fbpx
გააზიარე სტატია

ფრენკ ოუშენის მაგიური სამყარო

ფრენკ ოუშენი ნიუ ორლეანში დაბადებული, 31 წლის მუსიკოსია. იგი ჰიპ-ჰოპ კოლექტივის, ODD FUTURE-ის წევრია. მისი ნამდვილი სახელია Christopher “Lonny” Breaux. ფრენკი ისეთი არტისტებისთვის წერდა სიმღერებს, როგორებიც არიან ჯონ ლეჯენდი, ბიონსე და ჯასტინ ბიბერი. ამ დროისთვის კი თანამშრომლობს ჯეიმს ბლეიკთან, ASAP ROCKY-ისთან, Tyler The Creator-თან, ფარელ უილიამსთან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან. ყველაფერს, რასაც არტისტი მუსიკალურ სამყაროში გამოჩენიდან აკეთებს, მომაჯადოებელია.

იგი ხშირად უარს ამბობს მედიაში გამოჩენაზე, რის გამოც მსმენელს სურს, მეტი იცოდეს ამ ადამიანის საიდუმლოებებით მოცულ შინაგან სამყაროზე. მისი მხოლოდ 4 ალბომი და ხშირ-ხშირი გაქრობა ამ პროცესს კიდევ უფრო ართულებს და ფანებსაც მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ამყოფებს. მუსიკოსს აშკარად შეუძლია ნებისმიერი რამ ისე იმღეროს, რომ მსმენელი აატიროს. გარდა ამისა, მას ხელეწიფება მტკივნეული ამბებითა და სიმბოლიზმით სავსე ტექსტების წერა და გრძნობების ჩაღვრა მუსიკაში.

მის მშვენიერ შინაგან სამყაროს იმ დეტალებში ვხედავთ, რომლებსაც სხვადასხვა სახით წარმოაჩენს, რაც მის პიროვნებას ასე განსაკუთრებულს ხდის.

ფრენკი პირველად ასპარეზზე 2011 წელს გამოჩნდა სადებიუტო ალბომით  Nostalgia, Ultra. ალბომი თავდაპირველად ლეიბლმა  – The Island Def Jam-მა უარყო. ამას გაბრაზებული ფრენკის ტვიტი მოჰყვა, სადაც ის ამბობს, რომ Nostalgia, Ultra-ს გამოშვებაზე მან თავად იმუშავა, თავს იდანაშაულებს, რომ ადვოკატს ენდო, მაგრამ ამ ამბავს მალევე ივიწყებს და დღეს ჩვეულებრივად აგრძელებს.

“ეს მე გავაკეთე და არა ISLAND DEF JAM-მა. ამიტომაცაა, რომ ვერ ხედავთ ლეიბლის ლოგოს ნამუშევარზე, რომელიც მე შევქმენი. ალბათ ჩემი ბრალია, იდიოტ ადვოკატს რომ ვენდე და ჩემი კარიერა წარუმატებელ/ჩაფლავებულ კომპანიას ვანდე. fuck Def Jam & ყველა კომპანია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ მეოცნებე, ნიჭიერი ბავშვები აიყვანოს და შემდეგ შეწყვიტოს თანამშრომლობა. ახლა დღევანდელობას დავუბრუნდეთ. შვრიის ფანტელები და ტოსტი მინდა”,  – ვკითხულობთ ფრენკის ტვიტში.

ამ წარუმატებლობის მიუხედავად, ფრენკის ეს სადებიუტო ალბომი იდეალურად წარმოაჩენს არტისტის ნიჭიერებას და ერთგვარი შესავალია მის შინაგან სამყაროში – სწორედ აქედან იწყება მუსიკოსის ფანების უზარმაზარი არმიის შექმნა.

