fbpx
გააზიარე სტატია

დეკემბერში აუცილებლად სანახავი გამოფენები

რა შეიძლება გააკეთო დეკემბერში, როცა ცივა და გარშემო ყველა ახალი წლის სამზადისზე ლაპარაკობს?
ბევრი რამ… და მათ შორის ერთ-ერთი გამოფენებზე სიარულია. თანამედროვე ხელოვნება დროებით ცივ ამინდებზე ფიქრისგან და საახალწლო ეიფორიისგან გაქცევაში დაგეხმარებათ.

რა ხდება დეკემბერში თბილისის კულტურულ ცხოვრებაში, რომელ გამოფენებს შეიძლება ვესტუმროთ?

ვახტანგ ქოქიაშვილი – SECOND ORDER

22 დეკემბერი 18:00

WINDOW PROJECT, ტატიშვილის ქ. 7

Window Project-ის ახალ სივრცეში, ტატიშვილის 7 ნომერში, 22 დეკემბერს ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა გაიხსნება ნინა ახვლედიანის კურატორობით. მითიდან ეფექტამდე –  ექსპოზიცია მხატვრის სამ მიმართულებას აერთიანებს: მითოს, რელიგია და ეთნოგრაფიული პოპი. პირველი არაცნობიერის სარკეა, მეორე რელიგიურ თემებს კიჩურ ფორმებში ამჟღავნებს, რაც შეეხება ეთნოგრაფიულ პოპს, ის თანამედროვე სამყაროში ჩვენი სავიზიტო ბარათია, რომელიც ჩვენს წარსულ და აწმყო გამოცდილებებს უახლეს ენაზე თარგმნის. გამოფენა თანმიმდევრულად ასახავს მხატვრის განვითარების ეტაპებს მითიდან პოპ-არტამდე, რომლის განმავლობაში მითოსური ფორმები წარმოების და დიზაინის ეფექტებით იცვლებიან.

ვახტანგ ქოქიაშვილი (1930-2010) ქართული მონუმენტური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელია. ქოქიაშვილის კოლექციაში შედის ისეთი ცნობილი ნამუშევრები, როგორებიცაა: სასტუმრო „ივერიის“ ინტერიერის ვიტრაჟი (1967), კომპოზიტორთა სახლის ვიტრაჟი სოხუმში (1969), ფუნიკულიორის ქვედა სადგურის ვიტრაჟი (1970-1971) და სხვა. 1990-იანი წლებიდან ვახტანგ ქოქიაშვილი აქტიურად იწყებს პოპ არტისტული სერიების დამზადებას. მის კოლექციაში ასევე შესულია ასობით კოლაჟი, გრაფიკა და ასამბლაჟი.

გამოფენის კურატორია ნინა ახლედიანი. მის კონცეპტუალურ სტრუქტურაზე და დიზაინზე ახალგაზრდა არტისტმა ლადო ლომიტაშვილმა იმუშავა.

 

ირაკლი ბუგიანი –  NOWHERE TO RUN

21 დეკემბერი – 8 თებერვალი

Project Artbeat

Project Artbeat-ის გალერეაში ირაკლი ბუგიანის გამოფენის, NOWHERE TO RUN-ის  ნახვა იქნება შესაძლებელი, რომელიც მხატვრის ბოლოდროინდელ ნამუშევრებს გააერთიანებს.

ირაკლი ბუგიანი ცხოვრობს და მუშაობს ფრანკფურტში. ხელოვანი ძირითადად ფერწერულ ნამუშევრებს ქმნის,  ასევე მიმართავს კოლაჟის ტექნიკას. ნამუშევრებისთვის იყენებს ძველ და ახალ ფოტოებს, სხვადასხვა ვიზუალურ ინფორმაციასა და ტექსტებს იმ სოციალური, სამეცნიერო თუ პოლიტიკური მოვლენების შესახებ, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში, მის გარშემო ხდებოდა და ხდება.

