გააზიარე სტატია

Forget about Gravity

პირველი შეხება ფოტოგრაფიასთან

ჩემი პირველი შეხება ფოტოგრაფიასთან მაშინ შედგა, როდესაც მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ წავედი, ერთ-ერთ მეგობარს კი თან ფოტოაპარატი ჰქონდა, საღამოს გადაღება მომინდა, ავიღე ფოტოაპარატი და რამდენიმე კადრი გადავიღე, სანამ შეამჩნევდნენ რომ ვიღებდი, შემდეგ  კამერა გამომართვეს და მითხრეს: გადაღება არ იცი, ტყუილად გააფუჭებ ფირსო, ასეთი იყო ჩემი პირველი შეხება ფოტოგრაფიასთან.

პირველი ფოტოები “გაფუჭებულ ფირს” უკავშირდება, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა იყო ამ ფირზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რაც ფირის გამჟღავნების შემდეგ მოხდა, ფოტოებიდან ზუსტად ის გამოვიდა, რაც ჩაფიქრებული მქონდა, ჩემთვის კი  ეს მოვლენა ჯადოსნური აღმოჩნდა – ამ დღის მერე დიდი დრო არ გასულა რაც, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე დასავლური კინოს მიმართულებით, რის მერეც გამიჩნდა შემოქმედებითი ინტერესი, მინდოდა ჩემით მეკეთებინა რაღაც, ამ დროს კინოფაკულტეტზე ფოტოსპეციალობის ჯგუფი გახსნეს, სადაც კინომცოდნეობის ფაკულტეტიდან გადავედი, რეალურად ჩემი პირველი ფოტოები ამ პერიოდში გადავიღე,  სპორტსკოლის ფოტოები იყო.

შენი ფოტოსერია ტანმოვარჯიშეებზე -“უფრო მაღლა“ ახალგაზრდა სხეულების და მისი შესაძლებლობის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და ესთეტიკური დოკუმენტაციაა. გვესაუბრე გადაღების პროცესსა და ამ ფოტოების კონცეფციაზე

სპორტსკოლასთან პირადი გამოცდილება მაკავშირებს, რომელიც მამაჩემს და ჩემს ოჯახს ეხება, მამაჩემი დღესდღეობით ეროვნული ნაკრების მწვრთნელია ტანვარჯიშში, ის ყოველთვის ბევრს მოგზაურობდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში. ამ მოგზაურობებიდან კი სულ ჩამოჰქონდა ბუკლეტები, კატალოგები, მე ვიცოდი, რომ ჩვენი სახლის და საბჭოთა საქართველოს გარეთ სხვა სამყარო არსებობდა, ეს სამყარო კი ამ ბუკლეტების სახით აღწევდა ჩვენამდე. ქართული ტანვარჯიში  საბჭოთა სპორტის ნაწილი იყო, მისი დაშლიდან რამდენიმე ხანში მამაჩემმაც შეწყვიტა მუშაობა.

სტუდენტობამდე ბევრ დროს ვატარებდი მამასთან, მასთან ერთად დავდიოდი სპორტულ  ბანაკებში, მერე კი ეს აქტივობები შეწყდა, მოგვიანებით, როდესაც სტუდენტი ვიყავი, ერთხელ მამაჩემს გავუარე  სამსახურში, რაღაც საქმე ჰქონდა ჩემთან, რომ მივედი და სპორტულ დარბაზში თავიდან შევაბიჯე, აი ამ დროს მოხდა ჩემი ბავშვობის ჯადოსნურ სამყაროში  დაბრუნდება. ამიტომ დავიწყე სპორტის თემაზე მუშაობა და ფოტოების გადაღება, რაც ძალიან მაგონებდა ჩემი ბავშვობის განცდებსა და მოგონებებს, მაძლევდა სხვა რეალობაში შესვლის საშუალებას, რაც უკვე აღარ არსებობდა, აქედან გამომდინარე, სპორტსკოლის ფოტოები იყო ჩემი სადიპლომო ნამუშევარი.