ამ ალბომში ფრენკი ისეთ პოპ-სიმღერების რიმეიქს გვთავაზობს, როგორებიც არის Coldplay – Strawberry Swing, MGMT – electric feel და რამდენადაც რთული წარმოსადგენი უნდა იყოს, Eagles – Hotel California-ც კი. მაგრამ ამ ალბომის მოსმენისას მუსიკოსი იმდენს ახერხებს, რომ ყველაფერი თავის სტილზე გადაიყვანოს და ავთენტური გახადოს.

Nostalgia, Ultra-ს განსაკუთრებულობას აღნიშნავს ის დეტალები, რაც ფრენკმა სასიამოვნოდ გააზავა მასში. ალბომი აწყობილია პატარ-პატარა ინტერლუდიებით, რომლის სახელების ინსპირაცია 1990-იანების ვიდეოთამაშებიდან მოდის. ინტერლუდიებში გვესმის კასეტის გადახვევის და შეჩერების  ხმები. ეს old-school ეფექტი ალბომს ისეთ ელფერს აძლევს, თითქოს მეგობრებს შორის დიალოგია. მსმენელი ამ დროს ფრენკის მეგობარი ხდება და ალბომის მოსმენის გამოცდილება მართლაც დიალოგს ემსგავსება. ამ შეგრძნებას ამძაფრებს ტრეკების ტექსტი, რომლებიც მეტად რეალური და ნამდვილია.

როდესაც  ალბომი გამოვიდა, ფრენკი 23 წლის იყო და უკვე მკვეთრად იგრძნობოდა ის განსხვავება, რაც მასა და მის თინეიჯერი მეგობრებს, ODD FUTURE-ის სხვა წევრებს შორის არსებობდა. მისი ზრდასრულობა და მარტივი ხასიათი არა მხოლოდ სტილში გამოიხატებოდა, არამედ იმაში, თუ როგორ უმკლავდებოდა ფრენკი დიდ ტკივილებს ცხოვრებაში. ODD FUTURE-ის წევრი Tyler, The Creator თავის ერთ-ერთ ტრეკში,  Bastard-ში საკუთარ მამაზე მღერის, რომელმაც მიატოვა: Fuck a deal, I just want my father’s e-mail so I can tell him how much I hate him in detail. ფრენკიც უმამოდ გაიზარდა, ხოლო თავის ტრეკში There Will Be Tears, ვისმენთ განსხვავებულ მიდგომას. ფრენკი მღერის: My friend said it wasn’t so bad / You can’t miss what you ain’t had / Well, I can– I’m sad. იგი მზადაა აღიაროს, რომ სტკივა, და თან ეს ისე ლამაზად გააკეთოს, რომ მსმენელსაც გარკვეული მელანქოლია ან  ტკივილი აგრძნობინოს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი კი ალბომის ქავერია, რაც სურეალიზმის ელფერს სძენს მას. ქავერზე გამოსახულია 1980 წლის მკაფიო სტაფილოსფერი BMW (ფრენკის ოცნების მანქანა), რომელიც სიმწვანეში იმალება – ეს იდეალური ინდიკატორია იმისა, თუ რას მალავს ალბომი.

ეს ნამუშევარი ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი ნიშანია ფრენკის მანქანებით გატაცებისა, რომლებიც შემდეგ მის კარიერაში მრავალჯერ იჩენს თავს.

ჰიპ-ჰოპის არტისტების დიდი სიყვარული მანქანებისადმი სულაც არ არის გასაკვირი, მაგრამ ფრენკის გატაცება არ ჰგავს სხვა ვარსკვლავებისას – საინტერესოა, რომ იგი “ლამბორჯინს” ერთხელაც არ ახსენებს. სამაგიეროდ ახსენებს Acura Legend-ს, Lexus-სა და Honda-ს. რთული წარმოსადგენია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი მანქანის ამ მოდელებს მოიხსენიებდა ტექსტებში. ფრენკი ისეთ მოდელებს, როგორებიცაა “ბუგატი”, “ფერარი”, “პორშე” მხოლოდ მეტაფორებად იყენებს და ამბის მთხრობელებად აქცევს თავის მუსიკაში. ამ არტისტისთვის მანქანას არ აქვს მხოლოდ ფუნქციური დანიშნულება – ფრენკის შემოქმედებაში მანქანები მეტაფორული ნარატივის მატარებლები და ღრმა ნოსტალგიის გამომხატველები არიან.

