fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x Borjomi – დიზაინერ გიორგი ქებურიას SS20 დღიურის ჩანაწერებიდან

თვითნასწავლი ქართველი დიზაინერი გიორგი ქებურია 2010 წელს თავისი პირველი მხიარული და სიურეალისტური კოლექციით წარდგა თბილისის მოდის კვირეულზე, სადაც “საუკეთესო დამწყები დიზაინერის” ჯილდო მიიღო. მას შემდეგ დიზაინერზე არაერთ ცნობილ ჟურნალს დაუწერია. გარდა ამისა, გიორგი ქებურიას სათვალე მთელმა მსოფლიომ “ამოიჩემა”. მისი სამოსი უამრავმა ცნობილმა უცხოელმა არტისტმა მოირგო – მათ შორის – კაია გერბერმა, ლინდსი ლოჰანმა, Lorde-მ…

დიზაინერის ახალი კოლექციის ჩვენება თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში 3 ნოემბერს საქართველოს ბანკის შენობაში გაიმართა. წარმოგიდგენთ ინტერვიუს, რათა უფრო ახლოს გაიცნოთ დიზაინერი და მისი შემოქმედება.

როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში მოდისადმი ინტერესი?

ბავშვობაში სახლში გვქონდა ძალიან ბევრი ჟურნალი, ძირითადად Otto-ს კატალოგებს ვათვალიერებდი, ასევე  Vogue-ის რამდენიმე ძველი გამოშვება იყო ჩემი მთავარი გასართობი. სკოლის ასაკშიც უმეტესად სულ ვხატავდი რვეულის უკანა მხარეს, უფრო –  ფეხსაცმელებს, არ ვიცი რატომ. 

როგორ იწყებ კოლექციაზე მუშაობას და რა არის პირველი ნაბიჯი?

თუ იდეა მაქვს, ვიწყებ ამ იდეის ირგვლივ მუშაობას, თუმცა, თუ არ მაქვს კონკრეტული წარმოდგენა კოლექციის შესახებ, ვათვალიერებ ქსოვილებს და ვცდილობ მაქსიმალურად ვიპოვო შთაგონება, რომელსაც შემდგომ საინტერესო ხაზით ვავითარებ.

რა არის ახალი კოლექციის შთაგონება, ვინ იყო მუზა?

დავბრუნდი 80-იან წლებში, რადგან ძალიან მიყვარს, თან ფერების უზარმაზარ პალიტრას გთავაზობს, რაც იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა. ახლა საბოლოო შედეგს რომ ვუყურებ, 80-იანი წლების დიდი სერიალი გამოგვივიდა, რომელშიც ძალიან ბევრ სხვადასხვანაირ პერსონაჟს შეხვდებით – თმიდან დაწყებული, საყურეებით, დიდი სათვალეებითა და ჩანთების ახალი ხაზით დამთავრებული. 


რა არის ძირითადი გზავნილი?

დიზაინერებს ეკითხებიან, “როგორი ქალი გყავდაო”… მე მგონია, რომ ეს სწორედ ის ქალია, რომელიც არ მოიზიდავს მომხმარებელს. ის არის ფსიქიკურად შეშლილი, გაბურდული, ცოტა ასაკოვანიცაა, ყველგან ეჩქარება, ძალიან ნერვიულობს, იკეტება ოთახში მარტო, ჩუმად, ნევროზიც აქვს. 

შენი სათვალე, მგონია, მთელმა მსოფლიომ “ამოიჩემა”, როგორ ფიქრობ, ახალი კოლექციის სათვალესაც იგივე გამოხმაურება მოჰყვება?

არ ვიცი, ზოგადად ტენდენციები შეიცვალა და სათვალის ზომაც გაიზარდა ყველა ბრენდში თითქმის. ამ სათვალით მინდოდა ჩემი სურვილის ასრულება, რადგანაც 80-იან წლებს ვეხებოდი, გადავწყვიტე მაქსიმალურად დიდი ყოფილიყო და საბოლოო ჯამში კოლექციას მოერგო. 

როდის ხვდები, რომ საბოლოო დიზაინამდე მიხვედი?

ბოლო წამამდე ვმუშაობთ, რადგან ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად საინტერესოდ წარმოვაჩინოთ ჩვენი ნამუშევარი. რა თქმა უნდა, ჩვენება არის გადამწყვეტი, მაგრამ მანამდე არის გადაღებები, რომლის მეშვეობითაც ვიგებ ძირითადად რა გამომივიდა, რატომ არის ეს ჩანთა ამ ფეხსაცმელთან და ა.შ. საბოლოო ვიზუალიზაციას ჩვენებამდე გადაღებების მეშვეობით ვნახულობთ. 

როგორ უმკლავდები სტრესულ სიტუაციებს კოლექციაზე მუშაობისას? გაქვს თუ არა რაიმე ხერხი, რომლითაც დასვენება გამოგდის?