 

 

“მდგომარეობებს შორის”

7 – 20 დეკემბერი

კლუბი “ხიდი”

კლუბ “ხიდის” ფარგლებში არსებულ თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მულტიდისციპლინარული საგამოფენო პროექტი – “მდგომარეობებს შორის” მიმდინარეობს, რომელიც 7 დეკემბერს გაიხსნა, მაგრამ მისი ნახვა კვლავ შესაძლებელია  ნებისმიერი მსურველისათვის ყოველ სამშაბათს, 15:00-დან 20:00 საათამდე და ასევე კლუბ KHIDI-ის ღონისძიებების პარალელურად, პარასკევს და შაბათს (მხოლოდ ღონისძიებების დამსწრე აუდიტორიისთვის) და თან წინასწარი შეთანხმებით.

გამოფენა ცდილობს, უპასუხოს კითხვებს იმის შესახებ, თუ რა არის ის მდგომარეობები, რომლებშიც ვარსებობთ, ან როგორი იქნება ის მდგომარეობები, რომლებშიც ყოველდღიურობა მუდმივად იცვლება. რა არის ან შეიძლება იყოს ახალი მედიახელოვნება საქართველოში და რა ურთიერთმიმართებებს ავლენს ის მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ კონტექსტთან?

გამოფენაზე, რომლის კურატორებიც გიორგი სპანდერაშვილი, ვატო ურუშაძე და ხატია ჭოხონელიძე არიან, წარმოდგენილი იქნება შემდეგი ავტორების ნამუშევრები: გიო სუმბაძის, გიორგი მაღრაძის, დეთუ ჯინჭარაძის და მარიამ ნატროშვილის, ვასილ მაჭარაძის და კოკა ვაშაკიძის, ვატო წერეთლის, სანდრო ასათიანის და ზურა ჯიშკარიანის, თამარ გურგენიძის, თორნიკე ქარჩხაძის, ჯასპერ ფუნგის, ლადო ლომიტაშვილის, ლადო ონიანის, მამუკა ჯაფარიძის, მანუჩარ ოქროსცვარიძის, ნიკა მაჩაიძის, ნიკოლოზ კაპანაძის, სანდრო სულაბერიძის, ტილდა ჯორჯის, InChina Collective: გოჩა ჟღენტის, ივეტა ჩხიკვაძის, ილია მახარაძის და მართა თაბუკაშვილის, ალექსი სოსელიას და გიორგი მელაძის, ზურა ცოფურაშვილის და ლუკა აქიმიძის, რამაზ ბაბლუანის, გვანცა ბერძენიძის, ბარა გალოს, ელენე გაბრიჩიძის, დიმა დადიანის, სკოტ მაკოლაკის.

 

ანა ჩადუნელი – “სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება”

სასტუმრო “სტამბა”

20 დეკემბერი

სასტუმრო სტამბის საგამოფენო სივრცეში Propaganda Network , TBC  Status და სასტუმრო STAMBA წარმოგიდგენთ ანა ჩადუნელის გამოფენა-გაყიდვას „სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება“. გამოფენაზე შესაძლებელი იქნება არტისტის ნამუშევრების შეძენა და ნამუშევრებიდან მოგროვებული თანხა კონკრეტული მიზნისთვის – ანას School of Arts Ghent – ის სახვითი ხელოვნების მაგისტრატურაზე სწავლის გასაგრძელებლად იქნება გამოყენებული.

გამოფენა ხელოვანის მიერ სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა სერიისთვის შექმნილ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევარს აერთიანებს, მათ შორისაა თამარ ჩადუნელთან კოლაბორაციით შეიქმნილი ვიდეონამუშევარიც.

ანა ჩადუნელის შემოქმედებაში იქმნება ვირტუალური გარემო: დეკონსტრუირებული ობიექტები სივრცეში იფანტებიან. აბსტრაქტული წარმონაქმნები, ერთი მხრივ, ყოფით საგნებს მოგვაგონებენ, მეორე მხრივ კი დამოუკიდებლად არსებობენ, ყოველდიურობასთან ყოველგვარი შინაარსობრივი კავშირის გარეშე.

საკუთარ ნამუშევრებში, ანა  იკვლევს ციფრულ და ანალოგ მატერიებს შორის სხვაობას. მსუბუქი ფერწერული და გრაფიკული მანევრირებით იქმნება პორტალი, რომელიც გამოსახულების სამგანზომილებიან, აბსტრაქტულ სივრცეში გადატანის შესაძლებლობას ქმნის – იქმნება ჯერ კიდევ მოუსინჯავი შეგრძნებების მოხელთების სურვილი, დასაშვებია რეალობებს შორის დეზორიენტაცია.

