fbpx
გააზიარე სტატია

ფოტოგრაფიის მეხსიერება – ინტერვიუ გიორგი ნებიერიძესთან

მის ფირზე აღბეჭდილია ის გარემო, სადაც ყოველდღიურად უწევს ყოფნა. აღბეჭდავს მეგობრებს, მეგობრების მეგობრებს, უბრალო გამვლელებსა და თავისუფალ ახალგაზრდებს. მის ნამუშევრებში შეხვდებით სხვადასხვა ქალაქისთვის დამახასიათებელ სტილსა და იმ სოციუმის წევრებს, რომლებიც ყველაზე კარგად გამოხატავენ ამ ქალაქების სულს. ეს გიორგი ნებიერიძის ფირია, მისი ყოველდღიურობა, რომელიც სავსეა უსასრულო ღამეებით, საინტერესო ადამიანებით, პოეტური პეიზაჟებითა და დრამატული ვიზუალებით. 2004 წელს აიღო კამერა ხელში და მას შემდეგ განსხვავებული, ფერადი და დამახასიათებელი სტილით აერთიანებს სხვადასხვა კულტურას მის ფოტოებში. თავისი შექმნილი გარემო პირველად 2016 წელს მოაქცია ერთ წიგნში, სახელწოდებით – “15”, რომელიც 2015 წელს გადაღებული ფოტომასალისგან შედგება. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ ყოველი მომდევნო წელი ერთი ყდისქვეშ გაეერთიანებინა. ასე შეიქმნა “16” და  სულ მალე გამოვა 2017 წლის ფოტოების წიგნი – “17”.

გიორგი, როგორ მიიღე გადაწყვეტილება, რომ ყოველი მომდევნო წელი ერთ წიგნად უნდა გექცია და შენი შემოქმედება ფოტოდღიურის სახით მიგეწოდებინა საზოგადოებისთვის?

ბერლინში ყოფნის მეორე წელს მივხვდი, რომ დიდი ოდენობით ფოტომასალა დამიგროვდა. ამ პერიოდში მხოლოდ გამოფენების, ჟურნალებისა და ინტერნეტის საშუალებით ვავრცელებდი ჩემს ნამუშევრებს. ერთხელაც მივხვდი, რომ ბერლინში გამოფენების ორგანიზებას ვერ შევძლებდი, მიუხედავად იმისა, რომ იქამდე თბილისში უკვე ბევრი გამოფენა მქონდა მოწყობილი. გარდა ამისა, მივხვდი იმასაც, რომ ჩემს ვებსაიტსა და ბლოგზე ამ რაოდენობის ფოტოს განთავსება ძალიან გადაღლიდა დამთვალიერებელს, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ პირველი წიგნი გამეკეთებინა. ამ მედიუმის დიდი უპირატესობა ისიცაა, რომ ბევრ ახალგაზრდას, ვისაც მართლა ეხება და მოსწონს ჩემი ფოტოები, ხშირად არ აქვს საშუალება, რომ ძვირად ღირებული ფოტოები შეიძინოს, ხოლო წიგნი სულ რაღაც 30-დან 40 ევრომდე ღირს და ბევრად მარტივი გზაა კომუნიკაციისთვის.

და თუ რატომ დავყავი სერიები ასე, წლებად, ამ ფაქტს თავიდან მარტივი კონცეფცია ჰქონდა. ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ყოველივე ეს მიადვილებდა ფოტოებისა და მოგონებების ორგანიზებას, მათ ადვილად დამახსოვრებასა და დათარიღებას. პირველი წიგნი უმეტესად ვიზუალურ იდეებს ატარებდა, მაგალითად, ფორმებისა და კომპოზიციის შესწავლას, გარემოებების, პერსონაჟებისა და ადამიანების დოკუმენტაციის ჩვენებასა და გააზრებას. ყოველივე ეს დარჩა მომდევნო წიგნების განუყოფელ ნაწილადაც, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ დაეტყოთ შედარებით ღრმად გაანალიზებული და იდეოლოგიური ღირებულებები. სერიის არსებობა ჩემს სამუშაო პროცესსაც გარკვეულ რეჟიმში აყენებს, რაც მეხმარება ჩემივე კარიერის უკეთ წარმართვაში.