ფრენკი ღია  წერილში მანქანებზე, რომელიც   2016 წელს დაიბეჭდა ჟურნალში Boys Dont Cry  და Tumblr-ის ბლოგზეც გამოაქვეყნა, თავის გატაცებაზე საუბრობს. იგი წერს: “ნეტავ თუ არსებობს იმის შანსი, რომ მანქანაში მოვკვდები”.

ფრენკი ასევე ხშირად ახსენებს ავტომობილების მოდელებს 2016 წელს გამოშვებულ ალბომში –  Blonde. ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, ალბომი მუსიკოსისგან საჩუქარი იყო სამყაროსთვის, რომელიც გამოშვებიდან დღემდე გაუჩერებლადაა ჩართული.

ამ ალბომში შემავალი სიმღერები სავსეა სხვადასხვაგვარი ემოციით, რომელსაც მუსიკოსი სხვადასხვა სტილის ვოკალებით, ჰარმონიებით მჟღერი ხმითა და სიტყვების მაგიური კომბინაციით გამოხატავს – Blonde ნო.1 იყო UK-ში და US-ში. არტისტს ამ ალბომში მუსიკალური და ტექსტობრივი შესაძლებლობები ახალ სიმაღლეზე აჰყავს და იმ მელანქოლიასაც არ გვაკლებს, რაც მის დისკოგრაფიას სულ დაჰყვება.  ალბომის ყველაზე ტრადიციული, სევდიანი სასიყვარული სიმღერა კი ალბათ self-control-ია, სადაც ფრენკი ტკბილი, დამაჰიპნოზებელი ხმით მღერის: I’ll be the boyfriend in your wet dreams tonight / I, I, I know you gotta leave, leave, leave.

Blonde-ის ტრეკებში ყოველ მანქანას საკუთარი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს.

მაგალითად, სიმღერაში Nights ახსენებს Acura-ს, რომელიც ბავშვობისა და ღრმა ნოსტალგიის გამომხატველია  – In 1998 my family had that Acura / The Legend, kept at least six discs in the charger – 1998 წელს ფრენკი 10 წლის იყო და დედამისთან ცხოვრობდა ნიუ ორლეანში, სადაც, ტექსტზე დაყრდნობით, ისინი მესამე თაობის Acura Legend-ით მოძრაობდნენ.

ამ და სხვა ტრეკების გარდა, მანქანები დიდ როლს ასრულებენ მის 2016 წელს გამოშვებული ვიდეოში ტრეკისთვის Nikes.

მთლიანი ვიდეო შეიძლება ხელოვნების ნიმუშად  ჩაითვალოს. ეს მოკლემეტრაჟიანი კლიპი, რომელიც 5 წუთზე ნაკლებია, სავსეა ვიზუალური ინფორმაციით – რთულიც კია, რომ ყველაფერს ერთად მისდიო. სამაგიეროდ, ყველა კადრი ესთეტიკური, გემოვნებიანი და სიმბოლოების მატარებელია, რომლებიდანაც თითქოს არც ერთი არაა აშკარა. კადრები მრავალფეროვანია – ბრჭყვიალები, ღამის ცხოვრება, მომღერალი ჩიხუახუა, ნახევრად სიშიშვლე, ფრენკი, რომელიც იწვის და სხვა. ვიდეო მთავრდება ცეცხლმოკიდებული ადამიანის კადრებით, რომელიც, სავარაუდოდ, ფრენკია – ან შეიძლება ვინმე სხვა, ვისაც ფრენკის ჯენი ჰოლზერის მაისური აცვია.