 

აუქციონი : WHO DOES SHE THINK SHE IS?

27 დეკემბერი 19:00

დეკემბერში დაგეგმილია არასაქველმოქმედო აუქციონიც, რომელიც 2018 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის სტუდენტების ორგანიზებით მეორედ გაიმართება.

არასაქველმოქმედო აუქციონის მიზანი თანამედროვე ქართული ხელოვნების და არტისტების პოპულარიზაცია და მათი ნამუშევრების კომერციალიზაციაა. აუქციონის სამზადისს და მასში ჩართული ხელოვანების ნამუშევრებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ აუქციონის ინსტაგრამ გვერდზე.

 

განახლებული როგორც ფენიქსი

სოფო ტაბატაძე, სალომე დუმბაძე

17 დეკემბერი 2018 – 20 თებერვალი 2019

The Why Not Gallery  

გამოფენა ეძღვნება საბჭოთა საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატ პირიმზეს და მის სამეზობლოს წარმოადგენს რა თემისადმი ორ ძალიან განსხვავებულ, კრეატიულ მიდგომას.

სოფო ტაბატაძის ვიდეო ‘პირიმზე’ და ამავე სახელწოდების მულტიპლიკაცია ხელოვანის ხუთ წლიანი კვლევის პროცესშია შექმნილი. თავდაპირველად ტაბატაძის ინტერესი გააღვიძა უეცარმა აღმოჩენამ, რომ პირიმზე აღარ არსებობს. ხელოვანი მოინუსხა აზრით, რომ მთელი სამეზობლო შეიცვლებოდა და გადაწყვიტა, რომ რაიმე ფორმით შეენარჩუნებინა ეს უნიკალური მოცემულობა, შეეგროვებინა რაც შეიძლებოდა მეტი მასალა მის გარშემო. შედეგად მიიღო პოლიტიკური და სოციალური კონოტაციებით დახუნძლული ნამუშევრები, რომლებიც თანამედროვე საქართველოს მეტაფორადაც შეიძლება იყოს წაკითხული.

სოფო ტაბატაძის ვიდეო ნამუშევარი პირიმზის ისტორიას შენობის პერსპექტივიდან ყვება, მის განახლებულ ვიზუალს აღბეჭდავს და ახმოვანებს პირიმზე პლაზას სარეკლამო ბროშურიდან ამოღებულ ფრაზებს.

მულტიპლიკაცია, ასევე სახელწოდებით ‘პირიმზე’ ასახავს შენობის პირველი სართულის მაკეტის შექმნის პროცესს. მოძრაობას თან მიყვება მამაკაცის ხმა, რომელიც ზედმიწევნით დეტალურად იხსნებს რომელ ჯიხურში რისი შეკეთება იყო შესაძლებელი. ამ ჟესტით ხელოვანი ხაზს უსვამს საკუთარ სურვილს აღადგინოს და ასეთი ფორმით უკვდავყოს ამ უნიკალური კომუნის იერსახე, რომელიც მისი თავდაპირველი აღფრთოვანების ობიექტი იყო. ეს ჯიხურები თვითორგანიზებულობისა და თვითგადარჩენის პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ და გულწრფელ სიმბოლოდ შეიძლება წაიკითხოს.

სალომე დუმბაძის ინსტალაცია ‘განახლებული, როგორც ფენიქსი’ შენობის ახალ ლოგოს ქმნის, რომელიც ცეცხლმოდებულ პირიმზის შენობას და მასში გამომწყვდეულ ფენიქსს აღბეჭდავს. ლოგოს ორივე მხარეს შიშველ ქალების გამოსახულებები აქვს. ეს გამოძახილია სახელოსნოების ყველაზე ხშირ დეკორზე – ჟურნალებიდან და კალენდრიდან ამოჭრილი შიშველ ქალების გამოსახულებები. სალომესთვის ესაა პირიმზის, როგორც მასკულინური სამყაროს ხასიათის ყველაზე ძლიერი სიმბოლო. მხატვარმა გამოსახულებების საყოფაცხოვრებო საგნებზე გადატანა გადაწყვიტა; საგნებზე რომლებიც პირიმზის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია; მაგალითად მატრასი, რომელიც მკერავმა დარეჯანმა შეკერა და კერამიკის თეფშები.