რა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რამაც შენი ხელოვნება ჩამოაყალიბა ისეთად, როგორიც არის – გულახდილი და თავისუფალი?

პირველ რიგში, ჩემი პიროვნული თვისებები და სწრაფვა ამ შეხედულებებისაკენ, არ ვგულისხმობ იმას, რომ, მაგალითად, ცხოვრებაში ყოველთვის და ყველასთან გულახდილი ვარ, მაგრამ გულახდილობას ზოგადად ვაფასებ ადამიანებსა და მათ შექმნილ ნამუშევრებში. თავისუფლებას რაც შეეხება, ეს ბევრად განზოგადებული ცნებაა. ჩემს ფოტოებში ბევრი პერსონაჟი ჩანს, ვინც მოიაზრება, ასე ვთქვათ, თავისუფალ ადამიანად, ვისაც, მაგალითად, საკუთარი თავის გაცნობის და აღქმისაკენ სწრაფვა აქვს და პროგრესულად აზროვნებს, მაგრამ თავისუფლების იდეა სცდება ამ ფარგლებს. ის არა მხოლოდ ჩემი ფოტოების პერსონაჟების, არამედ ჩემი ცნობიერის მუდმივი ღერძია, რომლის გადმოსაცემადაც ფოტოგრაფიას ვიყენებ. ვცდილობ, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, “არაორთოდოქსული” (თუკი შეიძლება ამ სიტყვის ხმარება) საგნებისა და კადრების აღბეჭდვით შევქმნა ისეთი ვიზუალური ენა, რომელიც მნახველის გონებას ახალ და გარკვეულწილად უცნაურ შეგრძნებებს აღუძრავს. ხშირად მესმის კითხვა – “რამ მიგიზიდა იმისაკენ, რომ გადაგეღო, მაგალითად, ნარკოტიკების მიღების პროცესი, ან ძალადობის ან ჩხუბის სცენები?! ეს ყოველივე ხომ არ არის სასიამოვნო სანახავი?!”. ჩემთვის სილამაზე და ესთეტიკურობა სცდება იმ საზღვრებს, რაც საზოგადოების უმეტესობას აქვს დაკანონებული და თავში ჩაბეჭდილი სილამაზის იდეად. იმაში ვხედავ თავისუფლებას, როდესაც ამ საზღვრებსა და კლიშეებს ვარღვევ მნახველის შეხედულებებში, ანუ საგნებს მეტად ლიბერალურად ვუყურებ. შეიძლება პოეტური შესახედაობის პეიზაჟი დრამატული ღრუბლებითა და მწვანე ხეებით ისეთივე საინტერესო სანახავი და გადასაღები იყოს, როგორც, მაგალითად, კლუბის ტუალეტში ნახევრად მძინარე კონდიციაში მყოფი ახალგაზრდები.

მაშინ როცა შენს ფირზე ლეგენდარული ბერლინური ფართი Herrensauna და დანიური ლეიბლი Posh Isolation არის აღბეჭდილი და, ამავდროულად, უბრალო ქუჩაში გამვლელი, რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც შენი პორტრეტების გმირებს აერთიანებს და რატომ არის ის ყველაზე მიმზიდველი შენთვის?

