fbpx
გააზიარე სტატია

ვენეციის ხელოვნების ბიენალე – ქართული პავილიონის თაიმლაინი

ვენეციის ბიენალეს ისტორია მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულიდან იღებს სათავეს და 1895 წელს ქალაქ ვენეციის პირველი საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებას უკავშირდება, რომელიც საგანგებოდ ბიენალესთვის აგებულ პალაცო dell’Espisizion-ში გაიხსნა და 224000 ვიზიტორს უმასპინძლა.

1907 წელს Giardini di Castello-ს ტერიტორიაზე  პირველი ნაციონალური პავილიონი იხსნება. 1914 წლიდან  უკვე არსებობს უნგრეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მუდმივი პავილიონები. ვენეციის ბიენალეზე ავანგარდული ხელოვნების რეპრეზენტაცია ვიტორიო პიკას სახელს უკავშირდება, რომლის ინიციატივითაც 1920 წელს ბიენალეზე იმპრესიონისტი და პოსტიმპრესიონისტი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა.  30-იან წლებში ბიენალე იძენს მულტიდისციპლინარულ ხასიათს, რომელსაც ის დღემდე ინარჩუნებს. ამ დროს ფუძნდება თანამედროვე მუსიკის, კინოსა და თეატრის ფესტივალები, 60-იანი წლებიდან ბიენალეს ემატება არქიტექტურული სექცია, ხოლო 1980 წელს ვენეციის პირველი არქიტექტურული ფესტივალი გაიმართა.

ენეციის ბიენალე  ყოველ ორ წელიწადში ერთხელ  ხელოვნების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. ვენეციის ხელოვნების ბიენალეს სტრუქტურას 3 ძირითადი ნაწილი ქმნის: მთავარი გამოფენა, ეროვნული პავილიონები და პარალელური პროგრამა. ყოველი საერთაშორისო გამოფენის  მთავარ თემას სამუშაო ჯგუფთან ერთად მოწვეული კურატორი განსაზღვრავს.

ქართველი მხატვრები ვენეციის ბიენალეს ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან ჩნდებიან და საბჭოთა კავშირის ჯგუფურ გამოფენებზე, რიგ შემთხვევაში კი სხვა ქვეყნის სახელითაც მონაწილეობენ. მაგალითად, ქართველი ემიგრანტი  მხატვრის, ვერა ფაღავას აკვარელების სერიას 1966 წლის 33-ე ვენეციის ბიენალეზე, საფრანგეთის პავილიონში ცალკე ოთახი დაეთმო. ამ გამოფენამ ხელი შეუწყო მხატვრის შემოქმედების ევროპის ქალაქებში გატანას, ექსპოზიციამ პარიზიდან ბერლინში, ნიუ-იორკში, რომში, ტურინში, ბრიუსელსა და ევროპის სხვა ქალაქებში გადაინაცვლა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1997 წელს, გია ეძგვერაძე რუსეთის იმჟამინდელი კულტურის მინისტრის მოადგილის, ლეონიდ ბაჟანოვის  მიწვევით რუსეთის პავილიონის პირველ სართულზე წარადგენს საქართველოს, ნამუშევრით – My Father Told Me.  

მხატვრის მოთხოვნით რუსეთის პავილიონის იმ ნაწილს, სადაც გიას ნამუშევარი იქნებოდა წარმოდგენილი, აუცილებლად უნდა ჰქონოდა წარწერა “საქართველო“. რუსეთის პავილიონი პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას არ უზრუნველყოფდა და გია ეძგვერაძის შუამდგომლობით ნამუშევრის განხორციელების ხარჯები Daimler Chrysler collection-მა  აიღო თავის თავზე, პროექტის კომისრობა კი იმჟამინდელმა დირექტორმა ჰანს ბაუგმარტმა ითავა.  ,,რადგან საქართველოს არანაირი თანხები არ გააჩნდა (გერმანულ კოლექციას კი ეს არ ეხებოდა), პავილიონის შესასვლელისთვის დიდი, გამოჭრილი ასოებით წარწერის – “საქართველო”  შეკვეთა საკუთარი სახსრებით მომიწია და ასე დაიწყო საქართველოს წარმომადგენლობის ისტორია ვენეციის ბიენალეზე“, – იხსენებს გია ეძგვერაძე.  