მუსიკოსი ცნობილია მისი მკვეთრი, შთამბეჭდავი სტილით და ასევე ისეთი ტანისამოსით, რომელიც გარკვეულ მესიჯსა და დატვირთვას ატარებს. არტისტი ხშირადაა შემჩნეული ხმამაღალი, დამაფიქრებელი გრაფიკული მაისურებით –  მას აცვია მაისურები ხელოვანი ჯენი ჰოლზერის ნამუშევრების წარწერებით, აგრეთვე ისეთი ბრენდები, როგორიცაა The Hundreds და ბიანკა შანდონი.

მას Nikes-ის ვიდეოშიც ბიანკა შანდონის სვიტერი აცვია წარწერით “lover”, 17 წლის ახალგაზრდა შავკანიანის, ტრეივონ მარტინის მოსაგონებელად, რომელსაც ესროლეს და მოკლეს. ფლორიდაში, ქალაქ სენფორდში ნათესავებთან სტუმრად წასულ შეუიარაღებელ ტრეივონს სამეზობლოს “ყარაულმა” ესროლა და მოკლა. RIP Trayvon – ფრენკი მღერის Nikes-ში That n**** looked just like me. – ფრენკი თავის თავს და სავარაუდოდ,  ყველა სხვა შავკანიან ბიჭს ხედავს ტრეივონში, რომლებიც ყოველდღე ხდებიან რასიზმის მსხვერპლი.

მუსიკოსს ყველაზე დასამახსოვრებელი მაისური პანორამას ფესტივალზე, ნიუ-იორკში ეცვა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაისური ტვიტის მიხედვით არის შექმნილი და აწერია:  Why Be Racist, Sexist, Homophobic, or Transphobic When You Could Just Be Quiet?

ფრენკის ორიენტაციის შესახებ დასკვნებს პირველად მისი ღია წერილიდან  ვაკეთებთ, რომელიც თამბლერზე გამოაქვეყნა ალბომის  – Channel Orange-ის გამოსვლამდე ორი დღით ადრე. ალბომი თავბრუდამხვევი სინთეზია რეპის, R&B-ის და soul-ის. Channel Orange მალევე გახდა კლასიკა. ფრენკი ამ ალბომშიც ტრეკებით ბევრ ამბავს გვიყვება და პრობლემებს ეხება – პრივილეგირებული, მდიდარი ბავშვებიდან დაწყებული,  Super Rich Kids, უსაქმური შეყვარებულებით დამთავრებული, რომლებიც მათი სტრიპტიზიორი შეყვარებული გოგონების ხარჯზე ცხოვრობენ –  Pyramids.  Thinking About You  კი კლასიკური სასიყვარული ტრეკია ყველასთვის, ვინც სიყვარული იპოვა და დაკარგა.  ამ სიმღერებს ფრენკის რეპერტუარისთვის დამახასიათებელი მელანქოლია და ძალა დაჰყვება.

არტისტი ახერხებს, რომ ალბომში მრავალ ემოციასთან ერთად მუსიკის სხვადასხვა სტილიც გააერთიანოს – psych როკი, ელექტრო და ამ ყველაფერთან ერთად, 8-ბიტ ფანკიც. ალბომი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე პოპ-მუსიკის სამყაროში.

წერილში ფრენკი თავის პირველ სიყვარულზე გვესაუბრება, გულახდილად და მეგობრულად გვიზიარებს მის გრძნობებსა და ფიქრებს.

იგი წერდა: “ოთხი ზაფხულის წინ მე შევხვდი მას, 19 წლის ვიყავი, ისიც (he), ის ზაფხული და შემდეგი ზაფხულიც ერთად გავატარეთ. თითქმის ყოველდღე. როდესაც გავიაზრე, რომ შეყვარებული ვიყავი, ეს უკვე დამღუპველი იყო. უიმედო. არ არსებობდა გამოსავალი, არანაირი შეთანხმება გრძნობასთან. არ იყო არჩევანი. ამან შეცვალა ჩემი ცხოვრება. ალბათ სიკვდილს უნდა მიუახლოვდე, რომ თავი ცოცხლად იგრძნო”, –  ამბობს იმავე წერილში ფრენკი.