ყოველი ფოტოს წიგნში მოხვედრას და მათი ნებისმიერი პროექტისთვის შერჩევას ინდივიდუალური მიზეზი აქვს, და, ერთი მხრივ, ზუსტად ის, რაც ზემოთ ვახსენე, (გადაღებული ობიექტების მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება). შეიძლება, მაგალითად, ძალიან ცნობილი ადამიანის პორტრეტი ჩემთვის ისეთივე ღირებული იყოს, როგორც პარკში სპონტანურად გადაღებული სკამი. რაც შეეხება Herrensauna-ს, ცოტა უცნაურად სასიამოვნო გრძნობა განვიცადე, როცა მას შენ ლეგენდარული უწოდე. 2015 წლის ზამთარში ჩემმა რამდენიმე მეგობარმა გადაწყვიტა, სარდაფში ფართი გაეკეთებინა და დამპატიჟეს. სულ რაღაც 30-40 ადამიანი იყო, შეიქმნა ძალიან პატარა და ინტიმური გარემო, სადაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი და გადავწყვიტე, რომ ფოტოების გადაღება დამეწყო (ორგანიზატორების ნებართვით, რა თქმა უნდა).  გავიდა რამდენიმე წელი და Herrensauna მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ღონისძიება გახდა. ეს ძალიან მიხარია  და დღემდე აქტიურად ვმუშაობ მათთან, ეს იქნება პრეს-ფოტოების გადაღება თუ სხვა ასპექტებში მათი მხარდაჭერა, მაგრამ ბოლო დროს თვითონ Herrensauna-ს ფართიზე ნაკლებად ვიღებ ფოტოებს. არის რამდენიმე ახალი და საინტერესო წვეულება, სადაც უფრო კომფორტულად ვარ და მათაც ზუსტად ისეთივე პოტენციალი აქვთ, როგორც Herrensauna-ს რამდენიმე წლის წინ. გირჩევდით მიადევნოთ თვალყური Radiant Love-სა და Power Play-ს. ჩემი ბევრი ახალი ფოტო, რომლებიც მომდევნო წიგნებში იქნება დაბეჭდილი, სწორედ მანდ არის გადაღებული.

Posh Isolation-ს რაც შეეხება,  მათთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს. აქტიურად ვმუშაობ და ვმეგობრობ არტისტ ოინას რონბერგთან, იგივე Varg-თან, გავაკეთე მისი ერთ-ერთი ალბომის ყდაც (The Empire Line – Rave) და ხშირად ვმუშაობთ ბევრ სხვა პროექტზეც.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი წიგნები ჩემს პერსონალურ რეალობას ასახავს – პოპულარული სახელები და მათთან ასოცირებული ადამიანები ჩემთვის ყოველდღიურობად იქცა, სწორედ ამიტომაც ხვდებიან ისინი ჩემს კადრებში, და ზუსტად იგივე მიზეზით ქუჩაში გამვლელის დანახვაც და მათი ფოტოს გარკვეული მიზეზით გადაღებაც ჩემი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს.

 გარდა იმისა, რომ გარემოს ცვალებადობა გარდაუვალი პროცესია, რაც, რა თქმა უნდა, შენს ნამუშევრებზეც აისახება, რა ტექნიკური და იდეური განსხვავებებია ამ წიგნებს შორის?

გარემოს გარდა, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს დროის ცვლაც, ასაკის მატება და ბევრი ახალი რამის სწავლა. თუკი სამივე წიგნს დასაწყისიდან ბოლომდე დაკვირვებით ნახავთ, მარტივად შეამჩნევთ ყოველვე ამას. იცვლება ჩემი როგორც ესთეტიკური, ასევე ინტელექტუალური ინტერესები. ყოველ წელს რაიმე განსხვავებული ხდება, ვხვდები ახალ, საინტერესო ადამიანებს, ვმოგზაურობ სხვადასხვა ქვეყანაში და ასე შემდეგ. 2017 წელს, მაგალითად, ბევრად აქტიურად დავიწყე მუსიკის სფეროში მუშაობა და ამ პროექტების პერსონალურ ფოტოებთან ჰარმონიზაციას ვახდენ ახალ წიგნში. სხვა მხრივ, ბევრი კადრი უფრო და უფრო პროვოკაციულ სახეს იძენს, რომელთა გამოქვეყნებაც ემსახურება LGBTQ+ და ფემინისტურ აქტივიზმს, რიგითი სხეულების დადებითად რეპრეზენტაციას (body positivity) და მსგავს საკითხებს. ახალი წიგნის ყდა, რომელზეც პლაცენტაა ნაჩვენები, გადაღებულია ჩემი მეორე შვილის დაბადებისას. ბევრმა ადამიანმა, განსაკუთრებით მამაკაცებმა, არ იციან, თუ რა არის პლაცენტა და რა სასიცოცხლო ფუნქცია აქვს მას. ამ ფოტოს წიგნის ყდაზე ჩვენებით და ამ თემაზე საუბრით ვცდილობ, მამაკაცებს შორის ოდნავ მაინც გავარღმაო ცოდნა ქალის სხეულის შესახებ.

