fbpx
გააზიარე სტატია

ჟან პოლ გოტიე – ფრანგული მოდის Enfant Terrible

ფრანგული მოდის დაუმორჩილებელი ბავშვი –  ეს სახელი ჟან პოლ გოტიეს მოდის სამყარომ მაშინ შეარქვა, როცა 1976 წელს დიზაინერმა საზოგადოებას თავისი პირველი დამოუკიდებელი კოლექცია წარუდგინა. თუმცა, სანამ მოდის სამყაროს ასეთ ყურადღებას და მის მიერ შერქმეულ ამ მეტსახელს დაიმსახურებდა, გოტიე ადრეული წლების შემოქმედებით კარიერას პიერ კარდენს უკავშირებდა, რომელმაც თავდაპირველად ასისტენტად, ცოტა ხნის შემდეგ კი მოდის სახლის მმართველად დანიშნა. თუმცა რეალურად ყველაფერი პიერ კარდენამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო, მაშინ როდესაც ბებიამ ჯერ კიდევ ბავშვი ჟან პოლ გოტიე თეატრში წაიყვანა, სადაც ექსტრავაგანტურ მაკიაჟსა და კოსტიუმებში გამოწყობილმა მსახიობებმა მასზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინეს, იმდენად, რომ  ამ ტიპის თეატრალური წარმოდგენის რეალობაში განხორციელება იმ დღიდან ჟან პოლისთვის ოცნებად იქცა.

ბავშვობის ოცნება სამი წლის წინ პალას ბერლინის სცენაზე აისრულა, საკლასო ოთახში  დახატული ესკიზები, რომელთა გამოც მასწავლებლების მხრიდან არაერთხელ დასჯილა, სცენაზე დაუვიწყარ სანახაობად გააცოცხლა, სადაც მის მიერ შექმნილი 150  ათასი სვაროვსკის თვლით მორთული კოსტიუმები წარმოადგინა. ბერლინის სცენაზე ყველაფერი ბრწყინავდა. როგორც ყოველთვის, ბრწყინავდა თავად დიზაინერიც, რომლისთვის შერქმეულ “დაუმორჩილებელ ბავშვს” დროდადრო ახალი ეპითეტები – “გავლენიანი”, “კაშკაშა” და რაც მთავარია –  “პროვოკაციული” – მის მიერ სხვადასხვა დროს გადადგმული ნაბიჯების გამო ემატებოდა.

პირველი პროვოკაციული ნაბიჯი  ჟან პოლ გოტიემ ალბათ 1985 წელს გადადგა, მაშინ როცა  თავისი ახალი კოლექცია – And God Created Man წარადგინა.  სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს ღმერთმა მართლა შექმნა მამაკაცი, რომელსაც მეოცე საუკუნის მიწურულს გოტიემ კაბა ჩააცვა, რითაც იმდროინდელი გენდერული ნორმების მიმართ არსებული სტერეოტიპების ნგრევას თუ არა, მათი კითხვის ნიშნის ქვეშ დასმას მაინც მიაღწია.  სტერეოტიპების ნგრევის სერია მან საკუთარ ჩვენებებზე არატრადიციული გარეგნობის მოდელების გამოყვანით გააგრძელა, მაშინ როდესაც პოდიუმზე ხანში შესული, ჭარბწონიანი ან ჭარბპირსინგიანი ადამიანები შემოიყვანა. მართალია, ამის გამო დაუსრულებელი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია, თუმცა ამავე დროს იმდროინდელი ფრანგული პრესა ასევე დაუსრულებლად ალაპარაკდა ჯერ კიდევ ახლად დაბადებული და დაუმორჩილებელი ბავშვის შესახებ.

 მედიაში პოპულარობას გოტიე  ტელევიზორის ეკრანზე ხშირად გამოჩენითაც უწყობდა ხელს, ოღონდ არა როგორც სტუმრის, არამედ წამყვანის ამპლუაში. გოტიე Channel 4-ზე მეოცე საუკუნის პოპკულტურის შესახებ  გადაცემის, Eurotrash-ის თანაწამყვანი იყო. გარდა ამისა, სანამ ტელეწამყვანი გახდებოდა, 1988 წელს მუსიკალური კლიპი How To Do That გამოუშვა, 2003 წლიდან კი ისევ თავის ძირითად საქმიანობას დაუბრუნდა, ამჯერად Hermes-ის კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე. “ჰერმესთან” გოტიეს თანამშრომლობა 2010 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში მან მრავალი საინტერესო კოლექცია წარმოადგინა, იმდენად მრავალი, რომ 2011 წელს მონრეალის ხელოვნების მუზეუმში მოეწყო გამოფენა სახელწოდებით The Fashion World of Jean Paul Gaultier: From the Sidewalk to the Catwalk, რომელმაც სხვადასხვა დროს ევროპისა და ამერიკის ისეთი ქალაქები მოიარა, როგორებიცაა: ნიუ-იორკი, პარიზი, ლონდონი და მელბურნი

