fbpx
გააზიარე სტატია

საშემოდგომო ფილმები

Hammock წარმოგიდგენთ ფილმების სიას, რომლებიც საშემოდგომო ატმოსფეროსა და ოქროსფერ დღეებში სიმყუდროვის განწყობას ქმნიან.

მზიან ზაფხულთან დამშვიდობება და გრილ, ოქროსფერ დღეებში გადანაცვლება ბევრისთვის ნოსტალგიურ და სევდიან განწყობასთან ასოცირდება, თუმცა არსებობს ფილმები, რომლებიც შემოდგომას შეგაყვარებთ და სეზონის გრილი დღეებისთვის მყუდრო განწყობას შეგიქმნით.

The Trouble with Harry (1955) – ჰარის უსიამოვნებები

რეჟისორი: ალფრედ ჰიჩკოკი

“ჰარის უსიამოვნებები” ჰიჩკოკისთვის უჩვეულო ჟანრის ფილმი, კომედიაა, აქ ვერ შეხვდებით რეჟისორისთვის დამახასიათებელ ხელწერას, რადგან ფილმს ნაკლებად აქვს საერთო ისეთ თემებთან, როგორებიცაა, მაგალითად, შიში, იდენტობის დაკარგვა. ფილმი მიცვალებულ ჰარიზე, რომელიც ქალაქ ახალ ინგლისის ყველა მცხოვრებს უსიამოვნებებს უქმნის, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნამუშევარია რეჟისორის ფილმოგრაფიაში. 

 

Late autumn გვიანი შემოდგომა (1960)

რეჟისორი: იასუჯირო ოზუ

ღრუბლიანი სიეტლის ფონზე გადაღებული ფილმი სასიყვარულო ისტორიას მოგვითხრობს, ოზუს პოეტური ხელწერა ფილმს საშემოდგომო განწყობის შესაქმნელად იდეალურს ხდის. 

 

უკანასკნელ ამოსუნთქვამდე  – Breathless (1960)

რეჟისორი: ჟან ლუკ გოდარი

ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც არა მარტო ახალი ტალღის, არამედ ფრანგული კინოხელოვნების შედევრია. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ მსახიობები ჟან პოლ ბელმონდო და ჯინ სიბერგი და ასევე მათი ჩაცმულობის სტილი, რომლის გამო ფილმი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურად ითვლება.

 

Color of pomegranates ბროწეულის ფერი “საიათნოვა” (1969) 

რეჟისორი: სერგო ფარაჯანოვი

ლეგენდარული სერგო ფარაჯანოვის ავანგარდული ნამუშევარი, რომელშიც მთავარ როლს სოფიკო ჭიაურელი ასრულებს, პოეტ საიათნოვას ლექსების ინსპირაციითა შექმნილი. ორიგინალ ვერსიასთან ერთად შეგიძლიათ ფილმი ალტერნატიული მუსიკალური გაფორმებით ნახოთ, რომელიც 2005 წელს ელექტრონულმა მუსიკოსმა  ნიკოლას ჯაარმა შექმნა. 

 

Grey Gardens ნაცრისფერი ბაღები (1975)

რეჟისორი: ალბერტ მეისლესი, დევიდ მეისლესი

ესაა დოკუმენტური ფილმი ჟაკლინ კენედის მოხუცებულ დეიდასა და დეიდაშვილზე, რომლებიც აღმოსავლეთ ჰემპტონში  განმარტოებით ცხოვრობენ. ძმების ინოვაციურმა მიდგომამ დოკუმენტური კინოს გადაღების ახალი სტილი დაამკვიდრა.

 

Annie Hall – ენი ჰოლი  (1977)

რეჟისორი: ვუდი ალენი

1977 წელს გადაღებული ფილმი „ენი ჰოლი“ (Annie Hall) დღემდე რეჟისორის კარიერის მწვერვალად ითვლება. რომანტიკული კომედია დაიან კიტონისა და ალენის მონაწილეობით ოთხი ოსკარითაა დაჯილდოებული.

 

Manhatten – მანჰეტენი (1979)

რეჟისორი: ვუდი ალენი

იშვიათად თუ იპოვით ვუდი ალენის ნიუ-იორკზე საინტერესო ადგილს – რეჟისორი ყოველთვის ახერხებს ქალაქის თავისებური მომხიბვლელობითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი წარმოჩენას. ფილმი შუახნის სცენარისტზე,  42 წლის ისააკ დევისზეა, რომელსაც თავად ვუდი ალენი განასახიერებს. აღსანიშნავია, რომ ფილმში მონაწილეობენ მერილ სტრიპი და ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილი მერილ ჰემინგუეი.

 

Paris, Texas  პარიზი, ტეხასი (1984)

რეჟისორი: ვიმ ვენდერსი

ფილმი ჰარი დინ სტენტონისა და ნასტასია კინსკის შესრულებით საშემოდგომოდ ალბათ ყველაზე მეტად შეგაყვარებთ თავს. რობი მიულერის სცენოგრაფია ნამდვილად ცალკე ყურადღებას იმსახურებს, რადგან არაფერი ისეთი ლამაზი არ შეიძლება იყოს კინოხელოვნებაში, როგორც მისი ოპერატორული ნამუშევარი ვიმ ვენდერსის ფილმისთვის.

 

Wings of Desire ცა ბერლინის თავზე (1987)

რეჟისორი: ვიმ ვენდერსი

რეჟისორ ვიმ ვენდერსის “ცა ბერლინის თავზე” ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, რომელიც რეჟისორმა კარიერის დასაწყისში გადაიღო. ფილმი ბერლინის ატმოსფეროთი და პოეტური ნარატივით განსაკუთრებულ საშემოდგომო განწყობას ქმნის.