ორ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილმა ინსტალაციურმა პროექტმა  – My Father Told Me… საერთაშორისო პრესის ყურადღება მიიქცია. ციურიხის ახალი გაზეთი (Neue Zürcher Zeitung)  წერდა:  ნამდვილი სიურპრიზი საქართველოს პავილიონია გია ეძგვერაძის ნამუშევრით, რომელიც იატაკზე გაშლილი ბრინჯის, სტაფილოს და ბალახის ინსტალაციით არაკომფორტული კითხვების პირისპირ გვაყენებს.“ გია ეძგვერაძეს ამ გამოფენისთვის საქართველოს კულტურის სამინისტრომ ღირსების ორდენი გადასცა.

47-ე ვენეციის ბიენალეზე  დებიუტის შემდეგ, 1999 წელს,  საქართველოს მხატვრები – გოგი ალექსი-მესხიშვილი  და მამუკა ჯაფარიძე წარადგენენ, ნამუშევრებით – Fragments of My Memory  (გოგი ალექსი – მესხიშვილი) და TARTARus  Experience – Artilery of Space Bombed by Art (მამუკა ჯაფარიძე). გამოფენის კურატორის, ირინა პოპიაშვილის თქმით: ,,ეს იყო მცდელობა ქართველი ხელოვნების თანამედროვე ხელოვნების მსოფლიო რუკაზე  მონიშვნის პროცესის დაწყებისა.“

2003 წელს  გია ეძგვერაძე DaimlerChrysler collection-თან თანამშრომლობით,  50-ე ვენეციის ბიენალეზე  საქართველოს პავილიონს  თამარა ხუნდაძესა (Tamara K.E.)  და თეა გვეტაძის  ნამუშევრით  წარადგენს. ინსტალაცია სახელწოდებით Тhe Museum of Fundamental Archeology   ატენეო ვენეტოში,“ ვენეციის უძველესი აკადემიის  დარბაზში განთავსდა, რომლის ჭერიც ანტონიო ცანქის  მიერ მოხატულ  “განკითხვის დღეს” უჭირავსცანქის რენესანსული ეპოქის ნამუშევართან მიმართებაში საინტერესოდ იკითხებოდა ქართველი მხატვრების ინსტალაცია, რომელიც ბიენალეს ხუთ საუკეთესო პავილიონების რიცხვში მოიხსენიეს. გამოფენას კურატორობა ირინა პოპიაშვილმა გაუწია. 

საქართველოს სახელმწიფოს დახმარებით,  საქართველოს დამოუკიდებელი პავილიონის არსებობა მხოლოდ 2005 წელს გახდა შესაძლებელი, სადაც ნინო ჭოღოშვილის კურატორობით ეთერ ჭკადუას, თამარა კვესიტაძისა და სოფო ტაბატაძის ნამუშევრები გამოიფინა. წარმოდგენილი მხატვრების პრაქტიკა საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან, როგორც  გამოხატვის ფორმებითა და მედიით, აგრეთვე იდეურ-თემატური კუთხით.

 

52-ე ვენეციის საერთაშორისო გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართულ პავილიონში ენახათ ეთერ ჭკადუას ფერწერული ნამუშევრები, თამარა კვესიტაძის პროექტი Re-Turn (პაატა სანაიასა და ზურაბ გუგულაშვილთან თანაავტორობით),  რომელიც ინსტალაცია Last Supper-სა და რამდენიმე მექანიკურ სკულპტურას აერთიანებდა და ასევე სოფო ტაბატაძის პროექტი Humancon Undercorn.

2009 წელს კურატორი ხათუნა ხაბულიანი საქართველოს პავილიონში  კოკა რამიშვილის დოკუმენტურ კადრებზე დაყრდნობით და მათი ვიდეო მანიპულაციით აგებულ ინსტალაციას,  Change-სა და  მულტიმედიურ ვიდეო  ნამუშევარს, Black Sea-ის წარადგენს გამაერთიანებელი სათაურით  – Change in Drawing Orchestra.  53-ე ბიენალეს წინასწარ ჩვენებაზე  ქართულ პროგრამაში ვატო წერეთლის  (“აღწერები თბილისი”) და ლევან კოღუაშვილის  (“ქალები საქართველოდან”) ფილმების ჩვენება შედგა.

თამარა კვესიტაძე წარადგენს საქართველოს 54-ე ვენეციის ბიენელეზე  კინეტიკური სკულპტურით ,,სფერო”. ამავე წელს ბიენალეზე ემიგრანტი ქართველი მხატვარი ანდრო ვეკუაც  მონაწილეობს 2011 წლის ბიენალეს დირექტორის, შვეიცარიელი კურატორის და ხელოვნებათმცოდნის, ბიჩე კურიგარის მიერ ორგანიზებულ  გამოფენაში illuminations.