2003 წელს, ტელეწამყვანობის შემდეგ, კანის კინოფესტივალის ჟიურიშიც მოგვევლინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კინოფესტივალის ჟიურიში მოდის დიზაინერი აღმოჩნდა, თუმცა მისი ხასიათიდან და ვარსკვლავებთან ურთიერთობიდან გამომდინარე, ჟან პოლ   გოტიესგან ეს ნაბიჯი ალბათ არავის გაჰკვირვებია. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, რომელთანაც დიზაინერს უმუშავია, პოპის დედოფალი მადონაა, რომლისთვისაც დიზაინერმა ძალიან ცნობილი კონუსის ფორმის კორსეტი შექმნა, სხვადასხვა დროს ის ასევე თანამშრომლობდა მარიონ კოტიართან, წითელ ხალიჩაზე ჟან პოლ გოტიეს კაბებით ჩნდებოდნენ ვარსკვლავები – რიანა, ლეიდი გაგა, ბიონსე, ნიკოლ კიდმანი, ქეით ბლანშეტი და  სხვ. მან ასევე ლუკ ბესონის “მეხუთე ელემენტისთვის” და პედრო ალმოდოვარის რამდენიმე ფილმისთვისაც შექმნა კოსტიუმები.

ტანისამოსთან ერთად ჟან პოლ გოტიემ 1993 წლიდან სუნამოების ხაზის წარმოება დაიწყო, ეს იყო ქალის კლასიკური აღმოსავლური ყვავილების სურნელი, რომელსაც მალევე მამაკაცისთვის შექმნილი Le Male მოჰყვა, გოტიეს მესამე პარფიუმი კი 2000 წელს გამოშვებული ქალის სუნამო იყო სახელწოდებით Fragile. 2000-იანი წლებიდან დღემდე, სხვადასხვა დროს, დიზანერმა უნისექს Fragrance for humanit, მამაკაცის Fleur du Mâle, ასევე მამაკაცის Eau de Cologne Fleur du Mâle, Kokorico და  ქალის Ma Dame შექმნა.

სუნამოებთან ერთად 2014 წლის ბოლომდე დიზაინერი როგორც “ოტ კუტური”, ისე ქმნიდა ე.წ. Ready-to-wear ხაზის ტანისამოსს. 2015 წელს გოტიემ განაცხადა, რომ ამიერიდან მხოლოდ “ოტ კუტურ” ტანისამოსზე გაამახვილებდა ყურადღებას. ამ გადაწყვეტილების გამო დღევანდელი გადმოსახედიდან მისი ბოლოდროინდელი კოლაბორაცია Supreme-ისთან ცოტა უცნაურად ჩანს, თუმცა Supreme-ის ლოგოს ქვეშ გაერთიანებული მაისურები, კედები, ჩანთები და სუნამოები  ახლა ისეთივე დასამახსოვრებელია, როგორც წლების წინ მადონასთვის შექმნილი Iconic Bra.

ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
შალვა ნიკვაშვილის ნიღბების ხელოვნება

შალვა ნიკვაშვილის ნიღბების ხელოვნება

შალვა ნიკვაშვილის ნიღბების ხელოვნება
ინტერვიუ ბელგიაში მოღვაწე ქართველ ხელოვან შალვა ნიკვაშვილთან, რომელიც სხვადასხვა ყოფითი საგნებით ძალიან სიანტერესო ნიღბებს ქმნის
ვივიენ ვესტვუდი - No Man’s Land

ვივიენ ვესტვუდი - No Man’s Land

ვივიენ ვესტვუდი - No Man’s Land
რამდენიმე დღის წინ დიზაინერმა ვივიენ ვესტვუდმა 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია და ახალი კამპანიის ვიდეორგოლი - No Man’s Land გამოაქვეყნა, რომლის მეშვეობითაც კლიმატის ცვლილების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.