fbpx
გააზიარე სტატია

ERTI Gallery – წლის მიმოხილვა

ERTI Gallery-ის სივრცე გასული წლის დეკემბერში გაიხსნა. სივრცის გახსნამდე გალერეამ 2-წლიანი კვლევის გზა გამოიარა, როდესაც მუშაობდა სტრატეგიაზე და მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენების სხვადასხვა პლატფორმაზე.

გალერეის სივრცის კონცეფციის განხორციელებაზე მუშაობამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო, შედეგად კი გაიხსნა სივრცე, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო სტანდარტით ნებისმიერი მედიუმის და მასშტაბის საჩვენებლად და ხელოვანს საშუალებას აძლევს განახორციელოს ჩაფიქრებული იდეა ლიმიტაციების გარეშე, ხელოვნების მოყვარულებს კი მაღალი ხარისხის გამოფენების ნახვის ფუფუნებას სთავაზობს.

ამ ერთი წლის განმავლობაში გალერეაში ჩატარდა 6 მნიშვნელოვანი გამოფენა ქართული სახელოვნებო სივრცისათვის. თითოეული მათგანი ინოვაციური იყო, მასშტაბითაც და კონცეფციითაც. გამოფენებს მრავალმხრივი კურატორები ჰყავდა, მათ შორის საერთაშორისო მოწვეული კურატორებიც, რითაც ERTI Gallery-მ ხელი შეუწყო ქართული სახელოვნებო სივრცის პოპულარიზაციას და საქართველოს ადგილის დამკვიდრებას საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში. თითოეული გამოფენის შემდეგ გამოიცა წიგნი, რომელიც გამორჩეულია ხარისხით. გამოფენების ამგვარი დოკუმენტაცია კიდევ უფრო წინ სწევს ნამუშევრის პოტენციალს.

გალერეის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო პრესტიჟული ბაზრობებია. ასეთი ტიპის ბაზრობებში მონაწილებისთვის გალერეამ მკაცრი კონკურსები გაიარა. ერთი წლის განმავლობაში ERTI Gallery-მ მონაწილეობა მიიღო ისეთ არტ ბაზრობებზე, როგორებიცაა: Art Geneve, Vienna Contemporary, ART Dubai, NADA Miami, Cosmoscow და პირველ ქართულ სახელოვნებო ბაზრობაზე, Tbilisi Art Fair-ზე. Tbilisi Art Fair-ს გალერეამ დიდი სიხარულით დაუჭირა მხარი. სტენდზე წარდგენილი ხელოვანების გარდა (ტატო ახალკაციშვილი, ლევან მინდიაშვილი, ლევან სონღულაშვილი) მნახველს ექსპო-ჯორჯიას ბაღში სპეციალურად TAF-ისთვის შექმნილი უტა ბექაიას ინსტალაცია “ბავშვობის ბინადრები” შესთავაზა. გალერეაში კი ლევან სონღულაშვილის გამოფენასთან ერთად წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა.

]წარმოგიდგენთ მიმოხილვას იმ გამოფენებისა, რომლებიც ERTI Gallery-ში 2018 წელს ჩატარდა:

 

ტატო ახალკაციშვილი – “არასოდეს დაიძინო თავდაყირა”

გალერეა გაიხსნა ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენით “არასოდეს დაიძინო თავდაყირა”, სადაც ხელოვანმა პირველად შექმნა მასშტაბური ინსტალაცია, საკუთარი გალაქტიკის ნიმუში “არასოდეს მკითხო რას ვაკეთებ სახლის სახურავზე”, ნეონის სარკეებისა და ბევრი ნათურების გამოყენებით. ხელოვანის შთაგონების წყარო ისტორიისა და მეხსიერების გზაჯვარედინზე დალექილი ქვეცნობიერი მდგომარეობებია. ინსტალაციის გარდა წარმოდგენილი იყო ფერწერაც, გამოფენის ფარგლებში ხელოვნებათმცოდნე ანეტა გაბელაიას ავტორობით კატალოგიც გამოიცა.