 

When Harry Met Sally (1989) – როცა ჰარი შეხვდა სალის (1989)

რეჟისორი: რობ რაინერი

სასიყვარულო ისტორია ყვითელი ფოთლებით სავსე ცენტრალ პარკში იდეალურია საშემოდგომო განწყობის შესაქმნელად. მეგ რაიანისა და ბილი კრისტალის პერსონაჟების 12-წლიანი მეგობრობისა და სიყვარულის ისტორიის გარეშე შემოდგომა წარმოუდგენელიც კია.

 

The double life of Veronique ვერონიკას ორმაგი ცხოვრება (1991)

რეჟისორი: კშიშტოფ კიშლოვსკი

ვერონიკა და ვერონიკი სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, ერთმანეთს არ იცნობენ და არც არასდროს შეხვედრიან, თუმცა ერთ-ერთის მოულოდნელი სიკვდილი სამუდამოდ ცვლის მეორეს ცხოვრებას. ახალგაზრდა ვერონიკას როლს ირენე ჯაკობი ასრულებს.

 

Good Will Hunting – ნიჭიერი უილ ჰანტინგი (1994)

რეჟისორი: გას ვან სანტი

შემოდგომა, სასწავლო წლის დასაწყისი – გას ვან სანტის ფილმი უილ ჰანტინგზე მოგვითხრობს, რომელიც მათემატიკური ნიჭითაა დაჯილდოებული. მას ფსიქოანალიტიკოსი  საკუთარი თავის აღმოჩენაში ეხმარება. საშემოდგომო განწყობასთან ერთად ფილმი სასწავლო წლისთვის შეგამზადებთ. 

 

Rushmore – რაშმორი (1995)

რეჟისორი: უეს ანდერსონი

უეს ანდერსონის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც 15 წლის ექსცენტრიკულ სტუდენტ მაქს ფიშერზე, უფრო სწორად, ახალგაზრდა მასწავლებელზე შეყვარებულ სტუდენტ მაქს ფიშერსა და მის მეტოქე ჰერმანზე გვიყვება. “რაშმორი”, ისევე როგორც უეს ანდერსონის სხვა ფილმები,  მუსიკალური გაფორმებით გამოირჩევა.

 

Autumn Tale – შემოდგომის ზღაპარი (1998)

რეჟისორი: ერიკ რომერი

 ფილმში მოქმედება შემოდგომის საფრანგეთში ხდება. “შემოდგომის ზღაპარი” მოგვითხრობს მეღვინე ქალზე,  რომელიც შვილების გამგზავრების შემდგომ მარტო ცხოვრობს. მარტოხელა ქალის მეგობარი გადაწყვეტს, მისი სახელით საიდუმლოდ გამოაქვეყნოს განცხადება, მისთვის მეორე ნახევრის პოვნის მიზნით. 

 

You’ve got mail – თქვენთვის წერილია (1998)

რეჟისორი: ნორა ეფრონი

ფილმში ისტორია შემოდგომის დასაწყისში ვითარდება და მოქმედება ნიუ-იორკში ხდება. ფილმი მოგვითხრობს წყვილზე, რომლებმაც ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს და რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთის კონკურენტები არიან.  ფილმში მთავარ როლებს მეგ რაიანი და ტომ ჰენკსი ასრულებენ.

 

Stepmom – დედინაცვალი (1998)

რეჟისორი: ქრის კოლომბუსი

ისტორია ათი წლის ანასა და ექვსი წლის ბენზე  გვიყვება, რომელთა ცხოვრებაშიც განქორწინებული მამის საცოლე იზაბელი ჩნდება. ჯულია რობერტსი, რომელიც იზაბელს განასახიერებს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვების სიყვარული დაიმსახუროს, მაგრამ ჯეკი –  სუზან სარანდონის პერსონაჟი, მათი ნამდვილი დედა – თავის ავტორიტეტს და გავლენას იყენებს, რომ ეს არ დაუშვას.

 

Autumn in New York შემოდგომა ნიუ-იორკში (2000)

რეჟისორი: ჯოან ჩენი

რიჩარდ გირისა და უაინონა რაიდერის გმირების სასიყვარულო ისტორია შემოდგომის ნიუ-იორკში,  ყვითელი ფოთლებით მოფენილი ცენტრალ პარკი თითქოს ცალკე პერსონაჟი ხდება ფილმში. სწორედ ამიტომ ის იდეალურია მყუდრო საშემოდგომო განწყობის შესაქმნელად.

 

Fantastic mr. fox –  შეუდარებელი მისტერ ფოქსი (2009)

რეჟისორი: უეს ანდერსონი

ანიმაციური ფილმი ბრიტანელი ავტორის, როალდ დალის 1970 წელს გამოქვეყნებული ამავე სახელწოდების საბავშვო მოთხრობიდან იღებს შთაგონებას. ფილმი მოგვითხრობს მისტერ და მისის ფოქსების შესახებ, რომლებიც წლებია ჰარმონიულად  ცხოვრობენ ფერმაში ადამიანებთან ერთად. იდილია მისტერ ფოქსის გამო ირღვევა, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ ოჯახს, არამედ ადამიანებთან ერთად თანაცხოვრებასაც უქმნის საფრთხეს. 

ავტორი: სოფიო ბუჯიაშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.