fbpx
გააზიარე სტატია

GIORGIWAZOWSKI C01 – ინტერვიუ დიზაინერთან

გიორგი ვაზოვსკი 10 წელია ქართული მოდის ინდუსტრიის წარმომადგენელია. მის – როგორც სტილისტისა და არტ დირექტორის  – სახელს უკავშირდება ბევრი ცნობილი და გახმაურებული მოდის ჩვენება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეგობარ ნინო დოლიძესთან ერთად  მან დააარსა წარმატებული ქართული სამკაულების ბრენდი Le Chic Radical, რომლის ესთეტიკაც  90-იანი წლებითა და ფრანგული  სექსუალობით  არის  შთაგონებული.

მაისის პირველ კვირას  გიორგი ვაზოვსკიმ დამოუკიდებლად შექმნილი ახალი ხაზის – GIORGIWAZOWSKI C01-ის პრეზენტაცია გამართა სასტუმრო „სტამბის“  წინ, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებულ ერთ-ერთ ვიტრინაში. 

GIORGIWAZOWSKI C01 ტრადიციულ სიმბოლიკას ახალ სიცოცხლეს სძენს. დიზაინერი თამამად  არღვევს ჩარჩოებს  და ქმნის იმას, რაც მისთვის საინტერესოა, სწორედ ამიტომაა გამორჩეული  მისი მიერ შექმნილი სამკაულები, შანდალი და სხვა დიზაინ-ობიექტები.

წარმოგიდგენთ ინტერვიუს დიზაინერთან:

 

ხარ წარმატებული ქართული სამკაულის ბრენდის Le Chic Radical-ის თანადამაარსებელი, თუმცა GIORGIWAZOWSKI C01-ით სრულიად განსხვავებული კოლექცია შემოგვთავაზე. რამ განაპირობა ბრენდის ჩამოყალიბება?

ჩემი აზრით, სამკაულის დიზაინის განვითარება  საქართველოში 2013 წლიდან იწყება, როდესაც ბაზარზე გამოჩნდნენ სხვადასხვა ლოკალური ბრენდები, თუმცა მამაკაცის ხაზზე არავინ მუშაობდა. Le Chic Radical ჩემს მეგობარ ნინო დოლიძესთან ერთად დავაარსე, ძალიან დიდი პოპულარულობით ვსარგებლობთ ევროპის ბაზარზე და წარმატებულად ვთანამშრომლობთ ბაიერებთან, თუმცა GIORGI WAZOWSKI სულ სხვა კონცეფციის მატარებელი ბრენდია, რომელიც ახლა იწყებს არსებობას. 

 

 

პირველ კოლექციაში ერთიანდება როგორც სამკაული და სხვა აქსესუარები, ასევე რამდენიმე დიზაინ ობიექტი, როგორიცაა ხელნაკეთი შანდალი და სასაპნე. როგორ ერთიანდება ყველა ეს ნივთი კოლექციაში? 

ჩემი ბრენდი მხოლოდ სამკაულის შესახებ არ არის, ეს არის მდგომარეობა და სურვილი, მიზანი და შედეგი, შრომისუნარიანობა, გრძნობები და ინსპირაციები, რაც მინდა რომ შევქმნა და იყოს ჩემი, იყოს მამაკაცის, რომელსაც ძალიან უყვარს საკუთარი თავი, არის სენტიმენტალური და  ძალიან უყვარს გართობა. ვაპირებ, რომ სხვადასხვა ინსპირაციების გარშემო გავერთიანდე და წელიწადში ორჯერ წარმოვადგინო სოლო კოლექცია, რომელიც მუდამ სხვადასხვა ნივთებით იქნება დატვირთული.

სასაპნე ბავშვობის მოგონებებიდან გავაცოცხლე, ხოლო შანდალი კი ყოველ ჩაბნელებულ ოთახში სანთელთან ჩემს თამაშს მახსენებს. სამაჯური არასდროს ნანახ ადგილს მივუძღვენი, ხოლო საყურეები ტრანსფორმირებული „პერსტენი ბეჭდებია,“ კონსტრუქცია 3d-ში აიწყო და მისი ფორმა გარკვეულწილად სიახლეა ბაზარზე.