არის რამდენიმე ტექნიკური განსხვავებაც – წინა წიგნებთან შედარებით, “17”-ში დაახლოებით ორჯერ მეტი რაოდენობის (252) გვერდი  იქნება. მაგრამ, ამავდროულად, გამოვა ორჯერ პატარა ზომის – ა4 ფორმატის ნაცვლად იქნება ა5, შედარებით კომპაქტური, მაგრამ რაოდენობრივად მეტი მასალით.

მოგვიყევი, როგორი იყო მუშაობის პროცესი “17”-ზე და რას უნდა ველოდოთ მისგან?

უნდა აღინიშნოს, რომ ეს წიგნი თითქმის ორი წლის დაგვიანებით გამოდის. განრიგით იგი 2018 წლის დასაწყისში უნდა გამოსულიყო, მაგრამ მისი არსებობა აქტუალურობას არ კარგავს. ვაპირებ, რომ მომდევნო წიგნები – “18” და “19” უფრო მოკლე დროში გამოვაქვეყნო, რათა დავეწიო განრიგს. ამ წიგნის არსებობა წარმოუდგენელი იქნებოდა რამდენიმე ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანის თანამონაწილეობის გარეშე: პროექტის დიდი მხარდამჭერები არიან საგამოფენო სივრცეები – Kornfeld და 69projects. წინასიტყვაობა დაწერეს ჩემმა ორმა ახლო მეგობარმა – ზოუი დარსიმ, მწერალმა, პოეტმა და გამომცემელმა და კლეირ კიშიმ, ფოტოგრაფმა, რომელიც ძალიან აქტიურად მიდგას მხარში ბოლო წლების განმავლობაში. წიგნის დიზაინი შესრულებულია ჩემი და მარაინ დეგენეარის მიერ. ასევე, წიგნში დაცულია ფოტოების ქრონოლოგია, დასაწყისში არის ფოტოები იანვრიდან, რაც შემდეგ გადადის გაზაფხულში და ასე შემდეგ… საბოლოოდ მთავრდება დეკემბრით. ეს ყოველივე ქმნის ერთი მთლიანი წლის აღქმის უფრო მკაფიო შეგრძნებას.

Hammock-ს ერთხელ უკვე მიეცი ინტერვიუ, სადაც სამომავლო ექსპერიმენტებზე საუბრობ. ახლა როგორ ხედავ შენი თავის, როგორც ფოტოგრაფის სამომავლო გეგმებსა და იდეებს?

წინა ინტერვიუში ვთქვი, რომ საშუალო ფორმატის ფოტოგრაფიის ცდას ვაპირებდი, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა ამ გეგმის აღსრულება. იმდენად კომფორტულია ჩემთვის 35-მილიმეტრიანი ფორმატი, რომ 120-მილიმეტრიანი ფირი ხშირად გადამეტებულად მკაფიოდ და მკვეთრად მეჩვენება. ვიტყოდი, რომ ჩემთვის 35-მილიმეტრიანი ფირი ბევრად ახლო და რეალურია ადამიანის თვალით აღქმულ გამოსახულებასთან, ვიდრე უფრო დიდი ფორმატები.

