fbpx
გააზიარე სტატია

Paris Pink- გიორგი ნებიერიძის ფოტოპროექტი მკერდის სიმსივნის შესახებ

ყოველი წლის ოქტომბერი – ვარდისფერი თვე – სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეთმობა. საყოველთაო კამპანიაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი უამრავი ადამიანი მონაწილეობს.  უკვე თითქმის მთელი კვირაა, რაც მკერდის სიმსივნის მხარდამჭერი კამპანიის სიმბოლო – ვარდისფერი – ჟურნალ Hammock-ის სტატიების მთავარი თემაა. ჩვენს ვარდისფერ კვირეულს კი სულ ახლახან ბერლინში მოღვაწე ქართველი ფოტოგრაფი გიორგი ნებიერიძე შემოუერთდა, რომელიც მკერდის სიმსივნის შესახებ პარიზის ქუჩებში გადაღებულ ფოტოპროექტს – Paris Pink-ს გვთავაზობს.



რატომ Paris Pink და პირველად საიდან გაგიჩნდა მისი იდეა?

შევეცადე ლაკონიური და ნაკლებად გადატვირთული სახელწოდება შემერჩია, რათა მნახველს მეტი ყურადღება თვითონ ფოტოების ვიზუალურ მხარეზე გაემახვილებინა. იდეა  შემოქმედებით პროცესში წარმოიშვა. პარიზში აპრილში ვიყავი, ჩემი გამოფენის გახსნაზე და რამდენიმე თავისუფალი დღე ქუჩის ფოტოგრაფიას დავუთმე, რომელსაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ ნელ-ნელა  ისევ ვუბრუნდები.

როგორც წესი, შენგან იმ თავისუფალ და შეულამაზებელ დოკუმენტურ რეალობას ვართ მიჩვეული, რომელიც შენ გარშემო ხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რატომ აირჩიე ეს თემა, რა ემოციური სიახლოვე გაქვს მასთან და  რატომ გადაწყვიტე, რომ ფოტოები პარიზში გადაგეღო?

ეს ფოტოებიც ზუსტად შეულამაზებელი დოკუმენტური რეალობაა, იმაზე არანაკლებად რეალური, რაც ჩემს სხვა პროექტებში ხდება. თემას რაც შეეხება, მკერდის სიმსივნის საკითხი ჩემთვის არასოდეს ყოფილა უცხო. ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მას დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ებრძოდა, საბოლოოდ ყველაფერი  ტრაგიკულად დასრულდა, რამაც ძალიან დიდი მენტალური ტრავმა დამიტოვა. კონკრეტულად მაინცდამაინც პარიზი ამ პროექტისთვის გააზრებულად არ შემირჩევია. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრი ფოტო გადავიღე პარიზის ქუჩებში. ზოგადად, ქუჩის ფოტოგრაფია უფრო მიადვილდება ისეთ ქალაქებში, სადაც მე თვითონ არ ვცხოვრობ. ბერლინში, მაგალითად, Leica M4-თაც კი, რომელიც ქუჩის ფოტოგრაფების საყვარელ კამერადაა ცნობილი, ქუჩაში გადაღება ძალიან მიჭირს.

ვარდისფერი მკერდის სიმსივნის პრევენციის მიმართ მხარდამჭერი კამპანიის ფერია, რა მნიშვნელობას ანიჭებ ამ კონკრეტულ ფოტოპროექტში  ვარდისფერს, რას გამოხატავს ის შენთვის?

ამ კამპანიის სიმბოლიკა ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო რამდენიმე მიზეზის გამო: გრაფიკული და ვიზუალური კუთხით,  ასევე მარტივია, ადვილად გასაგები და ადვილად გასააზრებელი. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ვაშინგტონში თეთრი სახლი მკერდის სიმსივნისადმი ცნობიერების ამაღლების მიზნით  ვარდისფრად გაანათეს და რამდენიმე ინსტიტუციამაც გაიმეორა ეს. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რომ ამგვარი სიმსივნე არსებობს და ის მხოლოდ ქალებში არ გვხვდება. მნიშვნელოვანია ამ საკითხზე დისკუსია, რათა უფრო მეტმა ადამიანმა  იცოდეს ამ პრობლემის შესახებ. მკერდის სიმსივნესთან ბრძოლისას ყველაზე დიდი უპირატესობა მაშინ გვაქვს, როდესაც დროულად ვიგებთ მისი ჩვენს სხეულში არსებობის შესახებ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პირველივე ეჭვის ან ვარაუდისას დროული რეაგირება მოვახდინოთ.