სახლი არის ადგილი, სადაც ძირითადად ვისვენებ. გადატვირთული გრაფიკის გამო მირჩევნია, რომ არსად გავიდე და ჩემთვის ვიყო. სახლის გარდა, სადაც განტვირთვას ვახერხებ, არის სახელოსნოს აივანი.

 


როგორ მუსიკას უსმენს ახალი კოლექციის ქალი?

ყველაფერს არ უსმენს, მაგრამ შეიძლება ჩუმად იკეტებოდეს ოთახში და უსმენდეს რაიმე ისეთს, რასაც ასე ხალხში ვერ იტყვის, იმიტომ რომ შერცხვება,  ეს ქალი ყველაფერთან ერთად ძალიან ემოციურია. 

რთულია მუდამ ინოვაციური და საინტერესო იყო? როგორ ახერხებ ამას კოლექციიდან კოლექციამდე?

ძალიან ბევრი მუშაობა და ფიქრი სჭირდება, თან როგორი საინტერესო პროექტიც უნდა შექმნა, გამოცდილება თუ არ გაქვს, რთულია ეს ყველაფერი გაიარო. ჩვენი ნამუშევრები აქ არ ფასდება, შესაბამისად, აქ თუ ვინმეს რამე მოეწონა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარიზშიც მოეწონებათ. საკმაოდ რთულია მიჰყვე ამ განრიგს და იყო ყოველთვის ტენდენციური, შენი ხელწერა და ხასიათი გქონდეს, თუმცა ამავდროულად ძალიან საინტერესოცაა.


მხოლოდ ერთი ნივთის შეძენა რომ შეგვეძლოს ამ კოლექციიდან, რას გვირჩევთ, რაზე შევაჩეროთ არჩევანი?

ვფიქრობ, ჩანთა, რომელიც უფრო დიდხანს იქნება ტენდენციურიც და არც მოსაბეზრებელი გახდება. მგონია, რომ ტანსაცმელი უფრო მალე ბეზრდება ადამიანს, ვიდრე ჩანთა ან თუნდაც ფეხსაცმელი.


როგორ იცვლება ციფრულ საუკუნეში მოდა და შეიძლება თუ არა, რომ სოციალურმა მედიამ ჩაანაცვლოს მოდის კვირეული და მისი ალტერნატივა გახდეს?

 ციფრულმა საუკუნემ საკმაოდ დააჩქარა მოვლენები და შესაბამისად, ეს აისახება კრეატიულობაზე, ხარისხსა და ფასსზე. არიან დიზაინერები, ვინც ჩვენებას არ აკეთებს და მხოლოდ სოციალურ ქსელში, კერძოდ, ინსტაგრამზე აქვეყნებს კოლექციას. აქედან გამომდინარე, შესაძლოა მოდის კვირეულმა გადაინაცვლოს სოციალურ ქსელებში, მაგრამ ასე დარწმუნებით ვერ ვიტყოდი, რადგან კვირეული მოდის უფრო ბოროტი მხარეა, გჭირდება მოსაწვევი, რათა კონკრეტული დიზაინერის ჩვენებას დაესწრო, სხვა პრესტიჟია, და სხვა სისტემაა, რომელიც რეალიზაციას უკავშირდება. 


როგორია შენი ყოველდღიური სტილი?

ძალიან უბრალო – ბოტასი, შავი მაისური, შარვალი.

რა რჩევა მისცემდი დიზაინერებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთ კარიერას?

პირველ რიგში ძალიან დიდი ცოდნა უნდა დააგროვო, რადგან წარმატება არ არის მარადიული და შეიძლება უცებ პოპულარობის საფეხურიდან ჩამოვარდე, უნდა იყო ყოველთვის ტენდენციური და თუ ყოველდღიურად არ ეცნობი სიახლეებს, არ ათვალიერებ, ნაკლები შანსია შენი სიტყვა თქვა ამ სფეროში.

რა არის შენი ბრენდის ხელწერა და ამ კოლექციაში როგორ გამოიხატა ეს?

ამას უფრო ხშირად ხალხისგან ვგებულობ და ამ კოლექციაზეც უკვე მითხრეს, რომ ეს არის გიორგი ქებურია. წლევანდელი ჩემი ნამუშევრები ფერებისა და სილუეტების მხრივ ცოტა იუმორნარევია, რაც მე ძალიან მომწონს. თუმცა შესაძლოა ახალი კოლექციის ქალს ძალიან ეჩქარებოდა, უცებ გადაიცვა, დაიჭირა ეს ჩანთა და გაიქცა სახლიდან. 


სამომავლო გეგმები…

ისევ კოლექციაზე მუშაობა, პარიზი და ასე შემდეგ… როგორც ხდება ხოლმე.

 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.