ერთხელ, როცა სალომემ დარეჯანს მიაკითხა, მკერავების სადილს შეესწრო, რომელიც ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც სოფოს ფილმში, ამჯერად ევრო- რემონტ-ჩატარებულ კედლებში. ამიტომაც, პირიმზის ლოგო კერამიკის თეფშებზეც დაიტანა, როგორც ყველაფრის ბრენდირების, განახლების ცდა, ახალი თეფში, ახალი ლოგოთი და იგივე საჭმელით მასზე.

 

ქეუ მეფარიშვილი – “მხოლოდ მაშინ ვარსებობ, როცა შენ აქ ხარ, სადაც არასდროს ყოფილხარ, იქ არც მე მიარსებია”

22 ნოემბერი – 10 იანვარი

პატარა გალერეა

პატარა გალერეაში Propaganda.Network-ის მხარდაჭერით ქეუ მეფარიშვილის გამოფენა მიმდინარეობს.  “მხოლოდ მაშინ ვარსებობ როცა შენ აქ ხარ, სადაც არასდროს ყოფილხარ იქ არც მე მიარსებია” –  იმ ინტერაქციის გამეორების მცდელობაა, რომლითაც არქიტექტურასთან ადამიანის ჩარევით იქმნება ახალი ტერიტორიები რაც, საბოლოო ჯამში, სივრცეზე წვდომის თავისუფლების ბუნებრივი მანიფესტაციაა.

გლდანის მერვე მიკრორაიონში ერთმანეთის მსგავსი კორპუსები დგას. თითქმის იდენტური კორპუსები, მაცხოვრებლებისთვის თანაბარ საარსებო სივრცეს ქმნიან. ამ მოცემულობაში ადამიანი პარტიზანულად მოქმედებს. ეს მარტივი, ბუნებრივი ინსტიქტია, იმის მოსაპოვებლად, რაც არ ერგო ან არ ეყო. ადამიანი საკუთარ მითოლოგიას ქმნის და არქიტექტურისთვის ალტერნატიული ფორმის მინიჭებას ცდილობს. აშენებს საკუთარ ტერიტორიას, ზრდის ძველს, საკუთარ ტანზე ირგებს და ამ მარტივი მოქმედებით, შეაქვს ქაოტური ელემენტი არსებულ “ურბანულ წესრიგში.” ეს არაკანონზომიერი, უხეში ჩარევაა, ინერცია უსაზღვრო თავისუფლებისკენ, რომელიც ადამიანს მის ბუნებრივ საწყისებთან აბრუნებს. შედეგად იქმნება უკანონო ტერიტორია, რომელიც, ერთის მხრივ, ურბანული კოლაფსის, მეორეს მხრივ, მაცხოვრებლის შეუზღუდავი თავისუფალი ნების სიმბოლოა.

ამ ყოველივეს სიმბოლოდ, ქეუმ მეზობლის აივანი აიღო და ფორმების გამეორებით გალერეაში შემოაქვს ძველი ფორმა, განსხვავებული ვიზუალით, გაჭედილი გალერეის უპატარავეს სივრცეში, როგორც დღევანდელ თბილისში, შენობებით და შენობებზე გამოზრდილი მიშენებებით.

 

12 იანვრის ჩათვლით წინამძღვრიშვილის 49 ნომერში შესაძლებლია ‘ჩიკაგოში მცხოვრები მხატვრისა და მუსიკოსის, ლიზა ალვარადოს ნამუშევრების დათვალიერება.

ამ გამოფენის ფარგლებში ალვარადო წარმოგვიდგენს ოთხ პანოს, თუ “ტილოს,” ბუმბულის ფარდაგებს და მუსიკალურ ინსტალაციას. ქართული პოლიფონიური ტრადაციითა და ქართულ ლანდშაფტში ჩაფლული მდიდარი ისტორიით აღფრთოვანებულმა, შექმნა ვიზუალური ხელოვნების, მუსიკისა და დეკორაციების პოლიფონიური ნაკრები. შრეებად განლაგებული განსხვავებული ელემენტები ისეთ ჰარმონიულ მოდელებს ქმნიან, რომლებსაც კოლექტიური მეხსიერების თავმოყრა ერთ ცალკეულ ამბავში შეუძლიათ.

