fbpx
გააზიარე სტატია

Fallingwater – ფრენკ ლოიდ რაიტი

თანამედროვე გამოჩენილ არქიტექტორებს შორის ცოტა მათგანია ისეთი მასშტაბით ცნობილი, როგორც ამერიკელი არქიტექტორი, დიზაინერი და თეორეტიკოსი ფრენკ ლოიდ რაიტი. რაიტს სრული პროფესიული განათლება არ მიუღია, მან არქიტექტურული მოღვაწეობა ეგრეთ წოდებული “მოდერნიზმის და ცათამბჯენების მამის”, ამერიკელი არქიტექტორის, ლუის სალივანის ჩიკაგოს სკოლაში დაიწყო.

რაიტი საკულტო ამერიკელ არქიტექტორთა ტრიოში სახელდება მენტორ სალივანთან და ჰენრი რიჩარდსონთან ერთად. იგი ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ხმაურიანი კრიტიკოსი იყო იმ პერიოდში გავრცელებული არქიტექტურული სტილის, ეკლექტიზმის და ფსევდოკლასიციზმისა. 1991 წელს ამერიკის არქიტექტურის უნივერსიტეტმა რაიტი “ყველა დროის უდიდეს არქიტექტორად” დაასახელა. მის შემოქმედებაში 1100-ზე მეტი შენობის პროექტია, რომელთაგანაც მხოლოდ 532 აიგო.

რაიტი ორგანული არქიტექტურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ორგანული არქიტექტურა მოიაზრებს შენობის ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულ შერწყმას და სიმარტივეს, და პრაქტიკულობას ანიჭებს უპირატესობას. ორგანული არქიტექტურა ფილოსოფიაა და არა სტილი, რადგან ის ეფუძნება გარემოს, რომელიც შეიძლება რადიკალურად განსხვავებული იყოს ერთმანეთისგან, შესაბამისად პროექტებიც განსხვავებული გამოდის. პროექტის ფიზიკური სახე და ლანდშაფტი ერთი კომპოზიციაა და ორგანულად ერწყმის ერთმანეთს. ორგანული არქიტექტურა ხშირად უსასრულობის შეგრძნებას ტოვებს, რაც ნამდვილად აშკარაა რაიტის Fallingwater-ის შემთხვევაშიც.

Fallingwater-ის ისტორია 30-იან წლებში იწყება, მაშინ როდესაც ბევრს რაიტის კარიერა დასრულებული ეგონა. რაიტს ბოლო პროექტი 1929 წელს ჰქონდა დასრულებული. ეს პერიოდი ამერიკის ისტორიაში საკმაოდ რთული იყო, დიდი დეპრესიის შემდეგ ახალი მშენებლობები შეჩერდა. ამ პერიოდისთვის რაიტს უკვე საკუთარი ბიოგრაფიაც ჰქონდა დაწერილი. მაგრამ 1932 წელს რაიტმა Taliesin Fellowship შექმნა, სადაც 1934 წელს 23 წლის ედგარ კაუფმანი გაწევრიანდა. სწორედ მაშინ გაიცნო რაიტმა კაუფმანების ოჯახი, რომლებმაც მას საზაფხულო აგარაკი დაუკვეთეს, და რაიტმა თავის კარიერასა და არქიტექტურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ინოვაციური და ცნობილი შენობა დააპროექტა.

კაუფმანების ოჯახისთვის პენსილვანიის შტატში, პიტსბურგიდან 69 კილომეტრით დაშორებული, Bear Run ჩანჩქერი და მის გარშემო არსებული ტერიტორია საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.

რაიტმა იცოდა, რომ კლიენტებს სურდათ ისეთი აგარაკი, რომელიც მათ საყვარელ დასასვენებელ ადგილს შეემატებოდა. როდესაც ის სააგარაკე მამულს ეწვია, გადაწყვიტა, რომ შენობა ჩანჩქერზე უნდა აშენებულიყო. მისი სურვილი იყო, კაუფმანებს ჩანჩქერთან ერთად ეცხოვრათ, მათი საცხოვრისი ჩანჩქერის განუყოფელი ნაწილი ყოფილიყო და არა მხოლოდ აგარაკის ხედი.

რაიტი პირველად Bear Run-ს 1934 წლის დეკემბერში ესტუმრა, მაგრამ როგორც ამბობენ, მომდევნო 9 თვის განმავლობაში ერთი მონახაზიც კი არ გაუკეთებია. 9 თვის შემდეგ კი მის სტუდიაში მისტერ კაუფმანმა დარეკა – ის რამდენიმე საათში დაუგეგმავად სტუმრობას აპირებდა. მისტერ კაუფმანი რაიტის სტუდიას სატელეფონო ზარიდან 2 საათში ეწვია, სწორედ ამ 2 საათში დახაზა რაიტმა სახლის გეგმა. მიუხედავად ნაჩქარევი მონახაზისა, კაუფმანი დათანხმდა მის პროექტს.

