fbpx
გააზიარე სტატია

Fondazione Prada – ახალი იდეები ეპოქების გადაკვეთაზე

თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტი Fondazione Prada 1995 წლიდან არსებობს და მისი თავმჯდომარეები მიუჩია პრადა და პატრიციო ბერტელი არიან. 2015 წლის შემდეგ მათ ახალი, დამოუკიდებელი სივრცე გახსნეს ქალაქ მილანში.

„რა დანიშნულება აქვს კულტურის ინსტიტუტს“? – ეს ის კითხვაა, რომლის გარშემოც Fondazione Prada-ს კონცეფცია ტრიალებს. Fondazione Prada-ს წევრებს სჯერათ, რომ კულტურა აუცილებელი და მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისათვის. კულტურა გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში და იმის გაგებაშიც, თუ როგორ ვიცვლებით ჩვენ და მაშასადამე, სამყარო ჩვენ გარშემო.

პრადას კოლექცია მე-20 და 21-ე საუკუნეების ნამუშევრებისგან შედგება. მათ რეზიდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს, ასევე კურატორებს, არქიტექტორებს, მეცნიერებს, სტუდენტებს, მწერლებსა და ხელოვანებს ამ ნამუშევრებთან ურთიერთობის და მათი დანიშნულების შეცვლის  საშუალება აქვთ.

სივრცე, რომელშიც Fondazione Prada მდებარეობს, მილანში, 1910 წლიდან არყის გამომხდელ ქარხანას ეკავა. ამ ქარხნის ტრანფორმაცია  ძველი შენობის გარდაქმნითა და მისთვის ახალი ნაწილების დამატებით შეძლეს. არქიტექტურულმა ფირმა OMA-მ და მთავარმა არქიტექტორმა რემ კოლჰაასმა ორი მიზანი დაისახეს – შეენარჩუნებინათ არსებული სივრცის თვითმყოფადობა და ამავდროულად ისე განევითარებინათ, რომ ჰარმონიაში ყოფილიყო ახალ მიშენებებთან და მორგებოდა ახალ კონცეფციას.

ძველი ქარხნის შენობები და საწყობები თანამედროვე მასალითა და კარ-ფანჯრებით შეიცვალა. რაც შეეხება ინსტიტუტის ახალ სტრუქტურებს, ისინი თანამედროვე მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენების მიუხედავად, ძველ ინდუსტრიულ ხასიათს იმეორებს. კომპლექსის ერთ-ერთი ძველი ნაგებობა –  ე.წ. მოჩვენებების სახლი, მთლიანად 24-კარატიანი ოქროს ფენით მოპირკეთდა.

რემ კოლჰაასის თქმით, ეს იყო არა კონსერვაციის ან თანამედროვე  არქიტექტურის პროექტი, არამედ ამ ორი დარგის კვეთა ერთი ახალი სივრცის შესაქმნელად. იდეის განხორციელების შედეგად კი საზოგადოებამ მიიღო პოსტინდუსტრიული და ახალი არქიტექტურის ნაზავი – ალტერნატიული და თავისუფალი სივრცე.

Fondazione Prada-ს მუდმივი კოლექციის ნაწილია რობერტ გობერისა და ლუიზ ბურჟუას ინსტალაციები.

Fondazione Prada-მ ასევე შეძლო ამერიკელი ხელოვანის – დან ფლავინის ინსტალაციის, Chiese Rossa-ს ეკლესიაში შეტანა. ამ ეკლესიის არქიტექტორი ჯიოვანი მუზიოა, რომელმაც შენობის დიზაინი 1930 წელს შექმნა. 1996 წელს, ეკლესიის რესტავრაციის დროს, დან ფლავინიმ უსათაურო ინსტალაცია სპეციალურად ამ სივრცისთვის შექმნა. მწვანე, ლურჯი, ვარდისფერი, ოქროსფერი და ულტრაიისფერი შუქი ეკლესიაში მთავარი განათების წყაროა. ეს ინსტალაცია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე.

Fondazione Prada-ს სივრცეებში ერთდროულად რამდენიმე გამოფენა ტარდება. ამჟამად აქ შეგიძლიათ ნახოთ 1965-1975 წლების ცნობილი ჩიკაგოელი არტისტების  – ჯელატინის, H.C. Westermann-ის, ლეონ გოლუბის, ალეჰანდრო ინარიტუს ნამუშევრები.

Fondazione Prada-ს ნაწილია Bar Luce, რომლის დიზაინიც რეჟისორმა ვეს ანდერსონმა შექმნა. აქ  ისეთივე ატმოსფეროა, როგორიც ტრადიციულ მილანურ კაფეებში. ინტერიერში ავეჯი და ფერთა გამა 1950-1960-იანი წლების იტალიურ პოპკულტურას მოგვაგონებს.

Fondazione Prada-ს მისია მის არქიტექტურაში, ასევე ამ სივრცეში ჩატარებულ გამოფენებსა და პროექტებში აისახება. მოცემული სივრცის მთავარ ინტერესს იდეის დისციპლინად და კულტურულ პროდუქტად გარდაქმნის პროცესი წარმოადგენს. ლიტერატურა, კინო, მუსიკა, ფილოსოფია, ხელოვნება და მეცნიერება –  ყველა ეს დარგი, თაობებს შორის იდეების გაცვლის გზით, ამ ორგანიზაციის კონცეფციაში ერთიანდება.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.