 

 

ქუდები, რომლებიც streetwear-ს და ქართულ მოტივებს აერთიანებს დიზაინში, დამზადებულია ნატურალური მატერიით. რატომ იყო ეს შენთვის მნიშვნელოვანი? 

მე წარმოვადგინე ე.წ. კახური ქუდები, უწინდელ ფერებში და ფორმაში ცვლილებები შევიტანე, გავათანამედროვე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ქუდი ხელით მზადდება და არ არის ქარხნული, იღებება ნატურალურად და არის 100% wool felt, ანუ მატყლის შალი. ეს ყველაფერი ლოგოს სახით დიზაინში წინ გადმოვიტანე, რადგან ვამაყობდეთ და ვიცოდეთ, რომ ასეთი საგანძური არაერთი გვაქვს ქვეყანაში, უბრალოდ, კარგად უნდა დავაკვირდეთ.

 

 

გვესაუბრე Window Project-ზე, რომელიც ერთი კვირის განმალობაში სასტუმრო სტამბასთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში იყო განთავსებული, სადაც პირველად გავეცანით კოლექციას.. 

კოლექციის Window Project-ით ჩვენება გადავწყვიტე სასტუმრო სტამბის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში, ვფიქრობ, რომ საინტერესო გამოვიდა და კარგი წამოწყებაა თბილისის დახურული მიწისქვეშა გადასასვლელებისთვის მსგავსი შინაარსის მიცემა. ქალაქს ეს ძალიან უხდება.

გვანცა ჯიშკარიანის პატარა გალერეაც ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა! იმედია დაბრუნდება და კვლავ გაგვაცნობს ახალ არტისტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს თან ხელოვნება/დიზაინი ინტერაქციული ხდება, სასიამოვნო და დინამიური პროცესია. კარგი იქნებოდა თბილისის მერია ამ საკითხზე, კერძოდ, მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაზე რომ დაფიქრებულიყო, არტისტებიც ჩაერთოთ ამ თემაში, ვფიქრობ, კარგი შედეგი დაიდებოდა.

 

განსაკუთრებული ნივთი კოლექციიდან… 

ყველაზე მეტად მაინც შანდალით ვამაყობ, ლამაზი გამოვიდა! ძალიან მადლობელი ვარ ჩემი გუნდით, ვამაყობ, რომ ესეთი ხარისხის მიღება შესაძლებელი გავხადეთ! 

ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია კოლექციის მთავარი ნაწილი, ყვავილებით სავსე შუშის სკამი, რომელიც ნატალი ჭყონიასთან ერთად დავასრულე. Hortensia.ge დამეხმარა მის გაფორმებაში და მგონი ლამაზი გამოვიდა, უამრავმა ადამიანმა გადაუღო ფოტო და გაავრცელა, რაც ძალიან სასიხარულოა. 

 

სამომავლო გეგმები… 

ჯერ მხოლოდ გადაღებაზე მეფიქრება, რადგან ძალიან მიყვარს თითოეული ნივთი და მინდა, რომ საუკეთესო გამოვიდეს.

 

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი


რეკომენდებული სტატიები
ქართული Vintage & მეორადი ონლაინ მაღაზიები

ქართული Vintage & მეორადი ონლაინ მაღაზიები

ქართული Vintage & მეორადი ონლაინ მაღაზიები
Hammock Magazine გთავაზობთ ტანსაცმლისა და აქსესუარების რამდენიმე ონლაინ მაღაზიას, საიდანაც საინტერესო ნივთების შეძენას არცთუ ისე მაღალი ბიუჯეტითაც მოახერხებთ.
Idée fixe -  ქართული მინიმალისტური დიზაინის ფეხსაცმელი

Idée fixe - ქართული მინიმალისტური დიზაინის ფეხსაცმელი

Idée fixe -  ქართული მინიმალისტური დიზაინის ფეხსაცმელი
ფეხსაცმლის კონცეფცია მარტივია და იაპონური შიბუის ცნებას ეფუძნება, რაც საკუთარ თავში 7 კომპონენტს მოიცავს: სიმარტივე, ნატურალიზმი, ყოველდღიურობა, არასრულყოფილება, მოკრძალებულობა, სიჩუმე და უსიტყვო შეთანხმება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.