 

ლია ბაგრატიონი – “შეშლილი ჩაის სმა”

29 ნოემბერი – 20 იანვარი

თბილისის ისტორიის მუზეუმი

ლია ბაგრატიონის პერსონალური გამოფენა მხატვრის ბოლოდროინდელი ნამუშევრებისგან შექმნილი ექსპოზიციაა. მათი ნაწილი სრულიად ახალი პროექტებია. ნაწილი შედარებით ძველი ნამუშევრების რეკონცეპტუალიზაცია, რაც მათ მეტ-ნაკლებ ვიზუალურ ტრანსფორმაციას იწვევს.

გამოფენა შემთხვევითობას, ხილულის და უხილავის, მახსოვრობის და მასალის ურთიერთქმედებას იკვლევს და ცდილობს უპასუხოს კითხვებს: როგორ ითარგმნება ეს ცნებები მასალის ენაზე? როგორ პასუხობს თიხა ესთეტიკურ ამოცანებს? როგორ ხდება თიხის ფუნქციურობის და ფიზიკურობის ვიზუალურ კონცეფციად გარდაქმნა?

 

გიწვევთ 2018 წლის 22 დეკემბერს 17:00 საათზე, გალერეა “საწყობის” გახსნაზე.

გალერეა “საწყობი” თანამედროვე ქართული ხელოვნების პლატფორმა და კომერციული გალერეების ალტერნატიული სივრცეა, რომლის მიზანია დააკავშიროს ერთმანეთთან მხატვრები და ფართო აუდიტორია.

“საწყობი” ეს ბინის ფორმატში არსებული გალერეაა, რომლის კონცეფცია ახალგაზრდა ქართველი მხატვრების კოლექციის შეგროვება და მისი დაინტერესბულ აუდიტორიასთან მიმოცვლა არის.

გახსნაზე მოსულ დამთვალიერებელს შეეძლება გაეცნოს თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების დინებებს და შეიძინოს ნამუშევრები, რითაც შეუწყოს ხელი ალტერნატიული სივრცეების განვითარებასა და ახალგაზრდა მხატვრების შემოქმედების გავრცელებას.

გალერეა “საწყობის” პირველ გამოფენის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი მხავრების ნამუშევრები: ალექსი სოსელია, ზურა ცოფურაშვილი, ვატო ურუშაძე, ლუკა აქიმიძე, ივეტა ჩხიკვაძე, გვანცა ჯიშკარიანი, ანა ჩადუნელი, სანდრო სულაბერიძე, ირინა ჯიბუტი და ა.შ

მისამართი: თაბუკაშვილის 35, მესამე სართული.

ავტორი: ნასტასია არაბული


რეკომენდებული სტატიები
მხატვრული არქეოლოგია

მხატვრული არქეოლოგია

მხატვრული არქეოლოგია
აბსტრაქტული სიუჟეტები, პერსონალური ინტიმური ნარატივები და პატრიარქალური კულტურის კრიტიკა ხელოვან მაია ნავერიანის შემოქმედებაში
ხელოვნება სარეკლამო გზავნილების სივრცეში

ხელოვნება სარეკლამო გზავნილების სივრცეში

ხელოვნება სარეკლამო გზავნილების სივრცეში
ლიზა ალვარადოს ბილბორდი, როგორც გზავნილი, ან ნიშანი, უეცრად ჩნდება იქ, სადაც ხელოვნებას არავინ ელის და ამგვარად ქმნის ხელოვნების თანამედროვე ფორმას
ხელოვნება, სახლი და დიალოგი

ხელოვნება, სახლი და დიალოგი

ხელოვნება, სახლი და დიალოგი
13 ოქტომბერს გალერეა LC Queisser-ში ლიზა ალვარადოს გამოფენა - Polyphonic shadow cloth გაიხსნა. ლიზა ცნობილია თავისი კომპლექსური ნამუშევრებით, რომლებიც ერთდროულად ტრადიციის გამტარებსაც წარმოადგენენ და ახალი პოტენციალის ათვისებასაც შესაძლებელს ხდიან.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.