივი. იმ წელს კვლავ ჩამოსული იყო Alva Noto, უილიამ ბასინსკი და რიო მურაკამი. გარკვეული პრობლემების გამო 2018 და 2019 წელს SOU არ გამართულა, თუმცა მომავალში კვლავ იგეგმება ფესტივალის აღდგენა, თანაც არა მხოლოდ დედაქალაქში.

კიდევ ერთი ფესტივალი, რომელიც ელექტრონული მუსიკის სფეროში წლებია წარმატებით მიმდინარეობს, 4 GB-ია.  2011 წელს დაარსებული საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი პირველი ქართველი დიჯეის, გიორგი ბაქანიძის ხსოვნას ეძღვნებოდა და მისი უკვე 8-წლიანი ისტორიის განმავლობაში არაერთ ქართველ და საერთაშორისო მუსიკოსს უმასპინძლა, ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი ტრადიციულად გერმანელი მიშელ მაიერია. 4 GB-ს  2013–17 წლებში ელექტრონული მუსიკის დაჯილდოება „ელექტრონავტმა“ ხუთჯერ მიანიჭა წლის საუკეთესო ფესტივალის ტიტული.




“ელექტრონავტი” კი ისაა,
რაც ამ სფეროს განვითარებასთან და უამრავი მუსიკოსის გამოჩენასთან ერთად, ელექტრონული მუსიკის განვითარებისთვის კიდევ უფრო საჭირო და აუცილებელი გახდა.  2007 წელს დაარსებული დაჯილდოების ცერემონიალმა მომავალში ყოველწლიური სახე მიიღო და დღემდე სხვადასხვა ნომინაციაში ელექტრონული მუსიკის სფეროში მოღვაწე არაერთი ქართველი არტისტი დააჯილდოვა.

დღეს, როგორც არასდროს, ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული ელექტრონული მუსიკა და საკლუბო სცენა. თბილისში ბოლო წლებში ბევრი ახალი კლუბი გაიხსნა, რომელთა შორისაც გამორჩეულია Bassiani, Mtkvarze da Khidi. დღეს წამყვან გამოცემებში კლუბ Bassiani-ს ხშირად ბერლინის ყველაზე ცნობილ კლუბ Berghain-საც ადარებენ. 2014 წელს დაარსებული კლუბი, რომელიც  გარდა იმისა, რომ უკვე წლებია გემოვნებიან და ხარისხიან მუსიკას გვთავაზობს, ხშირად საზოგადოებრივი აქტივიზმითაც გამოირჩევა – მუდმივად  მხარს უჭერს უმცირესობებს, იბრძვის რეპრესიული ნარკოპოლიტიკისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ. Mtkvarze – კიდევ ერთი კლუბია, რომელიც ელექტრონული, ჰაუს და ტექნო მუსიკის ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს ხშირად მასპინძლობს და  2012 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს. ”ბასიანთან” და “მტკვართან” შედარებით Khidi შედარებით ახალი კლუბია, ის 2016 წელს დაარსდა, თუმცა ელექტრონული მუსიკის მოყვარულებში პოპულარობა მალევე მოიპოვა. ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან მდებარე კლუბს ეს სახელი სწორედ ადგილმდებარეობის გამო ეწოდა. თითოეულ ამ კლუბში დღემდე არაერთ ცნობილ ადგილობრივ და საერთაშორისო დიჯეის დაუკრავს. 2017 წელს თბილისში პირველად გაიმართა Boiler Room-ის წვეულებები. ეს გლობალური მუსიკალური ონლაინ მაუწყებლობა, რომელიც ლაივ მუსიკის საღამოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტით ავრცელებს, ელექტრონული მუსიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელშიც უკვე მონაწილეობდა თბილისი.

ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
4GB Festival 2018

4GB Festival 2018

4GB Festival 2018
წლევანდელი ფესტივალი როგორც არტისტული შემადგენლობით, ასევე მუსიკალური კონცეპტით და ლოკაციითაც განსაკუთრებულია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.