შედეგად, რაიტმა შექმნა Fallingwater, ანუ სახლი ჩანჩქერზე, რომელიც ჩანაფიქრის მიხედვით განთავსებულია პირდაპირ წყალვარდნილზე და იდეალურად ერწყმის ლანდშაფტს. ის მთის კალთა, რომელზეც შენობის ნაწილია დაყრდნობილი, ინტერიერში მოექცა. საინტერესოა ისიც, რომ რაიტმა არა მხოლოდ სახლის არქიტექტურული დიზაინი, არამედ ინტერიერი და ავეჯის დიზაინიც კი შექმნა. Fallingwater ორგანული არქიტექტურის საუკეთესო მაგალითია, რადგან სახლი გარემოს განუყოფელი ნაწილია და ბუნებასთან ერთ მთლიანობას ქმნის.

Fallingwater ორი ნაწილისგან შედგება: პირველი მთავარი საცხოვრებელია, რომელიც 1936-1938 წლებში აიგო, ხოლო მეორე სტუმრის ოთახი, რომელიც 1939 წელს დასრულდა. მთავარი საცხოვრისი მარტივი ოთახებისგან შედგება, სადაც ინტერიერი და ავეჯი, როგორც ითქვა, რაიტის დიზაინითაა შექმნილი. პირველ სართულზე განთავსებულია საცხოვრებელი ოთახი და კომპაქტური სამზარეულო, მეორე სართულზე 3 პატარა საძინებელი, ხოლო მესამე სართულზე კაბინეტი და ედგარ უმცროსის საძინებელი. საცხოვრებელ ოთახში არის კიბეები, რომელიც ჩანჩქერთან ჩადის. ვიწრო და ბნელი დერეფნებით და დაბალი ჭერით (ზოგან ჭერი მხოლოდ 6’4 ინჩია), სახლი სივიწროვის შეგრძნებას ტოვებს.

Fallingwater-ის დიზაინში ბევრი ელემენტია, რაც ხაზს უსვამს შენობის, როგორც ორგანული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს. ბუნებასა და შენობას შორის სინთეზის შექმნას ხელს უწყობს შუშა, რომელიც ხშირადაა გამოყენებული. სახლის იმ მხარეს, რომელიც ჩანჩქერს უყურებს, საერთოდ არ არის კედლები. აქ მხოლოდ რამდენიმე სვეტია, სადაც ბუხარია განთავსებული. სვეტები ორგანულად ერწყმის სახლის უკან არსებულ ტყის ხედს. რაიტმა ადგილიც კი დატოვა ხისთვის და მის გარშემო ააგო კონსტრუქცია. Fallingwater ჰორიზონტალურ სიმეტრიას მიჰყვება. შუშის კედლები, რომელიც კუთხეებზეც ვრცელდება, იღება, რაც კიდევ ერთ ბარიერს შლის შენობასა და ლანდშაფტს შორის.

ბუხარი ინტერიერის ცენტრალური ნაწილია, სახლი კი მის გარშემო არსებობს. ეს რაიტის ოჯახური ცხოვრების ფილოსოფიას ამყარებს – ბუხარი არსებობს, როგორც ოჯახის თავშეყრის ადგილი. ბუხართან, ინტერიერში კლდე შემოდის და შესაბამისად ჩანჩქერი სახლის ფიზიკური ნაწილი ხდება.

რაიტმა Fallingwater-თან დაკავშირებით თქვა: “თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ლანდშაფტი უფრო ლამაზი გახდა, მას შემდეგ, რაც შენობა დასრულდა, ვიდრე ის მანამდე იყო?”

ფრანკლინ ტოკერის წიგნში – Fallingwater Rising: Frank Lloyd Wright, E. J. Kaufmann, and America’s Most Extraordinary House – ავტორი ამბობს, რომ ის დელიკატური სინთეზი ბუნებასა და აშენებულ გარემოს შორის არის მიზეზი იმისა, თუ რატომაა Fallingwater ასეთი პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი შენობა, და ხაზს უსვამს იმას, რომ Bear Run უფრო დახვეწილი და ლამაზი გახდა შენობის დასრულების შემდეგ.

1963 წელს ედგარ კაუფმან უმცროსმა Fallingwater და მის გარშემო არსებული 607 ჰექტარი ტერიტორია დასავლეთ პენსილვანიის ბუნების დაცვის კომიტეტს გადასცა. დღეს Fallingwater ისე ფუნქციონირებს, როგორც მუზეუმი.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
პეტერ ცუმტორი: ეგზისტენციალური შინაარსის მკაცრი შენობები

პეტერ ცუმტორი: ეგზისტენციალური შინაარსის მკაცრი შენობები

პეტერ ცუმტორი: ეგზისტენციალური შინაარსის მკაცრი შენობები
მისი მოკრძალებული, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი შენობები მე-20 და 21-ე საუკუნის არქიტექტურულ შედევრებს შორისაა
პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House
The Stahl House ყოფილი ფეხბურთელის ბაკ სტალისა და მისი მეუღლის კარლოტა გეითსის ოცნების სახლია, რომელიც არქიტექტორმ პიერ კოენიგმა რეალობად აქცია.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.