სხვა გეგმებს რაც შეეხება, რამდენიმე გამოფენას ვგეგმავ აგვისტოს, სექტემბერსა და ნოემბერში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩემი მონაწილეობა დიდ ჯგუფურ გამოფენაში, რომელიც უდიდეს ინსტიტუცია C/O Berlin-ში  12 სექტემბერს გაიხსნება. გამოფენა No Photos on the Dance Floor ბერლინის ტექნო, რეივ და კლუბური სამყაროს ისტორიას ასახავს 1980-იანი წლებიდან დღემდე. ამ გამოფენაში წარმოდგენილ არტისტებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ვარ, რის გამოც ბევრად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ჩემი ფოტოები დაახლოებით სამი თვის განმავლობაში იქნება გამოფენილი ისეთი არტისტების ნამუშევართა გვერდით, როგორებიცაა: ვოლფგანგ ტილმანსი, ალვა ნოტო, ტილმან ბრემბსი, მარსელ დეტმანი და სხვები.

სამომავლო ღონისძიებები:

31 აგვისტო – 68projects (Fasenenstrasse 68) “17”-ის  პირველი ოფიციალური პრეზენტაცია და 25 ნამუშევრის გამოფენა.

12 სექტემბერი – C/O Berlin – No Photos on the Dance Floor. წარმოდგენილი იქნება  რვა ფოტო ბერლინის საკლუბო ცხოვრების ფრაგმენტებიდან, გადაღებული 2017, 2018 და 2019 წლებში.

20 სექტემბერი – The Workshop on Forster – “17”-ის მეორე პრეზენტაცია, სლაიდშოუ, და განხილვა კითხვა-პასუხის თანხლებით.

14 ნოემბერი – ინსტალაცია/პერფორმანსი ბერლინში, (სამწუხაროდ, ჯერ მეტ დეტალს ვერ ვამხელ ამ პროექტთან დაკავშირებით).

გიორგი ნებიერიძის წიგნები შეგიძლიათ შეიძინოთ აქ: nebieridze.bigcartel.com

nebieridze.de

ავტორი: ქეთო შურღაია


რეკომენდებული სტატიები
ვოლფგანგ ტილმანსი - ცხოვრების სტილის ფოტოგრაფია

ვოლფგანგ ტილმანსი - ცხოვრების სტილის ფოტოგრაფია

ვოლფგანგ ტილმანსი - ცხოვრების სტილის ფოტოგრაფია
ვოლფგანგ ტილმანსი – ერთადერთი არაბრიტანელი არტისტი, რომელმაც არაფრით გამორჩეული, ყოფითი სანახაობისგან შთამბეჭდავი ფოტოების შექმნისთვის ტერნერის პრემია დაიმსახურა
სლიმ აარონსის ბოჰემური ცხოვრების ფოტოგრაფია

სლიმ აარონსის ბოჰემური ცხოვრების ფოტოგრაფია

სლიმ აარონსის ბოჰემური ცხოვრების ფოტოგრაფია
წარმოიდგინეთ ყველაზე გლამურული წვეულება - პალმები, აუზი, ფოჩებიანი ქოლგები, როზე, სახელდახელოდ გაკრეჭილი მასიური ბუჩქები და მბზინვარე მარმარილოს ფილებზე ლანჩზე შეკრებილი ორმოცდაათიანების ელიტა - გილოცავთ, თქვენ სლიმ არონსის ფოტოში მოხვდით
Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში

Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში

Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში
გი ბურდენი ფრანგი ფოტოგრაფია, რომელმაც პირველმა შექმნა მოდის ფოტოგრაფიაში შინაარსობრივი ნამუშევრები. მისი ფოტოების გმირები სექსუალურები, ბუნებრივები და ხშირ შემთხვევაში დრამატულები არიან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.