ხანდახან ჩემს ფოტოებში  ვერ მიხვდებით, რა დროშია გადაღებული, შეიძლება  50-იანი წლების გაზეთიდან ამოღებულ ფოტოს ჰგავდეს, ან საბჭოთა კავშირს და თუნდაც ომის დროინდელ გერმანიას. ჩემი ფოტოები უსასრულო ლუპზეა, სადაც არ არსებობს დრო, სივრცე და ასაკი, ამასთან ერთად ვერ მიხვდები, რა მდგომარეობაშია სხეული – ეცემა, ზევით მიფრინავს თუ მუდმივ თავისუფალ ვარდნაშია, რაც მოჩვენებითი სიმსუბუქის შთაბეჭდილებას გიქმნის.

რამ განაპირობა შენი სკეიტბორდინგით და ახალგაზრდა თაობით დაინტერესება? რა არის ახალგაზრდობაში ყველაზე მომხიბვლელი?

2004 წელს დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი და დავიწყე ახალ ჟურნალში,  “ცხელ შოკოლადში” მუშაობა, რომელსაც მუსიკალური გამომცემლობაც ჰქონდა, სახელად “ოზონი”, ერთ-ერთი ნომრისთვის დავგეგმეთ სკეიტერების გადაღება. სპორტსკოლა თუ  ერთი რეალობიდან მეორეში გადასვლის და ჯადოსნური სამყაროს აღმოჩენის გამოცდილება იყო, სკეიტბორდისტების თემა უფრო თბილისური რეალობიდან გარეთ აღმოცენებულ, ამოვარდნილ, პარალელურ რეალობას ჰგავდა, რომელიც მაგონებდა აკრობატულ ელემენტებს, გრავიტაციის თემას, დედამიწიდან მოწყვეტის მცდელობასა და რეალობიდან ზევით, უფრო ამაღლებული მდგომარეობიდან სინამდვილის დანახვის მცდელობას.

ისინი ამ მეთოდებით გაურბოდნენ რეალობას, ეს ხდებოდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ არსებობდა ნახევრად დანგრეული სასტუმრო “ივერია”, ამ ყველაფრის ფონზე კი სხვანაირად ჩაცმული სკეიტერები, ერთფეროვან თბილისში ძალიან ამოვარდნილები იყვნენ ზოგადი კონტექსტიდან.

ზოგადად ახალგაზრდა თაობას რაც შეეხება, ამაზე სასაუბროდ ისევ სპორტის თემატიკას უნდა დავუბრუნდე. აქ, საქართველოში ვინც წარმატებული სპორტსმენი იყო, გარკვეული  ასაკის შემდეგ მიდიოდნენ რუსეთის ბაზაზე სავარჯიშოდ, საიდანაც უკვე მსოფლიო შეჯიბრებებზე გადიოდნენ, ამიტომ ეს გაზრდილი ტანმოვარჯიშეები ქართულ სპორტში ჩემთვის  აღარ არსებობდნენ, სულ ერთი და იგივე ასაკის ადამიანებს ვხედავდი, ამიტომ ეს ასაკი იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, სულ ამ ასაკს ვუბრუნდები და სულ ვცდილობ გამოვიცნო, მერე რა ხდება, მაგრამ რახან არ მაქვს ვიზუალური ინფორმაცია ამ ყველაფერზე, ვცდილობ ეს ყველაფერი ხელუხლებელი დავტოვო, რადგან მგონია, რომ ეს ყველაზე ჯადოსნური ასაკია, როდესაც რეალურად შენს თავში დიდ ძალას პოულობ, წინააღმდეგობების და რეალობასთან შეჯახების გადალახვის და გრავიტაციის დაძლევაში.

სალომე მაჩაიძესთან და თამარა ქარუმიძესთან ერთად გადაიღე არაჩვეულებრივი ნახევრად დოკუმენტური ფილმი “როდესაც დედამიწა მსუბუქია,” რაც შენი ფოტოსერიის ერთგვარი გაგრძელებაა კინემატოგრაფში, რასაც არაერთი საერთაშორისო წარმატება მოჰყვა. გვესაუბრე გადაღების პროცესსა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე

ფილმს რაც შეეხება, ჯერ კიდევ კინომცოდნეობაზე ვსწავლობდი, როცა გამიჩნდა რეჟისორობის სურვილი, მაგრამ მოგვიანებით ფოტოგრაფიამ ეს სურვილი აბსოლუტურად დამიკმაყოფილა. ბერლინში რომ ვიყავით,  სოლო შოუ გავაკეთე ათლეტების და სკეიტერების ფოტოებით, რის შემდეგაც ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ სად იყო ფოტოები გადაღებული – ზოგს ლოს-ანჯელესი ეგონა. მერე სალომეს გაუჩნდა იდეა, ეჩვენებინა, თუ რა გარემოში ხდებოდა ეს ყველაფერი, რაც უფრო ფართო სურათის ნახვის საშუალებას მისცემდა მაყურებელს. ამიტომ დაიწყო სცენარზე მუშაობა, რამაც გამიხანგრძლივა სკეიტერებთან მუშაობის პერიოდიც, მაგრამ რახან პირველი თაობის სკეიტერებთან  მუშაობის გამოცდილება უკვე მქონდა, ძალიან ბევრი რამ ფილმის გადაღებამდე უკვე გაკეთებული იყო.

“როდესაც დედამიწა მსუბუქიას” გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო პოპულარული გახდა სკეიტ-კულტურა, როგორ ფიქრობ, იქონია ფილმმა გავლენა ამ ფენომენზე?

ფილმის გამოსვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც უცბად ყველაფერი, რაც პოსტ-საბჭოთა სივრცეს ეხებოდა, ძალიან პოპულარული  და რომატიზებული გახდა, ამიტომ ფილმმაც ჩემს სხვა ნამუშევრებსაც პოსტ-საბჭოური სივრცის ელფერი მისცა, რაც ჩემთვის ცოტა გამაღიზიანებელიც კი იყო, თუმცა ფაქტია ის, რომ ეს ყველაფერი საქართველოში ხდებოდა. თავიდან ყველას ეგონა, რომ ვიღებდით ფილმს იმის შესახებ, თუ რა მაგრად სრიალებენ თბილისში ქართველი სკეიტერები, ბოლოს აღმოჩნდა, რომ ფილმი სულ სხვა რამეს ეხება, ეს ფილმი  მოკლე დროში ძალიან პოპულარული გახდა და საერთო ჯამში საერთაშორისო აღიარებამ უფრო დიდი თვითდაჯერებულობა შემატა ახალგაზრდებს.

ადრე თუ ეს სუბკულტურა არაპოპულარული იყო თბილისში, დღეს უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს. 10 წლის წინ 3-4 სკეიტერი დადიოდა ქალაქში, გადაღება რომ მინდოდა, ვერ ვაგროვებდით ადამიანებს,დღესდღეობით კი ბევრი სრიალებს, ფილმმა კი სხვა პერსპექტივები გახსნა სკეიტერებისთვის, ყველამ თავის გზა იპოვა, ორი ბიჭი Balenciaga-ს ჩვენებაზეც მიიწვიეს, Gosha Rubchinskiy-მ ერთ-ერთ მსახიობს შესთავაზა სუნამოს სახე გამხდარიყო, ამ ბიჭებს ახალ თაობასთან ერთად, რამდენადაც ვიცი, Vetement-ის ჩვენებაზეც იხილავთ.

მოდაზე რახან ჩამოვარდა საუბარი, მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთმა რეჟისორმა, თამარა ქარუმიძემ თავისი უკვე საკმაოდ ცნობილი ბრენდი TAMRA შარშან თბილისის მოდის კვირეულზე წარადგინა, სადაც მოდელები სკეიტერები იყვნენ, ჩვენების წარმატებას TAMRA skateboards-ის დაარსება მოჰყვა, რაც სკეიტერებთან კოლაბორაციის შედეგიცაა.

ჩემთვის კი ყველაზე მთავარი, რაც ფილმმა მოიტანა, ის არის, რომ  შედგა თაობებს შორის დიალოგი, როცა პირველად ვაჩვენეთ, ჩვენებას ბავშვების მშობლებიც ესწრებოდნენ, გაირკვა, რომ თურმე არც ისე “უაზრო“ და “უსაქმურია” ეს ყველაფერი და გარკვეულწილად, სკეიტბორდინგი,  შემოქმედების ერთგვარი ფორმაა, ამიტომ ვთვლი, რომ თაობებს შორის დიალოგი შედგა.

 

ფოტო: დავით მესხი

 

ავტორი: ნინა პატარიძე

 

Follow David Meskhi : https://www.instagram.com/datomeskhi_/

 

 


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.