 

თუკი ასეთი არსებობს, მოგვიყევი რომელიმე ფოტოს ისტორია, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა…

მთლიანად ეს  მოგზაურობა პარიზში სხვებთან შედარებით ჩემთვის მეტად რომანტიკული და მედიტაციური იყო. მაშინ ბევრ იმ მიზანს მივაღწიე, რასაც წინა მოგზაურობებისას ვერ ვახერხებდი. რამდენიმე ფოტო ამ პროექტიდან გადაღებულია Père Lachaise-ის ცნობილ სასაფლაოზე, სადაც დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა მოხვედრა. დაემთხვა ისე, რომ ჩემი იქ ყოფნის დღეს ამინდი რამდენჯერმე შეიცვალა, რამაც საშუალება მომცა ბევრი მრავალფეროვანი და სხვადასხვა ესთეტიკის მქონე ფოტოები გადამეღო. არის ფოტოები პარიზის ერთ-ერთი უბნის,  Belleville-ს ქუჩის ბაზრობიდან, Montmartre-ის უკვე ინსტიტუციებად ცნობილი სტრიპ-ბარებიდან. თითოეულ მომენტში თავს განსაკუთრებულად ვგრძნობდი, ამიტომ ვერ გამოვარჩევ ცალკეულ ფოტოს. იმიტომაც, რომ კადრები ერთმანეთისგან არ გამოირჩევა, ეს სერია უფრო სრულყოფილად მეჩვენება.

საბოლოო ჯამში რისთვის შეიქმნა ეს პროექტი, რატომ დაუკავშირე მკერდის სიმსივნეს და რის თქმა გინდოდა?

თავდაპირველად, სანამ ამ პროექტს მკერდის სიმსივნის საკითხს დავუკავშირებდი,  ვიზუალური შთაგონება ჩემივე ძველი პროექტიდან – Red Panic Alarm-დან მქონდა, ამ პროექტში ყველა ფოტო ვერტიკალურია და ვიზუალური აქცენტი წითელ ფერზეა გაკეთებული,  ეს ძველი პროექტი სულ რამდენიმე დღის წინ გამახსენდა, თუმცა როგორც ჩანს, ის ჩემს მეხსიერებაში ქვეცნობიერად მაინც არსებობდა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დავუკავშირე ფოტოები მკერდის სიმსივნის საკითხს, როდესაც ეს ფოტოები პირველად გავამჟღავნე და დავათვალიერე, იმწამსვე თვალწინ დამიდგა ზუსტად ისეთი სტატია, როგორზეც ამწუთას ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კავშირები ხშირად დამყარდეს იმ ადამიანთა ცნობიერებაში, ვინც ხელოვნებას ქმნის. ფოტოების უკონტექსტოდ, უბრალოდ ვიზუალური ან დოკუმენტური დატვირთვის მიზნით გალერეაში ჩამოკიდებას, ვარჩიე შენთან მესაუბრა – ამ სტატიით ერთ ადამიანს თუ მაინც შეეცვლება ხედვა ამ საკითხზე, ან თუ რამეში დაეხმარება, ეგეც დიდი მიღწევა იქნება.


Hammock-ისთვის მიცემული ბოლო ინტერვიუს შემდეგ ხომ არ მოხდა შენს შემოქმედებით ცხოვრებაში რაიმე, რაც უნდა ვიცოდეთ? გაგვანდე უახლოესი სამომავლო გეგმებიც…

 ჩემი მესამე წიგნის გამოსვლას  სამი მნიშვნელოვანი გამოფენა მოჰყვა ბერლინში, ხოლო ამ გამოფენებმა და წიგნმა თავის მხრივ კიდევ ბევრ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი.  ჩემი ნამუშევრები აჩვენეს ლონდონში, დიუსელდორფსა და ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში, ბევრი ახალი შემოთავაზება მაქვს, რაზეც ჯერ ვერ ვსაუბრობ, მაგრამ გაგიმხელთ, რომ ჩემი მუსიკის ინდუსტრიაში მუშაობის მხრივაც  დიდი სიახლეები იქნება. 

ავტორი : გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.