2012 წელს GQ-სთან ინტერვიუში  ფრენკმა თქვა, რომ ამ პოსტის დაწერის შემდეგ ბავშვივით იტირა.  “ისე მოხდა, რომ ამ სიხშირემ ჩემი გონება შეცვალა. ყველა რეცეპტორი განსხვავებულ სიგნალს იღებდა და მე ბედნიერი ვიყავი. რაღაც მაგია არსებობს სიმართლესა და ღიაობაში,” – თქვა მან.

ამ ყველაფრის მიუხედავად, იმავე ინტერვიუში ფრენკმა უარი თქვა, რომ თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ოფიციალურად გამოეცხადებინა ან სახელი დაერქმია მისთვის.

“როგორც მწერალი და შემქნელი, მე გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. მაგრამ უბრალოდ მიიღეთ ის, რასაც გთავაზობთ. არ არის საჭირო, რომ ზედმეტი იკვლიოთ”. მუსიკოსი თავის თავს ბოლომდე არასდროს აჩენს, სწორედ ამიტომ არის მეტად საინტერესო მისი შინაგანი სამყარო.  ფრენკის პიროვნების ბუნდოვანობას და ორგვაროვნობას კარგად ვხედავთ ტრეკში Chanel. ნელი პიანინოს კომპოზიციის ფონზე ის მღერის: I see both sides like chanel, see on both sides like chanel – ფრენკი შანელის ლოგოს, სადაც ორი C სხვადასხვა მხარეს იყურება, შესაძლოა თავისი ბისექსუალობის გამოსახატად იყენებს.

ფრენკმა 2018 წლის ნოემბერში ფანებს ბედნიერება მიანიჭა და მისი სამუდამოდ დახურული ინსტაგრამი საზოგადო გახადა. ამის “აღსანიშნავად” სარკეში გადაღებული, ხელგაშლილი სელფი დადო წარწერით: welcome.

View this post on Instagram

Welcome

A post shared by Frank (@blonded) on

უცნობია, რატომ გააკეთა ეს ფრენკმა. მეტიც, თითქმის არასდროს ვიცით, რას იზამს ეს საიდუმლოებით მოცული ადამიანი მომავალში, ან როდის ვიხილავთ მისგან ნებისმიერ სიახლეს, რომელსაც გულისყურით ველით, რადგან მისი შემოქმედება მუსიკის მოსმენით დაწყებული, ღია წერილების კითხვით დამთავრებული, თავბრუდამხვევი მოგზაურობაა მის მაგიურ სამყაროში.

ავტორი: ანო ნეფარიძე


რეკომენდებული სტატიები
მაიკლ ჯექსონის შემოქმედება

მაიკლ ჯექსონის შემოქმედება

მაიკლ ჯექსონის შემოქმედება
მაიკლ ჯექსონი არა მხოლოდ პოპვარსკვლავი, არამედ მე-20 საუკუნის გამორჩეული მუსიკოსი გახლდათ, რომელმაც ამერიკული კულტურა შეცვალა. მან შექმნა 70-80-იანი წლების ხმა და სტილი.
როლინგ სტოუნზის ლეგენდარული ლოგოს შექმნის ისტორია

როლინგ სტოუნზის ლეგენდარული ლოგოს შექმნის ისტორია

როლინგ სტოუნზის ლეგენდარული ლოგოს შექმნის ისტორია
24 წლის ჯონ პაშის მიერ 50 ფუნტად შექმნილი როლინგ სტოუნზის საკულტო ლოგო ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატია
Hear Her | Newa

Hear Her | Newa

Hear Her | Newa
ინტერვიუ 2017 წლის პირველ ქალ ელექტრონავტთან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.