 

უტა ბექაია – “ზეადამიანები”

გალერეამ უმასპინძლა უტა ბექაიას მულტიმედიურ სოლო შოუს “ზეადამიანები”, რომლის კურატორიც ლევან მინდიაშვილი იყო. გამოფენის ფარგლებში მოხდა საქართველოში ყველაზე მასშტაბური 9-არხიანი ვიდეო პერფორმანსის ჩვენება. ბექაიას ინსპირაციის წყარო ძველი ცივილიზაციების მითოლოგიები, ეთნოგრაფიული ზღაპრები, იტალიური ბაროკო და ქართული დადაიზმია. მათზე დაყრდნობით ბექაია ქმნის, ან თავიდან იგონებს, უკვე სრულიად დაკარგულ, არასდროს დოკუმენტირებულ რიტუალებს. უტა ბექაიამ განასახიერა 9 გმირი ქართული ზღაპრებიდან და მითოლოგიიდან.
გალერეის მთლიანი სივრცე დაიფარა ცხრანაწილიანი ვიდეო ინსტალაციით, რომელშიც ხელოვანის ბავშვობის დროინდელი ზღაპრის გმირები გაცოცხლდნენ, ვიტრინაში კი ვიდეო ჰოლოგრამებით 5 გმირი იყო წარმოდგენილი. ვიდეოსთან ერთად ხელოვანმა ნაქარგებიც მოამზადა ამ ცხრა გმირის გამოსახულებით. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მან მხოლოდ საკუთარი მოგონებები და მეხსიერება გამოიყენა. მისი გმირები ერთგვარი სინთეზია ბავშვობიდან შემორჩენილი ცოდნის, ბავშვური ფანტაზიებისა და იმ დასავლური პოპ-კულტურის ელემენტებისა, რომლებიც ხელოვანმა ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდში შეიძინა და რომელიც მისი ინსპირაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მულტიმედიური გამოფენა საინტერესო იყო იმითაც, რომ ყველა ვიდეოს საკუთარი ხმა ჰქონდა, სადაც უტა ან ლექსს ამბობდა, ჩურჩულებდა ან მღეროდა, ეს ყოველ ვიდეოსთან ახლოს მისვლისას ისმოდა, გალერეის სივრცის ცენტრში კი ყველა მათგანის სინთეზი იყო გადმოცემული.

 

ლევან სონღულაშვილი – “სტიქსი”

გაიმართა ლევან სონღულაშვილის სამნაწილიანი რეტროსპექტივა “სტიქსი”. გამოფენის კურატორი ხელოვნებათმცოდნე, არტ კრიტიკოსი მარკ გიზბურნი იყო. გამოფენა აერთიანებდა გონების, ემოციის და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გზას. გადმოსცემდა მითისა და ალეგორიის თემას, მიუთითებდა ცნობილ მითოლოგიურ მდინარეზე, როგორც ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის ადგილზე. სტიქსი არის სიმბოლო მსოფლიოს მუტაბელური ასპექტების რადიკალური ცვლილებების, ადამიანის საბოლოო ადგილის უცვლელი და გარდაუვალი რეალობისა. სწორედ ეს იყო გამოფენის მთავარი კონცეფცია, რომელიც შექმნილია როგორც იმერსიული გამოცდილება, რაც გამოხატული იყო ვიდეო ინსტალაციებში და სონღულაშვილისათვის დამახასიათებელ შავ-თეთრ ნამუშევრებში.

გამოფენა შედგებოდა სამი ნაწილისაგან, ERTI Gallery-ის მთავარ სივრცეში წარმოდგენილი იყო დიდი ზომის შავ-თეთრი ნამუშევრები და ვიდეო, გვერდითა სივრცე მთლიანად დაეთმო ინსტალაციას – ვიდეო სკულპტურას “საგნების სისტემას”, რომელიც 7-არხიანი ვიდეოსაგან და 280 დაკიდებული თეთრი სფეროსაგან შედგებოდა. ინსტალაციას მნახველი მითოლოგიური სამყაროდან არსებულ, გლობალურ ქაოსში გადაჰყავდა. სიტყვა “საგნები” უპირველესად ინერტულ და მოძრაობის ნაკლები შესაძლებლობის მქონე საგნებზე მიუთითებს – 7-არხიანი ვიდეო ნიუ-იორკის ოკულუსის სატრანსპორტო ცენტრშია გადაღებული, უსასრულო ტრანზიტისა და თითქოს უმიზნო მოძრაობის ქაოსში ერთი ფიგურა დგას განცალკევებით, თითქოს დინების საპირისპიროდ, გამორჩეული იდენტობის, ბურთები კი ისევ და ისევ მორჩილების, ერთგვაროვნების, ერთი მიმართულების სიმბოლოდ ერთ დონეზე დაკიდებულები, ვიდეოს ფიზიკურ ნაწილს განასახიერებდა.
ინსტალაცია თავისი მასშტაბურობით და ესთეტიკით მკაფიოდ და შთამბეჭდავად გადმოცემდა ეგზისტენციალიზმის უკვდავ პრობლემას, მასშტაბით კი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინსტალაცია იყო, რაც საქართველოს სახელოვნებო სივრცეში გაკეთებულა.
გამოფენის მესამე ნაწილი ლანდშაფტში განხორციელდა, ეზოში, გალერეის წინ, ხელოვანმა შადრევანი გამოიყენა როგორც შესავალი ორივე სამყაროში, შადრევანი ორ ნაწილად იყო გაყოფილი და ცნობიერ და ქვეცნობიერ სამყაროს განასახიერებდა.