 

 

ეს მასშტაბური გამოფენა ინტერნაციონალური პავილიონიდან არსენალეს ყოფილი გემთსაშენის შენობებამდე იყო გადაჭიმული. ანდრო ვეკუამ გამოფენაზე სოხუმის – მხატვრის მშობლიური ქალაქის – შენობების  თხუთმეტი სკულპტურა გამოფინა სათაურით – Pink Wave Hunter.

ვენეციის ბიენალეს 55-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე  საქართველო იოვანა ვარშას კურატორობით, ხელოვანებმა – გიო სუმბაძემ, თეა ჯორჯაძემ, გელა პატაშურმა,  ეი არაკავამ, სერგეი ჩერეპნინმა, ნიკოლოზ ლუტიძემ და ჯგუფმა “ბულიონმა” წარადგინეს.  საქართველოს პავილიონი ,,კამიკაძე ლოჯია“, რომელიც მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა,  გამოფენის ძირითადი საგამოფენო სივრცის, არსენალეს მიშენებას წარმოადგენდა, რომელიც გიო სუმბაძის ავტორობით შეიქმნა და პოსტსაბჭოთა საქართველოში არაფორმალური მიშენებების  პრაქტიკას ეხმიანებოდა.

არქიტექტურის ენის გამოყენებით წარდგა საქართველო აგრეთვე 2017 წლის ვენეციის ბიენალეზე, სადაც ვაჟიკო ჩაჩხიანის ინსტალაცია –  „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ გამოიფინა. მხატვარმა არსენალეს სივრცეში იმერეთის რაიონიდან ჩამოტანილი ხის ოდა სახლი ააწყო. რომლის ინტერიერშიც საგანგებოდ დამონტაჟებული საირიგაციო სისტემის წყალობით რამდენიმე თვის განმავლობაში ყოვედღიურად წვიმდა, ბუნების ზემოქმედების შედეგად ნივთებმა სახე იცვალეს ან საერთოდ გაქრნენ, მხოლოდ არსენალეს გრანდიზულ დარბაზში ჩაწერილი ოდის ექსტერიერი დარჩა უცვლელი. ნამუშევარი ბუნების მიერ ადამიანის ხელქმნილი გარემოს მოშინაურების პროცესს იმიტირებს და ხელოვნებას  სოციალურ-ანთროპოლოგიურ ჭრილში განიხილავს. პროექტს, რომელმაც საერთაშორისო პრესის ყურადღება მიიქცია და ბიენალეს ათ საუკეთესო პავილიონებს შორის დასახელდა, კურატორობა ჯულიან ჰეინენმა გაუწია.

წლევანდელი, ვენეციის ბიენალეს  58-ე საერთაშორისო გამოფენა, რომლის კურატორიც რალფ რუგოფია (Ralph Rugoff),  საერთო კონცეფციის ქვეშ – “გეცხოვროთ საინტერესო დროში” (May You Live in Interesting Times)  გაიმართება. საქართველოს პავილიონს  მარგო ნორტონის კურატორობით,  ნიუიორკსა და ბერლინში მოღვაწე ახალგაზრდა ხელოვანი  ანნა .. წარადგენს ნამუშევარით –  REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…

პროექტს, რომელიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, “თიბისი სტატუსის”, ”აჭარა ჯგუფის”, Ernst & Young-ისა და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება, ორგანიზებას  გალერეასიმონ სუბალიდა Project Artbeat  გაუწევენ.

58- საერთაშორისო გამოფენის წინასწარი გახსნა 8-დან 10 მაისის ჩათვლით მოეწყობა,  ხოლო ოფიციალურად ბიენალე 2019 წლის 11 მაისიდან 24 ნოემბრამდე გასტანს.

ვენეციის 58- საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეზე, თიბისი სტატუსისმხარდაჭერით, Hammock Magazine გაგიძღვებათ.

ავტორი: ანა ჩორგოლაშვილი


რეკომენდებული სტატიები
ვინ წარადგენს საქართველოს ვენეციის 58-ე ხელოვნების ბიენალეზე

ვინ წარადგენს საქართველოს ვენეციის 58-ე ხელოვნების ბიენალეზე

ვინ წარადგენს საქართველოს ვენეციის 58-ე ხელოვნების ბიენალეზე
Hammock Magazine TBC Status-ის მხარდაჭერით გაგიძღვებათ ვენეციის 58-ე საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეზე, მანამდე კი თვალი ადევნეთ სიახლეებს
უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან

უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან

უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან
Anna K.E. ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანია, რომლის შემოქმედებაში ფერწერა, ინსტალაცია, პერფორმანსი და ვიდეო ხშირად ერთ ნამუშევარში ერთიანდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.