fbpx
გააზიარე სტატია

ერვინ ვურმის მსუქანი მანქანები

ერვინ ვურმი, წარმოშობით ავსტრიელი, საერთაშორისო სახელოვნებო სცენისთვის  კარგად ნაცნობი არტისტია, რომელმაც სკულპტურის კონცეფციებზე მუშაობა 1980-იანი წლებიდან დაიწყო. ვურმის ნამუშევრები იუმორით, აბსურდულობითა და ხშირად ინსტიტუციონალიზმის კრიტიკითაც გამოირჩევა, სადაც აქცენტი ფორმების რღვევაზე კეთდება.

ხელოვანი დაინტერესებულია სკულპტურასა და პედესტალს შორის ურთიერთმიმართებაზე დაკვირვებით, გრავიტაციის ფუნქციითა და მისი მახასიათებლებით, ტრადიციული ფორმების რღვევითა და ობიექტების  მოცულობით მანიპულაციით.

ერვინ ვურმმა მანქანების სერიამდე,  2003 წელს შექმნა ნამუშევარი “მსუქანი სახლი”. ფართომასშტაბიან სკულპტურაში  სახლის ფორმა მთლიანად დეკონსტრუირებულია, მისი მოცულობა კი გაზრდილი, სახლის შიგნით მაყურებელს თავად სახლის ვიდეო ხვდება, სადაც ის საკუთარ თავს ეგზისტენციალურ კითხვებს უსვამს  თავისივე რაობაზე:

“უცნაურია აქ რომ ვარ, რადგან როგორც ვიცი, სახლი გარეთ უნდა იდგეს, შიგნით სიცარიელეა, სახლი გარემო პირობებისგან უნდა გიცავდეს, მე სახლი ვარ? “

ამ და სხვა კითხვებს უსვამს საკუთარ თავს სახეცვლილი სახლი, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ, მაყურებელსაც მიგვანიშნებს საგნების რაობაზე, მის ფუნქციაზე და ამავდროულად იმ კითხვებზე,  რომლებსაც ხშირად ვუსვამთ საკუთარ თავს.

1993 წელს ერვინ ვურმმა გამოსცა სახელმძღვანელო – როგორ გავხდეთ ორი ზომით მეტი  რვა დღეში. რვა წლის შემდეგ კი შექმნა მისი პირველი “მსუქანი მანქანა”.

ვურმმა თავდაპირველად თანამშრომლობა “ოპელთან” და “ჯენერალ მოტორსთან” სცადა, მაგრამ კომპიუტერული მოდელირების პროგრამით  ხელოვანმა ვერ მიიღო ის შედეგი, რაც თავად სურდა, ამიტომაც აპრობირებულ პრაქტიკას მიუბრუნდა და სკულპტურები ხელით შექმნა. მან არსებული მანქანების კორპუსები გამოიყენა, “სიმსუქნის ეფექტი” პოლიურეთანის ქაფისა და პენოპლასტისგან შეიქმნა, საბოლოოდ კი სპეციალური ლაქით დაიფარა.

სიმსუქნის საკითხზე მუშაობისას ვურმი იკვლევს კავშირს ძალაუფლებას, შესაძლებლობასა და წონას შორის და აკრიტიკებს  არსებულ ღირებულებათა სისტემას, რომელშიც სარეკლამო სამყარო ჩვენგან სიგამხდრეს მოითხოვს, თუმცა ამავდროულად კონსიუმერიზმისკენ გვიბიძგებს.

ავტორი: ნინა პატარიძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.