ERTI Gallery-ის მიერ გამოიცა ლევან სონღულაშვილის წიგნი “სტიქსი”. ტექსტის ავტორი მარკ გიზბურნი. გამოცემა წარდგენილი იყო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

 

დარო სულაკაური – “ლეჩაქი”

დარო სულაკაურის პერსონალური გამოფენის, “ლეჩაქის” კურატორი იყო გამომცემლობა Disnatz-ის (ბერლინი) დამფუძნებელი და დირექტორი უტა გროსენიქი. ეს იყო დაროს როგორც ფოტოხელოვანის პირველი მასშტაბური გამოფენა, სადაც ფოტოები არჩეული იქნა მის მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროექტებიდან. დარო დოკუმენტალისტია და იკვლევს საქართველოს რეგიონებში ისეთ სოციალურ პრობლემებს, რომლებზედაც ხშირად არ საუბრობენ ან რომლის შესახებაც საზოგადოებამ არც იცის. გამოფენის მთავარ ფიგურებად შეარჩიეს ქალები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათი ცხოვრების სტილი, სოციალური პრობლემები და ყოველდღიური გამოწვევები.
ამ გამოფენის ფარგლებში პირველად გაიმართა ინტერაქტიული სკაიპ პერფორმანსი. ცალკე ოთახში სკაიპის მეშვეობით მნახველს შეეძლო ესაუბრა პერსონაჟებთან, რომლებიც ფოტოებზე იყვნენ გამოსახულნი, დაესვათ კითხვები და გაეგოთ მეტი რამ მათი ცხოვრების შესახებ. რეგიონები, საიდანაც არჩეული პერსონაჟები იყვნენ, იმდენად მოწყვეტილია ცენტრს, თითქმის ყველა შემთხვევაში გალერეა უგზავნიდა ინტერნეტმოდემს და კომპიუტერს, რომ კონტაქტი შემდგარიყო.
გახსნის დღეს მოწვეული skype-სტუმრის, 9 წლის ნანასთვის კი ამ ტიპის კონტაქტი პირველი გამოცდილება იყო და მასთან დიალოგიც საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. ყველა დიალოგი ჩაიწერა და დაროსათვის ახალი ვიდეო ნაშრომი გამოვიდა.

პატარა გოგონას, ნანას ფოტო კი, როგორც გამოფენის მთავარი გმირის, დარო სულაკაურის წიგნის, “ლეჩაქის” ყდაზე დაიბეჭდა, რომელიც ERTI Gallery-მ გამოსცა. ტექსტის ავტორები არიან არტ-კრიტიკოსი და კურატორი ნინა მდივანი და დარო სულაკაური.

 

“ხვალ იქნება გუშინ”

ჯგუფური გამოფენა “ხვალ იქნება გუშინ”, რომლის კურატორიც “გარაჟის” თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენელი ანდრეი მიზიანო იყო. ექსპოზიცია დაფუძნებულია იმ არტისტთა ფართო ჯგუფის ნამუშევრებზე, რომელთა წარმომავლობაც მჭიდროდ უკავშირდება კავკასიის რეგიონს. მონაწილე ხელოვანები ასლან გაისუმოვი (ჩეჩნეთი), ლუსინე ჯანიანი (სომხეთი), ტაუს მახაჩევა (დაღესტანი), კოკა რამიშვილი (საქართველო), სიტარა იბრაჰიმოვა (აზერბაიჯანი) და ტატო ახალკაციშვილი (საქართველო) იყვნენ. გამოფენა მესამე და ბოლო იყო ამ სერიიდან, რომელიც კავკასიის რეგიონში თანამედროვე სახელოვნებო სცენას ეძღვნებოდა. პირველი გამოფენა ამ ციკლიდან გაიმართა “გარაჟში”, მეორე კი მილანში, ლაურა ბულიანის გალერეაში. თემატურად კი ყოველი გამოფენა სხვადასხვა ასპექტს ასახავდა. ERTI Gallery-ში ექსპოზიცია ფოკუსირებული იყო ისტორიაზე, გეოპოლიტიკაზე და რეგიონში არსებულ ეთნიკურ პრობლემებზე, განიხილავდა ინდივიდებისა და ერების გამოცდილებას ისტორიული კატაკლიზმების და ცვლილებების პირისპირ. გამოფენაზე წარმოდგენილი ყოველი ნამუშევარი ისტორიული მნიშვნელობით გამოირჩეოდა.
მიმდინარეობს წიგნზე მუშაობა, რომელსაც ERTI Gallery გამოსცემს. წიგნი მოიცავს სამივე გამოფენის შესახებ ინფორმაციას და მნიშვნელოვან კვლევებს რეგიონში თანამედროვე ხელოვნების განვითარების შესახებ.

 

ლუკა ლასარეიშვილი “მოძრავი კადრები და მათ მიღმა – ეთერული ტრანსფორმაციები”

2018 წლის ფინალური ექსპოზიციის, ლუკა ლასარეიშვილის პერსონალური გამოფენის – “მოძრავი კადრები და მათ მიღმა – ეთერული ტრანსფორმაციები”, კურატორი ხელოვნებათმცოდნე და დოიჩე ბანკის კოლექციის ერთ-ერთი კურატორი, დოქტორი ჰაიკე ფულბრუგე იყო. 80-იანი წლებიდან საქართველოდან წასული ხელოვანი, რომელსაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული საქართველოს თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში, პირველად პერსონალური გამოფენით ERTI Gallery-მ მოიწვია საქართველოში, სადაც ლუკამ ნიუ-იორკში შექმნილი ნამუშევრების ახალი სერია აჩვენა. სპეციალურად ამ გამოფენისათვის ლუკამ შექმნა ვიდეო “ეთერული ტრანსფორმაციები”, რომელშიც ნათლად არის გადმოცემული ხელოვანის შთაგონების ძირითადი წყარო და ერთგვარი გასაღებია.

 


რეკომენდებული სტატიები
ინტერვიუ გიორგი ჩხეიძესთან

ინტერვიუ გიორგი ჩხეიძესთან

ინტერვიუ გიორგი ჩხეიძესთან
გიორგი ჩხეიძის სხვადასხვა დროს სხვადასხვა სფეროში მიღებულმა გამოცდილებამ გარკვეულწილად განაპირობა მისი ვიზუალური სახელოვნებო ენის ჩამოყალიბება, რაც მის პერსონალურ ტექნიკაშიც გამოვლინდა, სადაც ხელოვანი შემთხვევით ვიტალურ, გეომეტრიულ ფორმებს იყენებს და მინიმალისტურ კომპოზიციებზე მუშაობს.
ხვალ იქნება გუშინ - ინტერვიუ კურატორ ანდრეი მიზიანოსთან

ხვალ იქნება გუშინ - ინტერვიუ კურატორ ანდრეი მიზიანოსთან

ხვალ იქნება გუშინ - ინტერვიუ კურატორ ანდრეი მიზიანოსთან
თანამედროვე ხელოვნება დასავლური პროექტია, რომელიც ხსნის კონკრეტულ ღირებულებებსა და ლოგიკას. თანამედროვე ხელოვნების განვითარების დონე ერთგვარი “ლაკმუსის ქაღალდია”.
ინტერვიუ ხელოვან თეა გვეტაძესთან

ინტერვიუ ხელოვან თეა გვეტაძესთან

ინტერვიუ ხელოვან თეა გვეტაძესთან
დასავლეთში ცხოვრებამ ჩემი თავი ჩემივე ხელით დამანგრევინა და მისი შენება თავიდან დამაწყებინა. ეს შენების პროცესი დღემდე მიდის და იმედია არ შეწყდება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.